რუსეთ-თურქეთი ახალი ომის ზღვარზე?
რუსეთ-თურქეთი ახალი ომის ზღვარზე?
28 თებერვალს ვითარება სირიაში რადიკალურად შეიცვალა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, დიდი ალბათობით, ახალი მიმართულებით დაიწყებს განვითარებას, რომელსაც უკვე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ჭრილში განვიხილავთ.

27 თებერვალს თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ნაწილებმა დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სარაქიბი, სადაც ერთდება ალეპო-დამასკოსა და ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რითიც ოპოზიციამ გადაკეტა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია. ამ მაგისტრალის დაკავებისთვის ასადის ხელისუფლების ჯარები აქტიურად იბრძოდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული და სირიული მედია სარაქიბის დაკავების ფაქტს არ ადასტურებდა.

ასევე
27 თებერვალს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთისა და სირიის თვითმფრინავების ჩამოგდებას ცდილობდნენ "ბოევიკები" და თურქი სამხედრო სპეციალისტები იდლიბში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ორი ინციდენტი, შეტევა ქალაქ სარაქიბზე და რუსეთის ავიაციის მიზანში ამოღება გახდა ასადის ხელისუფლებისა და რუსეთის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების მიზეზი. როგორც ჩანს, თურქეთის
ხელისუფლებამ უკვე მეორედ მოსინჯა, როგორი იქნებოდა პასუხი ძლიერი საპასუხო სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში. ამაზე კი უფრო მძაფრი და ძლიერი პასუხი მიიღეს. მით უმეტეს, ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება სცადა...

უკვე 28 თებერვლის ღამეს ვითარება შეიცვალა და თუკი აქამდე აქტიურ შეტევას აწარმოებდა იდლიბში არსებული ოპოზიცია თურქეთის სამხედრო მხარდაჭერით, მალევე მათ თავდაცვის პოზიციაში მოუწიათ გადასვლა. ჰატაის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ასადის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა (სავარაუდოდ, უფრო მეტი უნდა იყოს მსხვერპლი ოპოზიციის დაჯგუფებებიდან, თუმცა ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება). ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ეს შეტევა რუსეთის საჰაერო ძალებს არ განუხორციელებიათ. ალბათ ეს არის პასუხი თურქეთის მხრიდან მტკიცებაზე, რომ 27 თებერვალს თურქ სამხედროებს ცეცხლის არ გაუხსნიათ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.

33 სამხედროს დაკარგვა დიდი ზარალია თურქეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტი ერდოღანისთვის, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით - ის იძულებული იქნება, საპასუხო ნაბიჯები გადადგას.

ვითარების სიმძიმეზე მეტყველებს ისიც, რომ საგანგებო სხდომა, რომელიც წუხელ გაიმართა ერდოღანის თავმჯდომარეობით, 6 საათი გაგრძელდა. მასში პრეზიდენტის გარდა მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე გენშტაბისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ რა იქნებოდა მთავარი თემა - როგორი უნდა იყოს პასუხი თურქეთის მხრიდან არა მხოლოდ ბოლო სამხედრო მოქმედებებზე, არამედ შემდგომ? შედის თუ არა მათ ინტერესებში რუსეთთან სრული დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ უკუშედეგებს არა მხოლოდ თურქეთისთვის (და სავარაუდოდ, რუსეთისთვის), არამედ რეგიონისთვისაც?

დიდი ალბათობით, დაიწყება ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რომელიც უკვე ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ (შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ) იქნება მიმართული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი:

1. "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" (რომლის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანია) სპიკერმა განაცხადა, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების ყველა სამხედრო მტრულ სამიზნედ გამოცხადდა;

2. "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის" თავმჯდომარემ კი მხარიდ დაუჭირა იდლიბში თურქეთის მიერ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის დაწყებას.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი
თუმცა აქვე არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ თურქეთის ხელისუფლება ბოლოჯერ ცდილობდეს, წინასწარი გზავნილებითა და მუქარებით რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ, თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია. ვლადიმირ პუტინის ქმედებები უკვე ნათლად აჩვენებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და ნებისმიერ ფასად შეეცდება იდლიბის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას ასადის ხელისუფლების დახმარებით.

საეჭვოა ჩატარდეს ერდოღანის მიერ ადრე დასახელებული სამიტი იდლიბთან დაკავშირებით, უკვე გუშინ კრემლში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გეგმავს შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტთან. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე რაიმე შეხევდრა რთულად სავარაუდოა.

მოვლენების ბოლო განვითარება აჩვენებს, რომ გამართლდა ქართველი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრება, რომ ის მოკავშირეობა, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით რუსეთსა და თურქეთს შორის, იყო ტაქტიკური, გამოწვეული ადგილზე შექმნილი ვითარებიდან, შესაბამისად, დროებითი პარტნიორობა. ძნელი სათქმელია, რამდენად ესმოდათ ეს თურქეთში, მაგრამ ამას ძალიან კარგად ხვდებოდნენ რუსეთში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (3)
...
02 მარტი 2020 01:09
ფინია ძაღლი დათვს რომ ეჩალიჩება ბუნაგიდან გამოგდებაზე, იმ მომენტს გავს და რა მოხდება მერე, ლოგიკურია, ძველი შუღლი გაღვივდება, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდება თურქეთს....
Mamuka
28 თებერვალი 2020 15:46
მოვლენების განვითარება ცხადყოფს რომ ვალოდია ამზადებს ბროწეულის ოყნას ულვაშასთვის რაც უდაოდ ხელსაყრელია ჩვენთვის.
გრიშო
28 თებერვალი 2020 15:15
ანუ იდლიბი პუტინს თავისთვის უნდა? როგორც ჩანს ერდოღანს უკვე თავისი ჰგონია.. და სირიელებს რა?.. თითქოს ნაცნობი სიტუაციაა..

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები