ირანის პასუხი ამერიკას სოლეიმანის მკვლელობისთვის - რა მოხდა გასული 24 საათის განმავლობაში?
08-01-2020
ირანის პასუხი ამერიკას სოლეიმანის მკვლელობისთვის - რა მოხდა გასული 24 საათის განმავლობაში?
2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის საერთო შეკითხვით დაიწყო - ხომ არ იწყება ახალი ომი? ხომ არ მოხდება პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის? ხომ არ შეუწყობს ეს ხელს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას?
ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საკმარისია შევხედოთ, თუ რა მოხდა გასული 24 საათის განმავლობაში.

ირანელი გენერლის მკვლელობას ირანის მხრიდან უკვე მოჰყვა პასუხი - წუხელ, თბილისის დროით 2:30-ზე ირანმა ერაყში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა. თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
ირანული მედიის მიხედვით, მათ 15 რაკეტა ისროლეს და არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 2 ბაზა დაიბომბა, ერთი ერბილში მდებარეობს, მეორე კი ალ-ასადის ავიაბაზაა.
აქვე საინტერესოა ის ინფორმაცია, რომელსაც ასევე ირანული მედია ავრცელებს ამერიკელების მხრიდან მსხვერპლთან დაკავშირებით - მათი თქმით, 80 ჯარისკაცი მოკლეს. ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება ამერიკის
პრეზიდენტის მიერ ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებას, რომ "ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა". ძნელი სათქმელია რატომ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, თუმცა ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება - იმ შემთხვევაში, თუ ირანის მხარე მართალია, მაშინ ადვილი და ამავდროულად ძალიან შემაშფოთებელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი...

ფორმალური, თუმცა მაინც საინტერესო იყო ირანის პარლამენტის 7 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ პენტაგონი და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, ასევე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები ტერორისტებად აღიარეს.
ამას ემატება შეერთებული შტატების მხრიდან ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაც და აქ ჩნდება საპასუხო შეკითხვა - სხვა რა არის ომი, თუ არა ის, რასაც ახლა ვხედავთ?
წითლად მონიშნულია დაბომბილი ბაზები
ზოგიერთის მეხსიერებაში ომი ჯერ კიდევ უკავშირდება იმ შეხედულებას, რომელიც ზოგადად არსებობს - რომ ომი იწყება ერთი მხარის მიერ მეორესთვის ოფიციალური ნოტის გაგზავნით, შემდეგ იწყება თავდასხმები, კეთდება ფრონტის ხაზი და სანგრები და ა.შ. ასეთი ომი დღეს ირანსა და ამერიკას შორის ძალიან ძნელი წარმოსადგენია (შეუძლებელიც კი). დღეს ირანსა და ამერიკას შორის ომი მიმდინარეობს. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ამ ომის გამწვავების მოწმე, თუმცა ვითარების შუა საუკუნეების სცენარით განვითარებას არ ველოდები.

აქვე გავიხსენოთ, რომ ე.წ. მესამე მსოფლიო ომის მოლოდინი არსებობდა მაშინ, როდესაც ირანმა საუდის არაბეთში ნავთობტერმინალები დაბომბა, ეს მოლოდინი არსებობდა მაშინ, როდესაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო გასული წლის 9 ოქტომბერს, ეს მოლოდინი იარსებებდა 2015 წელს, როცა რუსეთმა ჯარები შეიყვანა სირიაში ან უფრო ადრე, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო კამპანიები ერაყსა და ავღანეთში...

ირანის მხრიდან თავდასხმას, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატები შესაბამის პასუხს გასცემს. ეს დონალდ ტრამპისთვის ახლა უკვე ღირსების საკითხიც შეიძლება იყოს, მით უმეტეს იმიტომ, რომ საპრეზიდენტო კამპანია მწვავდება, ტრამპისთვის კი ახლა საგარეო პოლიტიკაში წარმატებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ახლა თამამად შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ამერიკისთვის ორი ყველაზე საშიში პიროვნება სწორედ მისი პრეზიდენტობისა და მისი ნებით გაანეიტრალეს - "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და ალ-ყუდსის ძალების გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Ggg
09 იანვარი 2020 10:18
Dges saqartvelostvis rusetze boroti aravinaa
haa?
08 იანვარი 2020 15:47
კი მაგრამ, ერაყმა რა დააშავა? საწყალი ერაყის ტერიტორია. ორივე, ვითომ ერთმანეთს ებრძვიან და ერაყს ანადგურებენ.
gio
08 იანვარი 2020 13:50
ამერიკა არის ბოროტების იმპერია.

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები