პუტინი VS ერდოღანი - "ბრძოლა" იდლიბისთვის
პუტინი VS ერდოღანი - "ბრძოლა" იდლიბისთვის
"სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით ყოველთვის არ ვეთანხმებით ჩვენს თურქ პარტნიორებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, კრიტიკულ დროს, ვეყრდნობით რა ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ მაღალ საფეხურს,  ყოველთვის გამოგვდიოდა შეხების წერტილების პოვნა და მისაღები გადაწყვეტილებების მონახვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით", - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 მარტს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კრემლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ეს კარგად გამოწურული, დიპლომატიური განცხადება უკვე აჩვენებს, თუ რა რთული და მძიმე საუბარი შედგა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ
ერდოღანთან. შეხვედრის სირთულეზე მეტყველებს დახარჯული დროც - რეგლამენტით ამისთვის 4 საათი იყო გათვალისწინებული, თუმცა მოლაპარაკებები 5 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. საუბარი ერთი-ერთზე, პრეზიდენტებს შორის დაიწყო, შემდეგ კი მათ დელეგაციები შეუერთდნენ.

ამ შეხვედრას მხარეები და საერთაშორისო საზოგადოება (მედიის ჩათვლით) იანვრის ბოლოდან ელონენ, მაშინ, როცა დაიწყო
სირიაში ვითარების გაუარესება და ბაშარ ალ-ასადის შეტევა იდლიბში, ოპოზიციისა და ჯიჰადისტების პოზიციებზე.
ამ შეხევდრაზე უნდა გამოჩენილიყო, ვინ რას წარმოადგენს, ვინ არის უფრო ძლიერი მომლაპარაკებელი, ვის უფრო მეტი აქვს დასაკარგი და ვინ უფროა თავზეხელაღებული პოლიტიკოსი. თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული არაერთი ძლიერი მუქარა ისმოდა ერდოღანის მხრიდან ასადის ხელისუფლების მისამართით, ულტიმატუმიც კი იყო დაწესებული, რომ მარტის 1-ლ რიცხვში მისი ძალები პირვანდელ პოზიციებზე უნდა ყოფილიყვნენ დაბრუნებული და იდლიბში სტატუს კვო აღმდგარიყო. ამ შეხვედრაზე უნდა გამოჩენილიყო ისიც, ვინ შეძლებდა საკუთარი პოზიციების ბოლომდე დაცვას და უარეს შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებებს ვინ უფრო მეტად მოერიდებოდა ან ვერ მოერიდებოდა.

27 თებერვალს მომხდარმა შეტაკებამ თურქეთის ოპოზიციასა და ასადის ხელისუფლებას შორის უკვე აჩვენა, რომ ეს უკანასკნელი, ძლიერი რუსული მხარდაჭერის იმედზე, არ მოერიდებოდა პირდაპირ კონფრონტაციას თურქეთთან. ამ შეტაკებას 36 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, მათი რიცხვი შემდეგ გაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ ვიდრე ორი პრეზიდენტი ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, კიდევ დაიღუპა 2 თურქი სამხედრო, იანვრის შემდეგ კი, მეოთხე ოპერაციაში "გაზაფხულის ფარი" დაახლოვებით 60 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ბუნებრივია ამ კამპანიაში მსხვერპლი არის თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის მხრიდანაც. მსხვერპლი და დანაკარგები დიდია ასადის ძალებშიც, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ უარეს შემთხვევაში რუსეთი არ მოერიდა პირდაპირ დაპირისპირებას თურქეთთან და დიდი ალბათობით, არც შემდეგ შეიკავებდა ამისგან თავს.

შეხვედრის შედეგები კი ნათლად აჩვენებს, თუ ვინ დარჩა ბოლო სამხედრო კამპანიიდან გამარჯვებული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ:

• შეწყდეს ცეცხლი 6 მარტს, შუაღამის დადგომისთანავე (00:00);
• М4 (ალეპოსა და ლატაკიის დამაკავშირებელი) მაგისტრალდან სამხრეთითა და ჩრდილოეთით 6 კილომეტრის მანძილზე შეიქმნას უსაფრთხოების ზონა;
• რუსეთისა და თურქეთის სამხედროები 15 მარტიდან დაიწყებენ ერთობლივ პატრულირებას ამ მაგისტრალის მონაკვეთებზე.

საინტერესოა, რომ არაფერია ნათქვამი სხვა საკითხებზე. როგორც რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, შეთანხმება უფრო დროებით ხასიათს ატარებს და მისი შესრულება ძნელი იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო, რადგან მასში არაფერია ნათქვამი თურქულ ნაწილებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ალყაში იმყოფებიან იდლიბში; გაურკვეველია, რა ბედი ეწვევათ იქ მებრძოლ ჯიჰადისტებს; არაფერია ნათქვამი ასადის რეჟიმის ძალების უკან დახევაზე, რასაც თურქეთი დაჟინებით ითხოვდა; გაურკვეველია, ძალაში რჩება თუ არა სოჭის შეთანხმება.

მეორე მხრივ, შეთანხმება აჩვენებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება უკვე არსებული რეალობა - ის ტერიტორიები, რაც ასადის ხელისუფლებამ დაიბრუნა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი მაგისტრალი და ქალაქები (მათ შორის სარაქები), მათი კონტროლის ქვეშ დარჩება.

გარდა შეთანხმების პირობებისა, თურქეთის მხარის წამგებიან პოზიციაში ყოფნაზე მეტყველებს ისიც, რომ სწორედ ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში. შეხვედრამდე პრესასთან, ალბათ უფრო ბალანსისთვის, მაინც განაცხადა, რომ თავიდან თურქეთში უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები, მაგრამ ვინაიდან ვლადიმირ პუტინი ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს და ძალიან დაკავებულია, ამიტომ თავად მიიღო მოწვევა და ჩავიდა რუსეთში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოლაპარაკებებში რუსეთის მხარე უფრო ძლიერი პოზიციებით ჩაერთო და შესაბამისად, მისთვის მისაღებ შედეგსაც მიაღწია.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობა მხოლოდ სირიის მიმარულებით არ იყო საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძირითადი თემა იყო. ერდოღანმა დაიწყო ახალი კამპანია ლიბიაშიც, სადაც ასევე დაუპირისპირდა რუსეთს და სადაც ასევე არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს მისი კამპანია.

3 მარტის ღამეს ხალიფა ჰაფთარის ძალებმა (რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს) ლიბიაში კიდევ ერთხელ დაბომბეს მიტიგას აეროპორტი, სადაც განლაგებულია თურქეთის დაჯგუფებები, სამხედრო მრჩევლები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. მათი იქ ყოფნის მიზანი ფაიეზ ალ სარაჯის ხელისუფლების მხარდაჭერაა, თუმცა ამის გაკეთება, როგორც ჩანს, არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც გეგმავდნენ, შედეგად კი მივიღეთ უკვე ორ ფრონტზე მებრძოლი თურქეთის პრეზიდენტი. ორივე ფრონტზე კი, ბედის ირონიით, რუსეთის პრეზიდენტთან მოუწია დაპირისპირება. ჯერჯერობით ეს დაპირისპირება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიმდინარეობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
08 მარტი 2020 10:44
ორივე ქვეყნის პრეზიდენტი დამპყრობელია--რა ესაქმებათ სხვისი (სირიისა და ლიბანის) სახელმწიფოს ტერიტორიაზე? გაუტკბა პუტინს საწყალი საქართველოსა და უკრაინის დ ა ჩ ა გ ვ რ ა---(გამომსარჩლებელთა უ გ უ ლ ი ს ყ უ რ ო ბ ი ს გამო! )ახლა მასავით პირსისხლიანი ერდოღანი ჰყავს მოწინააღმდეგედ, აბა, აჯობოს თუ ბიჭია! დაჩაგროს თურქეთი, თუ ვაჟკაცია!-შეეწინააღმდეგოს მის პრეტენზიებს. ცხვირში ძმრად ამოადენს ერდოღანი პუტინს ბ ა ქ ი -ბ უ ქ ო ბ ა ს! დაუჭამიათ ერთმანეთი-ასემც ყოფილა! იქნება დ ა ი ს ა დ გ უ რ ო ს სიმშვიდემ მათ შემდეგ --ახლო აღმოსავლეთში! ამიხდინე ეს ოცნება ღმერთო, რუსეთისაგან ატომური ბომბის გამოყენების გარეშე!
07 მარტი 2020 16:30
Sad aris shinagan saministro sad aris qanoni :)
Seriozulad ki sad aris turqetis mokavshire Nato?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები