იმიტაციის, აკრძალული ხილისა და მკვახე ყურძნის შესახებ - კვირის პალიტრა

იმიტაციის, აკრძალული ხილისა და მკვახე ყურძნის შესახებ

ბევრისათვის საქართველოს შრომის ბაზარი ამოუცნობი ფენომენია. კომპანიები ინჟინრების ნაკლებობას უჩივიან და ამიტომ საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებასა და დიდი ზომის ინვესტიციებს ერიდებიან. ამავდროულად, ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც ტექნიკური საგნების შესწავლით შეეძლოთ ეხეირათ, სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებასა და მსგავს სპეციალობებს ეუფლებიან. პოპულარული პროფესიის მქონე ადამიანთა რაოდენობა კი გაცილებით აღემატება ფირმების მიერ ამ კადრებზე მოთხოვნის რაოდენობას. შესაბამისად, ეს სპეციალობები საშუალოდ არც ისე მაღალანაზღაურებადია.

ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ფლობენ ინფორმაციას შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ, პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილებას მარტივად, იმიტაციის გზით იღებენ: „თუ წარმოდგენა არ გაქვს, რა მოიმოქმედო, გააკეთე ის, რასაც ყველა დანარჩენი აკეთებს“. თუ ყველა სწავლობს სამართალს, ალბათ არის მასში რაღაც კარგი. განა შესაძლებელია ამდენი ადამიანი ცდებოდეს?!

იმიტაცია ხშირია ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისასაც. წარმოიდგინეთ, რომ მეგობარი გეპატიჟებათ რესტორანში, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. მენიუ უამრავ კერძს შეიცავს და თქვენ გიჭირთ არჩევნის გაკეთება. როგორ მოიქცევით? რაღა თქმა უნდა, შეუკვეთავთ იმას, რასაც თქვენი მეგობარი. ადამიანები ხშირად ირჩევენ ხალხმრავალ რესტორნებს სწორედ იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა დანარჩენი ცდებოდეს. კაპიტალის ბაზრებზე გავრცელებული იმიტაცია, ე.წ. ჯოგური ქცევა ანუ შემთხვევა, როცა ყველა ერთდროულად ყიდულობს ან ყიდის ერთსა და იმავე აქტივს, ხშირად ხდება გაბერილი ფასების, სპეკულაციური ბუშტებისა (bubbles) და კოლაფსების მიზეზი.

იმიტაციისადმიადამიანთა  მიდრეკილების მრავალი შესაძლო ახსნა არსებობს. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ამ ქცევის ფორმირება მილიონობით წლის წინ ევოლუციური ძალების ზემოქმედების შედეგია. იმიტაცია მართლაც ხშირია ცხოველებში. მაგალითად, თევზების გუნდი, როგორც წესი, კოორდინირებულად იცვლის მოძრაობის მიმართულებას. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ საკვების შერჩევისას ვირთხებიც იმიტაციას მიმართავენ (მაგალითისთვის იხილეთ,“Explaining Social Learning of Food Preferences without Aversions: An evolutionary Simulation Model of Norway Rats” by Jason Noble, Peter M. Todd, and Elio Tuci, in Proceedings: Biological Sciences, Vol. 268 (2001), pp. 141-149). სულ ახლახან თამაშთა თეორიული მოდელის მეშვეობით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ იმიტაციაბევრი სოციალური კონფლიქტის შემთხვევაშიც  გამართლებული სტრატეგიაა (Peter Duersch, Jörg Oechssler, and Burkhard C. Schipper: “Unbeatable Imitation”, Games and Economic Behavior, Vol. 76 (2012), pp. 88-96). და ბოლოს, როგორც ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი აღნიშავს თავის წიგნში „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა“ (გამომცემლობა „ნეკერი“, 2009), ადამიანთა 95% იმიტატორია (გვ.143).

აკრძალული ხილი გემრიელია

შესაძლოა მიბაძვის მიდრეკილება იყოს ჩვენს მიერ შემჩნეული სხვა ქცევების საფუძველიც. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იმიტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ სხვები. კონკურენტულ გარემოში კი ამა თუ იმ პროდუქტზე დეფიციტი არის იმის მანიშნებელი, რომ ამ პროდუქტს ბევრი ადამიანი მოიხმარს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში იმიტაცია იქნებოდა, გეყიდა ის, რაც დეფიციტურია.

ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტშიადამიანებს ჰქონდათ არჩევანი ორ ლარნაკში მოთავსებულ აბსოლუტურად იდენტურ ნამცხვრებს შორის. ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ ერთ მათგანში უფრო ცოტა ნამცხვარი იყო, ვიდრე მეორეში. ექსპერიმენტის სუბიექტთა უმრავლესობაირჩევდა იმ ლარნაკს, რომელშიც უფრო ცოტა ნამცხვარი იყო და ამრჩევთა წილი უფრო მაღალი იყო იმ შემთხვევაში, როცა სიმწირის მიზეზად პოპულარობა სახელდებოდა (Stephen Worchel, Jerry  Lee, and Akanbi Adwole: “Effect of Supply and Demand on Rating of Object Value”, Journal of Personality and Social Psychology, Vol. 32 (1975), pp. 906-914).

რა თქმა უნდა,მარკეტინგის სპეციალისტებმა  დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ აკრძალული ხილი გემრიელია. ამიტომაც ყოველდღიურობაში ხშირად ვაწყდებით რეკლამებს, რომლებიც პროდუქტის შეზღუდულობას უსვამენ ხაზს. პრაქტიკულად უსარგებლო ლითონის - ოქროს მიმართ ადამიანთა აკვიატებაც კი შესაძლოა დეფიციტური პროდუქტების სასურველობიდან მომდინარეობდეს. მეორეს მხრივ, მიკროეკონომიკური თეორია ტრადიციულად უგულებელყოფს ეკონომიკური საქონლის სუბიექტურ შეფასებაზე ამავე პროდუქტის ხელმისაწვდომობის გავლენას.

… მაგრამ თუ ვერ მიიღე, რაც გინდოდა, „მკვახე ყოფილა ის ყურძენი“

და რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებმაც დეფიციტური საგნის მოპოვება მოახერხეს? მათ ხომ მეტი მხოლოდ პროდუქტის სიმწირის გამო გადაიხადეს და არა მაინცადამაინც იმიტომ, რომ მოცემული საქონელი მათ უფრო მეტ სარგებელს მიანიჭებდა. განა არ დარჩებიან იმედგაცრუებულნი, რომ მეტი მხოლოდ საგნის პოპულარობისთვის გადაიხადეს?

დიდი შანსია, რომ არა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები მიდრეკილნი არიან გადააფასონ და ზედმეტად შეაფასონ ის ნივთი, რომლის მოსაპოვებლადაც მეტისმეტი გადაიხადეს. რაც შეეხება იმ  ადამიანებს, ვინც ნივთის მიღება ვერ მოახერხეს, ამ საგნის ღირებულების დაკნინებისკენ აქვთ მიდრეკილება. ამ ფსიქოლოგიურ მექანიზმს „მკვახე ყურძნის ფენომენის“ სახელით მოიხსენიებენ და მისი ახნა ამერიკელი ფსიქოლოგის, ლეონ ფესტინჯერის (1919-1989) ცნობილი კოგნიტური დისონანსის პარადიგმითაა შესაძლებელი. როგორც ფესტინჯერი მიუთითებდა, ადამიანები ესწრაფიან ჰარმონიას საკუთარრწმენებსა და ქცევებს შორის. კოგნიტური დისონანსის (ანუ დამოკიდებულებებსა და ქცევებს შორის კონფლიქტის) შემთხვევაში, ჩვენ, როგორც წესი, ვიქცევით სხვაგვარად ან ვიცვლით შეხედულებას. როცა დეფიციტურ საქონელში ვიხდით მეტს მაშინ, როცა მისი უკან დაბრუნების ყველა გზა მოჭრილია, რამდენად იმედგაცრუებულნიც არ უნდა ვიყოთ, ქცევის შეცვლა შეუძლებელია. თუმცა შეძენილი ნივთის ხარისხის შესახებ შეხედულების შეცვლა ხომ არც ისე ძნელია! ამიტომაც, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანმა თავი მოიტყუოს, რომ მოიპოვა გასაოცარი რამ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნივთი ძალიან უხარისხოა.

კოგნიტურ დისონანსს ასევე განიცდიან ის ადამიანებიც, რომლებმაც მწირი საგანი ვერ მოიპოვეს. მათ უწევთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ აღარ არსებობს ნივთის მოპოვების რაიმე საშუალებაც კი და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ საგანს სასურველად მიიჩნევდნენ, მარცხის აღიარებას თავს ვერმოპოვებული ნივთის სუბიექტური გაუფასურებით არიდებენ.

ტერმინი „მკვახე ყურძნის ფენომენი“ ეზოპეს ცნობილი იგავიდან მომდინარეობს. იგავის მრავალი ვერსია არსებობს სხვადასხვა ენაზე, ქართულად კი ივანე კრილოვის „მელა და ყურძენის“ აკაკი წერეთლისეული თარგმანი მოიპოვება. იგავის შინაარსი ალბათ ყველამ იცის, განსაკუთრებით ყურადსაღები კი მისი დასასრულია:

„რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი,

გეფიცებით შვილებსაო:

მკვახე იყო ის ყურძენი

და მომკვეთდა კბილებსაო!

ქვემოთ  მოცემული გრაფიკი კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება „აკრძალული ხილისა“ და „მკვახე  ყურძნის“  ფენომენების  სტანდარტული მოთხოვნისა და მიწოდების დიაგრამაზე ასახვა. დეფიციტი უბიძგებს ადამიანებს ნივთის ობიექტურზე მეტად შეფასებისკენ. შედეგად პროდუქტზე ფასი და გაყიდული რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე დეფიციტის ფსიქოლოგიური ეფექტის არარსებობის პირობებში. მას შემდეგ, კი რაც ბაზარი წონასწორობას მიაღწევს, ადამიანები, რომლებიც  საქონლის შეძენას ახერხებენ, Post Factumუფრო მეტად აფასებენ შენაძენს, ვიდრე თუნდაც შეძენამდე. რაც შეეხება მათ, ვინც პროდუქტი ვერ მოიპოვა, მათი Post Factum გადახდისთვის მზადყოფნა აკნინებს დანაკარგის მნიშვნელობას.

მოდით, ვცადოთ ჩვენი არარაციონალური სურვილების დაძლევა. დაე, დამდეგი ახალი წლის საყიდლები იყოს პირველი გამოცდა ჩვენი რაციონალური გონებებისათვის!

 

წაიკითხეთ ბლოგის ორიგინალი ინგლისურ ენაზე: http://www.iset.ge/blog/?p=2584