"ქართული გენია როკვით განფენილი" - სუხიშვილების ტრიუმფი ლა სკალაში - კვირის პალიტრა

"ქართული გენია როკვით განფენილი" - სუხიშვილების ტრიუმფი ლა სკალაში

50 წელიწადი ქართული ცეკვის ისტორიული გამარჯვებიდან

ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დიდოსტატების - ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ 72 წლის წინ შექმნილმა ლეგენდარულმა, ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა გამოჩენილი მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის განსაცვიფრებელი კოსტიუმებით, ტრიუმფით მოიარა მსოფლიო. "ანსამბლმა ქვეყნის დიდი ისტორია თვალისმომჭრელი ცეკვებით მოქარგა", - გვეუბნება ჟურნალ "ისტორიანის" სტუმარი, ქართული ქორეოგრაფიის "ოქროს ხანის" სოლისტი და მემატიანე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, დამსახურებული ჟურნალისტი თენგიზ უთმელიძე.

- ქართული მიწის წიაღიდან აღმოცენებულმა, საუკუნეებგამოვლილმა ხალხურმა ქორეოგრაფიამ არნახული აღმავლობა განიცადა. ქართულმა ცეკვამ მსოფლიოს მილიონობით მაყურებელი გააოცა. ცერებზე შემდგარმა ტანადმა ჭაბუკებმა და სინაზით, კდემამოსილებით აღსავსე ულამაზესმა ასულებმა ქართული ცეკვა მსოფლიო ქორეოგრაფიული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქციეს.

უცხოელი ჟურნალისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული ანსამბლის სენსაციური გამოსვლების შეფასებებში: "ქართული ცეკვის ფოიერვერკი", "ფანტასტიკური კონცერტი, ელეგანტური ქორეოგრაფია", "რიტმის, პლასტიკისა და მოძრაობის სრულყოფილება", "მსოფლიოს უდიდესი მოცეკვავეები", "ქართული ბალეტი - უნიკალური ფენომენი", "ხალხურობისა და აკადემიურობის დიდება", "ნამდვილი აღმოჩენა, ნამდვილი სასწაულებრივი ხილვა ჯერ უხილავისა და მანამდე არგაგონილისა" და ასე დაუსრულებლად. ახლაც თვალწინ მიდგას მაყურებლებით გადაჭედილი ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერა" და უზარმაზარი "მედისონ სქუერ გარდენი", ფეხზე წამომდგარი, ოვაციებში ჩაძირული ლონდონის შვიდიათასიანი "როიალ ალბერტ ჰოლი" და ინგლისის სამეფო თეატრი "კოვენტ გარდენი", ვენის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ამსტერდამის, გლაზგოსა და სიდნეის ბრწყინვალე სამეფო თეატრების აღფრთოვანებული მაყურებელი, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ასეულობით ქალაქის მოგუგუნე საკონცერტო დარბაზები და ხალხმრავალი სტადიონები...

- თუმცა, მათ შორის, თქვენ მაინც გამოარჩევთ "სუხიშვილების" ტრიუმფალურ გამოსვლას მილანის ლა სკალას საოპერო თეატრის სცენაზე.

- წლეულს ამ დაუვიწყარი მოვლენიდან 50 წელიწადი სრულდება. ჩვენი ანსამბლის 1967 წლის იტალიური გასტროლები ულამაზესი ნეაპოლით დაიწყო. ჯერ კიდევ რომში გაგვაფრთხილეს, ნეაპოლში გაგიჭირდებათ გამოსვლა, რადგან ლეგენდარული ენრიკო კარუზოს მშობლიური ქალაქი განებივრებულია უმაღლესი რანგის გამოჩენილ მსახიობთა ხელოვნებითო. მიუხედავად ასეთი პროგნოზისა, აუღელვებლად დავიწყეთ კონცერტი მაყურებლით სავსე, სან კარლოს მშვენიერ დარბაზში. ჩვენი წარმატება პირველივე ნომერმა, საფერხულო ცეკვა "ფარცამ" განსაზღვრა. ადგილობრივი პრესა წერდა, რომ "ვაჟკაცურმა, მარჯვე ვაჟებმა და ღვთაებრივმა ქალიშვილებმა მგზნებარე ნეაპოლელები მოხიბლეს ". ნეაპოლს მოჰყვა გამარჯვებები და მიღებები გენუაში, ტრიესტში, ტურინსა და პრატოში - ტოსკანის სიდიდით მეორე ქალაქში. გამოცდა გველოდა ვენეციის ცნობილ და პოპულარულ თეატრ ლა ფენიჩეშიც.

- წარმატებების მიუხედავად, იმ ორი კონცერტის გამო მაინც ღელავდით, ლა სკალაში რომ გელოდათ, რა იყო ამის მიზეზი?

- მილანის ლა სკალა ხომ საოპერო ხელოვნების ციტადელია... ანსამბლის სამოცდახუთივე წევრი ურთულესი გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებოდა იმ მრავლის მომსწრე თეატრში, რომელშიც დადგმულა და იდგმება გამოჩენილ კომპოზიტორთა მუსიკალური შედევრები. ქართული ხალხური ცეკვები უნდა გვეჩვენებინა თეატრში, რომლის კედლებსაც ახსოვთ მსოფლიოს საუკეთესო მომღერლები, გენიალური დირიჟორები... ლა სკალაში ყოველი სპექტაკლი ისტორიული მნიშვნელობის არის. თეატრი გამორჩეულია მომთხოვნი მაყურებლით, ისინი შეცდომას არავის აპატიებენ.

- ამის შესახებ წინასწარ გაგაფრთხილეს?

- მახსოვს ცნობილი იტალიელი თეატრალური კრიტიკოსის, დიეგო ჯიმიანინის სიტყვები: "სჯობს სულაც არ სცადოთ გამოცდის ჩაბარება მსოფლიო სახელის მოსაპოვებლად, ვიდრე ლა სკალას დარბაზის მუდმივი მაყურებლების უკმაყოფილება გამოიწვიოთ. ეს თქვენი სახელის დასასრულის დასაწყისი იქნება!" ამიტომაც დაძაბულობა კულმინაციას აღწევდა. ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა ჩვენი იტალიელი იმპრესარიო მარიო პორჩილე. ღელავდა ლა სკალას გენერალური დირექტორი ანტონიო გირინგელი, - ჩვენი ჩავარდნა მის მაღალ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებდა. ილიკო სუხიშვილი დამაჯერებელი ტონით ამშვიდებდა გირინგელის: "გარწმუნებთ, კონცერტის ბოლოს ათჯერ მაინც აიხდება ლა სკალას ფარდა!" არ დამავიწყდება, როგორ გაასავსავა ხელები თეატრის მრავლის მნახველმა დირექტორმა ჩვენი ხელმძღვანელის ამ ხმამაღალ განცხადებაზე და ირონიული ღიმილით სასწრაფოდ გაგვცილდა.

დაიწყო კონცერტი. დაჰკრა დოლმა, თეთრი გედებივით შემოცურდნენ სცენაზე ჩვენი გოგონები და მაყურებლის პირველი ტაშიც გაისმა. ეს უკვე კარგის ნიშანი იყო. ხალისიან და დინამიკურ "ფარცას" დარბაისლური და განუმეორებელი "ქართული" მოჰყვა. ლატავრა ფოჩიანისა და ფრიდონ სულაბერიძის უზადო მოძრაობებს ტაშით შეხვდნენ. შემდეგ დახვეწილი "ხორუმი", ულამაზესი "აჭარული სუიტა", ცეცხლოვანი "ხევსურული" და "ხანჯლური" დაჯილდოვდა ხანგრძლივი ტაშით. ვიგრძენით, რომ ლა სკალას მაყურებელი უკვე "ჩვენი" იყო. დარბაზი სულგანაბული შეჰყურებდა ღვთაებრივ "სამაიას", ნინო რამიშვილის ბრწყინვალე "ჯეირანს", ხოლო ომარ მხეიძის, თამაზ კიკალიშვილის, ჯუმბერ ბერაძის, შოთა ხოფერიას, შალვა (ჯამუ) გარუჩავას, გიორგი ჯიბლაძის, მილერ ცირეკიძისა და სხვათა თავბრუდამხვევმა ტრიუკებმა "მხედრულსა" და "შეჯიბრში", საბოლოოდ წონასწორობიდან გამოიყვანა მრავალათასიანი მაყურებელი, რომელიც უკვე ფეხზე ამდგარი, მქუხარე ტაშით ესალმებოდა ქართველ მოცეკვავეებს.

თუმცა მთავარი წინ იყო: როგორც აღმოჩნდა, მოიხსნა მანამდე არსებული ყველა რეკორდი - იმ საღამოს ლა სკალას თეატრის მძიმე ფარდა თოთხმეტჯერ აიწია! ოვაციებს ბოლო არ უჩანდა. კულისებში შემოიჭრნენ აღფრთოვანებული მაყურებლები, ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები, ხელოვნების მოღვაწეები. აღტაცებული იყო ანტონიო გირინგელი, მარიო პორჩილე თვალცრემლიანი გვილოცავდა ტრიუმფულ წარმატებას. ისმოდა გაუთავებელი მილოცვები, მადლობის სიტყვები, ყვავილები, სიხარულის ცრემლები, ავტოგრაფები...

- თქვენ გარდა, ქართველთაგან თუ გახდა ვინმე ამ ყველაფრის მოწმე?

- დიახ, ყველაზე აღტაცებული და უზომოდ გახარებული იყო ლა სკალას სტაჟიორი, იქ სასწავლებლად მივლინებული ზურაბ სოტკილავა. იგი ულოცავდა ქალბატონ ნინოს, ბატონ ილიკოს, გულში იხუტებდა მოცეკვავეებს: "ბევრჯერ დავსწრებივარ თქვენს კონცერტებს თბილისშიც, მოსკოვშიც, მაგრამ აქ, მილანში, სულ სხვა სიხარულია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ემოციები. მთელი კონცერტი ვტიროდი, ჩემი აქაური მეგობრები მაწყნარებდნენ. შემდეგ მითხრეს, ერთი-ორჯერ კინაღამ გადმოვვარდნილვარ იარუსიდან. მილანელები მეც მილოცავდნენ გამარჯვებას. დღეიდან უფრო ამაყად ვივლი ამ ქალაქში", - მღელვარებას ვერ მალავდა ზურაბი.

- პრესამ როგორ შეაფასა ლა სკალაში გამოსვლა?

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს. მილანის გაზეთი "კორიერე დელა სერა" წერდა: "ლა სკალას სცენაზე ქართველებმა მოიტანეს ქართული ფოლკლორის სუნთქვა. მათი ცეკვები სათავეს იღებს მდიდარი და უძველესი ქართული ისტორიის ფესვებიდან. ლა სკალაში ასეთი ტრიუმფით ჯერ არავინ გამოსულა. ქართველებმა დაიპყრეს ჩვენი გული და გონება... უფრო სწორი იქნება, ვილაპარაკოთ არა წარმატებაზე, არამედ ტრიუმფზე!"

მილანის "კორიერე ლომბარდოს" ჟურნალისტი კი წერდა: "ქართველი მსახიობები უდიდესი რეალიზმით გვიჩვენებენ ძველი, მდიდარი ისტორიის მქონე თავიანთი ქვეყნის ცეკვების სულს. მათ ნამდვილად შემოქმედებით მწვერვალამდე აჰყავთ ტექნიკური ოსტატობა. ხშირად ადამიანის ენა უძლურია სიტყვებით გამოთქვას ის დიდი ქება, რომლის ღირსიც არის ეს ბრწყინვალე ანსამბლი"...

- ქართველმა მოცეკვავეებმა დაარღვიეს ლა სკალას საუკუნოვანი ტრადიცია და სახელგანთქმული საოპერო თეატრის სცენაზე, გამონაკლისის სახით, მაშინ პირველად დაუშვეს ფოლკლორული ანსამბლი...

- დიახ, ეს იყო პირველი შემთხვევა. ლა სკალას სცენაზე ორგანყოფილებიანი, ეროვნული პროგრამით გამოვიდა ერთი პატარა ქვეყნის ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი.

- უდავოდ დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ყველაფრის მოწმე, თვითმხილველი და უშუალო თანამონაწილეც ბრძანდებით!

- "ქართული ცეკვისთანა აზრიანი და სანახაობრივი ქმნილება არსად მოიპოვება დედამიწის ზურგზე", - წერდა რეჟისორი სანდრო ახმეტელი. ვამაყობ, რომ იმ მოცეკვავეთა ანსამბლს წარმოვადგენდი, მსოფლიოს რომ ათქმევინეს: "ქართული ცეკვა მარტო "ფეხებით ჯადოქრობა" როდია. ამ ცეკვებში ერთმანეთთან შერწყმულია ინტელექტი და გრძნობა. ქართული ცეკვა ამაღლებულია, რელიეფური, აყვანილია სრულყოფილ ქორეოგრაფიულ ფორმამდე, მხატვრულად ძლიერად და დახვეწილად გადმოგვცემს ქართველი ხალხის მდიდარ ტრადიციებს!"

- ბატონო თენგიზ, მრავალი წელია ანსამბლის "ოქროს ხანის" (როგორც ქართული ცეკვის დიდი ქალბატონი ნინო რამიშვილი უწოდებდა) მემატიანის ტიტულს ატარებთ: გაქვთ მდიდარი ფოტომასალა, აწყობთ ფოტოგამოფენებს, ხართ ავტორი მრავალი საინტერესო წიგნისა, რომლებიც მიძღვნილია თქვენი ანსამბლისადმი. ინტერვიუს ბოლოს, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, ლა სკალას ტრიუმფისადმი მიძღვნილი თქვენი ჩანახატიც გაიცნოს ჩვენმა მკითხველმა...

თამარ კაპანაძე

* * *

"მრავალჟამიერი" ლეონარდოს მოედანზე

უკვე მეთოთხმეტედ ეშვება ჩვენ წინ ლა სკალას მძიმე, ოქროთი მოვარაყებული ფარდა.

ფარდის უკან კიდევ დიდხანს ისმის მაყურებელთა ტაშისცემა და აღფრთოვანებული "ბრავო".

ყვავილებით გაივსო უზარმაზარი სცენა...

უზომოდ ბედნიერი, თეატრიდან გამოვდივართ, შუბლზე ოფლი ჯერაც არ შეგვშრობია. თეატრიდან გამოშლილ მაყურებელთა დიდ ჯგუფს ლა სკალას წინ მოედანი გაუჭედავს და ჩვენს გამოჩენას უცდის.

გარეთ "მეორე კონცერტი" გველოდება.

მილანელთა ალყაში უცებ ვექცევით. "გრაციას", "გრაციას!" "ბელა ჯიორჯიანო!" - გვიღიმიან, გვილოცავენ.

"ბრავისიმო!" "ყოჩაღ, ბიჭებო!" - გვესმის იტალიურ-ქართული შეძახილი. ეს კი ჩვენი ზურაბ სოტკილავაა, აქ, იტალიაში სასწავლებლად მოვლინებული. ზურაბი აღტაცებულია და მოცეკვავეებს სათითაოდ გულში იხუტებს...

დიდი გაჭირვებით ვაღწევთ თავს ტემპერამენტიან მილანელთა "ტყვეობას" და იქვე, თეატრის წინ, ლეონარდო და ვინჩის მოედანზე მდებარე კაფე-რესტორნისკენ მივეშურებით სავახშმოდ.

უკვე გვიანია, მაგრამ კაფე ხალხით არის სავსე. აქ უმთავრესად ლა სკალას თეატრიდან გამოსულ მაყურებელს მოუყრია თავი, ფინჯან ყავასთან და ჭიქა ღვინოსთან ერთმანეთს უზიარებენ სპექტაკლით მიღებულ შთაბეჭდილებებს. შესვლისთანავე გვიცნეს, თვალებით, ხელებით გვანიშნებენ, რომ აღტაცებული არიან ქართული ცეკვებით... ზოგან ტაშიც კი გაისმა.

მივდივართ რესტორნის კუთხეში მდგარ თავისუფალ მაგიდასთან და ოფიციანტიც უმალ ჩვენთან ჩნდება. ზურაბ სოტკილავა თავისი იტალიურით გვეხმარება მენიუს არჩევაში. ვუკვეთთ მსუბუქ ვახშამს და, რა თქმა უნდა, "სპაგეტის მილანურად".

- რომელ სასმელს მიირთმევთ? - გვეკითხება ოფიციანტი.

ეშმაკურად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში.

"დღეს ქართული ქორეოგრაფია ლა სკალაში გამარჯვებას ზეიმობს და თითო ჭიქა იტალიური ღვინო არ გვაწყენდა", - გამოგვაქვს საერთო აზრი.

ორ წუთში სუფრა იშლება. ოფიციანტი სამლიტრიან, მუცელგაბერილ ბოთლს ხსნის და ჭიქებს გვივსებს.

ბრაზილია, ქალაქი რიო-დე-ჟანეირო. სოლიკო ვირსალაძე, ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი

- რომელიღაც იტალიელ მაყურებელს რომ არ დავეჭირე, ალბათ, მესამე იარუსის ლოჟიდან პირდაპირ პარტერში აღმოვჩნდებოდი, - სიცილით გვიყვება ზურაბი, ჭიქას მაღლა სწევს და ბედნიერი სახით, კიდევ უფრო ბედნიერებს გვილოცავს მსოფლიოს პირველ სცენაზე ჭეშმარიტად ტრიუმფალურ გამარჯვებას.

- შენც მალე გვენახე ლა სკალას სცენაზე გამარჯვებული, ზურაბ!

ჭიქები იცლება.

სისხლისფერი "კიანტი" ძალას ავლენს.

მეზობელი სუფრიდან მილანელები გვადღეგრძელებენ. თავაზიან მადლობას ვუხდით.

- აბა, ბიჭებო, ერთი ჩვენი სიმღერაც ვთქვათ...

შოთა ხოფერია დაბალ ხმაზე იწყებს "ცედურ" მრავალჟამიერს. პირველს - ზურაბი, ბანს კი ომარ მხეიძე, ანზორ ნიკოლაიშვილი, თამაზ კიკალიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი ვეუბნებით. სიმღერა, ჩვენთან ერთად, თანდათან ეშხში შედის. მუსიკალური იტალიელები სმენას ამახვილებენ და მალულად ჩვენი მაგიდისაკენ იხედებიან. კაფეში სრული სიჩუმე ისადგურებს და უფრო მკვეთრად გაისმის დიდებული ქართული სიმღერა.

მრავალჟამიერ იხარე, ჩვენო სამშობლოვ! შორეული მილანიდან გლოცავენ შენი ერის სრულუფლებიანი წარმომადგენლები!

მოულოდნელად, თეთრწინსაფრიანი, შუახნის ტანმორჩილი მამაკაცი მოდის ჩვენთან. ვგონებ, კაფეს მეპატრონე უნდა იყოს.

- ო, სინიორე, მაპატიეთ, მაგრამ კაფეს თავზე სასტუმროა. ახლა თითქმის შუაღამეა და, გთხოვთ, ნუ იმღერებთ.

ჩვენ ბოდიშს ვიხდით და ვჩუმდებით.

მაგიდასთან კიდევ ერთი იტალიელი, მაღალი და სიმპათიური მამაკაცი მოდის მეზობელი სუფრიდან.

- ბატონებო!.. სიმართლე გითხრათ, თქვენ ისევე ბრწყინვალედ მღერით, როგორც ცეკვავთ, - გაკვირვებული მოგვმართავს, გვადღეგრძელებს და თავაზიანად გვთხოვს, კიდევ ვიმღეროთ რამე ქართული.

კაფეს მეპატრონე უკმაყოფილოდ იჩეჩს მხრებს და სადღაც მიდის.

გულიკო ნიჟარაძე

- რა ვიმღეროთ, ბიჭებო? - ვეკითხებით ერთმანეთს და უთვალავი ქართული სიმღერიდან ერთიც ვერ აგვირჩევია.

- ზურაბ, წამოიწყე რამე, - ვთხოვთ ზურაბ სოტკილავას და ისიც, მცირე პაუზის შემდეგ, იწყებს "სისატურას".

მთელი კაფე ირინდება. დარბაზს ეფინება ტკბილი, გულში ჩამწვდომი მელოდია...

ესეც "მესამე კონცერტი"!

კაფეს პატრონი ჩვენთან ბრუნდება. ხელში ორი მოგრძო ბოთლი უჭირავს, მაგიდასთან ჩერდება და მოჯადოებული გვისმენს. მერე ბოთლებს მაგიდაზე დგამს და ღიმილით მოგვმართავს:

- სინიორე!.. ეს ჩემი საკუთარი ხელით დაწურული ღვინოა, საოჯახო. გთხოვთ, სიამოვნებით მიირთვათ. თქვენ მართლაც შესანიშნავი ხალხი ხართ, მშვენივრადაც მღერით. ჩვენ გვიყვარს სიმღერები. იმღერეთ, გეთაყვა, რამდენიც გენებოთ. ვფიქრობ, ასეთი მოლხენით არავის შეაწუხებთ.

ქართულ სიმღერას იტალიური ცვლის..

მთელი კაფე მღერის, ნამდვილი მეგობრობის საღამოა.

ყველაზე მეტად ახლა თვითონ რესტორნის პატრონი მხიარულობს. დიდი ხანია დაავიწყდა, რომ თავს ზემოთ სასტუმროა. გვემუდარება, მუდამ მისი სტუმრები ვიყოთ...

...გვიან ღამით ვემშვიდობებით კაფე-რესტორანს, რომელიც ლეონარდოს მოედანზეა, დიდებული ლა სკალას გვერდით.

თენგიზ უთმელიძე

ქ. მილანი. 1967 წელი

ჟურნალი "ისტორიანი", #78