ქერჩის ხიდი სრულად გაიხსნა - რას ნიშნავს ეს უკრაინისა და რუსეთისთვის? - კვირის პალიტრა

ქერჩის ხიდი სრულად გაიხსნა - რას ნიშნავს ეს უკრაინისა და რუსეთისთვის?

2019 წლის 23 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ქერჩის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთი გახსნა. ქერჩიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე თავად იმგზავრა და ტამანში საზეიმო მიმართვა გააკეთა.

ამას ევროკავშირი ჩვეული სიმკაცრითა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერით გამოეხმაურა.

"რუსეთის ფედერაციამ დაასრულა ქერჩის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და ხსნის სარკინიგზო მიმოსვლას ყირიმის ნახევარკუნძულთან უკრაინის თანხმობის გარეშე. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევად გვევლინება რუსეთის მხრიდან" - ასეთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

განცხადებაში ასევე ითქვა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა ყირიმის ნახევარკუნძულთან არის ამ ტერიტორიის იძულებითი ინტეგრაცია რუსეთთან და მოწოდებაა გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთმა ხელი არ შეუშალოს უკრაინის გემების მოძრაობას აზოვის ზღვაში არსებულ ნავსადგურებში.

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას" - ასე სრულდება ეს განცხადება.

ქერჩის ხიდის სიგრძე 19 კილომეტრია (სხვათაშორის, რუსეთში მას "ყირიმის ხიდს" უწოდებენ). სამანქანო და სარკინიგზო მონაკვეთების მშენებლობა $3.6 მილიარდი დაჯდა და მას სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ეს შეიძლება მივიჩნიოთ იმ პროცესის დასასრულად, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი "ყირიმის შემოერთებას", ევროკავშირი კი ყირიმის ანექსიას უწოდებს. ეს პროცესი დაიწყო 2014 წელს და სწორედ 2019 წლის 23 დეკემბერს დასრულდა.

ხიდის მშენებლობის დასრულებით პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას, უკრაინასა და რუსეთის მოსახლეობას, რომ ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში გამორიცხულია და ეს უკვე აღარასდროს მოხდება. ასეთია მწარე რეალობა, რომელსაც როგორც ჩანს, უკვე შეეგუენ ევროპის წამყვანი ქვეყნები (წამყვანს ხაზს ვუსვამ, ვინაიდან მსგავსი სახის საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებში ძირითადად გერმანია და საფრანგეთი არიან ხოლმე ჩართული. დანარჩენი ქვეყნები იმდენად არიან ჩართული პროცესებში, რამდენადაც ეს მათ უშუალოდ ეხებათ).

რა მაფიქრებინებს ამას? - ნორმანდიის სამიტის შედეგები. მოლაპარაკებებზე ერთადერთი ვინც ყირიმის საკითხი ახსენა, იყო უკრაინის პრეზიდენტი. მანაც ალბათ იმიტომ გააკეთა ეს განცხადება, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის ეჩვენებინა როგორ პრინციპულად იცავს ქვეყნის ინტერესებს. დიდი ალბათობით, მანაც ძალიან კარგად იცის ის განწყობა, რომელიც დიდი ალბათობით, ყირიმთან მიმართებით არსებობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს