ერდოღანის "ექვსეული" თუ კავკასიური "სამეული" - საიდან დავიწყოთ? - კვირის პალიტრა

ერდოღანის "ექვსეული" თუ კავკასიური "სამეული" - საიდან დავიწყოთ?

ბაქოში, სომხეთზე გამარჯვების აღლუმზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, - ჩემს ძმასთან - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ვიმსჯელე სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობსო. "ექვსეულში" თურქეთის პრეზიდენტმა იგულისხმა: აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში - სომხეთი.

მისასალმებელია, რომ მეზობელი ქვეყანა თურქეთი ფიქრობს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის განვითარებასა და მშვიდობაზე. კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი ინიციატივების განხილვა არა მხოლოდ ბაქოსთან, არამედ - თბილისთანაც მოხდებოდა. საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობა კარგი მაგალითია თანამშრომლობის, მიუხედავად თურქეთის პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო მომოსვლისა ოკუპირებულ აფხაზეთთან. საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2006 წლიდან მოქმედებს. ზოგიერთი ქართული საქონლისთვის, ბიუროკრატიული თუ სხვა ბარიერების გამო, ჭირს თურქულ ბაზარზე შესვლა მაშინ, როცა თურქული საქონელი, სუბსიდირებული საკომპენსაციო მოსაკრებლის გარეშე შემოდის ქართულ ბაზარზე - ჩვენ ამით ვეხმარებით თურქულ ეკონომიკას. ეფექტიანად მოქმედებს ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ნავთობსადენი, გაზსადენები, იზრდება რკინიგზის ტვირთბრუნვა. საქართველო ეხმარება თურქეთის ეკონომიკას იმითაც, რომ სეზონურ იაფ მუშახელს აგზავნის ხოლმე, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია: თურქული საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, მათ შორის - საქართველოშიც და საქართველოსთვის ტოტალური უმუშევრობის ფონზე ეს სამუშაო ადგილები აუცილებელია, რადგან საკუთარ ქვეყანაში არ გამოგვდის მუშახელის დასაქმება.

სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის ყველა პრობლემის გადაჭრის გარეშე გამორიცხულია ინკლუზიური და მრავალვექტორული თანამშრომლობის სრულმასშტაბიანი დაწყება. რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ამ პრობლემის მძევალია. ვიდრე არ მოგვარდება ყველა ტერიტორიული პრობლემა, ნებისმიერ "ექვსეულს", "3+3+3" თუ სხვა ფორმატს ელოდება იგივე ბედი, რა ბედიც ეწია ევროპის ეგიდით 2000 წელს გამოქვეყნებულ მაიკლ ემერსონის "კავკასიის სტაბილურობის პაქტს".

ნათელია, რომ დასაწყებია საუბრები რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატებზე. კარგი იქნებოდა, თუ რეგიონის ყველა დაინტერესებული ქვეყანა გამოიჩენდა ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების სრული ელიმინაციისთვის. ეს გახსნიდა ბევრ ახალ შესაძლებლობას.

ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები გადაწყდება, შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს: აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის ანუ "სამეულის" დიალოგი დაიწყოს, რაც მუდმივმოქმედი პლატფორმა უნდა გახდეს. მომავალში "სამეულმა" შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს სამხრეთ კავკასიაში "მინიევროკავშირის" მოდელს, რაც გახსნის შესაძლებლობას, რეგიონის ყველა მეზობელთან ცალ-ცალკე ურთიერთობების ექსკლუზიური და პირდაპირი ფორმები დამყარდეს.

სამხრეთ კავკასიის "სამეული" წარმოგვიდგენია, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის, მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო, ფინანსური, სატრანსპორტო ცენტრი, საიდანაც არცერთ მეზობელს საფრთხე არ დაემუქრება. სამივე ერის პოტენციალის ერთ მუშტად შეკვრა უდიდეს ბიძგს მისცემს მეზობელი ქვეყნების განვითარებასაც და სასათბურე პირობებს შეუქმნის რიცხობრივად პატარა ერებს და ეთნოსებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს