ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღდგენას არა მხოლოდ საქართველო ელის... - კვირის პალიტრა

ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღდგენას არა მხოლოდ საქართველო ელის...

ტაო-კლარჯეთის სახელწოდებით პირობითად აღვნიშნავთ იმ ძველ ქართულ რეგიონებს, რომლებიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.

ამ მხარეს ილია ჭავჭავაძე "ოსმალეთის საქართველოდ", გიორგი ყაზბეგი "თურქეთის საქართველოდ", ივანე ჯავახიშვილი "ზემო ქართლად", ექვთიმე თაყაიშვილი "სამუსლიმანო საქართველოდ" მოიხსენიებს. ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა: "ისტორიულ ხანაში ამ ტერიტორიაზე არსებობდა შემდეგი ქართული თემები: ფოსო, ჩრდილი, არტაანი, ერუშეთი, კოლა და ფოცხოვი მტკვრის ხეობაში; ტაო, თორთუმი, ისპირი, კლარჯეთი, ნიგალი, შავშეთი და იმერხევი ჭოროხის ხეობაში". ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დიდი ნაწილი მსოფლიო ღირებულებისაა და საკაცობრიო კულტურის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული ძეგლების მდგომარეობა სავალალოა. დიდი ხანია პრობლემა არა მარტო სპეციალისტების, არამედ საზოგადოების განსჯის მთავარ საგნად იქცა. უახლოეს მომავალში მდგომარეობა შესაძლოა გამოსწორდეს. კერძოდ, დღეს საქართველოსა და თურქეთის შესაბამის სამინისტროებს შორის აქტიურად განიხილება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული იშხნის, ხანძთის, ოშკისა და ოთხთა ტაძრების რესტავრაციის საკითხი. სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური პერიოდის ოთხ ძეგლს ჩაუტარდება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების აღდგენის შემთხვევაში, თურქული მხარე ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს, ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე და სამცხეში მეჩეთებს აღადგენს, ხოლო ბათუმში დამწვარი აზიზის მეჩეთის ნაცვლად პრაქტიკულად ხელახლა აშენდება მეჩეთი. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ XIX საუკუნის 60-იან წლებში აიგო. გასული საუკუნის 50-იან წლებში მეჩეთი დაიწვა, ხოლო მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსი ააშენეს. შემორჩენილი ფოტომასალის საფუძველზე ბათუმის გარეუბანში მის მსგავს მეჩეთს დააპროექტებენ. ორივე ქვეყნის მთავრობა მოქმედებს ერთი პრინციპით: მთავარი მიზანი ისტორიული ძეგლების გადარჩენაა.

ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც უკვე გადამწყვეტ ფაზაშია. სავარაუდოდ, მხარეები ოფიციალურ შეთანხმებას წელს გააფორმებენ. რამდენადაც ცნობილია, მომზადებული ხელშეკრულების პუნქტებით გათვალისწინებული არ არის აღდგენილი ძეგლების რელიგიურ-სარიტუალო დატვირთვა. ამდენად, დაიბრუნებს თუ არა თავდაპირველ ფუნქციას აღდგენილი სიწმინდეები, ჯერჯერობით უცნობია. რომელიმე მხარის მიერ ამ საკითხის განხილვა არა ხელშეკრულების, არამედ დამოუკიდებლად, პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მოხდეს.

სარესტავრაციო ძეგლთა ნუსხაში შესული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ხანძთა გუმბათის, ხოლო სამი ძეგლი " სახურავის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც კედლის მხატვრობა იშლება. ამას ემატება ტაძრის ტერიტორიაზე "განძის მაძიებელთა" თვითნებობა. დაუნდობლად აზიანებენ და ამახინჯებენ ძეგლთა პირვანდელ სახეს.

ხანძთის მამათა მონასტერი

მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში და ეს იყო პირველი მონასტერი, რომლის აშენებამაც დასაბამი მისცა დიდი სამშენებლო და სასულიერო მოღვაწეობის ფრონტის ფართოდ გაშლას. პირველად აქ VII საუკუნეში ძელის ეკლესია აუშენებიათ, შემდგომში ადგილობრივი ფეოდალის, გაბრიელ დაფანჩულის ფინანსური დახმარებით მოხერხდა ქვის ეკლესიის აგება. საბოლოო სახე მონასტერმა 918-941 წლებში მიიღო. მონასტრის მთავარი ტაძრის მშენებლობას ჯერ ერისთავთერისთავი აშოტ კუხი აფინანსებდა, შემდეგ კი გურგენ VI. მათი ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა მონასტრის საბოლოოდ აშენება, რომელსაც ხუროთმოძღვარი ამონი ხელმძღვანელობდა.

ხანძთის მონასტრის დაარსების პირველივე დღიდან აქ დიდი სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები, რომელთაგან აშკარად გამორჩეული ადგილი უკავია გიორგი მერჩულეს, რომელმაც დაგვიტოვა ერისთვის შეუფასებელი განძი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" სახით.

მონასტრის მთავარი ნაგებობა არის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საგანგებოდ მოსწორებულ ადგილზე დგას.

შიგნიდან ტაძრის ქვებზე შეინიშნება ბათქაშის კვალი. სამწუხაროდ, სახურავის არარსებობის გამო ბათქაში ჩამორეცხილია. შესაბამისად, ტაძარში აღარ გვხვდება კედლის მხატვრობა.

მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას სატრაპეზო, რომელიც უხეშად დამუშავებული დიდი ქვებითაა ნაგები. იგი მართკუთხედის ფორმის ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესიასა და სატრაპეზოს შორის ჩაშენებულია მცირე ზომის სამლოცველო და სენაკები.

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო, რომელიც კარგადაა შემონახული. იგი ტრადიციულად ორსართულიანია. სამრეკლოზე შემორჩენილია წარწერა, რომელშიც სამრეკლოს ქტიტორი მარკოზი, ხანძთის დეკანოზი ანტონე და კალატოზები იხსენიებიან. მონასტრის გალავანს გარეთ არქიტექტურულად საკმაოდ კარგად გაფორმებული წყაროა, რომელსაც დაშენებული აქვს სამლოცველო. დღეს ამ სამლოცველოს გადახურვა და ზედა კედლები მთლიანად მოშლილია.

სამწუხაროდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ამ მხარეში დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ხანძთის მთავარი ტაძრის გუმბათი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს მთლიანი სახით იყო შემორჩენილი, ჩამონგრეულია. აღარ არსებობს გადახურვის კვალი, რის გამოც კედლებს წვიმის წყალი რეცხავს და ტაძრის ზედა ნაწილი დღითი დღე იშლება. რაც შეეხება სატრაპეზოს და სენაკებს, მათ ადგილობრივი მოსახლეობა პირუტყვის სადგომებად იყენებს. სამრეკლოში, სადაც თივას ინახავდნენ, ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროა, მაგრამ ესაა დღევანდელი რეალობა.

იშხანი

შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ხუროთმოძღვრული ძეგლი მდებარეობს ტაოში, ოლთისის წყლის მარჯვენა ნაპირზე.

თავდაპირველად აქ ტაძარი სომეხთა კათალიკოსს, ნერსესს აუგია VIII საუკუნეში. არაბთა შემოსევების დროს ტაძარი დაინგრა. IX საუკუნის პირველ ათეულ წლებში ტაძარი გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულმა და მისმა თანამოღვაწემ, საბა იშხნელმა ააშენა, რაზეც ინფორმაციას ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გვაწვდის. აი, როგორ აღწერს გიორგი მერჩულე იშხანს: ,,ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერი და ხორციელი". საბამ აღადგინა ტაძარი, რომელმაც საბოლოო სახე 1032 წელს ბაგრატ IV-ის ხელში მიიღო, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელმძღვანელობით.

იშხანი, როგორც არქიტექტურული ძეგლი, ერთ-ერთი უბრწყინვალესია ქართველთა მიერ აშენებული ტაძრებიდან. იგი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას. მისი შიდა არქიტექტურული გადაწყვეტა საკმაოდ იშვიათია, საკურთხეველს აქვს გარშემოსავლელი, რომელიც წარმოდგენილია მდიდრული ორნამენტებით შემკობილი რვა სვეტით. ტაძრის მოხატულობა საკმაოდ ცუდადაა შემორჩენილი, თუმცა კარგად განირჩევა გუმბათის მხატვრობა, რომელიც ლაზურიტითაა შესრულებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მონასტერი სამეფო მხარდაჭერით სარგებლობდა. აუცილებელია აღინიშნოს მისი ორიგინალური გადახურვის შესახებ, რაც სამწუხაროდ თვალსაჩინოდ მხოლოდ გუმბათზეა შემორჩენილი. გუმბათი გადახურულია მოჭიქული ფირუზისფერი კრამიტით.

პირველი იშხნელი ეპისკოპოსი სწორედ საბა იყო. ვახუშტის ცნობით: ,,აქ იჯდა... მწყემსი ისპირისა, თორთომის, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე". იშხნის საეპისკოპოსო კათედრამ XVII საუკუნის ბოლომდე იარსება. არსებობს ჩვენამდე მოღწეული მცირე ცნობები იშხნელ ეპისკოპოსთა მოღვაწეობის შესახებ. ილარიონ იშხნელის (IX-X სს.) დაკვეთით გადაიწერა ასკეტურ თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება (1033 წ.). აქვე დამზადდა ვერცხლის ჭედური ჯვარი, რომელიც დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს დღევანდელი მდგომარეობა. იშხნის ტაძარი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში. მიუხედავად ამისა, მისი ჯეროვნად დაცვა ვერ ხერხდება. მასში ერთი პერიოდი გახსნილი იყო მეჩეთი, რის გამოც თვითნებურად ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები. ტაძრის შიდა კედლებს აშკარად ამჩნევია ხანძრის კვალი და წაშლილია ან თითქმის შეუძლებელია იქ არსებული კედლის მხატვრობის გარჩევა. სამწუხაროდ, მონასტრის ტერიტორიაზე დღეს საფეხბურთო მოედანია, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითნებურად მოაწყო და ტაძრის ერთ-ერთ კედელზე კარი დაამაგრა. ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. დარღვეულია და ტაძრის უმეტეს ნაწილზე თითქმის აღარაა გადახურვა, რის გამოც წვიმის დროს კედლებში წყალი ჩადის. შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევია, რომ გუმბათსა და კედლებზე არსებული ბზარები დღითი დღე იმატებს.

ოშკი

X საუკუნის ქართული კულტურის ეს უნიკალური ძეგლი ჩვენ თვალწინ ნადგურდება და იძარცვება. გუმბათის ჩამოქცევის საფრთხე დიდია, ვინაიდან დამჭერი კონსტრუქციები დაბზარული და დარღვეულია. შეიძლება ითქვას, რომ ტაძარი სახურავის გარეშეა დარჩენილი, XI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები თანდათან იშლება. ოშკის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, სოფელ ჩამლიამიჩში, რომელსაც თურქულად ოშვანკსაც უწოდებენ.

როგორც მეცნიერები ფიქრობენ, "ოშკი" კოლხური სახელია. უზარმაზარ მთებს შორის, ხეობათა თავშეყრის ადგილას მდებარე ტერიტორიას უძველესმა მოსახლეობამ "ოშქა" (შუაში მდებარე) უწოდა.

მონასტერი აერთიანებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობას: იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს, სამლოცველოებს, სატრაპეზოს, სკრიპტორიუმს, საცხოვრებელ სენაკებსა და სამეურნეო შენობებს. სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა სამაფსიდიანი გუმბათოვანი ტაძარია. მშენებლობის პროცესის და უშუალოდ მაშენებელთა შესახებ ინფორმაციას ტაძრის კედლებზე შესრულებული წარწერები გვაწვდიან.

ტაძარი აშენდა 963-973 წლებში ტაოს ბაგრატიონების – ბაგრატ ერისთავთერისთავისა და დავით III კურაპალატის ქტიტორობით, მშენებლობის ზედამხედველი იყო ვინმე გრიგოლი. შუა საუკუნეების მრავალი ქართული ტაძრის არქიტექტურას სათავე სწორედ X საუკუნის ოშკის ტაძარმა დაუდო. ოშკის გეგმის მიხედვითაა აგებული ნახევარი საუკუნის შემდეგ ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ალავერდი " კახეთში.

1022-1025 წლებში ბიზანტიის იმპერატორების ბასილი II-ის და მისი ძმის კოსტანტინე VIII-ის ბრძანებით ტაძარი ხელახლა გადაუხურავთ. 1036 წელს ტაძარი ნაწილობრივ მოუხატავთ ტაოს წარჩინებული სახელმწიფო მოღვაწის, პატრიკიოს ჯოჯიკის ფინანსური მხარდაჭერით.

ოშკი გამორჩეულია მთელი აღმოსავლეთის არქიტექტურის ისტორიაში. გამორჩეულია მასშტაბურობით, ჰარმონიულობით, პროპორციულობით. არქიტექტურულ ფორმებში ახალი ელემენტები სჭარბობს. შიდა სივრცის გრანდიოზულობა, რელიეფისა და ჩუქურთმების სიუხვე მას უფრო შთამბეჭდავს ხდის. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ეპიგრაფიკული წარწერები. ყველა თავის მხრივ საინტერესოა, თუმცა გამორჩეულად ყურადსაღები უნიკალური შინაარსის წარწერა-ანგარიშია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და გაწეული ხარჯის შესახებ ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის. უნდა ითქვას, რომ ამ წარწერას ზოგადად ეპიგრაფიკაში ანალოგი არ მოეპოვება.

XIX საუკუნის II ნახევარში ადგილობრივმა მოსახლეობამ ოშკის ტაძრის სამხრეთ მკლავში ჯამე მოაწყო, რომელიც 1983 წელს გააუქმეს. 2002 წელს შემთხვევით ძველი ჯამეს შემორჩენილი კედლის დაშლისას მასში ჩადგმული ორი სტელიდან ერთ-ერთზე უცნობი წარწერა აღმოჩნდა. 2003 წლის ოქტომბერში ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ მეორე სტელაზე აღმოაჩინა 30-სტრიქონიანი წარწერა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოგვიანებით სტელები კედლიდან ამოიღეს. ერთ მათგანზე გამოსახულნი არიან: იოანე ნათლისმცემელი და მის ქვემოთ " ბაგრატ ერისთავთერისთავი, ხოლო მეორეზე ღვთისმშობელი ყრმით და დავით კურაპალატი. სტელებზე შემორჩენილი მრავალრიცხოვანი წარწერებიდან ერთ-ერთში აღნიშნულია ტაძრის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი " 963 წელი.

ოშკის მონასტერი, როგორც უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი, მწიგნობრობისა და განათლების დიდი კერა იყო. აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არაერთი თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი და ხელოვანი. აქვეა გადაწერილი ცნობილი ხელნაწერი ბიბლია, რომელიც ათონის მთაზე, ქართველთა მონასტრის " ივირონის წიგნთსაცავში ინახება. აღსანიშნავია, რომ ოშკის ბიბლიის ტექსტის ქართული თარგმანი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის, დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდლის, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებლის, ტაოელი დიდებულის თორნიკე ერისთავის (ჩორდვანელი) შეკვეთით გადაიწერა.

ოთხთა

დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული ტაძრებიდან იგი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ულამაზეს ადგილზე აშენებული ეს შესანიშნავი ბაზილიკა ზუსტად რომელ წლებშია აგებული და ვის მიერ, ამის შესახებ სამწუხაროდ ზუსტი წყარო არ მოგვეპოვება. მისი გამოკვლევა პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა დაიწყო. მკვლევარ ვახტანგ ჯობაძის ვარაუდით, ტაძარი 961-965 წლებში უნდა აშენებულიყო, ხოლო შენების მეორე ეტაპი 978-1001 წლებში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, ვინ იყო ამ ტაძრის ქტიტორი, სავარაუდოა, რომ მას ფინანსურ მხარდაჭერას სამეფო ხელისუფლება უწევდა, რაზეც პირველ რიგში ტაძრის მასშტაბი და მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები გვაფიქრებინებს. მხატვრობა შესრულებული უნდა ყოფილიყო ლაზურიტით, რომლის კვალიც აშკარად განირჩევა.

X საუკუნის ეს მშვენიერი ტაძარი გამორჩეულია არქიტექტურული მნიშვნელობითაც. არსებული ბაზილიკური ტაძრებისგან საკმაოდ განსხვავებულია თავისი მასშტაბით. მისი სიგრძე 28 მეტრს აღწევს, სიგანე 19, ხოლო სიმაღლე 23 მეტრს. მის მასშტაბურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ტაძრის პერანგი, რომელიც შესრულებულია თლილი მორუხო ქვით. მონასტერი დახურულია თლილი ქვით, რომელიც დღეს თითქმის აღარაა შემორჩენილი. მონასტრის ეზოში დღესაც შეინიშნება შენობა-ნაგებობების კვალი. დასავლეთიდან სტოას პირდაპირ ებჯინება სატრაპეზო, ხოლო მის ჩრდილოეთით მდებარეობს სემინარიის დიდი შენობა, რომელიც ვიწრო დერეფნით სატრაპეზოს უკავშირდება.

მწვანეში ჩაფლულ, თავადაც მწვანით დაფარული მონასტრის ნახვის დროს აუცილებლად დაგეუფლება სევდანარევი სიამაყის გრძნობა. გეამაყება, რომ ოდესღაც შენს წინაპრებს ასეთი მონასტრების აგება შეეძლოთ. სევდას იწვევს მისი დღევანდელი მდგომარეობა. პირველი, რაც თვალში მოხვდება მნახველს, ოთხთას ტაძრის სახურავსა და კედლებზე ამოსული ბალახია, რომელიც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს აქაურობას. ტაძარში შესულს კი, თუ კარგად არ დააკვირდი, იმის გარჩევაც გაგიჭირდება, საკურთხეველი სად იწყება. სამხრეთი კარიდან წვიმას ტაძარში მიწა შეუტანია, რის გამოც იატაკის საერთო დონის გარჩევა შეუძლებელია, თუმცა "ოქროს მაძიებლებს" ეს მშვენიერი ტაძარიც არ გამორჩენიათ და საკურთხეველი დიდი გულმოდგინებით გადაუთხრიათ. არც ადგილობრივ მოსახლეობას გამორჩენია ეს ოაზისი. ეზოს სათიბად იყენებენ, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას " ბოსტნად.

ამ სამწუხარო ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში დიდი ყურადღებით აკვირდებიან მოლაპარაკებების პროცესს. ხანძთა და დანგრევის პირას მისული ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლები გადაუდებელ შველას ითხოვს. იმედია, საბოლოო შეთანხმება მალე მიიღწევა და ტაძრების არსებობას საფრთხე აღარ დაემუქრება.

ხუროთმოძღვრების ეს მშვენიერი ძეგლები თავის დროზე ქართველებმა შექმნეს, მაგრამ იგი დღეს არც მხოლოდ ქართველებს ეკუთვნის და არც თურქებს. ეს უნიკალური ძეგლები მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია და მათ სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. ასე რომ, ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღდგენას არა მხოლოდ საქართველო ელის...

ოქროპირ ჯიქური, გრიგოლ კობიაშვილი

ჟურნალი" ისტორიანი".#2