მსოფლიოს ყურადღება ნატო-ს საიუბილეო სამიტისკენ - რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტისგან?
მსოფლიოს ყურადღება ნატო-ს საიუბილეო სამიტისკენ - რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტისგან?
დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება ლონდონში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის საიუბილეო სამიტი, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, საკამათო უფრო მეტი იქნება ამ სამიტზე, ვიდრე სადღესასწაულო. ცალკეულ ბლოგებში არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც ალიანსის წინაშე დგას. ამ ბლოგში შევეცდები ერთიან, ფართო სურათს შევხედოთ და ისე გავიაზროთ ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები.

ეს გამოწვევები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: უშუალოდ ნატო-ს წინაშე არსებული და ისეთები, რომლებიც ირიბად ახდენს
ნატო-ზე გავლენას.

რომელია უშუალო გამოწვევები?

პირველ რიგში, მახსენდება საფრანგეთის პრეზიდნეტის ინტერვიუ ბრიტანულ The Economist-თან, სადაც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: "ნატო ჩამოყალიბდა მტრისთვის, ვარშავას პაქტზე, პასუხის გასაცემად. 1990 წელს ჩვენ ახლიდან არ განგვისაზღვრია ამ გეოპოლიტიკური პროექტის მიზანი, მაშინ როცა თავდაპირველი მტერი აორთქლდა. ... ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის,
ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება".

საინტერესოა, რომ დღეს ლონდონში გამგზავრებამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს რეფორმირება დღევანდელი გამოწვევების ფონზე გარდაუვალია.

ასევე საინტერესოა მაკრონის განცხადებები, რომელიც მან ნატო-ს გენმდივანთან საერთო კონფერენციაზე გააკეთა: "არის ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც ხანდახან მესმის ხოლმე? არის მტერი ჩინეთი? არის ნატო-ს მიზანი მათი მტრებად აღიარება? არ მჯერა. ჩვენი საერთო მტერი დღეს არის ტერორიზმი...". ეს განცხადება რუსეთთან და ჩინეთთან მომავალ თანამშრომლობას ან თანამშრომლობის გაღრმავებას ჯერ ტერორიზმის, შემდეგ კი სხვა მიმართულებებით ნამდვილად არ გამორიცხავს.

ნატო-სთან მიმართებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკას თავისი მნიშვნელობა აქვს. საუბარი ეხება ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს 2%-მდე. მოთხოვნა ბუნებრივია სამართლიანია, მაგრამ ამ მოთხოვნას სიხარულით არ ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნები.

ამერიკის მხრიდან ასევე საინტერესოა უცნაური აზრთა სხვადასხვაობა თურქეთთან მიმართებით სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, თუ როგორ მიიღო წარმომადგენელთა პალატამ ორი რეზოლუცია სომეხთა გენოციდისა და სანქციების შესახებ. შემდეგ ეს რეზოლუციები სენატორ ლინდსი გრემისა და სხვების მეშვეობით ჩააგდო სენატმა, ახლა იგივე სენატორი გრემი საუბრობს სანქციებზე რუსული იარაღის გამო. ბუნებრივია, ეს თურქეთში შეიძლება აღიქვან, როგორც მყარი პოზიციის არქონა და ამის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან.

თურქეთის პრეზიდენტის ქმედებებზე არაერთხელ აღმინიშნავს და ისიც მითქვამს, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ამ ყველაფრით ისევ რუსეთი რჩება მოგებული. იქნება ეს C-400-ები, ნატო-ს თავდაცვის გეგმაზე ჯერჯერობით უარის თქმა, ალიანსთან შეუთანხმებელი სამხედრო მოქმედებები სირიაში - ეს ყველაფერი აღვივებს იმ განცდას, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ თამაშობს გუნდური თამაშის პრინციპებით და ბუნებრივია ალიანსის ერთიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამ ყველაფერს ემატება არაპირდაპირი გამოწვევები, რომლებიც ნატო-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, შეიძლება არ წარმოადგენს ნატო-სთვის პირდაპირი მნიშვნელობის საკითხებს, მაგრამ ბუნებრივია ექნება შედეგები ალიანსში ურთიერთობებზეც.

ის, რომ შეერთებულმა შტატებმა გადასახადები გაზარდა ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ პროდუქტებზე, რომ არსებობს დავა ბოინგსა და ეარბასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მიერ შემოღებული გადასახადები ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომელთაც წლიური ბრუნვა 750 მილიონ ევროს აღემატება (ამაში მოხვდა 4 ამერიკული ტექ-გიგანტი - გუგლი, ეფლი, ფეისბუქი და ამაზონი), ის რომ ამის დონალდ ტრამპმა ფრანგული პროდუქტებისთვის გადასახადების გაზრდაზე დაიწყო ფიქრი და საუბარი ეხება $2.4 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე 100%-ით გადასახადების გაზრდას და კიდევ ბევრი სხვა რამ - ამ ყველაფრის ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ალიანსის წევრებს მარტივი საუბრები ელოდებოდეთ ან ის, რომ რაიმე განსაკუთრებულად შეიცვლება ალიანსში გაწევრების მოსურნე ქვეყნებისთვის.

საინტერესოა ასევე ის, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტისგან? ამ კითხვაზე პასუხმა ორგვარი დამოკიდებულება შეიძლება გააჩინოს - კრიტიკამ შეიძლება შექმნას იმის განცდა, რომ პოზიცია "პრორუსულია" (იმიტომ, რომ ყოველგვარი კრიტიკა დასავლეთის, ნატო-ს ან ამერიკის მიმართ ითვლება პრორუსულობად. მარტივი დებულებაა), მხოლოდ იმის ძახილმა რომ ნატო საქართველოს ერთიანობას მხარს უჭერს და ჩვენს გაწევრებას ემხრობა (სადღაც შორეულ მომავალში, როცა შეიძლება ახლანდელი ლიდერები უკვე ყოფილი დიპლომატების რანგში ვიხილოთ) ზერელე ანალიზის განცდა შეიძლება გააჩინოს და ამაში მკითხველს ნამდვილად ვერ გავამტყუნებ.

ალბათ, ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და რას ვიღებთ ყოველი ასეთი განცხადებიდან. ამის შემდეგ მსჯელობა უფრო რეალისტური იქნება.

რაც შეეხება მოლოდინებს წინამდებარე სამიტისგან - იმის ნიშანი, რომ წინ შეხმატკბილებული განცხადებები გველოდება, მცირეა. მეტი ალბათობით უნდა ველოდოთ, რომ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხი დაისმება და ყველა მათგანზე საერთო აზრის შემუშავება გაუჭირდებათ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ებლაყუნებით
03 დეკემბერი 2019 23:48
სიბლაყვეს.ბიძინამ ბურჯანაძე მოსკოვში გაგზავნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები