ბუდიზმი - კვირის პალიტრა

ბუდიზმი

ბუდიზმი ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო რელიგიაა, გაცილებით ადრეული წარმოშობის, ვიდრე ქრისტიანობა და ისლამი.

პირველ წერილობით ძეგლში, რომელშიც ბუდიზმია მოხსენიებული, იგი წარმოგვიდგება ძლიერ რელიგიურ მიმართულებად თავისი სატაძრო ორგანიზაციით, დოგმატიკითა და წესთმსახურებით.

ბუდიზმის ისტორიისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ადრეული ნაწარმოებები ტიპიტაკას სახელწოდებით (სანსკრიტული "ტრიპიტაკა" სიტყვასიტყვით სამ კალათას ნიშნავს), რომელიც ბუდისტური კანონიკური ლიტერატურის ძეგლია. ესაა წიგნები, რომლებიც დაწერილია პალის ენაზე (შემორჩა ცეილონზე). ტიპიტაკა შედგება სამი ნაწილისგან. პირველში მოცემულია ბუდისტური თემის კანონიკური წესები, მეორეში – ბუდას საუბრები და გამონათქვამები და მესამეში – მეტაფიზიკური განსჯანი რელიგიისა და სამყაროს შესახებ.

ტიპიტაკას მიხედვით, ბუდისტური რელიგიის დამფუძნებელი იყო ჩრდილოინდური სახელმწიფოს მეფის შვილი. იგი მიეკუთვნებოდა ჰიმალაის მთების ძირში მცხოვრებ შაკიას ტომს. მეფისწულს ეძახდნენ სიდჰარტჰას, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა როგორც გაუტამა და შაკიამუნი. თუმცა, გადმოცემანი სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებს (ტაჰტაგატა, ბჰაგავატა, ჯინა და ა.შ.). მეფე შვილს ფუფუნებაში აცხოვრებდა და ყოველნაირად უწყობდა ხელს, რომ საწყენი არაფერი შეხვედროდა. ასეთ პირობებში აღზრდილისთვის თითქმის უცნობი იყო ყველა ცხოვრებისეული განსაცდელი. იგი დროს ატარებდა დიდებულ სასახლესა და ბაღში, ლხინისა და დღესასწაულთა გარემოცვაში. სიდჰარტჰა დაქორწინდა საყვარელ ქალზე და მათ შეეძინათ ვაჟი.

ამქვეყნიურ უხეშ სინამდვილესთან სიდჰარტჰას მალე მოუხდა შეჯახება, რამაც მის სულში დიდი გადატრიალება მოახდინა. ერთხელ მან ნახა ღრმად მოხუცებული, რომელიც იტანჯებოდა ტკივილისგან; იხილა მკვდარი, რომელსაც მიასვენებდნენ და სიდჰარტჰამ პირველად გაიგო, რომ ამქვეყნად მცირე სიამეთა გვერდით არსებობს უფრო დიდი და დამაფიქრებელი გარემოებანი, რომელნიც შეუქმნია ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს და რომ ადამიანის გზა სიკვდილისკენ მიემართება.

ამქვეყნიური არარაობის შეგნებამ სიდჰარტჰას განსაცდელის უკიდურესობა აგრძნობინა და ისე, როგორც ერთ დროს გილგამეშის სულში, მასშიც დაისადგურა წარმავლობის მძაფრმა განცდამ. გამოსავლის ძებნაში შემთხვევით შეხვდა ერთ განდეგილს, რომელსაც ხელი აეღო ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ასკეტური ცხოვრებისთვის მიემართა. სიდჰარტჰამ ჩუმად დატოვა თავისი ძვირფასი სასახლე ცოლ-შვილითურთ და გაჰყვა ასკეტ ბერს. შვიდი წელი გაატარა ტყეში, განსაკუთრებულ ასკეტურ პირობებში, რათა მიეღწია სულიერი სიმშვიდისთვის და ხორციელი ზრუნვა საბოლოოდ ჩაეკლა თავის თავში, მაგრამ ასეთმა უკიდურესმა ზომებმაც ვერ მოუტანეს მის სულს შვება და დაასკვნა, რომ ასეთ ქმედებაშიც არ არის ხსნა.

ერთხელ, ღამით, როცა ხის ძირას იჯდა და წარმავლობაზე მწარე ფიქრით მოცულიყო, უცებ ეზიარა სულიერ სინათლეს ("ბოდჰი" - შემეცნება) და მას განუცხადდა ნამდვილი ჭეშმარიტება. ამის შემდგომ სიდჰარტჰა გახდა ბუდა, ანუ განმანათლებელი. დარწმუნდა, რომ ორივე უკიდურესობა, რომელიც მან გამოსცადა, ჭეშმარიტი გზიდან საკმაოდ შორს არის.

მიხვდა, რომ ცხოვრებაში უმთავრესია თვითჩაღრმავება, სულიერი კრედოს შემეცნება, რომელმაც ადამიანი უნდა მიიყვანოს სულიერ სიმშვიდესა და სულიერ სინათლესთან. სიდჰარტჰამ ანუ გაუტამამ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა ჭეშმარიტი გზის არჩევაში, დაიწყო წინასწარმეტყველური მოღვაწეობა მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. შემოიკრიბა თანამოაზრენი, რომელთა მეშვეობით სწრაფად ვრცელდებოდა ბუდისტური მოძღვრება. გაუტამა ბუდამ თითქმის ორმოცი წელი იქადაგა თავისი მოძღვრება. მისი სიცოცხლის დასასრულს მოძღვრებას უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი. ბუდამ ასე ქადაგებასა და ხეტიალში გაატარა უკანასკნელი წლებიც. გარდაცვალების შემდეგ კი, ინდური წესის მიხედვით, მისმა მოწაფეებმა იგი კოცონზე დაწვეს.

ბუდას შესახებ მოგვიანებით ბევრი ლეგენდა შეიქმნა. მას მიაწერდნენ სხვადასხვა არარეალურ ამბავს. გამოითქვა მოსაზრებანი, თითქოს ბუდა გამოხატავდა მზის ღმერთის მითოლოგიურ სახეს, მაგრამ ყველაზე მიღებულია შეხედულება, რომლის თანახმად, ბუდა უნდა ყოფილიყო ისტორიული პირი, თუმცა მისი ცხოვრების პერიოდის დადგენა ბევრ შეუსაბამობას შეიცავს: ერთნი ამტკიცებენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ.წ. VI ს-ში, ხოლო სხვები მისი მოღვაწეობის პერიოდს ძვ.წ. XXV ს-ს აკუთვნებენ. თუმცა ისტორიული მომენტის გათვალისწინებით პირველი თარიღი უფრო ახლოსაა სინამდვილესთან.

ბუდიზმი თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე იყო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ფილოსოფიურ-ეთიკური მიმდინარეობა. ადრეული ბუდიზმის მსოფლმხედველობა ეფუძნება ე.წ. "ოთხ ამაღლებულ ჭეშმარიტებას", რომელთა ამოცნობამაც გაანათლა სიდჰარტჰა და საფუძველი დაუდო მისი მოძღვრების საყოველთაობას. ესენია: მოძღვრება ტანჯვის შესახებ, მოძღვრება ტანჯვის მიზეზების შესახებ, მოძღვრება ტანჯვის შეწყვეტისა და მოძღვრება ტანჯვის დაძლევის შესახებ. ბუდას მოძღვრების მიხედვით, მთელი ცხოვრება ტანჯვაა: "დაბადება ტანჯვაა, - ამბობს ის, - სიბერე ტანჯვაა, ავადმყოფობა ტანჯვაა, საძულველთან შეერთება ტანჯვაა, საყვარელთან განშორება ტანჯვაა, სასურველის მიუწვდომლობაც ტანჯვაა". ტანჯვის მიზეზი ცხოვრების სურვილში დევს.

ესაა მატერიალური, გრძნობადი სამყარო, ანუ სანსარა, რომელსაც უნდა გაექცეს ადამიანი და თუ გვინდა, ეს ტანჯვა ავიცილოთ, უნდა აღვიკვეთოთ ჩვენი სურვილები, რა რიგისაც უნდა იყოს ისინი. მაგრამ რა გზით მიიღწევა სურვილების აღკვეთა, რა ძალას შეუძლია შეარყიოს ბუნებრივი მოთხოვნილებანი, დაბადებიდან რომ დაჰყვება ადამიანს? საამისოდ ბუდიზმი აყალიბებს სულიერი ხსნის რვამაგ გზას, რომელიც მიმართულია ტანჯვის შეწყვეტისკენ.

იგი მორწმუნეს მოუწოდებს, დაიცვას უბიწო შეხედულებანი და თავისი მისწრაფებით, მოქცევით, საუბრით და, საერთოდ, კეთილშობილი ყოფით დაადგეს ხსნის გზას, რომლის მწვერვალადაც ნირვანა, ანუ ადამიანური ზრუნვისა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით გამოწვეული სულიერი ნეტარება გვევლინება. ბუდიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია ის გარემოება, რომ მისი აღმსარებელი არ შეიძლება იყოს მონა - მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია იყოს ბატონი თავისი სურვილებისა, მხოლოდ შინაგანად და პიროვნულად თავისუფალ ადამიანს ძალუძს თავის მიწიერ სურვილებზე ამაღლება და მათი მოთოკვა.

ბუდისტებისათვის უმთავრესია: მართალი სიტყვა, მართალი გადაწყვეტილება, მართალი რწმენა, ცხოვრების მართალი წესი, მართალი საქმე, მართალი სწრაფვა, მართალი აზრები და მართალი ჭვრეტა - ეს არის რვა გზა, რომლის ჭეშმარიტი აღსრულებით მიაღწევს ადამიანი ნირვანას - იდეალურ მდგომარეობას, როცა სულს აღარ აწვალებს ვნებანი, ადამიანი დანთქმულია სულიერი სინათლით, ზოგადად სულიერებით, რომლის მიღწევა სულით ძლიერსა და ბრძენს ძალუძს.

ნირვანა ზუსტად არ არის განსაზღვრული თვით ინდურ მწერლობაშიც კი. ყოველ შემთხვევაში ამ მდგომარეობის აღწერა უშუალოდ ადამიანის განცდაზეა დამოკიდებული და, აქედან გამომდინარე, სავსებით ზუსტი ახსნა არ მოეპოვება. უფრო მიღებულია ის შეფასება, რომელიც ნირვანას მიიჩნევს იმ გარდაქმნის ჯაჭვის შეწყვეტად, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას უღლად ადევს სიცოცხლეში და მისი ხვედრია.

ბუდისტების მიხედვით, ადამიანი ერთი სახეობიდან გარდაიქმნება მეორე ცოცხალ არსებად - ეს იგივე სანსარაა. სიკვდილი არ ათავისუფლებს ადამიანს ტანჯვისგან, რადგან ახალი გარდაქმნისას მას თან გაჰყვება ეს ტანჯვები. ასეთი წრიდან გამოსვლა კი მას შეუძლია, ვინც მიაღწევს სულიერ განწმენდას - სინათლეს. ადამიანის გარდაცვალება, ანუ ახალ მდგომარეობაში გადასვლა, გულისხმობს მის გარდაქმნას სხვა სულიერ არსებად (შესაძლოა განსხეულება მოხდეს მცენარეშიც), ხოლო ის, ვინც ბუდისტურ ფილოსოფიას ეზიარა, ვინც შეძლებს მისი ჭეშმარიტების ზიარებას, ამ გარდაქმნას ასცდება, დარჩება ადამიანად.

მხოლოდ ამ ფორმაში მყოფ ცოცხალ არსებას შეუძლია მიაღწიოს ნირვანას მდგომარეობას. ბუდისტების მიხედვით, თავად გაუტამა დედამიწაზე ცხოვრობდა უფრო ადრე, სხვადასხვა კასტისა და პროფესიის ადამიანის რანგში, მაგრამ მან პირველმა ადამიანთაგან შეძლო გაბრწყინება-გასხივოსნება და ამდენად მას უკვე აღარ ელის ახალი დაბადება. ბუდას გარდაქმნა - ესაა უშუალოდ გადასვლა ნირვანაში.

ბუდა ადამიანის ხსნას არ იჩემებს, მხოლოდ მიუთითებს თავისი მაგალითით იმ გზის შესახებ, რომელსაც უნდა დაადგეს. იგი მაგალითია ყველა მორწმუნისათვის. სიკვდილისგან თავდახსნის გზა ნანახია - ეუბნება ბუდა თავის მოწაფეებს, - გაგიცნობიერებთ ჩემს მოძღვრებას და თუ მიჰყვებით ჩემს დადგენილებას, მალე მიაღწევთ უწმინდესი ლტოლვის დაგვირგვინებას, ამავე ცხოვრებაში შეიმეცნებთ ჭეშმარიტებას და დაუდგებით მას პირისპირ.

ბუდისტების მორალური აღთქმით, აკრძალულია ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლა, სხვისი საკუთრების მითვისება, სხვისი ცოლის შეყვარება,სიცრუის თქმა და ღვინის სმა. მაგრამ მისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს შემდეგი სრულყოფა, ასეთი აკრძალვების რიცხვი ძალზე ბევრია და ზოგჯერ მდგომარეობა უკიდურესობასაც აღწევდა (მაგალითად, არ შეიძლებოდა მიწის მოხვნა, რადგან შეიძლება მხვნელმა თავისდაუნებურად ჭიები მოკლას). საკვების რაციონიც მინიმუმამდეა შემცირებული.

ბუდისტების უმთავრესი ცნებაა ლმობიერება, რომელიც მიმართულია ყველა ცოცხალი არსებისადმი, ბოროტისადმიც კი. ავს ავით ნუ მიეგება, რადგან ამით კი არ ითრგუნება ბოროტება, არამედ უფრო ვრცელდება იგი.

ბუდისტები უარყოფენ სულის უკვდავებას. სიცოცხლის საფუძველს სული კი არა, ცალკეული დჰარმები წარმოადგენენ. დჰარმა აღნიშნავს რელიგიას, მოძღვრებას, კანონს, ჭეშმარიტებას, ხარისხს და ა.შ. მისი მახასიათებელია სულიერი თვისება, რაც ადამიანს ბევრი აქვს და იგი ამძიმებს მისი მიახლოების პროცესს ნირვანასთან. ამ ყოფიერების ბორბლიდან თავის დაღწევა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ბუდას ცნებების აღსრულებით და მისი მაგალითის მიბაძვით.

მოძღვრება დჰარმების შესახებ უმთავრესი საფუძველია ბუდისტური რელიგიისა და ფილოსოფიისა.

ბუდისტური ცხოვრების წესი მოითხოვდა ბერმონაზვნურ ცხოვრებას, იქმნებოდა კასტები, რომლებშიც არ მიიღებოდნენ მონები, ჯარისკაცები, დამნაშავენი, მევალეები, აგრეთვე ბავშვები მშობლების ნებართვის გარეშე. წესი ძალზე მკაცრი იყო. ორგანიზაციის წევრს აკრძალული ჰქონდა კერძო საკუთრების გაჩენა, თავს ირჩენდა მათხოვრობით. დღეში ერთხელ მზის ჩასვლისას ჭამდა და სხვ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრ ბუდისტს არ შეეძლო ყველა აკრძალვა შეესრულებინა. ასეთებისთვის სავალდებულო იყო ხუთი ძირითადი მცნების შესრულება. დიდი აკრძალვების განხორციელება შეეძლოთ მხოლოდ განსაკუთრებული ნებისყოფის მქონეთ.

ბუდიზმის გავრცელებას ხელი შეუწყო იმ დროს ინდოეთში არსებულმა სოციალურმა პირობებმა. ბუდიზმი პასუხობდა დაბალი ფენის ინტერესებს და მიმართული იყო ბრაჰმანული არისტოკრატიის წინააღმდეგ. თავის მხრივ ბრაჰმანები ეწინააღმდეგებოდნენ ახალი რელიგიის დამკვიდრებას, მაგრამ ამან არათუ შეასუსტა, არამედ გააძლიერა ბუდისტური მოძრაობა.

ძვ.წ. III ს-ში ბუდისტური რელიგია ინდოეთის დიდ ნაწილში გაბატონდა, რასაც ხელი შეუწყო მაგადჰას სახელმწიფოს გაძლიერებამ, განსაკუთრებით მაურთა დინასტიის მეფობის დროს. ისინი წარმომავლობით ეკუთვნოდნენ დაბალ კასტას და დიდგვაროვან ბრაჰმანებს უპირისპირდებოდნენ. მათ ხელში ბუდიზმი საუკეთესო იარაღი შეიქნა ბრაჰმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ბუდისტების თემი ცხოვრობდა მონასტრებში და ამასთანავე, აგებდნენ საცავებს წმინდა რელიკვიათა დასაცავად.

ჩვენს ერამდე III ს-ში ბუდიზმი გავრცელდა შრი-ლანკაში, მოგვიანებით ინდოჩინეთში, ინდონეზიაში, შუა აზიასა და ჩინეთში. აღმავლობას განიცდის ბუდიზმი I-II საუკუნეებში, უცხოური წარმოშობის კუშანების სამეფო დინასტიის დროს, რომელნიც მტრულად იყვნენ განწყობილი ბრაჰმანებისადმი და ბუდიზმში დასაყრდენს ხედავდნენ.

როგორც რელიგიათა უმეტესობაში ხდება, ბუდიზმის განვითარების მომდევნო ეტაპზე ბუდისტური მოძღვრების ნიადაგზე მოხდა განხეთქილება, რაც ძირითადად შეეხებოდა დოგმატისა და სარიტუალო ჩვეულებათა ჩამოყალიბების სხვადასხვა ასპექტს. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა 30-მდე სექტა. დიდი განხეთქილება მოხდა I საუკუნეში, როდესაც ბუდიზმი გაიყო ორ ძირითად მიმდინარეობად: ჰინაიანად (პატარა ეტლი) - ხსნის ვიწრო გზა და მაჰაიანად (დიდი ეტლი) - ხსნის ფართო გზა. ჰინაიანელები თვლიდნენ, რომ ნირვანის მიღწევა მხოლოდ ბერული ცხოვრებითაა შესაძლებელი, რაც გამოიხატება ასკეტიზმითა და დოგმატის მკაცრი დაცვით. ბუდას ისინი მიიჩნევენ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც მოძღვარს. პატივს მიაგებენ ადგილებს, რომელნიც ბუდას ცხოვრებას უკავშირდება და იმ ნაგებობებს, სადაც ბუდისტური რელიკვიები ინახება.

მაჰაიანას ფუძემდებლად ითვლება სამხრეთინდოელი, ბრაჰმანთა კასტის წარმომადგენელი ნაგარჯუნა (I საუკუნე). მისი მოძღვრებით ნირვანას მიღწევა ასკეტური გზით ყველას არ შეუძლია და ფართო მასებისთვის იგი დაუძლეველი რჩება. მორწმუნისთვის კი აუცილებელია ღმერთი, რომელიც ახლო და მისაწვდომი იქნება მისთვის, დაიცავს მის მცნებებს და კანონებს ისე, რომ რიტუალის აღსრულებისას განსაკუთრებულ სიძნელეს არ წააწყდეს.

ინდოეთის განვითარებული ვაჭრობის შედეგად ბუდიზმმა მრავალ ქვეყანაში შეაღწია. შრი-ლანკას შემდეგ გავრცელდა ბირმასა და სიამში, ინდონეზიაში, ჩინეთიდან ბუდიზმი გავრცელდა კორეაში, იქიდან კი იაპონიაში. ბუდიზმმა ახალი მიმართულება შეიძინა ტიბეტში, სადაც გაიშალა დიდი სამონასტრო საქმიანობა, ხოლო თავად მოძღვრებამ მიიღო ტანტრიზმის სახელი. ტანტრიზმში ფაქტობრივად ძალზე მცირე დარჩა ორთოდოქსული ბუდისტური მოძღვრებიდან. შეიცვალა მისი ფილოსოფიური, ეთიკური საფუძველი, რომლის ძირითადი შემოქმედნი არიან ტიბეტელი ლამები.

ტიბეტიდან ბუდიზმის ეს ნაირსახეობა გავრცელდა მონღოლეთში, შემდგომ ყალმუხეთსა და ბურიატიაში. ჩრდილოური ბუდიზმისათვის ე.წ. "აღთქმულ ქვეყანას" წარმოადგენს ტიბეტი, ხოლო ლხასა - წმინდა ქალაქს, სადაც განუწყვეტლივ მიემართებიან მლოცველები. ქალაქის უმრავლესობას ბერები შეადგენენ, ტიბეტური ენა მათთვის წმინდა ენაა, რომელზეც იწერება წიგნები და განისწავლებიან სასულიერო პირნი.

ამჟამად ბუდისტური რელიგია დიდ როლს ასრულებს ინდოჩინეთის ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიეტნამში მისდევენ ჩინეთიდან შემოსულ მაჰაიანურ მიმდინარეობას, დანარჩენ ქვეყნებში გავრცელებულია ჰინაიანისტური ბუდიზმი. ბირმაში, კამბოჯასა და ლაოსში ბუდიზმი აღიარებულია სახელმწიფო რელიგიად, ტაილანდში კი მეფე ითვლება ბუდისტური ეკლესიის მეთაურად. ამ ქვეყნის ყველა მამაკაცი ვალდებულია, 4 თვის განმავლობაში ისმენდეს მოძღვრების კურსს მონასტერში, რისთვისაც მას სახელმწიფო ეხმარება და უხდის ოთხთვიანი შვებულების გასამრჯელოს.

1950 წელს შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოში შეიქმნა მსოფლიო ბუდისტთა საძმო, რომლის რეზიდენციად აირჩიეს რანგუნი (ბირმა), შემდეგ კი ბანგკოკი (ტაილანდი).

ბუდიზმმა თავისი გამორჩეული კულტურა ან მისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიტანა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მის აღმსარებლობას მისდევდნენ. ბუდისტური კულტურა - ესაა ორიგინალური არქიტექტურა, სკულპტურა, ფერწერა, ლიტერატურა და ფილოსოფია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ინდოეთში კლდეში გამოკვეთილი ტაძრები, ე.წ. პაგოდები, სუბურგანები და ჩორტონები. ბუდიზმმა წარმოქმნა ქვის გრანდიოზული საკურთხევლები და სატაძრო ანსამბლები, უდიდესი სამონასტრო კომპლექსები, ლამაისტური ტაძრები და ბოლოს, ბუდას მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ქანდაკებანი, რომელნიც მუდამ აოცებენ ადამიანს თავიანთი მასშტაბურობით, შესრულების ხარისხითა და გამომსახველობით.

ელდარ ნადირაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#1