"არ აქვს ფასი ჩვენი ერის გადარჩენაზე ზრუნვას, თუ მასთან ერთად ჩვენი ტრადიციებიც არ გადარჩება" - კვირის პალიტრა

"არ აქვს ფასი ჩვენი ერის გადარჩენაზე ზრუნვას, თუ მასთან ერთად ჩვენი ტრადიციებიც არ გადარჩება"

დღეს საქართველოსა და მსოფლიოში მედიის შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია და ის, რაც ადრე შეიძლება იარაღის საშუალებით ეკეთებინათ, ახლა ონლაინ საიტების, გაზეთების, ჟურნალებისა და ტელევიზიის საშუალებით არის შესაძლებელი. აქ პირველ რიგში იგულისხმება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ამ აზრის მიმართება კონკრეტული მიმართულებით. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვინც ფლობს მედიას, ის მართავს საზოგადოებას.

მაგრამ ეს რეალობა დღეს, 10 წლის წინ ან 21-ე საუკუნის დასაწყისში არ შექმნილა. ასე იყო ბევრად უფრო ადრეც. პრესისა და ფართოდ თუ ვიტყვით მედიის შესაძლებლობას ფრენსის ბეკონმა (22 იანვარი 1561 - 9 აპრილი 1626), ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ისტორიკოსმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ მე-17 საუკუნის დასაწყისშივე გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ მსოფლიო სამმა გამოგონებამ შეცვალა - კომპასმა, დენთმა და პრესამ.

პრესის მნიშვნელობაზე 1961 წლის 27 აპრილს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ კენედიმაც ისაუბრა ნიუ იორკში, სასტუმრო ვალდორფ-ასტორიაში ამერიკის გაზეთების გამომცემელთა ასოციაციასთან შეხვედრისას. საინტერესო ის არის, რომ ის სტანდარტები, რაც მან მაშინდელ პრესას და მედიას დაუსახა, დღევანდელი ქართული მედიისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს...

გარდა პრესის მნიშვნელობისა, მან სხვა გამოწვევასაც გაუსვა ხაზი, უფრო დიდსა და მასშტაბურს, რომელიც ძალიან მოხერხებულად იყენებს პრესასა და მედიას.

ქვემოთ გთავაზობთ ჯონ კენედის სიტყვის შემოკლებულ თარგმანს:

"საერთო საფრთხის ფონზე მსურს ვისაუბრო ჩვენს საერთო პასუხისმგებლობაზე. გასული კვირების მოვლენები, შესაძლოა, ხელს უწყობდეს ზოგიერთებისთვის ამ გამოწვევისთვის ნათელის მოფენას; მაგრამ ამ საფრთხის მოცულობა უკვე დიდი ხანია ფართოდ ჩანს ჰორიზონტზე. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სამომავლო იმედები - ამ საფრთხის შემცირებასთან ან მასთან ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით - შეუძლებელია გავექცეთ მის სერიოზულობას ან ამ საფრთხის მასშტაბურობას, რომელსაც ეს გამოწვევა უქმნის ჩვენს გადარჩენასა და უსაფრთხოებას - გამოწვევა, რომელიც უჩვეულო გზებით უპირისპირდება ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროს.

"ეს სასიკვდილო გამოწვევა ჩვენს საზოგადოებას აკისრებს ორ მოთხოვნას, რომელიც პრესისა და პრეზიდენტის პირდაპირი შეშფოთების საკითხია - ორი მოთხოვნა, რომელიც მოსმენისას შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჩანდეს, მაგრამ რომლებიც უნდა შესრულდეს, თუ გვსურს ვუპასუხოთ ეროვნულ საფრთხეს. ვგულისხმობ, პირველი, საჯარო ინფორმაციის არსებობის კიდევ უფრო დიდ საჭიროებას და მეორე, ოფიციალური საიდუმლოებების არსებობის კიდევ უფრო დიდ საჭიროებას.

"სიტყვა "საიდუმლოება" შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან; და ჩვენ, როგორც ხალხი, არსებითად და ისტორიულად ვეწინააღმდეგებით საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ფიცებსა და საიდუმლო საქმეებს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ის საფრთხეები, რომელიც მოაქვს შესაბამისი ფაქტების გადაჭარბებულ და დაუსაბუთებელ დაფარვას ბევრად მეტია, ვიდრე ის საფრთხე, რომელიც ამას ამართლებს. დღესაც კი, არ აქვს ფასი დახურული საზოგადოებისგან მომავალი საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევას მათივე შეზღუდვების იმიტაციით. დღესაც კი, არ აქვს ფასი ჩვენი ერის გადარჩენაზე ზრუნვას, თუ მასთან ერთად ჩვენი ტრადიციებიც არ გადარჩება. არსებობს იმის დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული გაზრდილი უსაფრთხოების საჭიროებას გამოიყენებენ ისინი, ვისაც სურთ მისი მნიშვნელობა ოფიციალური ცენზურისა და საიდუმლოების დონემდე გაზრდა. მე არ ვაპირებ ამის დაშვებას მანამ, სანამ მაქვს კონტროლი. და ჩემი ადმინისტრაციის არც ერთმა წევრმა, მიუხედავად მაღალია თუ დაბალი მისი წოდება, სამოქალაქოა თუ სამხედრო, ისე არ უნდა გაიგოს ჩემი სიტყვები, როგორც პრესისთვის ცენზურის დაწესების, განსხვავებული აზრის გაქრობის, ჩვენი შეცდომების დაფარვის ან პრესისა და საზოგადოებისთვის იმ ფაქტების დამალვის წინაპირობა, რომლის ცოდნასაც იმსახურებენ.

"მინდა ვთხოვო ყველა გამომცემელს, ყველა რედაქტორს, ყველა ჟურნალისტს ჩვენს ერში, გადახედეთ თქვენს სტანდარტებს და აღიარეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი საშიშროებები. ომის დროს, ხელისუფლებამ და პრესამ გააერთიანა საკუთარი ძალისხმევა, რომელიც დიდწილად დამყარებული იყო თვითდისციპლინაზე, რათა ხელი შეეშალათ მტრისთვის არასანქცირებული ინფორმაციის მიწოდებას. "აშკარა და რეალური საფრთხის" დროს სასამართლოებიც თვლიდნენ, რომ პირველი შესწორებით მინიჭებული პრივილეგირებული უფლებებიც კი უნდა დამორჩილებოდა საზოგადოების საჭიროებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

"დღეს ომი არ გამოცხადებულა და როგორი მძვინვარეც არ უნდა იყოს ბრძოლა, ომი შეიძლება ტრადიციული გზით არასდროს გამოცხადდეს. ჩვენს ცხოვრების წესს საფრთხე ემუქრება. დედამიწის გარშემო ჩვენი მტრები წინაურდებიან. ჩვენი მეგობრების გადარჩენა საფრთხის წინაშეა. და მაინც, არანაირი ომი არ გამოცხადებულა, არანაირი საზღვარი არ გადალახულა მარშით მიმავალი ჯარისკაცების მიერ, არანაირი რაკეტა არ ყოფილა გასროლილი.

"თუ პრესა ომის გამოცხადებას ელოდება მანამ, სანამ საომარი მოქმედებების თვითდისციპლინაზე გადავა, მაშინ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ არც ერთი ომი არ ყოფილა უფრო დიდი საფრთხის მატარებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ თქვენ ელოდებით "აშკარა და რეალური საფრთხის" პოვნას, მაშინ ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ საფრთხე ამაზე აშკარა არასდროს ყოფილა და მისი არსებობა არასდროს ყოფილა უფრო ახლოს.

"ამასთან გამკლავებას სჭირდება მსოფლხედვის, ტაქტიკის, მისიის შეცვლა ხელისუფლების, ხალხის, ყველა ბიზნესმენისა და ყველა გაზეთის მიერ. იმიტომ რომ ჩვენ მთელს მსოფლიოში გვიპირისპირდება მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც პირველ რიგში იყენებს გავლენის სფეროს გაზრდის ფარულ საშუალებებს - დაპყრობის ნაცვლად ფარულად შეღწევას, არჩევნების ნაცვლად ძირგამომთხრელ საქმიანობას, თავისუფალი ნების ნაცვლად დაშინებას, პარტიზანებს ღამით დღისით არმიების ნაცვლად. ეს არის სისტემა, რომელიც იყენებს უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს მჭიდროდ დაკავშირებული, მაღალ ეფექტური მანქანის შესაქმნელად, რომელიც აერთიანებს სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს.

"მისი მზადება არ ქვეყნდება, არამედ დაფარულია. მისი შეცდომები სათაურებში არ ხვდება, არამედ იმარხება. მის მოწინააღმდეგეს არ აქებენ, არამედ აჩუმებენ. არანაირი დანახარჯი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაირი ჭორი არ იბეჭდება, არანაირი საიდუმლო არ მჟღავნდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ის აწარმოებს ცივ ომს საომარი დისციპლინით, რომელთან დაპირისპირებას არც ერთი დემოკრატია არც იმედოვნებდა, არც ისურვებდა.

"მიუხედავად ამისა, ნებისმიერი დემოკრატია აღიარებს ეროვნული უსაფრთხოების გარკვეულ შეზღუდვებს - და საკითხავია, ეს შეზღუდვები უფრო მკაცრი ხომ არ უნდა იყოს, თუ ვაპირებთ ამ სახის თავდასხმისთვის, ისევე როგორც პირდაპირი შეტევისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

"საქმე ის არის, რომ ჩვენი ერის მტრები ღიად ტრაბახობენ ჩვენი გაზეთებიდან ისეთი ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც სხვა შემთხვევაში აგენტების მიერ ქურდობის, ქრთამისა და ჯაშუშობის გზით უნდა მიეღოთ; ტრაბახობენ, რომ ჩვენი ერის ფარული მზადება ჩვენი მტრის ფარული ოპერაციების წინააღმდეგ ხელმისაწვდომი იყო გაზეთის ნებისმიერი მკითხველისთვის, განურჩევლად მოყვარისა თუ მტრისა; ტრაბახობენ, რომ ზომა, სიძლიერე, ადგილმდებარეობა და ჩვენი ჯარებისა და შეიარაღების ბუნება, მათი გამოყენების ჩვენი გეგმები და სტრატეგია, ყველაფერი ზუსტად იყო განსაზღვრული პრესასა და სხვა მედია საშუალებებში საკმარისი დოზით იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა ნებისმიერი გარე ძალა; ტრაბახობენ იმით, რომ, სულ მცირე ერთ შემთხვევაში მაინც, გამოქვეყნდა დეტალები საიდუმლო მექანიზმთან დაკავშირებით, რომლის დახმარებითაც თვალს ადევნებდნენ სატელიტებს და რომლის გადაადგილებაც გახდა საჭირო დროისა და ფულის მნიშვნელოვანი ხარჯის გაღებით.

"ის გაზეთები, რომელთაც ეს ამბები დაბეჭდეს ერთგულები, პატრიოტულები, პასუხისმგებლიანი და კეთილმოსურნენი იყვნენ. ღია ომში რომ ვყოფილიყავით ჩართული, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ რამეს არ გამოაქვეყნებდნენ. მაგრამ ღია ომის არარსებობის დროს, ისინი მხოლოდ ჟურნალისტიკის წესებს დაემორჩილნენ და არა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

"დებატებისა და კრიტიკის გარეშე ვერც ერთი ადმინისტრაცია და ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას და ვერც ერთი რესპუბლიკა ვერ გადარჩება. ამიტომაც დაადგინა ათენელმა კანონმდებელმა სოლონმა, რომ დანაშაულია მოქალაქე გაექცეს პოლემიკას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი პრესა და დაცულია პირველი შესწორებით - ერთადერთი ბიზნესი ამერიკაში, რომელიც კონკრეტულად არის დაცული კონსტიტუციის მიერ - არა იმისათვის, რომ გაართოს ან გაამხიარულოს, არა იმისათვის, რომ ყურადღება ჩვეულებრივსა და სენტიმენტალურზე გაამახვილოს, არა იმისათვის, რომ მისცეს საზოგადოებას "ის, რაც მათ სურთ", არამედ იმისათვის, რომ ინფორმაცია მიაწოდოს, გამოაღვიძოს, აირეკლოს, გადმოსცეს ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეები და შესაძლებლობები, მიგვანიშნოს ჩვენს კრიზისებსა და არჩევანზე, გვიწინამძღვროს, ფორმირება გაუკეთოს, გაანათლოს და ხანდახან საზოგადოებრივი აზრის გაღიზიანებაც გამოიწვიოს."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს