ერდოღანი ამერიკელ და ნატო-ს სამხედროებს თურქეთიდან გააძევებს? - კვირის პალიტრა

ერდოღანი ამერიკელ და ნატო-ს სამხედროებს თურქეთიდან გააძევებს?

С-400-ები, სამხედრო ოპერაცია სირიაში, ნატო-ს თავდაცვის გეგმაზე უარი და სიჯიუტე, ქურთული დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის დანაყოფები" (YPG) ტერორისტებად აღიარების მოთხოვნა, პერიოდული მუქარები რუსული СУ-35-ების შეძენაზე, ახლა უკვე მუქარები ინჯირლიკისა და კიურეჯიკის ბაზების დახურვაზე, მუქარა თურქეთის პარლამენტის მიერ ამერიკაში ინდიელების, მკვიდრი ამერიკელების გენოციდის შესახებ - ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის.

შეერთებული შტატებიც გარკვეულ საპასუხო განცხადებებს აკეთებს და ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, სომეხთა გენოციდის აღიარება სენატის მიერ, ამავე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესებისთვის მხარდაჭერა, F-35-ების პროგრამიდან მათი გარიცხვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედებები უფრო მოზომილია, თურქეთის მოქმედებებთან და განცხადებებთან შედარებით. რამდენად მკაცრი იქნება ამერიკა და მისი პრეზიდენტი, ეს წინასაარჩევნო კამპანიასა და ამერიკელი ამომრჩევლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული - თუკი იქნება უფრო მკაცრი ზომებისადმი მხარდაჭერა მოსახლეობაში, დონალდ ტრამპი ამას არ მოერიდება რადიკალიზმს, ხოლო თუ ასე არ იქნება, არ არის გამორიცხული სანქციები საერთოდ არ დაწესდეს.

დონალდ ტრამპმა უკვე ყველას აჩვენა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არც აპირებს იყოს. მისი მართვის სტილი უფრო მეტად ბიზნესმენის მოქმედებებს ჰგავს - აკეთებს იმას, რაც კონკრეტულ ვითარებაში სასარგებლოა და მეტი მოგების მომტანია, ღირებულებებსა და პოლიტიკურ შედეგებზე კი ნაკლებად ფიქრობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარა თურქეთში შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო ბაზებთან - ინჯირლიკთან და კიურეჯიკთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა. ინჯირლიკში შეერთებულ შტატებს 50-მდე B61 ტიპის წყალბადის ბომბი აქვს განლაგებული, კიურეჯიკის ბაზა კი ნატო-ს ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის გამოიყენება.

ამ განცხადების შემდეგ, პენტაგონმა გააკეთა საპასუხო განცხადება, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანმა დეტალმა გაიჟღერა: თურქეთს თავისი წვლილი შეაქვს ნატო-ს მისიებში ავღანეთში, კოსოვოსა და ერაყში და შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ის არის შეერთებული შტატების ინტერესების გამტარებელი რეგიონში, ხოლო თუ თურქეთი მართლაც მოიქცევა ისე, როგორც აცხადებენ, მაშინ დაკარგავს ამ მნიშვნელობას შეერთებული შტატებისთვის და შეიძლება უკვე მოწინააღმდეგედ გადაიქცეს.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება რეგიონისთვის სასიკეთო ნამდვილად არ იქნება. ეს არ იქნება სასიკეთო არც საქართველოსთვის. ჩვენთვის თურქეთთან მეგობრულ ურთიერთობას დიდწილად იმიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ თურქეთი ნატო-ს პრინციპების ერთგული და იმ ღირებულებების მატარებელია, რასაც ნატო-ში აცხადებენ. თურქეთი და მისი ხელისუფლება თუ დასავლეთს დაუპირისპირდება, ნატო-ს ერთიანობასა და უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, დაიწყებს არაკოორდინირებულ მოქმედებებს და სამხედრო ბაზებს დახურავს, ეს, სავარაუდოდ, სახიფათო იქნება საქართველოსთვისაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც უფრო დაუპირისპირდება ერდოღანი დასავლეთს, მით მეტი იქნება ურთიერთობის გაფუჭების ნეგატიური მოლოდინი თურქეთსა და საქართველოს, როგორც ამერიკის ერთგულ მოკავშირესა და რეგიონში მისი ინტერესების გამტარებელს, შორის...

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია შეერთებული შტატები დაუწესებს თუ არა სანქციებს თურქეთს, არც ის არის ცნობილი რამდენად შეასრულებენ მუქარას თურქეთში. ერთი რამ ფაქტია - ერდოღანის მოთაფვლა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის $100 მილიარდამდე გაზრდით არ გამოვიდა, რაც ჯერ კიდევ ნოემბერში შესთავაზა ტრამპმა ერდოღანს. როგორც ჩანს, თურქეთში უფრო სარფიან შეთავაზებას ელიან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს