რიგის სამიტი - შეხვედრა, რომელზეც არაფერი წყდება - კვირის პალიტრა

რიგის სამიტი - შეხვედრა, რომელზეც არაფერი წყდება

"ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის შემდეგ ასეთი მნიშვნელობის მოვლენა ქართულ ეკონომიკაში არ მომხდარა. უცნაური ერთია, რომ ხელისუფლებამ ეს თემა სათანადოდ ვერ გაშალა ქართულ მედიაში"

"ევროკავშირს ესმის, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნეს წარმოადგენს"

"აღმოსავეთ პარტნიორობის" პროგრამა თავის მორიგ შეხვედრას ატარებს, სადაც შემდეგი საკითხები განიხილება: სახელმწიფო აღმშენებლობა და კანონის უზენაესობა, ციფრული საერთო ბაზარი და ელექტრონული კომერცია ევროპაში, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სატრანსპორტო კომუნიკაციები, მოქალაქეების მობილობა და სავიზო საკითხები, კონფლიქტები და უკრაინის საკითხი. ამ საკითხებიდან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე პოპულარული სავიზო თემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხება აღმოსავლეთ პარტიორობის პროგრამაში მონაწილე 6 ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ცხადია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილია, უბრალოდ დროის საკითხია. ხოლო ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტებისთვის ეს წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს იმის გამო, რომ არჩევნებში მეტი მხარდაჭერა მიიღონ. ხალხს, რაც შეეხება, დამოუკიდებლობის მიღებიდან 24 წელია ამას ელოდებიან და კიდევ ერთი, ან თუნდაც ორი წლით საკითხის გადადება ბევრს არაფერს შეცვლის. მოლდოვას უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან 2014 წლის აპრილიდან და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პირველ 8 თვეში მოსახლეობის 10%-მა ისარგებლა.

რიგის სამიტზე განსახილველი საკითხებიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სატრასპორტო კომუნიკაციების და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი. და ეს იმ ფონზე, როცა საქართველო გახდა ახალი აბრეშუმის გზის მთავარი დამაკავშირებელი ევროპიდან ჩინეთისკენ და პირიქით მიმავალი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის, რომელმაც ევროპისთვის ზღვით ვაჭრობის 40 დღიანი ვადა შეამცირა 9 დღემდე. ეს პროექტი აძლიერებს საქართველოსთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს და ქმნის შესაძლებლობას სატრანსპორტო, სატვირთო, სავაჭრო და ფინანსური ჰაბის შესაქმნელად საქართველოში. ეს არის უნიკალური საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის შემდეგ ასეთი მნიშვნელობის მოვლენა ქართულ ეკონომიკაში არ მომხდარა. უცნაური ერთია, რომ ხელისუფლებამ ეს თემა სათანადოდ ვერ გაშალა ქართულ მედიაში. საქართველო ევროპისთვის წარმოადგენს კარიბჭეს კასპიის რეგიონის ენერგომატარებლების მისაღებად, რომლის მნიშვნელობა ერთი ორად გაიზრდება, თუ მოხერხდა ირანთან შეთანხმების მიღწევა და ირანული გაზი და ნავთობი საქართველოს გავლით ევროპისგენ იქნება ტრანსპორტირებული.

რიგის სამიტის მთავარი ნტრიგა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სამიტზე ბელარუსის დასწრებაა, თუმცა ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის და მას ჯერჯერობით არ აძლევენ საშუალებას პირადად დაესწროს ღონისძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ უკვე მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მაინც ბოლომდე არ არის ცნობილი საით მიდის ეს ქვეყანა. 2014 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა ძალებმა 45% აიღეს და პროდასავლურმა ძალებმა მხოლოდ მინორიტარული მთავრობის ჩამოყალიბება შეძლეს.

ევროკავშირისთვის მთავრ ქვეყნებს აღმოსავლეთის პატნიორობის პროგრამაში, ისევ საქართველო და უკრაინა წარმოადგენს. ევროკავშირს ესმის, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნეს წარმოადგენს. ყველა იმ საერთაშორისო ფუნქციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობით გააჩნია, ევროკავშირისთვის ღირებული ქვეყანაა. თუ საქართველო შენს მხარესაა, მთელი სამხრეთ კავკასია ადრე თუ გვიან შენს მხარეს იქნება - ეს არის ევროკავშირის ლიდერთა და ანალიტიკოსთა პოზიცია.

ევრაზიიის კავშირის მომხრეთა ზრდას საქართველოში ევროკავშირმა ძალიან მკაფიო და კონკრეტული გადაწყვეტილებებით უნდა უპასუხოს. საქართველომ ერთ რამეს მიაღწია, რომ ბრიუსელი "აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვყანას, დიფერნცირებულ მიდგომებს უყენებს, რითაც ევროპასთან ინტეგრაციის ლიდერებად მოლდოვა და საქართველო ხდებიან.

უკრაინა მიიღებს ძლიერ მორალურ მხარდაჭერას სპეციალური განცხადების ან დეკლარაციის სახით, იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე.

სომხეთს და აზერბაიჯანს რიგის სამიტზე არაფერი "ემუქრებოდათ", ვინაიდან ერთი რუსეთის ორბიტაზეა მყარად გამაგრებული, მეორე კი უარს ამბობს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე. რიგაში სომხეთისა და აზერბაიჯანი პრეზიდენტები ერთმანეთს მოინახულებენ, რაც არვითარ შედეგს არ მოიტანს, ვინაიდან სომხეთი არ ცნობს სამშვიდობო მოლაპარაკების არც ერთ ფორმატს, გრადა მინსკის ფორმატისა, სადაც მას რუსეთი ყოველთვის ზურგს უმაგრებს.

ვიზების საკითხს რაც შეეხება: საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ყველა ის ვალდებულება და რეკომენდაცია, რომელიც აიღო. არ არის დასრულებული საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები თავშესაფრის, კორუფციასთან ბრძოლის, ტრეფიკინგის და ნარკოპოლიტიკის საკითხებში. ამასთან, მოსამზადებელ ეტაპზე, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისიტროს მიერ იქნა გამოჩენილი არაკომპეტენტურობა, როცა ერთი ხელის მოსმით შემოიღეს სავიზო რეჟიმი ირანთან, ეგვიპტესთან, ერაყთან. ამ ქვეყნებიდან არ ჩამოვიდა 50,000-ზე მეტი ტურისტი და რამდენიმე ასეული ბიზნესმენი. ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის შემოსავალი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ერთი ტურისტი მინიმუმ 3 ადამიანს ასაქმებს, გამოდის, რომ 150,000 ქართველმა ქალბატონების: წულუკიანის და ფანჯიკიძის "გამჭრიახობით" ვერ მიიღო შემოსავალი. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქცია რუსეთში გაძვირდა იმპორტის გადასახადის დამატების გამო და გაყიდვები შემცირდა 40%-ით, აქედან ლომის წვლილი ცხადია, თავად რუსეთში არასტაბლიურობის გამოა, მაგრამ იმპორტის გადასახადის დამატებამ უარყოფითი როლი შეასრულა. ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველომ განიცადა ძალიან კონკრეტული ფისკალური ზარალი, თუმცა სხვა გზა არ დაგვრჩენია და უნდა განვიხილოთ ეს როგროც ინვესტიცია ქვყნის მომავალში.

რუსეთი 2008 წლამდე არ იყო წინააღმდეგი მოსაზღვრე ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის, შემდეგ კი ევროკავშირის ინტეგრაციულ პროცესებს აღმოსავლეთით მკვეთრად დაუპირისპირდა. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ლუკაშევუჩი პირდაპირ იმუქრება და ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამას ანტირუსულ პროექტს უწოდებს.

უკრაინას რთული ვითარება აქვს, რეფორმები არ დაწყებულა და ევროკავშირი ამის გამო განაწყენებულია. ბრიუსელი დაპირდა მრავალმილიარდიან კრედიტს კიევს რეფორმების განხორციელების შემთხვევაში. ევროკავშრის მოთხოვნით უკრაინამ უნდა შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, მოახდინოს ცენტრალური ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, დაიწყოს რეალური ბრძოლა კორუფციასთან. უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭო სააკაშვილის ხელმძღვანელობით ვერაფერ ხელშესახებს სთავაზობს უკრაინას ჯერ ჯერობით. სააკაშვილი ქვეყნის ლიდერებს აბრალებს რეფორმებისთვის პოლიტიკური ნების უქონლობას, შემდეგ უკან მიაქვს თავისი სიტყვები. ქართული ფასადური რეფორმების გადატანა უკრაინაში ვერ იმუშავებს, რადგან: უკრაინაში უფრო დიდი და ძლიერია ინტელექტუალური წრეები, რომელთაც ესმით ქართული რეფორმების ზედაპირულობა, ინდუსტირაში ჩართული ტექნოკრატებს დიდი გავლენა აქვთ, კორუფცია წარმოადგენს ფუნდამენტს უკრაინული პოლიტიკის, ოლიგარქებს აქვთ უზომოდ დიდი გავლენა, პოლიტიკოსების აბსოლიტური უმრავლესობა არის დაკავშირებული ამა თუ იმ ოლიგარქთან, პრეზიდენტი თავად ოლიგარქია. ევროკომისიის პრეზიდენტმა იანკერმა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინა ინერტულობისთვის. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, პოროშენკო ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება რიგის სამიტის წინ და აცხადებს, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და 5 წელიწადში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდება, მიუხედავა იმისა, რომ ევროკავშირის 15 რეკომნედაციიდან მხოლოდ 10 შეასრულეს, მათაგან რამდენიმე სანახევროდ.

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სჭირდება თუ სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, რათა დააინტერესონ სეპარატისტული ტერიტორიების მოსახლეობა. მოლდოვის ერთწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ეს თემა ვერ გადაწყვეტს უკონტროლო ტერიტორიების საკითხს, თუმცა აშკარა პოზიტივია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს.

ევროკავშირის დეკლარაციაში არ იქნება არცერთი სიტყვა ნახსენები აღმოსავლეთის ქვყნების პერსპექტივაზე - გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, არ უნდა ველოდოთ მის შემოღებას, ვიდრე არ იქნება შესრულებული ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია, პრაქტიკულად ეს მიღწევადი იქნება საქართველოსთვის 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში. ასევე უნდა ვიცოდეთ,რომ უვიზო რეჟიმი სხელშეკრულების დადებიდან მინიმუმ ერთი წელი იქნება საჭირო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულმა პარლამენტებმა მისი რატიფიცირება მოახდინონ.

ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორორბის" პროგრამის სამიტი უფრო ცერემონიალურ ხასიათს ატარებს და მასზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. გადაწყვეტილებები უკვე მომზადებულია ევროკავშირის მიერ. სამიტზე კი ევროკავშირი ადასტურებს თავის ინტერესს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის მიმართ, აღძრავს იმედებს ამ ქვეყნებისთვის და პრევენციას აკეთებს, რომ ეს ქვეყნები რუსულა რჩევანზე არ დაფიქრდნენ.

ირაკლი გოგავა

საქართველოს განვითარების ლაბორატორია