"სამი ღერძის სტრატეგია" - როგორ გადარჩეს ქართული სახელმწიფო?! - კვირის პალიტრა

"სამი ღერძის სტრატეგია" - როგორ გადარჩეს ქართული სახელმწიფო?!

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები პატარა ქვეყნებისთვის საშიშ გარემოს ქმნის. ადრე თუ გვიან, პატარა ქვეყნები რომელიმე დიდი მოთამაშის გავლენის ქვეშ ექცევიან. საქართველოს თაობაზე დიდი მოთამაშეების შეთანხმება არ არის მიღწეული და ეს სერიოზულ საფრთხეებს გვიქმნის. 30 წლის განმავლობაში გამოუცდელობის, ცოდნის დეფიციტის, გარე ძალების ჩარევის და ზოგ შემთხვევაში ღალატის შედეგად შეიარაღებული კონფლიქტები მივიღეთ.

პარალელურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს $260 მილიარდიანი კაპიტალიზაციის მრეწველობის სრული დეგრადაცია, სოფლის მეურნეობის გაჩანაგება, მოსახლეობის და შობადობის განახევრება, სპეციალისტების და განათლებული ადამიანების მასიური გადინება. გვაქვს განათლების სისტემა 434 ლარიანი პედაგოგებით, რომელიც რეალურად განათლებას არ იძლევა და თავს ვიტყუებთ ლამაზი ატესტატებით და დიპლომებით. სამი ათეული წელიწადია ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ყალბი ორიენტირების გზას ადგას და მმართველ ელიტებს არც კი სურთ მითითებულ კურსში კორექტირების შეტანა.

ჩვენს თვალწინ ჩამოაყალიბეს პოლიტიკუმი, რომელიც ჭკვიანურად დაგეგმილი მატერიალური სტიმულების წყალობით, ყალბ ორიენტირებს აღვივებს და ცდილობს ხალხი დააჯეროს აბსურდის ჭეშმარიტებაში.

მეორეს მხრივ, ფრაგმენტირებულია მოაზროვნე საზოგადოება და მსოფლიო ლიბერალური წრეების სამსახურში მყოფი პოლიტიკუმი და მათ კონტროლქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ საღად მოაზროვნე ადამიანები ჩრდილში ამყოფონ და ხალხთან კომუნიკაცია შეუზღუდონ. პრევენციულად მოახდინეს და აგრძელებენ ავტორიტეტული ხალხის უმრავლესობის დისკრედიტაციას სხვადასხვა კლიშეების და იარლიყების მიწებებით - ამის ბოლო მაგალითი ლაშა ტალახაძეა. წამყვან არხებზე გაგიჭირდებათ მოისმინოთ პროფესორების, აკადემიკოსების, მეცნიერების, ინჟინრების, ფიზიკოსების, ქიმიკოსების და სხვათა მოსაზრება, სანაცვლოდ ხშირია ზერელე აზროვნების "აქტივისტების" ირაციონალური გამოსვლები, რომელთა მთავარი იდეა ყალბი ორიენტირების პროპაგანდაა და ამაში ისინი ჯამაგირს იღებენ. ასეთი პოლიტიკუმის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ ფულია და ლტოლვა ძალაუფლებისკენ, ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ფულის წარმოამვლობას.

ისტორიას თავისი კანონზომიერებები აქვს და თუ ჩვენ არ შევცვალეთ ჩვენი მიდგომები შესაძლოა ქართულმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტოს, ჩვენი ტერიტორიები კი სხვადასხვა ქვეყანაზე განაწილდეს. ეს გადანაწილება იქნება მოწოდებული, როგორც პასუხისმგებლობის სექტორები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - დაახლოებით ისე, როგორც ეს გერმანიის ოკუპაციის დროს მოხდა. ასეთი სცენარის მსურველები კი ნამდვილად არიან და ჩვენ ეს ვიცით. ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესები სამწუხაროდ აქეთკენ მიდის.

ჩვენ ვეკუთვნით თაობებს, რომელსაც მოუწია დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება, არადა იყვნენ თაობები, რომელთაც საუკუნეების მანძილზე უწევდათ დაპყრობილ საქართველოში ცხოვრება. ამ მხრივ ჩვენ ბედნიერები ვართ, თუმცა ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე.

ის, რომ დიდი მოთამაშეები ჩვენს თაობაზე შთანხმებულნი არ არიან ერთის მხრივ ცუდია, თუმცა მეორეს მხრივ აჩენს შესაძლებლობას, რომ მოხდეს ისეთი შეთანხმება, სადაც ჩვენი ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ყველაზე კარგია თუ ასეთი შეთანხმების პროექტს ჩვენ თვითონ მოვამზადებთ და შევთავაზებთ. პროექტში გასათვალისწინებელია ყველა დიდი თუ რეგიონალური მოთამაშის ინტერესი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი საკუთარი.

2001 წლიდან საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული პირველი ისტორიული რეზოლუცია, რომლის ინიციატორიც პირადად გახლდით. მიუხედავად ჩვენი და ამერიკელი პარტნიორების სურვილისა, ნატო-ს ევროპელი წევრები ბლოკავენ საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ხოლო ევროკავშირში წევრობა კი უფრო შორეულ პერსპექტივად აქციეს, რასაც მოწმობს ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან კლოდ იუნკერის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინა უახლოესი 25 წელი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ამასთან ევროკავშირის ფაქტიური უარი თურქეთს ჩვენს პოტენციურ წევრობას კიდევ უფრო შორეულს ხდის. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ნატო ნამდვილად წარმოადგენს საუკეთესო უსაფრთხოების სისტემას საქართელოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად. იმ პირობებში, როცა წევრობაზე არც "არას" გვეუბნებიან და არც "ჰო"-ს, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვეძებოთ ალტერნატიული გზები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მაქსიმალურად მეტი დაცვის გარანტიების შესაქმენლად. უნდა დავიწყოთ "სამი ღერძის სტრატეგიის" შემუშავება და აქტიური რეალიზება.

1. სატრანსპორტო-ენერგეტიკული ღერძი

გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს საშუალებას საერთაშორისო ვაჭრობა და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მაგისტრალები და კვანძები საქართველოში მოეწყოს. თავის დროზე დავაინტერესეთ ევროპა, შევიმუშავეთ აბრეშუმის გზის, "ტრასეკას" პროექტები, თუმცა 2004 წლის შემდეგ ეს პროექტები რუსეთმა წაიღო და დღეს აბრეშუმის გზა რუსეთზე გადის, სადაც ყოველწლიურად 80 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება. შესრულდა მხოლოდ 90-იან წლებში შეთანხმებული მილსადენების პროექტები, რის გამოც რუსებმა შევარდნაძე ორჯერ ააფეთქეს. მილსადენებიდან ყოველწლიურად 1,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უფასოდ დაგვრჩება, რაც ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 75%-ს შეადგენს და დღევანდელი ფასებით ($168) $285 მილიონის ექვივალენტია. ასევე შესრულდა 90-იან წლების ბოლოს შეთანხმებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც იმედია მალე დაიტვირთება და გათვალისწინებულ 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გადაზიდავს.

ზოგადად, რკინიგზით გადაზიდული 1 ტონა მშრალი ტვირთიდან საქართველო საშუალოდ 10$ იღებს. აღამოსავლეთ-დასავლეთ სატრასნპორტო მაგისტრალს დიდი პოტენციალი აქვს და რეალურია დამატებით 50 მილიონი ტონა ტვირთების მოზიდვა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან. ასევე მნიშვნელოვანია აღდგეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრასპორტო მაგისტრალი, რაც გულისმხობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასაც. ეს დამატებით 20 მილიონ ტონა ტვრითს მოიზიდავს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ნოვოროსიისკის პორტი გადატვირთულია და ვერ აუდის ტვირთების მომსახურებას, ვაგონები კი დღეების განმავლობაში რიგში დგანან.

საერთო ჯამში პირველ ეტაპზე 70 მილიონი ტონა ტვირთი მოიტანს მინიმუმ $0.7 მილიარდ დოლარს და დაასაქმებს რამდენიმე ათეულ ათასს ადმიანს. რეალურია ყაზახური, თურქმენული და უზბეკური ნავთობის, უზბეკური ბამბის და ფერადი ლითონების ტვირთების მოზიდვა შუა აზიიდან, რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-სომხეთის ტვირთბრუნვის საქართველოს რკინიგზაზე გადმოტანა. ასევე რეალურია თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ახალი ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქმენულ გაზს შავი ზღვის ნაპირამდე მოიტანს, აქ მოხდება მისი თხევად მდგომარეობამდე შეკუმშვა სპეციალურ ქარხანაში, რომლის დროსაც ის 600-ჯერ მცირდება მოცულობაში და კორეული წარმოების ტანკერებით მისი გადატანა შავი ზღვის ქვეყნებში: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა. 30 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის ტრანსკასპიური გაზსადენი 3 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს უფასოდ დაგვიტოვებს, რაც დღევანდელი ფასებით $504 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ეს კი გააჩენს დამატებით ენერგეტიკულ სიმძლავრეებს მრეწველობის განვითარების და სათბურის გაზის ტარიფის შემოღებისთვის, რაც მცირემიწიან საქართველოს ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას მისცემს და შეიქმნება ძლიერი საექსპორტო სეგმენტი. კომპრესორი ქარხანა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურა რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს და ქვეყანა დამატებით $100 მილიონ დოლარს მიიღებს აირის თხევადი სახით გარდაქმნისგან. ამ პროექტს აუცილებლად დაუჭერს მხარს ევროკავშირი, რადგან ის უზრუნველყოფს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციას. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში აიგოს ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა, რომელიც ყაზახურ, აზერბაიჯანულ და საუდის არბეთის ნარევ ნავთობზე იმუშავებს კანადური ან ამერიკული ტექნოლოგიური ხაზით. მსგავსი ქარხანა შეძლებს ნავთობპროდუქტებით მოამარაგოს საქართველო და უკრაინა, რომელსაც თანამედროვე ქარხანა არ აქვს და შესაძლოა დათანმხდეს ქართულ პროექტში წილობრივ მონაწილეობაზე ბაზრის გახსნის სანაცვლოდ. ამ ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქცია შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს, დაუყოვნებლივ მოგვცემს მინიმუმ $150 მილიონის ეკონომიას იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ნაცვლად, გააჩენს იაფ დიზელს სოფლის მეურნეობისთვის, საავიაციო ნავთს საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ავიგაგადაზიდვების ჰაბის შესაქმნელად. საქართველო იმყოფება უნიკალურ ადგილას ავაიაგადაზიდვების კუთხით, უზარმაზარი საჰაერო მოძრაობაა ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით. დღეს ჩვენ სპეციალურად გვიბლოკავენ საჰაერო ჰაბის ფუნქციას და შედეგად ვითარდება სტამბოლის, დოჰას და დუბაის აეროპორტები. თბილისის და ბათუმის აეროპორტების გადაცემა მართვაში თურქულ კომპანიაზე კაბალური ხელშეკრულებით პირდაპირ იყო ეროვნული ინტერესების ღალატი. ჩვენ მოვახერხებთ საქართველოს აეროპორტები ვაქციოთ საერთაშორისო მასშტაბის ჰაბებად არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებისთვის, არამედ სატვირთო გადაზიდვებისთვის და რაც მნიშვნელოვანია აქ განვალაგებთ "ბოინგ"-ის, "აირბას"-ის სერვის ცენტრებს, "ამაზონის", "ალიბაბას", DHL, FედEხ-ის ლოგისტიკური ცენტრებს, მაგალითად ვაზიანის აეროპორტზე. დროა ვიფიქროთ საზღვაო სანაოსნოს აღორძინებაზე, რადგან გვაქვს ნაოსნობის კარგი ტრადიციები და შენარჩუნებულია ნაოსნობის სკოლა ბათუმში. საკუთარი თევზჭერის ფლოტილია, ტანკერები, მშრალმზიდი გემები და ბორნები უდაოდ წაადგება ქართულ ეკონომიკას. სატრანსპორტო სფეროს ყველა მიმართულებით განვითარება საბოლოო ჯამში რამდენიმე მილიარდ დოლარს მოგვცემს ყოველწლიურად და ათეულ ათასობით ადამიანს დაასაქმებს. რაც მთავარია, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტიებს გაზრდის, რადგან ყველა ის ქვეყანა, რომლის ტვირთი აქ გაივლის ან დასაწყობდება, დაინტერესებული იქნება სტაბილურობით და მშვიდობით. ამასთან საერთაშორისო ვაჭრობაში ტვირთი არა მხოლოდ ფულია, არამედ რეპუტაციაც.

2. ფინანსური ღერძი

აჭარის ავტონომია იძლევა საშუალებას იქ განსხვავებული რეგულაციები გვქონდეს. ამიტომ ბათუმში ან მიმდებარედ შეგვიძლია გავაკეთოთ თავისუფალი ფინანსური ზონა, სადაც საერთაშორისო საბანკო და საინვესტიციო კაპიტალს მოვიზიდავთ და განვათავსებთ ნულოვანი გადასახადით. გაკეთდება ინტერნეტ კომპანიების დაცული რეესტრი, სადაც რეგისტრაცია და კომპანიის მართვა ინტერნეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი სიმბოლური ფიქსირებული გადასახდით. აღნიშნულ ფინანსურ ჰაბს ექნება მხოლოდ ერთი ვალდებულება: განთავსებული კაპიტალის 2% ყოველწლიურად გაიცეს კრედიტად საქართველოს რეზიდენტ კომპანიებზე "ლიბორ"-ის საპროცენტო განაკვეთით, რაც დღეისთვის შეადგენს წლიურ 1,57%-ს ამერიკული დოლარისთვის. სრულიად რეალურია ბათუმის ფინანსურ ჰაბში მოვიზიდოთ 100-200 მილიარდი დოლარი რეგიონის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, არაბული ქვეყნები, უკრაინა, შუა აზია...). ფინანსური ჰაბის განვითარების მეორე ეტაპზე შეიქმნება საფონდო ბირჟა, სადაც იქნება რეგიონის ქვეყნების კომპანიების აქციებით ვაჭრობა, ფიუჩერსები, ტრეიდინგი, ობლიგაციებში და ბონდებში კაპიტალის განთავსება. მსგავსი ჰაბის ორგანიზება ცხადია უნდა შეთანხმდეს ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებთან. შესაძლებელია ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის ($3,9 ტრილიონი) და იქ განლაგებული კაპიტალის ნაწილის მოზიდვა, ვინაიდან ისინი ეძებენ ალტერნატიულ პლატფორმას. საერთო ჯამში ეს პროექტი მოგვცემს ყოველწლიურად მინიმუმ $2 მილიარდიან საინვესტიციო პორტფელს ქართული ეკონომიკისთვის, რაც ყოველწლიურად 60-70 ათასი ადამიანის დასაქმების გარანტიაა. ბათუმის თავისუფალ ფინანსურ ზონაში აუცილებელია ფუნქციონირებდეს ბრიტანული, გერმანული, ავსტრიული ან შვედური სამართალი, რომელიც დამატებითი შემოსავლების წყაროა და ინვესტორებს მოიზიდავს საიმედოობით. თუ შევძლებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და მას საერთაშორისო მასშტაბს შევძენთ, მივიღებთ უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხის გარანტიებს ავტომატურად. შედარებისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მთელი ევროპა ცეცხლის ალში იყო გახვეული, შვეიცარიას ხელი არ ახლეს, რადგან ყველას იქ ჰქონდა კაპიტალი განთავსებული. მსგავსი ფინანსური ჰაბი მოგვცემს საშუალებას აფხაზებს და ოსებს შევთავაზოთ ჩაერთონ საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში და მიიღონ 2%-იანი საკრედიტო პორტფელის შესაბამისი წილი ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის ასაღორძინებლად. რეგიონის ქვეყნები აუცილებლად გაუფრთხილდებიან იმ ადგილს, სადაც საკუთარი კაპიტალი ექნებათ განთავსებული და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც სხვა სიკეთეებთან ერთად.

3. საერთაშორისო ორგანიზაციების ღერძი

საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასსხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისების განთავსება დამატებით უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენს ჩვენს ქვეყანას. უნდა გავხდეთ ადგილი, სადაც იმართება საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებები, საერთაშორისო კონგრესები და კონფერენციები, საერთაშორისო კომერციული გამოფენები (იარაღის გარდა). გაეროს, ეუთოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების ქვედანაყოფების მთავარი ოფისების განთავსება საქართველოში უდაოდ აამაღლებს უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენი ქვეყნისთვის და მოიტანს შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგებსაც. საქართველო დიპლომატების, ბიზნესმენების და ფინანსისტების საიმედო მასპინძელი უნდა გახდეს.

განხორციელების გზები

"სამი ღერძის სტრატეგიის" განსახორციელებლად ერმა თავისი საუკეთესო ძალების მობილიზება უნდა მოახდინოს. აუცილებელია მოხდეს ქართული დიპლომატიის საუკეთესო ძალების, ქართული დიასპორების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების სრული კონსოლიდაცია ამ პროექტის რეალიზებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 15 წელიწადია ქართული დიპლომატია დაჭაობდა, ვერ ხერხდება ახალი ინიციატივების, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების არათუ ლობირება, არამედ ინიცირებაც კი. საელჩოები უფრო პოროტოკოლის ფუნქციას ასრულებენ. დიდი ხანია ჩამოყალიბდა დიპლომატების კასტა, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან პოსტებზე და ქვეყნისთვის ხელშესახები ხეირი ვერ მოაქვთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩი თვითშემოქმედებით ვერ დაკავდება და მას ამბიციური ამოცანები ცენტრმა უნდა განუსაზღვროს, რაც არ ხდება. ამ სტრატეგიის განხორციელებას სჭირდება უკიდურესად აქტიური, მასშტაბურად მოაზროვნე და ქვეყნის მოყვარული ინტელექტუალი ადამიანების ჯგუფი მკაფიო ხედვით, საკუთარი თავის რწმენით და ქვეყნის მიმართ სიყვარულით.

ვინც იცის, როგორ მუშაობს დღევანდელი საერთაშორისო სისტემა, მიხვდება, რომ ეს არის მართებული გზა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაქსიმალური დაცვის, სტაბილურობის და ხალხის სწრაფად მზარდი კეთილდღეობისკენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს