ბრექსიტი - წარმატების ისტორია თუ გამოწვევა ევროკავშირისთვის? - კვირის პალიტრა

ბრექსიტი - წარმატების ისტორია თუ გამოწვევა ევროკავშირისთვის?

2020 წლის 31 იანვარი, პარასკევი, დიდი ბრიტანეთის დროით 23:00 საათი - ეს დღე უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა როგორც დიდი ბრიტანეთის, ისე ევროკავშირისა და მსოფლიოს ისტორიაში - ამ დღეს ქვეყანამ დატოვა ევროკავშირი.

ბევრი ბრიტანელისთვის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ნაწილისთვის, ეს დღე სევდასთან არის დაკავშირებული, რაც ბუნებრივია. ბევრისთვის კი პირიქით, ეს დღე სიხარულსა და გამარჯვებას უკავშირდება. ბევრი კამათი შეიძლება იმაზე, კარგია თუ არა ბრექსიტი, თუმცა ერთი რამ ფაქტია - მოხდა პრეცედენტი და ამ პრეცედენტის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ძლიერი იქნება ევროკავშირი.

მიზეზი მარტივია - თუ დიდი ბრიტანეთი შეძლებს დამოუკიდებლად, ევროკავშირში წევრობის გარეშე განვითარებას და წინსვლას, მაშინ რა საჭიროა ევროკავშირის არსებობა? ეს შეკითხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებში აუცილებლად გაჩნდება. ასეთ პარტიებად მახსენდება მატეო სალვინის "ლიგა" იტალიაში, მარინ ლე პენის "ეროვნული ფრონტი" საფრანგეთში, "ალტერნატივა გერმანიისთვის", ლეხ კაჩინსკის "კანონი და სამართალი" პოლონეთში და ა.შ.

ამ პარტიებს ერთი საერთო აქვთ - მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან, კრიტიკულად არიან განწყობილი უფრო მეტად ბრიუსელის უფრო და უფრო მომთხოვნი პოლიტიკის მიმართ, ვიდრე ზოგადად ევროკავშირის იდეის მიმართ, მაგრამ არავინ გამორიცხავს, რომ ბრიუსელის საწინააღმდეგო განწყობა ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობად გარდაიქმნას... არც ის იქნება სწორი, რომ ამ პარტიების შესაძლებლობები და გავლენა ზედაპირულად შევაფასოთ. წლების განმავლობაში ნაიჯელ ფარაჟს, რომელიც "ბრექსიტის პარტიის" ლიდერია, იქამდე კი "გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" ლიდერი იყო, არასერიოზულად აფასებდნენ. ევროპარლამენტში ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის თავად იხსენებს, როგორ დასცინოდნენ მას და მის იდეებს სხვა კოლეგები წლების განმავლობაში, როგორ ითვლებოდა არასერიოზულ პოლიტიკოსად, თუმცა მან მაინც მიაღწია დასახულ მიზანს. ნაიჯელ ფარაჟი

არანაკლებ ძლიერი ნებისყოფისა და ხასიათის აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მან თანამდებობა 2019 წლის 24 ივლისს დაიკავა და ექვს თვეში შეძლო ის, რაც მისმა წინამორბედმა ტერეზა მეიმ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო - ბრექსიტის წარმატებით დასრულება, მიუხედავად რთული გზისა და უამრავი გამოწვევისა.

ბრექსიტამდე გავრცელებულ მიმართვაში ჯონსონმა აღნიშნა:

"ეს არის წუთი, როცა იწყება განთიადი და ჩვენს დიად ეროვნულ დრამაში ფარდა ახალი მოქმედებისთვის აიწევა. დიახ, ეს უკავშრდება ახალ შესაძლებლობებს - ხელახლა მოპოვებულ სუვერენიტეტს - იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელსაც ხალხმა ხმა მისცა".

ბორის ჯონსონმა თანამდებობის დაკავებისთანავე საკუთარი მოთხოვნები დააყენა ევროკავშირთან და არ მორიდებია ისეთ სარისკო ნაბიჯებს, როგორიც პარლამენტში კონსერვატიული პარტიიდან წევრების გაშვება, შემდეგ კი ხელახალი არჩევნების ჩატარება იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ახლა უფრო მეტად მომთხოვნი და ჯიუტი იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ამ ახალი მოლაპარაკებების პროცესში ბრიტანეთის კანონებს ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში არ მოიყვანენ, თუმცა ითანამშრომლებენ. ეს ცხადი გზავნილია, რომელიც აჩვენებს, რომ ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება მარტივი არ იქნება, თუმცა ჯონსონი ისეთივე სიჯიუტითა და ნებისყოფით გააგრძელებს საკუთარი პირობების წამოყენებასა და დაცვას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

ერთ-ერთი მთავარი და ზოგადი შეკითხვა არის - როგორი იქნება ევროკავშირი ბრექსიტის შემდეგ? იქნება ის უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი, უფრო წარმატებული? ბრექსიტმა გამოწვევა ევროკავშირსა და ბრიუსელსაც დაუსახა - თუკი ბლოკის წინაშე არსებულ პრობლემებს თავს ვერ გაართმევენ, ევროსკეპტიკოსების პოპულარობის მატებას ხელს ვერ შეუშლიან. გამოწვევები კი ძალიან ბევრია, უკონტროლო, არალეგალური მიგრაციით დაწყებული მთელი რიგი ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევებით დასრულებული. ამ სოციალური გამოწვევების ნაწილს საქართველოშიც უკვე ძალიან კარგად იცნობენ საფრანგეთის, "ყვითელი ჟილეტების" მაგალითზე. მსგავსი ჟილეტიანები კი ყველა ქვეყანაში არსებობენ. ბორის ჯონსონი

გამოწვევებზე საუბრისას ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ბრექსიტთან დაკავშირებით:

"ბრექსიტი მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი სირთულეების გამო ხშირად ევროპას ვაქცევდით განტევების ვაცად, ასევე იმიტომ, რომ ევროპა საკმარისად არ შევცვალეთ. როგორც არასდროს გვჭირდება ევროპამ დაიცვას საკუთარი ინტერესები ჩინეთისა და შეერთებული შტატების წინაშე".

ძალიან საინტერესო მიმართვაა, ვინაიდან ერთი მხრივ საუბარია ევროკავშირში რეფორმების აუცილებლობაზე, მეორე მხრივ კი გამოწვევებზე საუბრისას არ არის ნახსენები ქვეყანა, რომლის გამოტოვება პროდასავლურად მოაზროვნე ქართველს კითხვის ნიშნებს უნდა უჩენდეს - რატომ არ ახსენა მაკრონმა ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად რუსეთი, როგორც გამოწვევა, რომელთანაც ასევე უნდა დაიცვას ინტერესები ევროკავშირმა?

კიდევ უფრო საინტერესო შეკითხვა ჩნდება ზემოთქმულის შემდეგ - როგორი იქნება ევროკავშირისა და მისი წამყვანი ქვეყნების, გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკა ბრექსიტის შემდეგ? როგორ აისახება ეს ევროკავშირში ახალი წევრების მიღების პოლიტიკაზე? გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პერსპექტივებზე?

ეს არის ის შეკითხვები, რომლებიც უკვე ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო. ჯერჯერობით არ შემხვედრია მათ მიერ დასმული ეს შეკითხვები და არც პასუხები ამ ყველაფერზე. არადა, ბრექსიტი, მისი მიზეზები და შედეგები ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს...

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს