ქართლის სანახები სამთავისიდან ყინწვისამდე... - კვირის პალიტრა

ქართლის სანახები სამთავისიდან ყინწვისამდე...

საქართველოში დღითი დღე იზრდება ტურისტთა რიცხვი. ამ ტენდენციას ჩვენი ჟურნალიც ეხმაურება. როგორც ცნობილია, ტურიზმის სხვადასხვა სახეობა არსებობს.

მათ შორის კი რელიგიურ (მომლოცველობას) და ისტორიულ ტურიზმს მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავია.

რუბრიკა "ისტორიული ტურიზმი" მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის მარშრუტებზე, რათა ამით გავუადვილოთ ტურისტებს მოგზაურობა და დასვენება.

ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ერთ ან ორდღიან მარშრუტებზე, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ოჯახს თავად დაგეგმოს დასვენების დღეები.

სამთავისი

სამთავისი XI საუკუნის ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს მდინარე ლეხურის მარცხენა სანაპიროზე, კასპიდან 11 კილომეტრზე. ტაძრის აგებას VI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. სამთავისი ერთ-ერთი ასურელი მამის, ისიდორეს სავანედ არის მიჩნეული. ამრიგად, სხვა წყაროები სავანის უფრო ადრინდელ არსებობაზეც მეტყველებენ. მის აშენებას 472 წელს მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერენ.

სამთავისის ძველი ტაძრის ნაშთები არქეოლოგებმა უკანასკნელ წლებში აღმოაჩინეს, მთავარი ტაძრის სამხრეთით მიმდინარე გათხრებისას.

სამთავისის ტაძრის აშენების ზუსტ მონაცემებს იძლევა სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც დასავლეთის კარის ზემოთაა ამოტვიფრული. წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აუშენებია სამთავისელ ეპისკოპოსს, ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩელს, ანუ ილარიონ სამთავნელს 1030 წელს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ილარიონ სამთავნელი თავად იყო ამ ტაძრის ხუროთმოძღვარი. საქართველოს მეფის გიორგი III-ს მეფობისას იოანე სამთავნელს ტაძრისათვის კარიბჭე მიუდგამს. XII საუკუნის I ნახევრიდან XIII საუკუნის I ნახევრამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცეს ანტონ ეპისკოპოსს. XIV საუკუნის I ნახევრიდან - გიორგი V ბრწყინვალეს მეფობის პერიოდში სამთავისი ზედგინიძე-ამილახვრებს ებოძათ.

XV საუკუნეში სამთავისის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი და ა.შ.

XVI საუკუნეში ადგილობრივმა ფეოდალებმა, ამილახვრებმა იგი განაახლეს, ფაქტობრივად, ხელმეორედ ააშენეს. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერა გვაუწყებს, რომ ძეგლი მეორედ აუშენებიათ სიაოშ და გაიანე ამილახვრებს. გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ს და და ამირინდო ზედგინიძე-ამილახვრის მეუღლე იყო, ხოლო სიაოში მათი ვაჟიშვილი. ტაძრის ინტერიერში ბურჯებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ ხელახალი მოხატვისას ქტიტორები ყოფილან – გივი ამილახვარი და მისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი მელიტონ სამთავნელი.

სახლი,სადაც სტალინი დაიბადა

ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთის კედელი XIX საუკუნეში შეკეთებისას ამოუშენებიათ. ჯვრის ზედა მარცხენა მხარეს ასომთავრული წარწერაა: "ქ"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას უკუნისამდე". ქვემოთ კი ვკითხულობთ "ქ"ხატო ღვთაებისაო შეიწყალე სული ილარიონისა ძისა ვაჩე ყანჩელისი".

alt

კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი წარწერა იკითხება: "ქ"ხატო ღმრთაებისაო ადიდე შენ მიერ დამყარებული ძლიერი და უძლეველი ღმრთივ გვირგვინოსანი ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე გიორგი მე იოანე სამთავნელმან მეფობისა მათისამან აღვაშენე კარიბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა (ინ)დიქტიონსა მეფობისა მათისასა იბ, ქორონიკონი იყო ტპჰ".

წარწერის მიხედვით, 1168 წელს სამთავნელ ეპისკოპოსს იოანეს ტაძრისათვის კარიბჭე მიუშენებია, მაგრამ მას ჩვენამდე არ მოუღწევია. მარცხენა სარკმლის ზემოთ წერია: "ჰოი დიდისა ამოლახორისა თანმეცხედრესა მეფეთ მეფისა ასულისა მეორედ აღმაშენებელსა გაიანეს შეუნდვეს ღმერთმან ამინ". ეს წარწერა XV საუკუნის 70-იანი წლებით თარიღდება.

იქვე წერია: "წ"ხატო ღმრთაებისაო მეოხ ექმენ მეორედა აღმშენებლისა შვილისა სიაოშისა ამინ უფალო ღმერთო". ეს უკანასკნელი კი შესრულებული უნდა იყოს XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის დამდეგს. სამთავისის ტაძრის მრავალგვერდა გალავანი XVII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. აშენებულია რიყის ქვითა და შიგადაშიგ აგურით. გალავანს ორი ჭიშკარი აქვს - დასავლეთით და ჩრდილოეთით. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამთავნელ ეპისკოპოსთა სასახლის ნაშთები და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

გორის ციხე

ისტორიული ციხესიმაგრე მდებარეობს ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ციხესიმაგრე დასავლეთით გრძელდებოდა მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი დასახლება ყოფილა. სწორედ ქალაქ გორის სახელწოდება წარმოდგება გორის ციხისაგან, რომელიც "ტონთიოს" სახელითაცაა ცნობილი.

არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ I ათასწლეულის უკანასკნელ მესამედში გორი წარმოადგენდა უკვე კარგად დასახლებულ ადგილს, რომელსაც ჰქონდა გამაგრებული გალავანი.

ქალაქი გორი გაამაგრა და აღადგინა დავით აღმაშენებელმა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავით აღმაშენებელმა აქ ვაჭარ-ხელოსნები ჩაასახლა და გორი სამეფო ქალაქად აქცია. მას განაგებდა ქალაქის მოურავი.

გორის ციხე

გორის ციხე წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.

საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. XIII საუკუნეში ჩრდილოკავკასიელმა ოსებმა გორს სერიოზული ზარალი მიაყენეს. მათ გადაწვეს ქალაქი, ხოლო ციხე დაანგრიეს. მათი განდევნა მოხერხდა XIV საუკუნის 20-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალეს დროს.

XVI საუკუნის 80-იან წლებში ქალაქს ოსმალები დაეპატრონნენ და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს.

1614 წელს გორი შაჰ-აბასს ეპყრა.

XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფემ გორის ციხე-ქალაქი საფუძვლიანად შეაკეთა და იქვე აიშენა სასახლეც.

XVIII საუკუნის I ნახევარში გორი ოსმალებისა და სპარსელების გარემოცვაში აღმოჩნდა. ნადირ-შაჰის ბრძანებით ციხის ძირითადი ნაწილი დაანგრიეს.

დღევანდელი სახე გორის ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას – აქ რუსთა არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. იგი ტფილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქად იქცა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.

ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში კი თლილი ქვაა გამოყენებული. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი - "ცხრაკარა" ეკვრის. სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია.

ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხრეთ კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანის კამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.

გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

ქალაქ გორში სხვა ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად ტურისტთა ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს საბჭოთა კავშირის პარტიული და სახელმწიფო მოღვაწის იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) სახლ-მუზეუმი. სტალინი დაიბადა 1879 წელს ქალაქ გორში. სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა იოსებ ჯუღაშვილმა, 1937 წელს აღადგინეს და საგანგებო პავილიონში მოაქციეს.

1957 წელს ერთსართულიანი მუზეუმის შენობის ადგილას აიგო თანამედროვე ორსართულიანი შენობა, რომელშიც 6 საგამოფენო დარბაზია მოწყობილი. მათში განლაგებულია სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები.

ურბნისი

სოფელი ურბნისი მდებარეობს ქარელიდან 10 კმ-ში. სოფელში შემორჩენილია ურბნისის სიონის სამნავიანი ბაზილიკა. მდინარე მტკვრის ნაპირზე კი არქეოლოგებმა უძველესი ნაქალაქარი აღმოაჩინეს, სადაც მიაკვლიეს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხებს, გალავანს (რომელიც თარიღდება ძვ. წ. IV-III - ახ. წ. VII სს-ით), აბანოს (III ს.), მარანს (VI-VII სს.), წყალსადენს, სამეურნეო წყლის არხებსა და გვირაბს.

ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. ურბნისის არქეოლოგიური აღმოჩენებით დადგინდა ადამიანთა დასახლების კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან (ქვაცხელები, ხიზანაანთგორა). სავარაუდოა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულიდან სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად აქ წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც ქალაქის პირველსახეს წარმოადგენს.

ურბნისის სიონი

ძვ. წ. IV საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ამ დროისათვის, ურბნისზე გამავალი სავაჭრო გზების წყალობით იგი მჭიდროდ უკავშირდებოდა გარე სამყაროს. დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნეში ურბნისი უცხო დამპყრობლებს გადაუწვავთ. ახ. წ. I საუკუნიდან დაიწყო ურბნისის აღორძინება. ქალაქი ეწეოდა აქტიურ ვაჭრობას, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უამრავი უცხო წარმოების საქონელი და მონეტები.

ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი. მოქმედებდა როგორც წარმართული, ასევე ებრაელთა ტაძრები. ქალაქი მარაგდებოდა სასმელი და სამეურნეო წყლით. ქალაქში იყო აბანო. ურბნისს გარს ეკრა მტკიცე გალავანი.

VIII საუკუნის 30-იან წლებში ურბნისი მნიშვნელოვნად მოარბია მურვან-ყრუს ლაშქრობამ. ამის შემდგომ ურბნისი ქალაქად აღარ მოიხსენიებოდა. დარჩა მხოლოდ საეპისკოპისო რეზიდენცია, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება.

ურბნისის მნიშვნელობაზე მეტყველებს დავით აღმაშენებლის მიერ 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

ურბნისის სიონი

სოფელ ურბნისის ტაძარი V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკაა. ურბნისის სიონი დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძრის დამაარსებლად მიიჩნევენ ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, თადეოზ ურბნელს. ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულა, მერე კი სალოცავად და სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში.

VIII საუკუნის 30-იან წლებში ურბნისი არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. ამ ცნობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალების შედეგად აღმოჩენილი დანგრეული სახლები, გადაბუგული გალავან-კოშკები და ა.შ. დარბევის შემდგომ ურბნისმა, როგორც განვითარებულმა ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და რიგით სოფლად იქცა.

XIV საუკუნეში მონღოლთა მიერ, ხოლო მოგვიანებით – XVII საუკუნეში შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ურბნისი 1568 წელს სიმონ მეფემ აღადგინა, ხოლო 1668 წელს მარიამ დედოფალმა განაახლა. ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდ ბაზილიკათა რიგს მიეკუთვნება.

რუისი

რუისის ისტორიული ძეგლი მდებარეობს ქარელიდან 5 კმ-ში, გორი-ხაშურის საავტომობილო გზაზე. სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა "რუ"-დან. ფეოდალურ ხანაში აქ საეპისკოპოსო კათედრაა. რუისის ეპისკოპოსი მროველი 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახელებული.

რუისს უკავშირდება ფეოდალური ხანის საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. ასე, მაგალითად: 1. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1183 წწ.). 2. 1104 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება - "სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთა საეპისკოპოსთა რუისისა და ურბნისისათა".

კრებამ სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები – გადააყენა უღირსი სასულიერო პირები, რომელთაც თანამდებობა მემკვიდრეობით ერგოთ. დაამტკიცა სასულიერო ფენის ხელდასხმის წესი, დააკანონა გვირგვინის კურთხევის წესი და სხვა მრავალი. კრებამ მიიღო მთავარი დოკუმენტი "ძეგლისწერაO რუის-ურბნისის კრებისაO".

რუისის საკათედრო ტაძარი

რუისის საეპისკოპოსო ფეოდალური ხანის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს.), ლეონტი მროველი (XI ს.), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ.) და სხვ. აქ იყო აგრეთვე წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა უამრავი ხელნაწერი. უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის რუისის სახარება.

რუისის ჩრდილოეთით – სასაფლაოზე დგას კვირაცხოვლის ეკლესია, რომელიც თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია.

რუისის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრშია აგრეთვე არქეოლოგიური ძეგლი-ნასოფლარი, რომელიც მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას.

ღვთისმშობლის ეკლესია რუისის ცენტრში დგას.

გადმოცემით, რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. თავდაპირველ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე ნაშენი ფენა. უძველესია VIII-IX საუკუნეების. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს კარიბჭესთან არსებული ორსტრიქონიანი წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ".

წარწერის ბოლოში კი მიწერილია "მარიამ დედოფლისა" (სავარაუდოა ბაგრატ IV-ს დედა). საეპისკოპოსო კათედრალს დიდ დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალი.

თემურ-ლენგის შემოსევებს ტაძარი ძალიან დაუზიანებია. იგი ალექსანდრე I-ს აღუდგენია. შემდგომ ტაძარი ხელახლა აღადგინეს - XVI საუკუნეში მროველმა ეპისკოპოსმა დიონისე ლარაძემ, ხოლო XVIII საუკუნეში როსტომ მეფის მეუღლემ მარიამ დედოფალმა. ამ პერიოდში საეპისკოპოსო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა.

1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა.

სამწევრისი

სამწევრისის ციხე-დარბაზი მდებარეობს სოფლის დასავლეთით შემაღლებულ ადგილზე. კომპლექსში ერთიანდება: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, სასახლე და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. დიდი კოშკი მომრგვალებული ფორმის ნატეხი ქვით ნაგები ძეგლია. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ სამი სართული, რომელსაც შემორჩენილი აქვს სათავსები, სათოფურები და საბრძოლო ხვრელები.

ეკლესია მდებარეობს ციხე-დარბაზის განაპირას, დასავლეთით. პირველი ფენა თარიღდება ადრეული ფეოდალური ხანით, ხოლო მეორე - XVI-XVII საუკუნეებით.

გალავანი, სასახლე და სხვა ფრაგმენტები თარიღდება XV-XVII საუკუნეებით.

სამწევრისის ეკლესია

სამწევრისის ეკლესია

სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს მდინარე ძამის მარცხენა სანაპიროზე. იგი თარიღდება VII საუკუნის I მესამედით.

ძეგლი მნიშვნელოვნად დააზიანა 1940 წლის მიწისძვრამ. ტაძარზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი X საუკუნისაა და გვაუწყებს სამწევრისში არხის გაყვანას. მეორე წარწერა უშუალოდ ტაძარს ეხება: "მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდეს ღმერთმან.

ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდეს ღმერთმან". XV-XVIII საუკუნეებში ამ ადგილებს ფლობდნენ ფანასკერტელ-ციციშვილები. წარწერაში იხსენიება ზედამდეგი საბა, რომელიც ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა. ეკლესია შეუკეთებია და უკურთხებია წმინდა გიორგის სახელზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია.

ყინწვისი

ყინწვისის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, ხეობაში.

ყინწვისის კომპლექსში შედის: წმინდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი და კოშკი-სამრეკლო.

ყინწვისის კომპლექსი დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველი, გალავნის ნაშთი და კოშკი-სამრეკლოს ორი სართულის კედლები. ჩვენამდე მოღწეულია წმინდა ნიკოლოზისა და მცირე ეკლესიები.

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი თარიღდება XII-XIII საუკუნის მიჯნით. ტაძრის მოხატულობა XIII საუკუნეში თამარ მეფის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთითაა შესრულებული. ქტიტორი მოხსენიებულია სამხრეთით საკმაოდ დაზიანებულ კედლის წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანთა ვინაობას გადმოგვცემს ასომთავრული წარწერები. ვხვდებით აგრეთვე ბერძნულ მინაწერებსაც. კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში.

ყინწვისი

გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი, ხოლო ქვემოთ სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა იკონოგრაფიული რედაქციით.

ორივე მკლავის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით მეფე გიორგი III, თამარი და უფლისწული ლაშა-გიორგი. სამხრეთით მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში წმინდა ნიკოლოზის წინაშე დგას, ეს უკანასკნელი მარჯვენით აკურთხებს ყინწვისის ტაძარს.

თამარის დროს სამეფო კარზე სამი მწიგნობართუხუცესი უნდა ყოფილიყო. სწორედ მათ შორისაა ანტონ გლონისთავისძე, რომელიც ყინწვისის მოხატულობაშია გამოსახული. შესაძლოა, იგი მხატვარიც ყოფილიყო.

ყინწვისის ტაძრის მოხატულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული და საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.

ტაძრის ტრადიციული საშენი მასალაა აგური.

XV საუკუნის 60-იან წლებში, ზაზა ფანასკერტელის მოღვაწეობის პერიოდში, ყინწვისის ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ზაზა ფანასკერტელის მიერ მიშენებულ სადგომში ქტიტორის გამოსახულებაა, რომელსაც ანტონ გლონისთავისძის მსგავსად მარცხენა ხელში უჭირავს ეკლესიის გამოსახულება და მიმართულია აღმოსავლეთით კურთხევის პოზით.

ქვემოთ მიწერილია "ფანასკერტელი ზაზა". საგულვებელია, რომ სწორედ ამ ეკვდერის ქვეშ უნდა განისვენებდეს ზაზა ფანასკერტელი. ფრესკაზე ქტიტორს უჭირავს ტაძრის მოდელი ისე, რომ ჩანს მის მიერ მიშენებული ეკვდერი. ეკვდერის მოხატულობა, სავარაუდოა, ირანში მცხოვრებ, მსოფლიოში განთქმულ მხატვარს, ზაზა ფანასკერტელის ვაჟს, სიაუშ ბეგს ეკუთვნოდეს.

ყინწვისის კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. დგას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით და თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. იგი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი.

ყინწვისის კომპლექსში შემავალი მცირე ეკლესია დგას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთით. იგი დარბაზული ნაგებობაა და მიეკუთვნება გვიან ფეოდალურ ხანას.

ყინწვისის კომპლექსში შემავალი მაცხოვრის ეკლესია დგას სოფლის განაპირას და განეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა.

ციციშვილების სასახლე

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სამოსახლოს ნანგრევები შემორჩენილია სოფელ ორთუბანში. ამ ადგილს ძველად "ზოვრეთს-მძოვრეთს" უწოდებდნენ. აქ არსებული ციხე სამხრეთ საქართველოდან შიდა ქართლში გადმომავალ გზებს აკონტროლებდა. ფანასკერტელ-ციციშვილების მდინარე ძამის ხეობაში დამკვიდრების შემდეგ, ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად იქცა. ფანასკერტელთა საგვარეულო ძველ ქართულ წერილობით წყაროებშია მოხსენიებული. ისინი ტაოში ცხოვრობდნენ და ფანასკერტის ციხეს განაგებდნენ.

მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც საქართველო ოსმალთა დაპირისპირების წინაშე იდგა, სამცხის მთავრები ყვარყვარე II და ყვარყვარე III განუდგნენ სამშობლოს და მტრის მხარე დაიჭირეს. ზაზა ფანასკერტელი საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. კონსტანტინე მეფე სიამაყით აცხადებდა, რომ ზაზა ფანასკერტელს შავშეთის მკვიდრი მამული მიუტოვებია და სამეფო კარის "საერთგულოდ" შიდა ქართლში მოვიდაო. მას სამეფო კარმა სხვა მრავალ ძღვენთან ერთად გადასცა ძამის ხეობა თავისი სოფლებით და უბოძა სამეფო ვაზირის - "მეჭურჭლეთუხუცესის" საპატიო ტიტული.

ციციშვილების სასახლე სამწევრისში

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა ჩაუყარა საფუძველი შიდა ქართლში ახალ საფეოდალოს – საციციანოს და ციციშვილთა საგვარეულოს. ამ სამთავროში გადმოსვლის შემდეგ იგი ფანასკერტელ-ციციშვილად იწოდებოდა და აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. აღადგინა და განაახლა ოსმალთაგან დანგრეული ძამის ციხე და ყინწვისის ტაძარი. მან ააგო ძამისა და მტკვრის შესართავთან სამწევრისის, ანუ ციციშვილების ციხე. ყინწვისის მონასტერი გადაიქცა წერა-კითხვის გამავრცელებელ და საგანმანათლებლო კერად. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი იწოდებოდა "მკურნალად" და "ბრძენთაბრძენად".

დიდია ზაზა ფანასკერტელის ღვაწლი მედიცინაში. მას ეკუთვნის თეორიული და პრაქტიკული შრომის შესანიშნავი ნიმუში "სამკურნალო წიგნი - კარაბადინი". მის სახელს უკავშირდება ასევე აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა. ზაზა ფანასკერტელმა გადააწერინა იოანე ოქროპირის "სწავლანი".

ტურისტული მარშრუტი:

თბილისი - სამთავისი - გორი -

ურბნისი - რუისი - სამწევრისი -

ორთუბანი - ყინწვისი.

მარშრუტის ხანგრძლივობა - 1 დღე.

მარშრუტის სავარაუდო კილომეტრაჟი - 222 კმ.

უფრო კონკრეტულად:

თბილისი-სამთავისი – 40 კმ.

თბილისი-გორი – 65 კმ.

თბილისი-ურბნისი – 80 კმ.

თბილისი-რუისი – 84 კმ.

თბილისი-სამწევრისი – 95 კმ.

თბილისი-ორთუბანი – 105 კმ.

თბილისი-ყინწვისი – 111 კმ.

ნინო მძელიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#1