მეტი რუსეთი ევროპაში?! - კვირის პალიტრა

მეტი რუსეთი ევროპაში?!

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (14-16.02.2020) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებს შორის. ზოგადად, ნებისმიერი სახის კონფერენცია, სადაც ათობით სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია იყრის თავს ყოველთვის იმსახურებს ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეხვედრებისთვის კულუარული შეხვედრები დამახასიათებელია და ამ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება, მაინც შესაძლებელია ზოგად ტენდენციებზე მსჯელობა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით.

2020-ის კონფერენციას 35 სახელმწიფოს ლიდერი და 100-მდე საგარეო და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. განსახილველი თემები კი შეეხო თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, სირიიდან ლიბიამდე და კორონავირუსიდან კლიმატის ცვლილებასა და მეხუთე თაობის ინტერნეტამდე. კონფერენციას ესწრებოდა ქართული დელეგაციაც პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. ბევრი მხარდამჭერი განცხადებაც გაკეთდა საქართველოს მიმართ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განცხადებები რეალობაზეც აისახება...

მაგრამ რით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის წლევანდელი კონფერენცია?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი ლიდერის ადგილი დაიმკვიდრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თამამი იდეები ევროკავშირის თავდაცვის გეგმებთან დაკავშირებით და მისი არანაკლებ თამამი შეფასებები ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობებზეც ასევე ცნობილია. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, თუ რას იტყოდა მაკრონი და როგორ პოზიციას დაიჭერდა, როგორ გზავნილებს გაახმიანებდა ნატოზე, ევროკავშირსა და რუსეთთან ურთიერთობებზე. ვფიქრობ, საქართველოსთვი სწორედ ეს განცხადებები უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წლევანდელი კონფერენციიდან. ამ განცხადებების ზედაპირულად შეფასება, რომ მაკრონს არ ესმის გეოპოლიტიკა, ვერ ხედავს რეალურ გამოწვევებს და ოცნებებში ჩაფლული ახალგაზრდა პრეზიდენტია, რომელსაც ევროკავშირში ლიდერის პოზიციის დაკავება სურს, ძალიან ზედაპირული შეფასება იქნება.

ევროკავშირის სამი წამყვანი ქვეყნიდან დღეს მხოლოდ საფრანგეთი დარჩა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ლიდერის როლის შესრულება და ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. დიდი ბრიტანეთი "ბრექსიტის" შემდეგ უფრო მეტად საშინაო საქმეებზე არის გადართული და ბორის ჯონსონისთვის უფრო დიდ გამოწვევას ახლა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება წარმოადგენს, ვიდრე ზოგადევროპულ პოლიტიკაზე ფიქრი. გერმანია ძლიერი ეკონომიკირ მქონე ქვეყნად რჩება, თუმცა საშინაო პოლიტიკაზე უფრო მეტი აქვთ საფიქრალი. ანგელა მერკელს კანცლერობის ვადა ეწურება, მის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ დასახელებულმა კანდიდატმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა უარი თქვა კანცლერის თანამდებობის დაკავებაზე. ახლა გამოწვევას მერკელის შემცვლელის პოვნა წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური ძალები წინაურდებიან და ეს ტურინგიაში გამართულმა არჩევნებმაც აჩვენა, დავინახავთ, რომ გერმანიის პოტენციური ახალი ლიდერისა და მერკელის "მემკვიდრისთვის" შიდა პოლიტიკის დალაგება ასევე დიდი გამოწვევა იქნება.

რჩება საფრანგეთი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო უნდა იყოს მისი ხედვა რუსეთთან მიმართებით იმ მნიშვნელობით, თუ რამდენად შეიძლება ამ მიდგომის გამოყენება საქართველოსთვის სასიკეთოდ. მაკრონის ხედვა მიუნხენის კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა:

"ჩვენ დაგვიგროვდა გაყინული კონფლიქტები, უნდობლობის სისტემა, კონფლიქტები კიბერუსაფრთხოების სფეროში, სანქციები, რომელთაც აბსოლუტურად ვერაფერი შეცვალეს რუსეთში. მე არ გთავაზობთ მათ გაუქმებას, უბრალოდ კონსტატირებას ვახდენ. ჩვენი სანქციები და კონტრსანქციები ჩვენ, ევროპელებს ისევე ძვირი გვიჯდება, როგორც რუსეთს, თუმცა საბოლოო შედეგი არ არის საკმარისად დადებითი ". - ასეთი იყო მისი შეფასება სანქციებთან დაკავშირებით.

"ევროპა რუსეთისთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ დიდი ქვეყნის რეალურ პარტნიორად გვევლინება. ჩვენთვის აუცილებელია ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. მე არ ვარ რუსეთის მხარეს ან მის წინააღმდეგ, მე ევროპის მხარეს ვარ", - ესეც მეორე გზავნილი მაკრონის მხრიდან.

ამ გზავნილებს მალევე მოუძებნა პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა:

"საფრანგეთის მხრიდან არსებობს შემოთავაზებები, საფრანგეთი ავლენს ნამდვილ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას, პრაგმატიზმსა და დიალოგისთვის მზაობას. ეს ისმოდა ყველა იმ განცხადებებში, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა გააკეთა სანქციებთან და რუსეთთან მიმართებით. მან გააკეთა მოწოდება რეალობის მიღებისკენ: რუსეთი არსებობს, რუსეთი გავლენას ახდენს ბევრ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში ხდება. მით უმეტეს, რუსეთი ევროპის გვერდით მდებარეობს", - შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ კიდევ მოვისმენთ ურთიერთობების დათბობისკენ მიმართულ განცხადებებს რუსეთისა და საფრანგეთის მხრიდან. დათბობა ბუნებრივია არ ნიშნავს სანქციების ერთბაშად მოხსნას, თუმცა დიდი ალბათობით კულუარული მოლაპარაკებები გაგრძელდება და საფრანგეთი შეიძლება ვიხილოთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ მოთავედ მაინც. აქვე ნუ დავივიწყებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების მომხრე საფრანგეთიც იყო, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ის, ვინც, პრაქტიკულად, დააჩქარა ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში შეხვედრა პარიზში გასული წლის დეკემბერში...

ემანუელ მაკრონი ამ შემთხვევაში ფიქრობს და მოქმედებს საფრანგეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება დიდად არ განსხვავდებოდეს დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესებისგან - რუსეთთან ურთიერთობებით ეკონომიკური სარგებლის მიღება, რომელიც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ამომრჩევლის კეთილგანწყობასა და პრეზიდენტის ოფისის შენარჩუნებაზე. არც გაემტყუნება...

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ მთავარი ახლა ის არის, ეს გზავნილები და ტენდენციები ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მართებულად შეაფასოს და ზოგადი მხარდამჭერი განცხადებების ფონზე (როგორიც არაერთხელ გაკეთდა კონფერენციაზე), გაითვალისწინოს კიდეც.

იხილეთ ვიდეო

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს