"ვერ გაგ­ვი­გე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა თ­ქ­ვან, პურ­მა­რილ­ზე ფე­ხი გვიკ­რა­ო" - როგორ აიძულეს ფიდელი ყანწი დაეცალა? - კვირის პალიტრა

"ვერ გაგ­ვი­გე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა თ­ქ­ვან, პურ­მა­რილ­ზე ფე­ხი გვიკ­რა­ო" - როგორ აიძულეს ფიდელი ყანწი დაეცალა?

ფიდელ კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვს შორის ურთიერთობა მაშინ ჩამოყალიბდა, როცა კუბა კომუნისტური ქვეყანა გახდა და საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება დაიწყო.

ორივე ლიდერს სწამდა, რომ კომუნიზმი მართვის უკეთესი ფორმა იყო, ვიდრე კაპიტალიზმი. მთელი ცივი ომის განმავლობაში კუბა სსრ კავშირის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას ეყრდნობოდა.

1963 წლის 27 აპრილს კუბის რევოლუციის ლიდერი პირველად ეწვია საბჭოთა კავშირს და ეს ვიზიტი 40 დღეს გაგრძელდა (სულ კასტრო სსრკ-ში ათჯერ ჩავიდა). მან მოინახულა მრავალი ქალაქი, ფაბრიკა-ქარხნები, საიდუმლო სამხედრო ბაზები... ატომური წყალქვეშა ნავიც კი დაათვალიერებინეს. მოსკოვში პირადი დაცვის გარეშე გაისეირნა, ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და რიგით მოქალაქეებსაც. ფიდელი პირველი უცხოელი იყო, ვინც მავზოლეუმის ტრიბუნაზე მოხვდა და ვინც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო.

მასპინძელმა კუბის ლიდერი კოლმეურნეობის ჩაის პლანტაციაშიც გაიყვანა

კასტრო საუბრობდა საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ხშირად აღნიშნავდა კუბაში სოციალისტურ მშენებლობაში საბჭოთა გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას. ის ხაზს უსვამდა, რომ საბჭოთა ხალხმა "თავისი სიყვარული კუბის მიმართ საქმით გამოხატა". ვიზიტისას კასტრო და ხრუშჩოვი შეთანხმდნენ შაქრის ექსპორტზე. თუმცა, კუბასა და სსრ კავშირს შორის ერთგვარი დაძაბულობაც იყო. კასტრომ უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იყენებდა რა სსრკ-ჩინეთის უთანხმოებას, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ყველა სოციალისტურ ქვეყანასთან ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებდა. სსრკ-ჩინეთის დაპირისპირებამ ასევე იმოქმედა კასტროს დამოკიდებულებაზე ჩე გევარასთან, რომელმაც მაოს თვალსაზრისს დაუჭირა მხარი. 1966 წელს ჩე გევარა ბოლივიაში გაემგზავრა, სადაც წარუმატებლად სცადა რევოლუციის მოწყობა...

ნიკიტა ხრუშჩოვს უყვარდა აფხაზეთში სტუმრობა და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბასთან საპატიო უცხოელი სტუმრებიც ჩაჰყავდა. ასე მოხვდა აფხაზეთში კუბის რევოლუციის ლიდერიც. მისთვის სუფრა გუდაუთის რაიონის დურიფშის მილიონერ კოლმეურნეობაში გაიშალა.

სუფრაზე ბევრი სადღეგრძელო ითქვა. როცა თამადამ ყანწის დალევა მოითხოვა, საბჭოთა ხელმძღვანელმა უყოყმანოდ დალია, ფიდელმა კი მოსვა და ღვინის დიდი ნაწილი გადაღვარა.

ბღაჟბამ ხრუშჩოვს მიანიშნა, "აფხაზი გლეხები გვიყურებენ და ვერ გაგვიგებენ, შეიძლება თქვან, პურმარილზე ფეხი გვიკრაო". ნიკიტამაც კვლავ მოითხოვა სავსე ყანწი და კუბელიც იძულებული გახდა, სასმისი დაეცალა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ

ჟურნალი "ისტორიანი",#78