ომი ან "პომიდორი" - რუსეთ-თურქეთის მეგობრობას იდლიბი "ამსხვრევს", ანუ რა დილემის წინაშე აღმოჩნდა ერდოღანი?
ომი ან "პომიდორი" - რუსეთ-თურქეთის მეგობრობას იდლიბი "ამსხვრევს", ანუ რა დილემის წინაშე აღმოჩნდა ერდოღანი?
ფოტო:ვლადიმირ პუტინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი
2020 წლის იანვრის ბოლოს ბაშარ ასადის ხელისუფლების ჯარებმა, რუსეთისა და ირანის სამხედრო დახმარებით, დაიწყეს მასირებული შეტევა იდლიბის პროვინციაზე. ამ შეტევის დაწყება მხოლოდ დროის საკითხი იყო და ასადის პრიორიტეტების სიაში შესაფერის ადგილს იკავებდა.
ვიდრე ჯერ კიდევ არსებობდა "ისლამური სახელმწიფო" და ოპოზიციის ნაწილები აკონტროლებდნენ სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ასადისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო იდლიბის პროვინციაზე შეტევა. ამიტომაც იყო, რომ ასტანისა და სოჭის ხელშეკრულებების მიხედვით, იდლიბის ტერიტორია იქცა ოპოზიციისა და სხვადასხვა
დაჯგუფებების თავშესაფრად, რაზეც რუსეთისა და სირიის პრეზიდენტები თვალს ხუჭავდნენ. ახლა, როცა სირიის ტეროტორიის დიდ ნაწილს (როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 90%-ს) ასადი აკონტროლებს, დადგა იდლიბის დრო.

იდლიბთან
დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვთ თურქეთშიც. ხელისუფლების სურვილი იყო შეინარჩუნებინათ გავლენა იდლიბზე, იქ გამავალ სტრატეგიულად მნიშვნელოვან M4 (ალეპო-ლატაკიას დამაკავშირებელი) და M5 (ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი) მაგისტრალებზე და სირიელი დევნილები სწორედ ამ ტერიტორიაზე შეეკავებინათ. თუმცა სირიის გაერთიანების საკითხი პრინციპულია როგორც ასადისთვის, ისე ვლადიმირ პუტინისთვის. სირიის კამპანიამ (და არა მხოლოდ) აჩვენა, რომ პუტინს მიზნის მისაღწევად ნებისმიერ მსხვერპლზე შეუძლია წასვლა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებებზე, რომ ასადის ხელისუფლება არღვევდა შეთანხმებებს და ცეცხლის შეწყვეტის ზონაში დაიწყო მოქმედებები, რუსეთმა დაახლოებით ის რიტორიკა დაუპირისპირა, რასაც თურქეთი იყენებდა ქურთების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებისას. 12 თებერვლას კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქეთმა დაარღვია სოჭის ხელშეკრულება, ვერ უზრუნველყო აღებული პასუხისმგებლობა და ვერ შეუწყო ხელი იდლიბში ტერორისტული დაჯგუფებების ნეიტრალიზებას. ეს იყო ცხადი პოლიტიკური გზავნილი, რომ რუსეთი და ასადის ხელისუფლება არ შეწყვეტდნენ შეტევას იდლიბზე.

ეს პოლიტიკური განცხადება შემდგომმა სამხედრო მოქმედებებმა გაამყარა. 23 თებერვლის მონაცემებით, სამხედრო მოქმედებებში 16 თურქი სამხედრო დაიღუპა, ოპოზიციისა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებები დანაკარგებზე კი ზუსტი ინფორმაციები არ ვრცელდება. თავის მხრივ, არც მეორე მხარე რჩება "ვალში". ოპოზიციის ნაწილებს ჰქონდათ მცდელობა ჩამოეგდოთ რუსული გამანადგურებელი CУ-24. ეს მცდელობა წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მოვლენები უარესი სცენარით განვითარდებოდა და ძნელი დასაჯერებელია, მეორე თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი მარტივად შეგუებოდა...

საინტერესოა, ცნობებიც იმის შესახებ, რომ თურქეთმა შესაძლოა ბოსფორის სრუტე ჩაკეტოს რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, რათა ხელი შეუშალოს ასადის ხელისუფლების მომარაგებას, ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ გასულ კვირაში თურქეთმა 4 რუსულ სამხედრო თვითმფრინავს საკუთარ საჰაერო სივრცეში გავლის საშუალება იმავე მიზეზით არ მისცა.
ვლადიმირ პუტინი
თუმცა ყველა ეს ქმედება ძალიან მცირეა იმისთვის, რომ რაიმე არსებითი შედეგი გამოიღოს. სირიის ხელისუფლება და რუსული ავიაცია, ირანული დაჯგუფებებთან ერთად, აგრძელებენ იდლიბზე შეტევას და წამრატებებსაც აღწევენ. 24 თებერვალს დაიბომბა თურქეთის სამხედრო ნაწილი იდლიბის სამხრეთში. დაბომბვას თურქ სამხედროებში მსხვერპლი მოჰყვა და დაიწვა იქ განლაგებული თურქული სამხედრო ტექნიკა. სირიის ხელისუფლებამ კი იდლიბის სამხრეთში 11 დასახლებული პუნქტი დაიკავა.

ამ ბოლო დაპირისპირების ფონზე, ყველაზე საინტერესო იყო სატელეფონო საუბრების სერია თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის. 20 თებერვალს ემანუელ მაკრონთან და ანგელა მერკელთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ სირიაში ტერორისტული საფრთხის ნეიტრალიზებისთვის საჭიროა ეფექტური ზომების მიღება სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფარგლებში (ძალიან ბუნდოვანი ფრაზაა "ეფექტური ზომები" და რას გულისხმობს ამაში რუსეთის პრეზიდენტი გასაგებია), 21 თებერვალს თაიფ ერდოღანთან საუბრისას კი სერიოზული შეშფოთება გამოხატა იდლიბში "ექსტრემისტების" აგრესიული მოქმედებების გამო.

შეიძლება ითქვას, რომ საკითხი ერდოღანთან საუბრისას შემდეგნაირად დაისვა - ომი ან "პომიდორი", ანუ ომს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური სირთულეები თურქეთისთვის - მაგალითისთვის საკმაირისია იმის გახსენება, რომ წელს მხოლოდ ანტალიაში 6 მილიონ რუს ტურისტს ელოდებიან. ამას ემატება მთელი რიგი ეკონომიკური ბერკეტები, რაც რუსეთს აქვს თურქეთთან მიმართებით, მეორე მხარეს რჩება მოლაპარაკებების გზით, ისე რომ ყველა მხარემ მეტნაკლებად "სახე შეინარჩუნოს", შეთანხმებამდე მისვლა და თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ჩვეულებრივად გაგრძელება.
ანგელა მერკელი, ვლადიმირ პუტინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ემანუელ მარკრონი
როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტმა მეორე ვარიანტი აირჩია (მიუხედავად აქამდე გამოთქმული მუქარებისა და ულტიმატუმის დაწესებისა, რომლის მიხედვითაც თებერვლის ბოლომდე უნდა დაეკავებინა ასადის ჯარებს პირვანდელი პოზიციები) და 5 მარტს ოთხმხრივი (რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია) შეხვედრის შესახებ განცხადებაც გააკეთა.

უნდა აღინიშნოს ის კომიკური რეალობაც, რომლის წინაშეც თურქეთი აღმოჩნდა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიწერია ერდოღანის განცხადებებზე რუსული C-400-ების შესახებ. ამ დაძაბულობის ფონზე კი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა შეერთებულ შტატებს "პეტრიოტების" გადაცემა შესთავაზა. ეს რეალობა აჩვენებს, რომ თურქეთი და მისი პრეზიდენტი დღეს ჩიხში აღმოჩნდნენ - შეერთებული შტატების მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღეს, რუსეთზე ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ არ გაამართლა და შეტევა გრძელდება, დილემა კი დილემად რჩება - რა უნდა მოუხერხოს ერდოღანმა იდლიბში შეყვანილ ასობით ჯარისკაცსა და სამხედრო ტექნიკას?

5 მარტის შეხვედრა და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, თუმცა, დიდი ალბათობით, პუტინი იდლიბს არ დათმობს, შემდეგ კი შეიძლება თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიების რიგიც დადგეს (ჩრდილოეთ სირიის ტერიტორია).

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

kakha
27 თებერვალი 2020 20:47
რუსეტიც და ტურქეტიც ორივე ოკუპანტია, ტურქეტმა გაცილებიტ დიდი ზიანი მოგვაყენა ისტორიულად, შედარებაც კი არ შეიძლება, რუსეთს ვგულშემატკივრობ...თუმცა ორივე წყალს წაუღია....გაუმარჯოს საქართველოს
მედეას
26 თებერვალი 2020 14:15
თუ საქართველო რუსეთს ეტყვის შენი ვარ იმ შემთხვევაში თუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიებს აღმიდგენ მაშინ პუტინი სიხარულით დასთანხმდება საქართველოს ამ შეთანხმებაზე... ამ შემთხვევაში პრობლემა არ ექნება საქართველოს. მაგრამ, რად გინდა, თუ შენ შენ არ იქნები გინდა ეგეთი ცხოვრება?.. რასაც უნდა იმას გაგვიკეთებს, გაგვარუსებს, აკრძალავს ქართულ ენას და რუსულ ენას გამოაცხადებს საქართველოში, ისტორიას ისევ თავიდან დაგვიწერს, ისეთს თვითონ როგორიც სურს და სამუდამოდ გაქრება ქართული, ქართველი...
მედეა
26 თებერვალი 2020 09:27
ამ ო ხ ე რ მ ა პუტინმა ვენები რომ გადაიჭრა სირიის გაერთიანებაზე----ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა რატომ არ სურს? სირიაზე ახლოს საქართველო არ არის მისთვის? სამხედრო ბაზების გამო თუ დაგვსაჯა---მივცემდით ამ ბაზების ყოლის უფლებას ბოლოსდაბოლოს შეთანხმების საქმე არ არის? ოჰ, რა ვ ე რ ა გ ი და მოღალატე ორპირია ეგ საზიზღარი! "დიდოსტატის მარჯვენაში" ხუროთმოძღვარის უძლიერესი წ ყ ე ვ ლ ა მინდა გავიმეორო სიბრაზისგან გამწარებულმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები