თამარ მეფემ თორმეტ გელათელ მწირს მუდმივ საზრდოდ ჭორვილა გაუჩინა - თამარ მეფის უნიკალური ავტოგრაფი - კვირის პალიტრა

თამარ მეფემ თორმეტ გელათელ მწირს მუდმივ საზრდოდ ჭორვილა გაუჩინა - თამარ მეფის უნიკალური ავტოგრაფი

ხელრთვა, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ხელმოწერას, იმავე ავტოგრაფს ნიშნავს, დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ისტორიული საბუთის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა. ხელრთვები ეკუთვნოდათ გამოჩენილ ისტორიულ პირებს, რომელთა პირადი ხელმოწერის ან წერილობითი დასტურის გარეშე ნებისმიერი დოკუმენტი დაკარგავდა იურიდიულ-სამართლებრივ მნიშვნელობას და უბრალო, ფარატინა ქაღალდად იქცეოდა.

რამდენი საბუთი მოიპოვება თამარ მეფის ხელრთვით?

მაია შაორშაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი:

- თამარ მეფის ხელრთვა არის სიგელზე თამარ მეფისა გელათის მონასტრისთვის (1187 წ.), დაწერილზე ჭიაბერ ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი (1189 წ.) და სიგელზე თამარ მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1196 წ.).

თამარ მეფის სიგელი გელათისადმი ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, მაგრამ დედანი დაზიანებულია. ეს საბუთიც, სხვა დაზიანებულ საბუთებთან ერთად, გადარჩენილი და დაბრუნებულია საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან 1923 წელს. საბუთის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - "არგუეთში ჭორვილაი"...

საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათოლიკოსი თევდორე და სხვ. თუმცა ყველა დამტკიცება დაზიანების გამო მოღწეული არ არის. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა: მოვიყვანთ მის ბოლო ნაწილს: ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა".

თამარ მეფის ორსტრიქონიანი ხელრთვა ახლავს ჭიაბერის დაწერილს შიომღვიმის მონასტრისადმი. საბუთი თარიღდება 1189 წლით, რადგან ჭიაბერს ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ წელს შეიძლება ჰქონოდა, რადგან მანამადე ამირსპასალარი იყო გამრეკელი თორელი, ხოლო ამის შემდეგ ზაქარია მხარგრძელი, რომელიც მანდატურთუხუცესიც გახდა.

ჭიაბერი ამ საბუთში მეფეს სთხოვს ჟინოვანის მკვიდრი გლეხები (იგულისხმება თანამედროვე ჟინვალი და მისი შემოგარენი, რომელიც სამეფო საკუთრება იყო და ჭიაბერს დროებით საკუთრებაში ჰქონდა), თავისი სახლითა და მამულით შიომღვიმეს შესწიროს, რისთვისაც ისინი ყოველ წელს მონასტერს თხუთმეტ ლიტრა ცვილს მისცემდნენ.

თამარ მეფის ხელრთვა აღნიშნულ საბუთზე შემდეგია: ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან / შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა.

მესამე ხელრთვა წმინდა თამარ მეფისა მოიპოვება შიომღვიმის სხალტბურ სიგელზე. საბუთი გაცემულია 1196 წელს. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს წყალი გამოუყვანია სოფელ სხალტბიდან, ამ წყლის სათავესთან სამეფო გლეხები სახლობდნენ, რომელთა შესახებაც ანტონი თამარ მეფეს თხოვს, ეს გლეხები მას უბოძოს და მათ ისევ მონასტერს შესწირავს. მეფე ამაზე დათანხმებულა.

საბუთის დედანი 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა ზემოთ აღნიშნული მოვლენების დროს, მაგრამ 1973 წელს აღმოჩნდა დოკუმენტის ფოტონეგატივი.

საბუთს ახლდა რამდენიმე ხელრთვა: თამარ მეფის, შიომღვიმის კრებულის, ანტონ ჭყონდიდელის, ქართლის მთავარეპისკოპოსის. თამარ მეფის ხელრთვის შინაარსი ასეთია: ქ. მტკიცე ყოს ღ(მერთმა)ნ შეუცვალებლად. (იხილეთ სრულად)