ქართველ მეფეთა ხელრთვანი - კვირის პალიტრა

ქართველ მეფეთა ხელრთვანი

თამარ მეფემ თორმეტ გელათელ მწირს მუდმივ საზრდოდ ჭორვილა გაუჩინა

ხელრთვა, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ხელმოწერას, იმავე ავტოგრაფს ნიშნავს, დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ისტორიული საბუთის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა. ხელრთვები ეკუთვნოდათ გამოჩენილ ისტორიულ პირებს, რომელთა პირადი ხელმოწერის ან წერილობითი დასტურის გარეშე ნებისმიერი დოკუმენტი დაკარგავდა იურიდიულ-სამართლებრივ მნიშვნელობას და უბრალო, ფარატინა ქაღალდად იქცეოდა.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორ მაია შაორშაძეს.

- ქალბატონო მაია, ადრეულ საუკუნეებში სად ინახებოდა საარქივო მასალები და როგორ მოაღწია ჩვენამდე?

- წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართული საბუთების რაოდენობა მეტად დიდი უნდა ყოფილიყო. მეფეებს, კათოლიკოსებს, ეპისკოპოსებს, დიდ ფეოდალებს, ერისთავებს ჰყავდათ თავიანთი მწიგნობრები და მწიგნობართუხუცესები. საბუთები ინახებოდა სამეფო, საკათალიკოსო, ფეოდალთა საგვარეულო არქივებში, რომლებიც საქართველოში VI საუკუნიდან დასტურდება და რომლებიც განადგურდა მტრების თარეშისა თუ სხვა მიზეზების შედეგად. უკანასკნელად, ქართული არქივები I მსოფლიო ომის დროს განადგურდა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი ევაკუაციისას.

- ძველი ქართული დოკუმენტების გამოცემაზე არაერთი ცნობილი ქართველი მეცნიერი მუშაობდა.

- ქართული დოკუმენტები სხვადასხვა დროს გამოსცეს გამოჩენილმა მეცნიერებმა: მარი ბროსემ, დიმიტრი ბაქრაძემ, ალექსანდრე ხახანაშვილმა, თედო ჟორდანიამ, ექვთიმე თაყაიშვილმა, სარგის კაკაბაძემ, პავლე ინგოროყვამ, ნიკო ბერძენიშვილმა, ქრისტინე შარაშიძემ, ისიდორე დოლიძემ, ალექსანდრე ცაგარელმა და სხვებმა. ივანე ჯავახიშვილმა ქართული საბუთების კვლევას ცალკე ნაშრომიც მიუძღვნა ("ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა").

- რომელი საუკუნიდან გვხვდება ქართველ მეფეთა ხელრთვები და როგორ განმარტავთ ტერმინს "ხელრთვა"?

- ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებზე მოთავსებულ ქართველ წმინდა მეფეთა ხელრთვებს XI საუკუნიდან ვხვდებით. საბუთს ბოლოში ეწერებოდა თარიღი და დამწერის ვინაობა. როცა საბუთს მისი გამცემი ხელს აწერდა და ამტკიცებდა, ამას ეწოდებოდა "ხელის ჩართვა" ანუ "ხელრთვა" (ავტოგრაფი). მეფის ხელს "საუფლოი ხელი" ეწოდებოდა.

შედარებით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი XI-XIII საუკუნეების მეფეთა ხელრთვები, ხოლო XIV-XVIII საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ავტოგრაფიული ხელრთვები დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

წმინდანად შერაცხილი მეფეებიდან ჩვენ მოგვეპოვება მხოლოდ დავით აღმაშენებლის (ფოტონეგატივი), თამარ მეფის, ლუარსაბ II-ისა და სოლომონ II-ის ხელრთვები.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დამტკიცება და ხელრთვა შემონახულია ორ ძველ ქართულ წერილობით ძეგლზე - დავით აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე.

დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი. სინას მთა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი

- გავახსენოთ მკითხველს შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ საბუთზე დავით აღმაშენებლის ხელრთვის ისტორია.

- 1124 წელს, შირვანში ლაშქრობის წინ, მეფე დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მონასტერი და წმინდა შიოს საფლავი მოილოცა. მან შეწევნა სთხოვა "წმიდასა მამასა შიოს" და არსენი ბერისა და თავისი სულიერი მოძღვრის, იოვანე ბერის რჩევითა და თხოვნით, მონასტერს ახალი წესდება (ტიპიკონი) განუწესა, დაუმორჩილა უშუალოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, განუახლა ძველი შეწირულობები და შესწირა დიდძალი ქონება. ამ ფაქტის აღსანიშნავად შეიქმნა მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც ანდერძი ეწოდება. საბუთი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ მისი ტექსტი იწყება და მთავრდება მეფის ხელით დაწერილი სიტყვებით, რომლებიც მხედრულითაა შესრულებული, დანარჩენი ტექსტი კი დაწერილია ნუსხა-ხუცურით.

ეს საბუთი ჯერ შიო-მღვიმის მონასტერში, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში და ბოლოს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახებოდა, მაგრამ 1919 წელს დედანი განადგურდა ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზვნისას, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის პირობებში. გადარჩა მხოლოდ საბუთის მცირე ნაწილი, რომელიც 1923 წელს საგანგებოდ მივლინებულმა პროფესორმა სარგის კაკაბაძემ სამშობლოში დააბრუნა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. რადგან ეს ნაფლეთი დედნის შუა ნაწილს შეადგენს, ბუნებრივია, მასზე წმინდანი მეფის ხელრთვა ვერ მოხვდებოდა. საბედნიეროდ, საქართველოს სიძველეთსაცავებში აღმოჩნდა სამეცნიერო ღირებულებით არანაკლებ ძვირფასი შიომღვიმის ანდერძის ფოტონეგატივები.

1) საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკაში 1973 წელს აღმოჩნდა რამდენიმე ქართული ისტორიული საბუთის ფოტონეგატივი. მათ შორისაა დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი. ეს ფოტოები ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას შეუკვეთავს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილისთვის, თუმცა ვეღარ გამოუქვეყნებია. ნეგატივზე აღმოჩნდა ტექსტის მხოლოდ ორი მესამედი, მასში მოხვდა წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხელით დაწერილი ბოლო სტრიქონი, რომელიც მეფის ხელრთვასაც შეიცავს.

2) 1880 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელს, მღვდელ იოსებ ახალშენაშვილს, სხვა დამწერლობის ნიმუშებთან ერთად, გასანთლულ ქაღალდზე გადაუღია დავით აღმაშენებლის ანდერძის პირველი და ბოლო სტრიქონების პალეოგრაფიული ასლები. ეს მასალა ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გაირკვა, რომ პირველ სტრიქონში წერია: [ქ. თავსმდებო]ბითა ღ(მრ)თისაითა მე, დ(ავი)თს მიწყიეს. ბოლო სტრიქონში წერია: ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დ(ა)ამტკიცე, მტკიცედა უქციე.

მეორე ხელრთვა წმინდა დავით აღმაშენებელისა მიკვლეულია სინას მთის მონასტრის სამოციქულოზე.

- რამდენი საბუთი მოიპოვება თამარ მეფის ხელრთვით?

- თამარ მეფის ხელრთვა არის სიგელზე თამარ მეფისა გელათის მონასტრისთვის (1187 წ.), დაწერილზე ჭიაბერ ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი (1189 წ.) და სიგელზე თამარ მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1196 წ.).

1189 წელს მანდატურთუხუცეს ჭიაბერის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი დაწერილი სიგელის თავში მეფე თამარის ხელრთვაა

თამარ მეფის სიგელი გელათისადმი ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, მაგრამ დედანი დაზიანებულია. ეს საბუთიც, სხვა დაზიანებულ საბუთებთან ერთად, გადარჩენილი და დაბრუნებულია საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან 1923 წელს. საბუთის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - "არგუეთში ჭორვილაი"... საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათოლიკოსი თევდორე და სხვ. თუმცა ყველა დამტკიცება დაზიანების გამო მოღწეული არ არის. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა: მოვიყვანთ მის ბოლო ნაწილს: ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა".

თამარ მეფის ხელრთვა

თამარ მეფის ორსტრიქონიანი ხელრთვა ახლავს ჭიაბერის დაწერილს შიომღვიმის მონასტრისადმი. საბუთი თარიღდება 1189 წლით, რადგან ჭიაბერს ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ წელს შეიძლება ჰქონოდა, რადგან მანამადე ამირსპასალარი იყო გამრეკელი თორელი, ხოლო ამის შემდეგ ზაქარია მხარგრძელი, რომელიც მანდატურთუხუცესიც გახდა.

ჭიაბერი ამ საბუთში მეფეს სთხოვს ჟინოვანის მკვიდრი გლეხები (იგულისხმება თანამედროვე ჟინვალი და მისი შემოგარენი, რომელიც სამეფო საკუთრება იყო და ჭიაბერს დროებით საკუთრებაში ჰქონდა), თავისი სახლითა და მამულით შიომღვიმეს შესწიროს, რისთვისაც ისინი ყოველ წელს მონასტერს თხუთმეტ ლიტრა ცვილს მისცემდნენ.

თამარ მეფის ხელრთვა აღნიშნულ საბუთზე შემდეგია: ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან / შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა.

მესამე ხელრთვა წმინდა თამარ მეფისა მოიპოვება შიომღვიმის სხალტბურ სიგელზე. საბუთი გაცემულია 1196 წელს. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს წყალი გამოუყვანია სოფელ სხალტბიდან, ამ წყლის სათავესთან სამეფო გლეხები სახლობდნენ, რომელთა შესახებაც ანტონი თამარ მეფეს თხოვს, ეს გლეხები მას უბოძოს და მათ ისევ მონასტერს შესწირავს. მეფე ამაზე დათანხმებულა.

საბუთის დედანი 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა ზემოთ აღნიშნული მოვლენების დროს, მაგრამ 1973 წელს აღმოჩნდა დოკუმენტის ფოტონეგატივი.

საბუთს ახლდა რამდენიმე ხელრთვა: თამარ მეფის, შიომღვიმის კრებულის, ანტონ ჭყონდიდელის, ქართლის მთავარეპისკოპოსის. თამარ მეფის ხელრთვის შინაარსი ასეთია: ქ. მტკიცე ყოს ღ(მერთმა)ნ შეუცვალებლად.

- თქვენი აზრით, შიომღვიმის მონასტერი რატომ სარგებლობდა ქართველ მეფეთა ასეთი განსაკუთრებული პატივისცემით?

- შიომღვიმის მონასტერი ქართველ მეფეთა მონასტრად ითვლებოდა, თანაც თბილისთან ახლოს იყო. ქართველ მეფეებს წმინდა შიომღვიმელი უდიდეს წმინდანად მიაჩნდათ და მის საფლავზე შეწევნის მისაღებად მიდიოდნენ.

- ისტორიამ შემოგვინახა კიდევ ორი წმინდა მეფის, ლუარსაბ II-ისა და სოლომონ II-ის ხელრთვები. კარგი იქნებოდა გაგვეხსენებინა მათი ცხოვრება.

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება წმინდა მეფე ლუარსაბ II-ის მიერ გაცემული არაერთი საბუთი, რომელთაც მეფის ხელრთვა-დამტკიცებანი ახლავს. ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615 წწ.) იყო მეფე გიორგი X-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მისი გამეფებისთანავე ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა.

ლუარსაბ II-ის ხელრთვა. მეფის ავტოგრაფი დამოწმებულია ბეჭდით

1609 წელს ოსმალეთის ჯარი ქართლში შემოიჭრა. ლუარსაბ მეფე ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული. ამ დროს ხდება ცნობილი ამბავი, როცა მტერმა ციხისკენ მიმავალი გზის ჩვენება თევდორე მღვდელს უბრძანა, ვინაიდან ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მან გზა აურია მტერს, რისთვისაც ის ოსმალებმა ხმლებით აკუწეს. ბრძოლა მოხდა ტაშისკართან, სადაც ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

1610 წელს ლუარსაბი შაჰს ეახლა ირანში. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის ციხე დაუბრუნა. 1611 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მას ცოლი აღარ შეურთავს. მეფე შაჰის საწინააღმდეგო პოლიტიკას ეწეოდა. 1612 წელს შაჰ აბასმა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ ეახლნენ. 1613 წელს შაჰმა საქართველოზე ილაშქრა, მეფეები იმერეთში გადავიდნენ. 1614 წელს ქართლის გადარჩენის მიზნით მეფე ლუარსაბი შაჰს ეახლა. შაჰმა იგი დაატყვევა და ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 1622 წელს შაჰ აბასმა იგი გულაბ-ყალას ციხეში მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მეფის შესახებ ბერი ეგნატაშვილი შემდეგს აღნიშნავს: "არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო - საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები". მისი მცირე ხნით მეფობის მიუხედავად, მოიპოვება მის მიერ გაცემული არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაც მეფის ხელრთვა ამშვენებს.

მარიამ დედოფლის ხელრთვა სოლომონ II-ის მიერ 1809 წელს ჯრუჭის მონასტრისთვის გაცემულ სიგელზე

არსებობს აგრეთვე იმერეთის მეფე სოლომონ II-ის (1789-1810 წწ.) მიერ გაცემული საბუთები, რომელიც აგრეთვე წმინდანად შერაცხა საქართველოს ეკლესიამ. სოლომონ II ერეკლე II-სა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. მისი მეფობის დროს, 1790 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, მხარს უჭერდნენ ერეკლე II-ს და მას ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სოლომონ II პირველ რიგში ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობას შეებრძოლა და წარმატებითაც, თუმცა 1803 წელს სამეგრელოს მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო, რაც ნიშნავდა, რომ რუსეთი მას იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის ბრძოლაში გამოიყენებდა. სოლომონი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა და ამასთანავე, ოსმალეთშიც გზავნიდა ელჩებს დახმარების სათხოვნელად. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა, რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო, თუმცა მთელი ცხოვრება იბრძოდა რუსეთის ბატონობისგან თავის დასაღწევად.

სოლომონ II-ის ხელრთვა მის მიერ 1809 წელს ჯრუჭის მონასტრისათვის გაცემულ სიგელზე

1810 წელს რუსთა ჯარი იმერეთისკენ დაიძრა, მოსალაპარაკებლად მისული მეფე დაატყვევეს და თბილისში ჩაიყვანეს, საიდანაც პეტერბურგში უპირებდნენ გადაგზავნას, მაგრამ ერთგული მსახურის სამოსში გადაცმულმა გაპარვა მოახერხა და 25 თანმხლებთან ერთად ახალციხეში გადავიდა. დაიწყო აჯანყების მზადება რუსეთის წინააღმდეგ. იმერეთის გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა 3 200 ჯარისკაცი გამოგზავნა. პირველი შეტაკება სოფელ საქარასთან მოხდა. ქართველებმა შეაჩერეს მტერი სოფელ კორტოხთან და ქუთაისის ციხეს ალყა შემოარტყეს. რუსებმა ახალი ძალები დაიმატეს და იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხეს. მეფემ უკან დაიხია და რუსები ქუთაისში შევიდნენ. იმავე წელს გააუქმეს იმერეთის სამეფო და რუსული მმართველობა დაამყარეს. სამშობლოდან გადახვეწილი მეფე დახმარებას ხან ნაპოლეონს, ხან ოსმალეთსა და ირანს სთხოვს, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წლის რუსეთ-თურქეთისა და 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავის მიხედვით, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. 1815 წლის 7 თებერვალს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II ტრაპიზონში გარდაიცვალა და დაკრძალეს წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ ეკლესიაში. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთებიდან ერთ-ერთს, მეფის ხელრთვის გარდა, შესანიშნავი მინიატურებიც ახლავს.

იხილეთ ასევე: დავით აღმაშენებლის ერთადერთი ხელნაწერი

ჟურნალი "ისტორიანი", 2015 წლის იანვარი, #1/49

(ესაუბრა ამირან-ლაზარე სინაურიძე)