რა ხდება სირიაში? გაკვეთილი საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

რა ხდება სირიაში? გაკვეთილი საქართველოსთვის

ბლოგის ავტორი: ირაკლი გოგავა, საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგი. იყო პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის" თავმჯდომარე, აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი ერაყში, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი, მუშაობდა ამერიკული პოლიტიკური კონსალტინგის კომპანიებში "Penn, Shoen, Berland", "Burson Marsteller". ხელმძღვანელობდა ამერიკული Committee for Open Democracy-ს უკრაინულ პროგრამას, ექსპერტის რანგში კონსულტაციებს უწევდა საერთაშორისო საკომუნიკაციო კორპორაციებს: Teneo Strategies, PBN, Hill+Knowlton Strategies, Impact Management Group. 2018 წელს იყო ამერიკული საკომუნიკაციო კომპანია "Wooden Horse Strategies" დირექტორი და კონსულტაციებს უწევდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს და ჯანდაცვის მინისტრ ულიანა სუპრუნს. დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, "ჯონ სმიტის სასწავლო პროგრამა" დიდ ბრიტანეთში, ნატო-ს მარშალის ცენტრის კრიზისების მენეჯმენტის კურსი, გაიარა სტაჟირებები საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ირლანდიის და შვედეთის პარლამენტებში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

სირიაში კონფლიქტის რეალური მიზეზი

ყატარი მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდეს მარაგებს ფლობს. ყატარის ემირი ტამიმ ალ ტანი საკმაოდ ამბიციური კაცია და არაბული სამყაროს ლიდერობას ჩემობდა. ემირის ოჯახი ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" აკონტროლებს და რეგიონის პოლიტიკაში აქტიურად ერეოდა. ყატარში 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოზე ექვსჯერ პატარა ტერიტორია აქვს, მისი ეკონომიკა კი $170 მილიარდია. 2000 წლიდან ყატარი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპისკენ ბუნებრივი აირის მილსადენი აეშენებინა. მილსადენს საუდის არაბეთის, იორდანიის, სირიის და თურქეთის ტერიტორიები უნდა გაევლო. ალტერნატიული მარშრუტი კი თურქეთმა დაბლოკა, რადგან ასეთ შემთხვევაში შიიტური ერაყი და ქურთული პროვინციები უნდა გაევლო.

ყატარის მილსადენი

ყატარ-სირიის მილსადენი დაასრულებდა რუსეთის "გაზპრომის" ჰეგემონიას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე. საბოლოოდ, 2009 წელს სირიამ, რუსეთის და ირანის პოზიციების გათვალისწინებით, უარი თქვა ყატარულ პროექტზე და 2012 წელს მისლადენის ირანულ ვარიანტს დათანხმდა, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც მიიღებდა. ევროპა, აშშ და სუნიტური სახელმწიფოები ყატარულ პროექტს მხარს უჭერდნენ. პროექტის ჩაგდების გამო, 2011 წელს პროექტის მხარდამჭერებმა დაიწყეს სირიის ლიდერის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებისგან ჩამოცილების ოპერაცია: დააფინანსეს და შეიარაღეს სირიული ოპოზიცია და დაიწყო სამოქალაქო ომი. სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ ვერ მიაღწია წარმატებას და ყატარმა 2013 წლიდან ახალი პროექტი "ისლამური სახელმწიფო" დააფინანსა, რომლის მიზანი სირიასა და ერაყში შიიტური რეჟიმების დამხობა იყო. ასადს გაუჭირდა და 2015 წელს დახმარებას რუსეთს სთხოვს. რუსეთის უშუალო ჩარევა ძალთა ბალანსს ბაშარ ასადის სასარგებლოდ ცვლის. 2017 წლიდან სუნიტური სახლემწიფოები (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იორდანია, ეგვიპტე, ლიბია, იემენი...) ყატარს დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებენ და სანქციებსაც კი უწესებენ. მიზეზი კი ყატარის ავანტიურისტული პროექტების ჩავარდნა იყო, რომელშიც ამ ქვეყნებსაც მოუწიათ გარევა და ურთიერთობების გაფუჭება სხვადასხვა ქვეყნებთან.  ტამიმ ალ ტანი, ყატარის ემირი ყატარი დასაჯეს და 2018 წელს კი რუსეთმა სირიული ავანტიურისთვის ყატარს "ჯარიმა" გადაახდევინა 10,5 მილიარდი ევროს ოდენობით. "ჯარიმის" გადახდა ლეგალურად ისე გააფორმეს, თითქოს ყატარმა "როსნეფტის" აქციები იყიდა.

რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და ერდოღანი?

მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადგილი აქვს მასშტაბურ შეთანხმებას აშშ-ს, თურქეთს და რუსეთს შორის სირიის საკითხზე. შეთანხმების შედეგად სირია ინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას; ხელისუფლებაში ასადი, ხოლო თავად სირია რუსეთის ინტერესების სფეროში რჩება. აშშ-ს გაჰყავს ჯარი და ასპარეზს რუსეთსა და თურქეთს უტოვებს.

რა ბედი ელის ქურთებს?

ქურთები სირიაში თურქეთის საზღვრის გასწვრივ ცხოვრობენ. თურქეთის "ქურთ მუშათა პარტია" აბდულა ოჯალანის ლიდერობით წლების განმავლობაში სწორედ სირიის ტერიტორიებს იყენებდა თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1980 წელს სირიის პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა (დღევანდელი პრეზიდენტის მამამ) თავშესაფარი მისცა ოჯალანს, რომელმაც ქურთული სამხედრო ბანაკები მოაწყო სირიაში და სამხედრო აქციებს სწორედ იქიდან ატარებდა. 1998 წელს ჰაფეზ ასადმა ოჯალანს სირიის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ კი თურქეთის სპეცსამსახურებმა ის კენიიდან მოიტაცეს, გაასამართლეს და კუნძულზე სამუდამოდ დაატუსაღეს.

აბდულა ოჯალანი, "ქურთ მუშათა პარტიის" ლიდერი

მიუხედავად ოჯალანის დატყვევებისა, ქურთები მაინც შეუპოვრად იბრძვიან და მათ თურქეთში 40,000 -მდე მეომარი ჰყავთ, რომელთა დიდი ნაწილი პერიოდულად სირიის საზღვრისპირა რეგიონებს აფარებს თავს. თურქეთი სირიის ქურთულ მოსახლეობას საფრთხედ აღიგქვამს და ამიტომ თურქეთ-სირიის საზღვრის გასვრივ 30 კილომეტრიანი ზოლის ქურთებისგან გაწმენდა გადაწყვიტა. სანაცვლოდ კი სირიიდან ადრე მიღებულ სირიელი 3.6 მილიონი არაბი ლტოლვილების ჩასახლება სურს.

ერდოღანი სირიის რუქით

ქურთები 2011 წლიდან ანუ სამოქალაქო ომის დაწყებიდან არ ემორჩილებოდნენ დამასკოს, აშშ-სთან მეგობრობდნენ და მედგრად ებრძოდნენ "ისლამურ სახელმწიფოს". სირიელი ქურთები როგორც მინიმუმ ფართო ავტონომიის ან სირიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავდნენ. დღეს კი დიდმა სახელმწიფოებმა (აშშ, რუსეთი, თურქეთი) ისეთი სცენარი გაითამაშეს, რომ ქურთები იძულებულნი გახადეს დამასკოსთვის მფარველობა და სირიის არმიის შეყვანა ეთხოვათ.

პუტინი-ერდოღანის ურთიერთობები

ერდოღანი თვლის, რომ 2016 წელს მისი ჩამოგდების და ლიკვიდაციის მცდელობის უკან აშშ და პენსილვანიაში მყოფი თურქი მოღვაწე, ყოფილი იმამი ფეთჰულა გიულენი და მისი ორგანიზაცია "ჰიზმეთი" იდგნენ.

ფეთჰულა გიულენი

ეს მოვლენა ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა და ერდოღან-პუტინის მოკავშირეობა წაახალისა. არის მოსაზრება, რომ სამხედრო გადატრიალებისას ერდოღანის მოსაკლავად წასული სამხედროთა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მან პუტინისგან მიიღო, რისი წყალობითაც თავდამსხმელებს მხოლოდ 40 წუთით გაასწრო მარმარისის სასტუმროდან, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. მანამდე პუტინს და ერდოღანს დაძაბული ჰქონდათ ურთიერთობა სირიის გამო. პუტინმა რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიასი ჩამოგდების და რუსი მფრინავის ველური მკვლელობის გამო სერიოზული სანქციები დაუწესა თურქებს: შეწყდა ტურისტული ნაკადი, ემბარგო დაწესდა თურქულ საქონელზე. დღეს კი ორი ლიდერი ნაყოფიერად თანამშრომლობს, ეკონომიკური ურთიერთობები კი აღდგა. თურქეთმა აშშ-ს პროტესტის და ნატო-ს წევრობის მიუხედავად, რუსეთისგან ანტისაჰაერო სისტემები S-400 იყიდა და "ინჯერლიკის" თურქულ-ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკებს 50-მდე ბირთვული ბომბი აქვთ, სრული წმენდა ჩაატარა. სწორედ ეს ბაზა მონაწილეობდა აქტიურად მის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში და ამ ბაზის თვითფრინავმა ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი სირიაში. თავდაპირველად ყატარულ პროექტში თურქეთის მონაწილეობის სანაცვლოდ თურქეთი "როსატომს 20$ მილიარდს უხდის "აკოის" ატომური სადგური ასაშენებლად.

ტრამპი და რუსეთი

ტრამპმა რადიკალურად შეცვალა ობამას დროინდელი პოლიტიკა და თვლის, რომ სირიაში ამერიკელებს არაფერი ესაქმებათ. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ აღიარებს სირიას რუსეთის გავლენის სფეროდ და ყატარული მილსადენი სცენარს ჩავარდნილად მიიჩნევს. ევროპელებს კი არწმუნებს, რომ ამერიკაში წარმოებული თხევადი აირი იყიდოს, რაც პოლონეთის შემთხვევაში წარმატებით გამოსდის. ტრამპმა რადიკალურად შეცვალა აშშ-ს საერთაშორისო მიდგომები. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი აშშ-სთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ ვნახავთ, რუსეთის ეკონომიკას და მის დღევანდელ პოზიციებს მსოფლიოში ეს მოსაზრება არ არის საფუძველს მოკლებული. რუსეთის ძირითადი ინტერესები საკუთარი საზღვრების გასწვრივ არამტრული გარემოს შექმნით შემოიფარგლება და პროგრამა მინიმუმს ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების არდაშვება წარმოადგენს, პროგრამა მაქსიმუმს კი საზღვრების გასწვრივ ბუფერული სახელმწიფოების კონტროლით. ამას რუსეთი "წითელი ხაზების დოქტრინას" უწოდებს. რუსეთს აქვს ინტერესები სირიაში, ჩრდ.კორეაში, ვენესუელასა და კუბაზე. ეს ყველაფერი კი მცირედია ამერიკის მასშტაბებთან შედარებით, რომელსაც მსოფლიოს რამოდენიმე ათეულ ქვეყნაში 600-ზე მეტი სამხედრო ბაზა გააჩნია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-ს ეკონომიკა 21$ ტრილიონია, ხოლო რუსეთის 1,6$ ტრილიონი. იმ პირობებში, როცა მსოფლიოში "ბირთვული შეკავების დოქტრინა" მოქმედებს და მხარეები ერთმანეთთან უშუალო სამხედრო დაპირისპირებას ერიდებიან, რუსეთიდან მომავალი ბირთვული საფრთხე აშშ-სთის მხოლოდ თეორიულია. ტრამპს ამგვარ პოლიტიკას ამერიკელი დემოკრატების დიდი ნაწილი, გლობალისტურ-ლიბერალური წრეები და ამერიკელი ნეოკონსერვატორები (მაკკეინის ჯგუფი) უწუნებენ. ისინი მკვეთრ ანტირუსულ პოზიციებზე დგანან, რაც პოპულარული იდეაა აშშ-ში, რადგან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე დაბადებული ამერიკელების უმრავლესობას ორგანული შიში აქვს რუსეთის, რადგან ცივი ომის დროს ამერიკული სახელმწიფო პროპაგანდა მთელი ძალით მუშაობდა რუსების, კომუნიზმის და სოციალიზმის წინააღმდეგ. ცივი ომის დროინდელი პროპაგანდის ეფექტი დღესაც მოქმედებს, რადგან ადამიანების ქვეცნობიერში არის ჩამჯდარი. პოლიტიკოსები კი ამას იყენებენ თავის სასარგებლოდ და ოპონენტის დასაკნინებლად.

ტრამპი და ჩინეთი

ტრამპს მთვარ მიზნად ჩინეთის დასუსტება აქვს დასახული და ეკონომიკური მექანიზმები უკვე ჩართო. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: 1) პენტაგონის კვლევით, არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთის ჩინეთის ეკონომიკა და სამხედრო ხარჯები გაუსწრებს ამერიკისას; 2) ჩინეთმა დაარღვია ამერიკის წინაშე 1978 წელს აღებული ვალდებულება და 2016 წელს შეწყვიტა შობადობის შემცირების სახელმწიფო პროგრამა "ერთი ოჯახი - ერთი შვილი". აღნიშნული ვალდებულება ჩინეთმა აიღო ამერიკის ეკონომიკურ რეფორმებში დახმარების სანაცვლოდ, რაც ითვალისწინებდა ჩინეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემას, ინვესტიციების ჩადებას, ინდუსტრიალიზაციას და მსოფლიო ბაზრის გახსნას ჩინური პროდუქციისთვის.

დასავლეთი მსოფლიოში შობადობის კონტროლს პრიორიტეტად მიიჩნევს, რადგან მიაჩნია, რომ პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდა დესტაბილიზაციას, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას, ომებს და უკონტროლო კონფლიქტებს გამოიწვევს. 1800 წელს მსოფლიო მოსახლეობა 1 მილიარდი იყო, დღეს კი 7,7 მილიარდია და ყოველწლიურად 75 მილიონით იმატებს. ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდით ტრამპმა ჩინეთის ეკონომიკის ნელ-ნელა "მოგუდვა" დაიწყო, რადგან უფრო სრაფი შეტევა ჩინურ ეკონომიკაზე მსოფლიო ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა.

ზეწოლა ჩინეთზე კიდევ უფრო გაძლიერდება და წლები გაგრძელდება. შედეგი უკვე სახეზეა: ჩინურმა ეკონომიკამ ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ზრდა აჩვენა; ყოველდღიურად 1,5$ მილიარდი დოლარი ტოვებს ჩინეთს; ჰონგ კონგში კი არეულობაა. ჩინეთს მოუწევს უარის თქმა ან შეკვეცა ისეთი ამბიციური პროექტების, როგორიცაა "ერთი სარტყელი-ერთი გზა, გაუჭირდება აფრიკის ქვეყნების ბუნებრივი რესურესებზე კონტროლის დამყარება, რასაც ბოლო ათწელულებია აკეთებს და აფრიკაში იმდენად გაძლიერდა, რომ ზიმბაბვეში სახელმწიფო გადატრიალებაც კი მისი მხარდაჭერით მოხდა. ჩინეთთან კონფრონტაციისას აშშ-ს სჭირდება არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის მხარდაჭერაც, როგორც მინიმუმ ნეიტრალიტეტი. აშშ-ს სურს რუსეთი ამ საქმეში პარტნიორად იხილოს. ეს კი შანსია რუსეთისთვის კარგი პირობები მიიღოს. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სწორედ ამ პაზლის ნაწილია და ერთგავრი "სტიმულია" რუსეთისთის, რომ დაიჭიროს "სწორი პოზიცია". სირიაში აშშ-ს დათმობა სწორედ ჩინურ პრიზმაში უნდა დავინახოთ. თავის დროზე, როცა შედგა აშშ - სტალინის ალიანსი ბრიატნეთის იმპერიის წინააღმდეგ (XX საუკუნის 20-იან წლებში აშშ და ბრიტანეთის იმპერია ერთმანეთს მსოფლიო ჰეგემონობისთვის ეპაექრებოდნენ) და 1933 წლიდან ჰიტლერის წინააღმდეგ, სტალინმა ამერიკისგან საკმაოდ კარგი პირობები მიიღო: 1920 წელს მოიხსნა ამერიკული ემბარგო, აშშ-მ გადასცა სტალინს სამრეწველო ტექნოლოგიები, ათასობით ამერიკელი ინჟინერი აპროექტებდა და აშენებდა ასეულობით გიგანტურ ქარხანას საბჭოთა კავშირში, ინდუსტრიალიზაციის დაფინანსებაც ძირითადად ამერიკიდან მიდიოდა. აშშ-სტალინის ერთობლივი ქმედების შედეგად დაიშალა ბრიტანეთის იმპერია, იაპონიის იმპერია, მესამე რაიხი. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები კი აშშ და სსრკ გახდნენ. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დიდ, პლანეტარული მასშტაბის მოვლენაში ამერიკელები და რუსები მოკავშირეები იყვნენ. ისტრიას კი უყვარს გამეორება. მთავარი კითხვა შემდეგშია: ჩაერთვება თუ არა რუსეთი ანტიჩინურ კამპანიაში და რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სირიის კამპანიის შედეგები

რუსეთმა ჩაშალა ყატარი-ევროპის გაზსადენის პროექტი, გააძლიერა სამხედრო ბაზა სირიაში, გახდა თურქეთის სტრატეგიული მოკავშირე. სამხედრო ოპერაციებზე გაწეული ხარჯები ყატარს და თურქეთს აანაზღაურებინა. აშშ აშკარა დათმობაზე წავიდა რუსეთთან და თურქეთთან, რომელიც სირიაში საზღვრისპირა 30 კილომეტრიან ზოლს ქურთებისგან ასუფთავებს. ბაშარ ასადმა შეინარჩუნა ხელისუფლება და ტერიტორიული მთლიანობაც. აშშ აცხადებს, რომ დაამარცხა "ისლამური სახელმწიფო" და გამარჯვებულია. წაგებული მხოლოდ ქურთები დარჩნენ, რომლებმაც ჯერჯერობით ვერ დაარწმუნეს მსოფლიო, რომ იმსახურებენ სახელმწიფოს. ეს კი მათი დაქსაქსულობის ბრალია: საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულად ცხოვრებამ შექმნა ის რეალობა, რომ ქურთებს 4 ენა და 4 დამწერლობა აქვთ. კონსოლიდაცია ერთიანი სახელმწიფოსთვის კი ჭირს. 1920 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სევრის ზავი გულისხმობდა დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნას დაშლილი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, თუმცა 1923 წელს ლოზანის კონფერენციამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება. 1946 წელს სტალინმა შექმნა მეჰაბადის ქურთული რესპუბლიკა ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ირანმა ის მოგვიანებით გააუქმა, ლიდერები კი ჩამოახრჩო. თურქეთ-სირიის საზღვარის მიმდებარე ტეიტორიიდან ქურთების გადასახლება ძველი პროექტია: 1973 წელს სირიამ თურქეთთან შეთანხმებით დაიწყო არაბების ჩასახლება საზღვრისპირა ქურთულ რეგიონებში. მაშინ 12 კილომეტრიანი ზოლი "გაიწმინდა" ქურთებისგან და 140 000 ქურთი გადასახლებული იქნა. თუმცა წლების განმავლობაში დემოგრაფია კვლავ შეიცვალა. დღეს კი უკვე 160,000 ქურთი აიძულეს დაეტოვებინათ სახლ-კარი იარაღის მუქარით. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის შედეგად ქურთებს 120 საათიანი ვადა მიეცათ საზღვრისპირა ტერიტორიების დასატოვებლად. ერდოღანმა წარმატებული სამხედრო ოპერაციით თურქეთში პოპულარობა აიმაღლა და 3,6 მილიონი სირიელი არაბი ლტოლვილის ქურთების მიწებზე ჩასახლებას გეგმავს. პუტინმა კი რუსეთში აიმაღლა რეპუტაცია და რუსული მედია მას ახლო აღმოსავლეთის "ახალ პატრონს" უწოდებს.

 ქურთებით დასახლებული ტერიტორიები

გაკვეთილი საქართველოსთვის სირიის მაგალითი, რუსეთ-თურქეთის და აშშ-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა, ასევე ქურთების გარშემო შექმნილი ვითარება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მუდმივი მოკავშირეები, მუდმივი მტრები და ოპონენტები არ არსებობენ. ქვეყნები პირველ რიგში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. სირიელი ქურთები იბრძოდნენ დამასკოსგან დამოუკიდებლობისთვის, დიდმა ქვეყნებმა კი ისეთი სცენარი გაითამაშეს, რომ მფარველობა სირიის ხელისუფლებას თავად ქურთებს ათხოვნინეს. მსგავსი სცენარი კი თეორიულად საქართველოშიც შეიძლება გაითამაშონ. საფიქრალია ისე არ გამოვიდეს, რომ იმ ძალის დასახმარებლად დაძახება დაგვჭირდეს, ვისგანაც დამოუკიდებლობას ბოლო ათწლეულებია აქტიურად ვიცავთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს