სოფლის გადარჩენის გზა - პროექტი "ქართული სახლი"
სოფლის გადარჩენის გზა - პროექტი "ქართული სახლი"
საქართველოში 2 მილიონი შრომისუნარიანი მოქალაქეა, სამუშაო ადგილებით მხოლოდ 1 მილიონია უზრუნველყოფილი, დანარჩენი მილიონი სოფელს მიეჯაჭვა და თვითგადარჩენის მიზნით მიწაზე მუშაობს. ხელისუფლება მათ თვითდასაქმებულებს უწოდებს და უმუშევრობის დონედ 14%-ს აცხადებს. რეალური უმუშევრობა საქართველოში 50%-ზე მეტია. სახელმწიფო ვერ უქმნის გლეხებს ისეთ პირობებს, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა რენტაბელური იყოს. გლეხობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და პერსპექტივაც არ ჩანს.

უმთავრესი პრობლემები ქართველი გლეხისთვის არის სიდუხჭირე და მატერიალური რესურსების უქონლობა, კრედიტების მიუწვდომლობა, კლიმატური პირობებისგან და
სტიქიისგან დაუცველობა, ირიგაციის უქონლობა, მექანიზაციის ნაკლებობა, საწვავის (დიზელის) სიძვირე, სასუქების სიძვირე, შიდა ბაზარზე დემპინგური და სუბსიდირებული იმპორტული საქონლისგან დაუცველობა, რეალიზაციის გარე ბაზრებზე წვდომა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ტექნოლოგიების და თანამედროვე გამოცდილების უქონლობა, მიწების სიმწირე, მიწების რეგისტრაციის პრობლემები, გადაძოვილი საძოვრები, აგრონომების და ვეტექიმების დეფიციტი, აგრო დაზღვევის დეფიციტი, ზოგადად
სახელმწიფო პოლიტიკის უქონლობა აგროსფეროში. ყველაზე მთავარ პრობლემას მაინც წარმოადგენს პროდუქტის რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო, გლეხი კარგავს სტიმულს და დაბალია შრომის ნაყოფიერება, შედეგად 1 ჰა-ზე მოყვანილი მოსავალიც. მოსახლეობის 50%, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს ქმნის. მთავრობა ეწევა აგროსფეროს სუბსიდირებას მიწის დამუშავების თუ ვაუჩერების დარიგების გზით. ეს გზა არ არის გამოსავალი და სახელმწიფო თანხების არაეფექტური გამოყენებაა.

გარდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი კომპლექსური ღონისძიებებისა, რომელიც ჩვენს სხვა კვლევაშია მოცემული, პრიორიტეტულად მიგვაჩნია ახალი პროექტის "ქართული სახლის" ინიცირება მთავრობის მხრიდან.

"ქართლი სახლის" იდეა გულისხმობს ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კორპორაციის ჩამოყალიბებას, რომელიც იყიდის სოფლის მეურნეობაში მოყვანილ მთლიან მოსავალს წინასწარ(თებერვალი-მარტი) გამოცხადებული სამართლიანი ფასებით. შესყიდვის ფორმა შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მათ შორის კონსიგნაციაც. "ქართული სახლის" მიზანია მოახერხოს ქართული აგროპროდუქტის რეალიზაცია, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შესაქმნელია მძლავრი ინფრასტრუქტურა ქვეყნის შიგნით: მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, შესაფუთი მასალების და ტარის წარმოება, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები ტრადიციული ბაზრების ტერიტორიაზე(უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი...), სატრანსპორტო საშუალებები და ლოგისტიკური კონცეფციები. პროექტის მეორე ეტაპზე შესაძლებელია კვების მრეწველობის წარმოებების მოწყობა, რომელიც გათვლილი იქნება ადგილობრივ ნედლეულზე.

"ქართული სახლი" გამართული მართვის პირობებში შეძლებს ქართული პროდუქციის რეალიზებას და მის რეკლამირებას, პირველ რიგში, ტრადიციულ ბაზრებზე, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე. "ქართული სახლის" პროდუქციის ლობირება საზღვარგარეთ უნდა მოხდეს სამთავრობო დონეზე.

ქართველ გლეხს არ აქვს საშუალება თავად გაიტანოს პროდუქტი. მიღებული მოსავლის რეალიზება საკუთარ ბაზარზეც კი ჭირს, სადაც ადგილობრივი მწარმოებელი დაუცველი მძლავრად სუბსიდირებული იმპროტული პროდუქტის წინაშე. აღსანიშნავია, რომ სუბსიდირებულ იმპორტულ საქონელზე საკომპენსაციო მოსაკრებელი საერთოდ არ არსებობს. ასევე ქვეყანას არ აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ბევრი იმპორტული სასაქონლო პოზიცია იყენებს დემპინგს ადგილობირივი პროდუქციის ბაზრიდან განსადევნად.

"ქართული სახლის" პროექტის განხორციელება მოიტანს შემდეგ შედეგებს:

1. ფერმერს პროდუქცია გაუყიდველი არ დარჩება
2. ყველა მიიღებს სამართლიან ფასს
3. მიღებულ შემოსავალს ფერმერები დახარჯავენ ქართულ ეკონომიკაში, რაც გაზრდის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს
4. "ქართული სახლი" შექმნის აგროპორდუქტის პოზიტიურ იმიჯს საზღვარგარეთ
5. "ქართული სახლი" მიიღებს ვალუტას, რომელსაც შემოიტანს ქვეყანაში და მიიღებს მონაწილეობას ლარის სტაბილურობაში
6. სწორი მენეჯმენტის პირობებში "ქართული სახლი" მომგებიანი კომპანია გახდება
7. ფასების წინასწარ(თებერვალ-მარტი) გამოცხადების შემთხვევაში ფერმერს შეეძლება დაგეგმოს თუ რისი მოყვანა ურჩევნია
8. რეალიზაციის ბაზრებიდან მოთხოვნების საფუძველზე "ქართული სახლი" ფერმერებს რეკომენდაციებს/შეკვეთებს მისცემს კონკრეტული პროდუქტის თაობაზე
9. ცენტრალიზებული შესყიდვების, მიღების, შეფუთვის, ტრანსპორტირების პირობებში პროდუქტის თვითღირებულება ნაკლები იქნება
10. რეალიზაციის ბაზრებზე არსებულ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა უფრო გამარტივდება
11. სამაცივრე მეურნეობები იძლევა საშუალებას არასეზონური ზე მოგებების მიღებისა
12. ფერმერის მიერ მოსავლის გარანტირებული რეალიზაცია სამართლიანი ფასით მისცემს საშუალებას ბანკებს კრედიტები გასცენ ფერმერულ მეურნეობებზე
13. სტაბილური და გარანტირებული რეალიზაციის შემთხვევაში ფერმერები შრომის ნაყოფიერებას და 1 ჰა-დან მიღებულ მოსავალს აუცილებლად გაზრდიან
14. "ქართული სახლის" მიერ რეკლამირებული ქართული პროდუქტის ექსპორტი ბიზნესმენებისთვისაც უფრო საინტერესო გახდება
15. პროექტი "ქართული სახლი" საშუალებას იძლევა მისი რეალიზაციის მეორე ფაზაში საქართველოში განვითარდეს კვების მრეწველობა და შექმნილი პროდუქტის იგივე გზებით რეალიზაცია მოხდეს რეგიონის ბაზრებზე

"ქართული სახლი" უნდა იქნეს განხილული არა მხოლოდ როგორც ბიზნესპროექტი, არამედ როგორც სოციალური პროგრამა. მისი წარმატებული განხორციელება შეაჩერებს სამუშაო ძალის მიგრაციას ქვეყნიდან, გააჩენს სოფლის მაცხოვრებელთა განვითარების რეალურ საფუძველს, დააჩქარებს ეკონოკის წინსვლას.

მაგლითისთვის განვიხილოთ ციტრუსი: საქართველოში ციტრუსის საშუალო მოსავალი შეადგენს 80,000 ტონას. მხოლოდ უკრაინა წელიწადში მოიხმარს 330,000 ტონას. 1 კგ. მანდარინის ფასი უკრაინაში არის 2.3 ლარი, ხოლო საქართველოში შესყიდვის სამართლიანი ფასი იქნებოდა მინიმუმ 0.7ლარი. ფერმერებს 1კგ. მანდარინის მოვლა 0.4 ლარი უჯდებათ. მანდარინის მიღების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დასაწყობების, დისტრიბუციის და გადასახადების ხარჯების გათვალიწინებით 1კგ.მანდარინის საბითუმო ფასი უკრაინაში იქნება 1,5ლარი. სხვაობა 0.8 თეთრია, რომელიც უნდა განაწილდეს "ქართლ სახლს" და უკრაინულ სავაჭრო ქსელს შორის. ამ გათვლებიდან გამომდინარე, "ქართული სახლი" მიიღებს 25%-იან მოგებას ციტრუსის შემთხვევაში. ციტრუსის მოსავლის ნახევრის ანუ 40,000 ტონის ექსპორტის შემთხვევაში "ქართული სახლი" მიიღებს 76 მილიონ ლარს, საიდანაც 26 მილიონს მიიღებენ ფერმერები, დაახლოებით 20 მილიონი დაიხარჯება საქართველოში მხარდამჭერ ფაზებზე(მიღება, დამზადება-დამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირება, საწყობი, მაცივარი) და "ქართული სახლის" მოგება იქნება 16 მილიონი.

პროექტი "ქართული სახლის" დასაწყებად საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ერთჯერადად 600 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო საოპერაციო ხარჯებისთვის 300 მილიონი ლარი ყოველწლიურად.

აღნიშნული თანხის მობილიზება შესაძლებელია ხელისუფლების ადმინისტრირების ხარჯების თუნდაც 20%-ით შემცირების ხარჯზე.



ირაკლი გოგავა
საქართველოს განვითარების ლაბორატორია

მკითხველის კომენტარი (40)
mamia gurieli
02 სექტემბერი 2015 01:14
ათიანშია გარტყმული! ეს პროგრამა გვინდა! გლეხ ხალხს გვეშველება, ახლა დავათრევთ ამ მანდარინას და ვიყინებით ვაგზალთან თბილისში. მირჩევნია ნაკლები მომცენ და ერთიანად ჩეიბაროს ვინმემ. სახელმწიფომ იშოვოს მოგება!

არ მაქ ძამია გაყიდვის იმედი, თვარა 25 ტონა უნდა მომდიოდეს კარგად რომ მოუარო და მომდის მოუვლელზე 5 ტონა და იმასაც წვალებით ვყიდი. არი წლები, რომ საერთოდ არ მომიკრეფია, შეახმა ხეს მანდარინა.

ZS
31 აგვისტო 2015 14:19
600 მილიონი ლარი ჩადო (პლიუს 300 მილიონი ყოველწლიური ხარჯი) და წელიწადში მარტო 16 მილიონი მოგება მიიღო, ეგ რამდენ წელიწადში უნდა ამიოღოს ინვესტორმა თავისი 900 მილიონი? 50 წელში? რაღას გაუგებარია...
ილია
31 აგვისტო 2015 00:47
რომელ პროდუქციის სიჭარბეზე საუბრობთ? ციტრუსებით არ განისაზღვრება სოფლის მეურნეობა, მოიარეთ სოფლები და ნახავთ რომ პროდუქციის სიმცირეა და არა სიჭარბე. ქვეყნის გაძლიერება თუ გინდა მეურნეობების შექმნაა, დანარჩენი რასაც თქვენ საუბრობთ თანმდევი პროცესია, მილიარდ ფულს რომ ითხოვ საიდან? იქნებ დაიტერესებულიყავი? ერთი მილიარდი 100 სოფელზე რომ გაანაწილო 10 მილიონია, ასეთი მიდგომით ყოველი ერთი წლის შემდეგ 100 ძლიერი სოფლის უკან იდგები, სულ 3-4 წელია საჭირო სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად, ის დანარჩენი რაც თქვენ ნააზრევი გაქვთ ბუნებრივად გავიმეორებ თანმდევი პროცესია, გაჩნდება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სპეციალისტებზე, თანამედროვე ახალი ტექნოლოგიები ,შიდა და გარე ბაზარი, ეს ჯაჭვური რეაქცია გაგძელდება , ყოველივე ეს სიკეთეს მოუტანს გლეხსაც ,მუშასაც და ქვეყანასაც. მაგრამ ამის ნება უნდა იყოს! თქვენს წერილში ჩანს მონოპოლიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას სახელმწიფო ხარჯზე, ამაში ვერ დაგეთანხმები!
მერაბი გურჯაანი
28 აგვისტო 2015 12:19
ვერ ვყიდით მოსავალს - ეგაა მთავრი პრობლემა! ვინც მოდის კაპიკებში უნდათ. არ გვიშვებენ არსად. რუსეთში ვიზა უნდა, რომ მოვიკითხე 2000 დოლარი ღირს. აზერბაიჯანში ერთი ზილის შეშვებაში 3000 დოლარს ითხოვენ ქრთამს საზღვარზე. სომხეთს თავისი აქვს. სად უნდა წავიღოთ ჩვენ, ვერსად მიგვაქვს. აქაურ ბაზარში კიდე სულ თურქული, ჩინური და ირანული იყიდება კაპიკებში. არ არის საშუელი. ეს პროექტი იხსნიდა გლეხობას, რომ ვინმემ გააკეთოს.
რომა
28 აგვისტო 2015 08:47
ეტყობა სოფელში საერთთოდ არ არის ნამყოფი, რომ ჩავიდეს იქით დაარიგებენ ჭკუას.დღეს რომ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელშეწყობაა სოფლის ისტორიას არ ახსოვს ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი ჩვენთან რომ სოფლის მეურნეობა მომგებიანია ყველაზე დიდი ხელშეწყობა აქვს ამაში დავრწმუნდი მეუხერხულება ჩამოთვლა.შეღავათიანი აგროსეხი,რომლითაც ყველა გლეხი სარგებლობს,სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსათვის ხეკშეწყობა,აგროდაზღვევა.გადამამუსავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, დანერგე მომავალი სახელმწიფოს ხარჯებით 20 ჰექტრამდე მრავალწლიანი კულტურების გაშენება გასარწყავება და ბევრი რამ კიდევ
xato
27 აგვისტო 2015 22:16
როდის უნდა იზრუნოს მტავრობამ გაუცემელი მიწების პრივატიზაციაზე, ეს ხომ ბიუჯეტს საკმაოდ წაადგება....

ზზ
27 აგვისტო 2015 21:51
კაცო, რა უბედურებაა კიდევ ერთი მონოპოლიური სტრუქტურის შექმნა, მონოპოლია არ ცნობს სამართლიან ფასს, კონკურენცია და საკუთარი პროდუქციის წახალისებაა საჭირო, სახელმწიფო მხარდაჭერა.... ეს დიდი დასახელმწიფო ნების საკითხია, ვისაც სურს ავუხსნი, მაგრამ.... ვინც თბილად ზის ეს რაში ანაღვლებთ.... ყველას ერთ დღეში გინდათ ფულის და არა საქმის კეთება, არადა საქმე წარმოშობს კაპიტალს... სოფლის მიხედვა თუ ვინმეს უნდა, 3-5 წელია საჭირო ქართულ ნატურალურ პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნა გავაჩინოთ, ეს სავსებით რეალურია... ნატურალურ პროდუქცია ოქროზე მეტი ეღირება, საქართველო ამ მოთხოვნის იოტისოდენა მიწოდებასაც ვერ აუვა, სამაგიეროდ ყველაფერი გასაღდება საკმაოდ მაღალ ფასად, ეს იქნება სამართლიანი ფასი!!!
საქართველო
27 აგვისტო 2015 19:10
მომწონს ინიციატივიანი და არასტანდარტულად მოაზროვნე ხალხი! ბენდუქიძე ნაძირალა იყო, მაგრამ მაინც მომწონდა არასტანდარტულობის გამო.

ეს ირაკლი გოგავაც არასტანდარტულად აზროვნებს და მომწონს.



სანდრო
27 აგვისტო 2015 19:06
ეს მართლა თუ გაკეთდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, გლეხი ამოისუნთქებს. და პა ხოდუ მომგებიანი იქნება ეს "ქართული სახლი".

იასნია, რომ სარეკლამო კამპანია რომ წავა რუსეთში ქართული პროდუქტის, ამით ბიზნესმენებიც იხეირებენ, ვინც აქედან ეზიდება.

უნდა გაკეთდეს!

ეხლა, რომ ვფიქრობ ამ თემაზე, იდეალური მოდელია ამ სიტუაციაში. თანაც ბევრი ფული არ უნდა, გლეხი პოსლეზე გაგატანს თანაც სიამოვნებით, გაყიდე და მიეცი რაც ეკუთვნის.

Gurami
27 აგვისტო 2015 18:54
კარგი ხედვაა! დღეს გლეხის ყველაზე დიდი პრობლემა როდუქტის გაყიდვაა. რუსეთში ვერ მიაქვს, ვიზა უნდა, დიდი ფული უნდა და იქაც ან საბითუმოს უნდა ჩააბაროს ან ბაზარზე უნდა იდგეს და იქ დგომასაც ფული უნდა. დღეს სომხები, ოსები და აზერები ჩამოდიან, ყიდულობენ ქართულ ხილს და ბოსტენულს და მათ გააქვთ რუსეთში ანუ ისინი შოულობენ ფულს. ნამდვილად ჯობია ორგანიზებულად მთელი მოსავლის გატანა ექსპორტზე, ხალხიც დასაქმდება - ამას ხომ დიდი ინფრასტურქტურაც ექნება(საწობი, მაცივარი, მიმღები პუნქტი) და ვალუტაც შემოვა. ვისაც უნდა არ ჩააბარებს სახელმწიფოს და ბიზნესმენს მიჰყიდის ან კიდევ თვითონ წაიღებს.

ეს ნამდვილად არის გამოსავალი დღევანდელი სოფლისთვის!

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები