მოსახლეობის 90%-ს უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას
30-05-2015
მოსახლეობის 90%-ს უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს იდეა ემსახურება პოლიტიკური ველის კიდევ უფრო სტერილიზაციას და რამდენიმე პარტიის გავლენის გაზრდას ხალხის ინტერესების შელახვის ხარჯზე. ხალხს ვეღარ ეყოლება პირდაპირი წარმომადგენელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. დღეს მოქალაქეს, საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად, შეუძლია მივიდეს გამგეობელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან.
ჩვენ კი გვსურს, რომ ერთ-ერთი საშუალება საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ხალხს ჩავუკეტოთ. 2012 წლის არჩევნები სპეციფიური იყო და ვერ მოხდა უნარიანი და ეფექტური მაჟორიტარების არჩევა უმრავლეს საარჩევნო ოლქში.
თუმცა 4 წლიანი გამონაკლისი არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა გასაუქმებელია. მომავალ არჩევნებში ხალხი უფრო ყურადღებით გამოიყენებს თავის ხმას. არჩევნებიდან არჩევნებამდე ხახლი სწავლობს და უფრო ეფექტურად იყენებს თავის უფლებებს. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული სისტემა მთლიანად ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, იაპონიაში, ლიტვაში, სულ 80-ზე
მეტ ქვყანაში ამა თუ იმ ფორმით.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, ჩვენ ვუკრძალავთ უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. უპარტიო მოქალაქეები კი მოსახლეობის 90%-ს შეადგენს. მაჟორიტარი უფრო დამოუკიდებელია და მისი ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა პარტიული სტრუქტურა. ბუნებრივია მაჟორიტარების დამოუკიდებლობის ეს ხარისხი იწვევს აგრესიას ხელისუფლების მხრიდან, რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.

თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში პარტიების ხარისხს და მათ არამასობრიობას, მაჟორიტარი მეტი ხარისხით წარმოადგენს ხალხის ნებას, ვიდრე პარტიული სიით არჩეული პარლამენტარი. დღეს მოსახლეობის ნახევარი არ უჭერს მხარს არცერთ პარტიას. ისმის კითხვა: ეს ხალხი პარლამენტში წარმოამდგენლის გარეშე უნდა დარჩეს?!

მაჟორიტარული სისტემა აძლევს შანსს პატარა პარტიებს, უპარტიო ადამიანებს იყვნენარჩეული პარლამენტში, რაც უფრო პლურალისტულს ხდის საკანონმდებლო ორგანოს.

არ არის საიდუმლო, რომ საქართველოს რეგიონები არ სარგებლობს ცენტრალური ხელისუფლების დიდი ყურადღებით. ცენტრალური ხელისუფლების ბიუროკრატია არ მუშაობს რეგიონებში სათანადო დონეზე. ამ ფონზე მუნიციპალიტეტებში ხალხის ადვოკატი მხოლოდ მაჟორიტარი შეიძლება იყოს, რადგან გამგებლის თავისუფლების ხარისხი შეზღუდულია.

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებით, მივიღებთ ისეთ სურათს, სადაც კოალიციაში მყოფი არაპოპულარული პარტია(მაგალითად რესპუბლიკელები), ნაცვლად მათი რეალური 1%-იანი მხარდაჭერისა მიიღებს 10%-ის შესაბამის მანდატებს კოალიციურ საარჩევნო სიაში და 20%-ის შესაბამის პორტფელებს მთავრობაში. ასეთი პარლამენტი საბოლოო ჯამში ვერ ასახავს საზოგაოდების განწყობებს და იქნება საზოგადოებაში არასტაბილურობის მიზეზი.

გასაგებია ნაციონალების, რესპუბლიკელების და სხვა წვრილი პარტიების პოზიცია მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ, რადგან ისინი ვერ შეძლებენ ვერცერთი მაჟორიტარის გაყვანას.

მიუხედავად ვიწროპარტიული კონიუქტურისასაქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური და სასარგებლო არის სწორედ ის შერეული სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს. იმედია, ხელისუფლება გამოიჩენს გამჭრიახობას და არ შეუმცირებს ხალხს საკანონმდებლო ორგანოსთან, მის წევრებთან უშუალო წვდომის ხარისხს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით პარლამენტის წევრის ამომრჩევლისადმი პირდაპირი ანგარიშვალდებულების ხარისხი ნულამდე დადის.

შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს იძლევა საშუალებას ჩამოყალიბდეს პროფესიონალური პარლამენტი, რომლიც ასახავს პოლიტიკური ძალების რეალურ თანაფარდობას ქვეყანაში. აძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს, ვინაიდან პარლამენტის ნახევარი პროპორციული სისტემით ანუ პარტიული სიებით ირჩევა, ამასთან ის ქმნის საშუალებას სტაბილური ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბების.

პროპორციული სისტემის პირობებში დეპუტატები დამოკიდებული არიან პარტიულ და ფრაქციულ გადაწყვეტილებებზე და დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ, კანდიდატის და არჩეული დეპუტატის კავშირი ამომრჩეველთან სუსტია, რაც აისახება ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხზე. შეუძლებელია კანდიდატის პიროვნულ ღირსებების შეფასება, რადგან ხმას პარტიას აძლევ და არა ინდივიდს. პროპორციული წესით არჩეულ პარლამენტში უფრო ხშირია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პრეცედენტები,ხოლო კოალიციური მთავრობა ტრადიციულად ნაკლებად ეფექტური და სტაბილურია, ვიდრე ერთპარტიული მთავრობა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ეფუძნება. იზრდება წვრილი, არაპოპულარული პარტიების როლი, რომლებიც კოალიციის წევრობის სანაცვლოდ ითხოვენ ისეთ მაღალ პოსტებს მთავრობაში, რომელიც არ შეესაბამება მათ ადგილს პოლიტიკურ სისტემაში. ამის ნათელი მაგალითია რესპუბლიკური პარტია საქართველოში. პარტიული ელიტის გავლენის ზრდა სააღცევნო სიების შედგენისას გარდაუვალია და ხშირ შემთხვევაში გამსვლელი ადგილები ფულის სანაცვლოდ იყიდება პარტიული ლიდერების მიერ, რაც პოლიტიკურ კორუფციას ნიშნავს.

აშკარად იგრძნობა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეას უცხოური მხარდაჭერაც აქვს. ამას ემატება მაჟორიტარული კუთხით უპერსპექტივო პარტიების პოზიცია.

არცერთი საარჩევნო სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ არსებულ საარჩევნო სისტემებს შორის ყველაზე დაბალანსებული სწორედ შერეული სისტემაა, სადაც მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება არიჩიონ როგროც პარტია, ასევე კონკრეტული კანდიდატი და ხმების ყველაზე მინიმალური რაოდენობა იკარგება.

ირაკლი გოგავა
საქართველოს განვითარების ლაბორატორია
ვბ
28 აგვისტო 2017 11:44
მხოლოდ მაზორიტარები
...
26 იანვარი 2017 14:32
რა ზღაპრებს ყვები.როდის იყო მაჟორიტარი ამომრჩევლის პრობლემებს წყვეტდა,თავის პრობლემებს კი ბატონო.
Tamara
27 აგვისტო 2015 16:58
მივესალმები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას!!!!

რედაქტორის რჩევით