ქართული ღვინო: თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის
13-10-2015
ქართული ღვინო: თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის
"შენ ამბობ, რომ ხაფანგი არსებობს."

"რა თქმა უნდა, არსებობს, - უპასუხა პროფესორმა დანეკამ, - ხაფანგი-22.

ყველა, ვისაც უნდა თავი დააღწიოს ბრძოლის ვალდებულებას, სულაც არაა გიჟი".

ჯოზეფ ჰელერი, "ხაფანგი-22"

"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო".



ავტორი: ირაკლი კოჭლამაზაშვილი, ია კაცია, ჩარლზ ჯონსონი

ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის 2013 და 2014 წლები წარმატებული იყო, რადგან კვლავ გაიხსნა რუსული ბაზარი. ექსპორტი და ყურძნის ფასი უეცრად გაიზარდა. დივერსიფიკაციის შესახებ საუბრების მიუხედავად, სულ რაღაც 2 წელიწადში რუსეთის
წილი ქართული ღვინის საერთო ექსპორტში 0-დან 68%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი #1: ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება (მიმდინარე აშშ დოლარი)



წყარო: საქსტატი. *წარმოდგენილია მხოლოდ 2015 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) მონაცემები.

მოთხოვნა შავ ყურძენზე, რომლითაც მზადდება რუსულ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული ნახევრად ტკბილი ღვინოები, წარმოუდგენლად გაიზარდა. ექსპორტიორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
სტალინის საყვარელი ხვანჭკარას რუსული მარკეტების დახლებზე დადებაში, რის გამოც ალექსანდროულის ჯიშის ყურძნის (რომლითაც მზადდება ხვანჭკარა) ფასმა რვა ლარს მიაღია.

თქმაც არ არის საჭირო, რომ ღვინისა და ყურძნის გაზრდილი ფასები არის საუკეთესო სტიმული ვენახებსა და გადამუშავების მოცულობაში დამატებითი ინვესტიციების ჩადებისთვის, რაც ისევ და ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. სულ რაღაც სამ წელიწადში ყურძნის წარმოება გაორმაგდა: თუ 2012 წელს 144,000 ტონა ყურძენი მოვიდა, 2015 წელს 290,000 ტონის აღებას ელოდებიან.

2015 წელს, რუსულ ბაზარზე დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ქართველი გლეხებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის მიყენებული დარტყმა პირდაპირპროპორციულია წინა 2 წლის განმავლობაში მათ მიერ მიღებული მოგებისა. ყურძნის ფასი მკვეთრად დაეცა, ამჯერად იგი ოდნავ თუ აღემატება 2012 წლამდელ ფასებს. საფერავი დაახლოებით 82 თეთრი ღირს, რითიც მკვეთრად ჩამოუვარდება 2014 წლის ფასს (1,94 ლარი).

კახელი გლეხები ისევ გამოდიან ქუჩაში მარნების მიერ მათთვის შეთავაზებული ფასების გასაპროტესტებლად და მთავრობისგან მოითხოვენ მეტ სუბსიდიას. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არჩევნები ახლოვდება, სავარაუდოდ მიიღებენ კიდეც!

შარო საიდან მოდიხარო!

ყველამ კარგად იცოდა, აღმავლობა დსთ-ისა და რუსეთის ბაზარზე მოიცავდა მნიშვნელოვან კომერციულ რისკებს ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. თავდაპირველი პრობლემა ისაა, რომ საქართველომ (და მისმა ღვინოებმა) შეიძლება კიდევ ერთხელ დაკარგოს რუსეთის კეთილგანწყობა, რაც კიდევ ერთხელ გამოიწვევს ქართულ ექსპორტზე სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვების დაწესებას. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ბაზარზე ასეთი დამოკიდებულებით, ცხადია, საქართველო დგება რისკის წინაშე, ამ ბაზარზე დაფიქსირდეს მოულოდნელი ვარდნა.

მიუხედავად ამ კარგად დასაბუთებული ეჭვებისა, რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ, პარადოქსული ხაფანგი-22 სიტუაცია მაინც შეიქმნა, ვინაიდან ღირებულებათა ჯაჭვის კერძო მოთამაშეთა უმრავლესობამ დაკარგა მოტივაცია, საკუთარი ღვინის (და საქართველოს!) მარკეტინგში ჩადოს ინვესტიცია რუსეთისა და დსთ-ის ფარგლებს მიღმა. ევრაზიულ ვაკუუმში გაყიდული თითოეული ღვინის ბოთლის შემდეგ ისინი ზეიმობდნენ და დამატებით ინვესტიციებს დებდნენ ყურძნის მოსავალსა და გადამუშავების მოცულობაში. და ვაღიაროთ, რომ კერძო ქართული მარნები გიჟები იქნებოდნენ, სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ, რადგან არც ერთი მათგანი არაა საკმარისად დიდი, რომ ჩაერთოს ქართული მეღვინეობის საოცარი ისტორიის ახალ ბაზრებზე გატანისთვის საჭირო მასობრივ საერთაშორისო კამპანიაში.

რთულია, ქართული კერძო კომპანიები დავადანაშაულოთ რუსულ ბაზარზე ხელახლა შესვლაში. ალბათ, ყველაზე საშინელი შეცდომა საქართველოს მთავრობამ დაუშვა, რომელმაც ვერ მოახერხა შავი დღისთვის თადარიგის დაჭერა.



ამგვარად, კერძო სექტორის ჩართვისა და ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით კარგად გაწერილი მარკეტინგული კამპანიის (რომელიც შეიძლება დაფინანსებულიყო გაზრდილი მოგებიდან) კოორდინირების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ ათობით მილიონი ლარი დახარჯა სექტორის სუბსიდირებაზე სწორედ მაშინ, როდესაც ფული ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო. როცა ყურძნის ფასები გაიზარდა, მთავრობამ მხოლოდ ოდნავ შეამცირა სუბსიდიის მოცულობა (საშუალოდ, 36-დან 28 თეთრამდე). თუმცა ღვინის მწარმოებლებსა და გლეხებზე დახარჯულმა გადასახადის გადამხდელთა თანხის სრულმა რაოდენობამ (2013 წლის შემდეგ, რაც სუბსიდიის მიღებისთვის საჭირო მინიმალური ზღვარი (10ჰა) გაუქმდა) გადააჭარბა 30 მილიონ ლარს როგორც 2013, ისე 2014 წელს.

რამხელა დანაკარგია!


წინსვლა: ჩინეთი და ჩურჩხელა?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით