გიორგი მაჩაბელი სუნამოების პრინცი - კვირის პალიტრა

გიორგი მაჩაბელი სუნამოების პრინცი

1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა, თუმცა ამ მცირე დიასპორამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე.

პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას ხუთი დარგი შეუქმნეს: გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები; ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრ კარტველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი; გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია.

ამჯერად გიამბობთ ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და დიპლომატის, გიორგი მაჩაბლის ღვაწლის შესახებ.

"იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავისი სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ... ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ გახლავთ. ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში 1920-იანი წლების დასაწყისში", – ასე იწყებოდა სტატია ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალში.

შემდეგ ჟურნალი მკითხველს აცნობდა პრინცის წარმომავლობას. ის "იყო უფროსი ვაჟი ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახისა საქართველოში, კავკასიის მაღალ მთებში. ვინაიდან ეს სათავადო სახლი იყო მდიდარი და ჰქონდა დიდი ადგილ-მამული, პრინცი გიორგი განათლების მისაღებად ბერლინის სამეფო აკადემიაში გაგზავნეს, რათა სამთამადნო საქმე შეესწავლა... სტუდენტობის დროს ერთ-ერთი მისი თავშესაქცევი ჰობი სუნამოების შეზავება გახლდათ. ამ გასართობმა კი მას დიდი სიმდიდრე შესძინა".

ქართველი ლეგიონერები: სერგო ლაბაძე, ალექსანდრე სურგულაძე, ოსმან ბეკ აზაბ აღა ზადე, ლეო კერესელიძე, ქავჟარაძე, ნესტორ კერესელიძე, ვინმე რაჭველი. ქვემოთ, შუაში ზის ლეკი სულეიმან ბეკი.

ვინ იყო ეს ზღაპრული პრინცი და რა სუნამოები შეაზავა, რომელმაც მას დიდი ქონება მოუტანა?

ქართველ მანდილოსნებს ქართულ ბაზარზე ალბათ უნახავთ პარფიუმერიული ნაწარმი, წარწერით Prince Matchabelli , ინტერნეტმაღაზიებსა და კატალოგებში კი თვალს მოგტაცებთ ულამაზესი ჯვრიანი ფლაკონები. ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფირმის ფუძემდებელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი გიორგი მაჩაბელია. გიორგი 1885 წელს დაიბადა. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინს გაემგზავრა. სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო გაეშურა სამოგზაუროდ. შვედეთში გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, მშვენიერი ნორინა ჯილი (მარია კარმი), რომელსაც დიდი წარმატება მოუტანა მადონას როლმა მაქს რეინოლდსის რელიგიურ პიესაში "სასწაული".

გიორგიმ ნორინას სიყვარული იმით დაუმტკიცა, რომ უმცირეს დროში შეისწავლა იტალიური და მალე იტალიელთა სიძეც გახდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე თავგადაკლულ ნაციონალისტად დარჩა. გრიგოლ რობაქიძეს მასზე უთქვამს: "გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს, – აქ საქართველოს სუნიაო!"

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გიორგი ყველაზე სახიფათო და რთული დავალებების შესრულებისას არაჩვეულებრივ ნიჭსა და უნარს იჩენდა. თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში. მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან მართავდა, ხანაც რევოლუციონერებთან და ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

პირველმა მსოფლიო ომმა გიორგის ბელგიაში მოუსწრო. გენერალ-გუბერნატორ ფონ დერ ჰოლცს გერმანიის დახმარებით საქართველოს განთავისუფლების გეგმა გააცნო და იმდენად მოხიბლა, რომ თავისი ავტომობილით გაუშვა ჰაიდელბერგში მიხაკო წერეთელთან. შემდგომ ორივემ ბერლინს მიაშურა, სადაც შეუერთდნენ ჟენევიდან გადასულ "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს". გერმანელებიც ეძებდნენ გავლენიან პარტიას ან ჯგუფს, რომელიც მხარს დაუჭერდა გერმანიის პროტექტორატით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას. შეთანხმება დაიდო – დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში გერმანია გარანტად დაუდგებოდა საქართველოს და დაიცავდა, ოსმალეთი კი აღიარებდა მის ისტორიულ საზღვრებს. დამოუკიდებლობის კომიტეტმა 1915-16 წლებში ტრაპიზონში შექმნა გერმანიის მიერ დაფინანსებული ქართული ლეგიონი.

გემ-ჰოსპიტალი

ჟურნალი "თავისუფალი საქართველო" და "ქართული გაზეთი" ტყვეთა შორის პროპაგანდას უწევდა დამოუკიდებლობის იდეას. კომიტეტი საქართველოში დაუკავშირდა ეროვნულ-დემოკრატებს, ვაჩნაძე-კედია-გაბაშვილის ჯგუფსა და სოციალ-დემოკრატთა ნაწილს ნოე ჟორდანიას მეთაურობით. შეიქმნა ინტერპარტიული "ქართული ეროვნული კომიტეტი", გიორგი მაჩაბლის ჩამოსვლის შემდეგ – "დამოუკიდებელი კომიტეტის" ფილიალი. მაჩაბელი აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიასაც დაუკავშირდა. საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე დამკომის წევრთა შორის კავშირის ერთადერთ საშუალებად გერმანული წყალქვეშა ნავები დასახა. მერე ძმის სანახავად და საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგს გაეშურა, თუმცა ყველგან დაგზავნილი იყო მისი ფოტოსურათები, როგორც "გერმანიის აგენტისა".

რევაზ გაბაშვილი აღწერს შემთხვევას, როცა კავკავის სასტუმროში პრისტავმა მაჩაბელს პოლიციაში წაყოლა მოსთხოვა. გიორგიმ რადიკალურ, მაგრამ უტყუარ ზომას მიმართა: "ან 25 მანეთი აიღე, ან ეხლავე გაგათავებო და რევოლვერი დაუმიზნა". პრისტავმა ფული აიღო და წავიდა.

გიორგიმ ჩვეული მოხდენილობით შეათანხმა გერმანიის საზღვაო-სამხედრო შტაბებთან წყალქვეშა ნავებით სტამბოლიდან საქართველოსთან დაკავშირების საქმე. 1916 წელს წყალქვეშა ნავით გამოგზავნა სამი კაცი: ახალგაზრდა ოფიცერი ლადო მძინარიშვილი, სოციალ-დემოკრატი კერესელიძე და მთიელი შამილი. ერთი თვის შემდეგ მეორე ექსპედიციას გიორგი მაჩაბელიც ჩამოჰყვა. რეზო გაბაშვილი მოგვითხრობს, რომ მოუსვენარი გიორგი ხან სიონში წავიდა სალოცავად, ხან მამიდის სანახავად, ხან ჩამოყვანილ ამაშუკელთან.

"რუხი ჩოხით გამოწყობილი გიორგი ისე დაიარებოდა, თითქოს არაფერი ამბავი ყოფილიყოს და როცა ვეუბნებოდი, – კაცო, შენი თავი თუ არ გებრალება, ჩემს ცოლ-შვილს უნდა გაუფრთხილდე, შენ თუ ჩავარდი, ჩვენ ყველას დაგვახრჩობენ-მეთქი, არხეინად მიპასუხებდა: "ნუ გეშინია, მე სხვანაირი ბედი მაქვსო". თბილისში ასე თამამად სიარულის მერე სოფელში ძმას ჩააკითხა. საქმეები მოაგვარა და ბაქოს გზით წავიდა. "რამდენიმე კაცმა შორიახლოდან გავაცილეთ და სანამ მატარებელი არ დაიძრა, გული გულის ალაგას არ ჩაგვდგომია".

გერმანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ახალი ექსპედიციები მომზადდა. პირველ ექსპედიციაში, რომელიც წყალქვეშა გემით შემოვიდა საქართველოში, შედიოდნენ: გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი, ვლადიმერ მძინარიშვილი, ჩეჩენი ჰაზავათი, აზერბაიჯანელი სელიმ ბეი ბებუთოვი, რამდენიმე ქართველი ოფიცერი და ლეგიონის უნტერ-ოფიცერი. "ჯერ სხვები ჩავიდნენ ნავში რიგრიგობით და საკმაოდ კარგი, წყნარი განწყობილებით. მეტ-ნაკლებად ოდნავი ღელვა ყველას ეტყობოდა. არ ღელავდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც გამოცდილი ჰქონდათ ამგვარი მოგზაურობა. ბოლოს ჩავიდა ქარცივაძე. დავრჩი მარტო მე. უცებ ამიტანა მოულოდნელმა შიშმა. უკან დავიწიე და უარი ვთქვი, ისე, რომ დავაპირე წასვლა. ამ დროს სახეშეცვლილმა გიორგი მაჩაბელმა დააძრო რევოლვერი და ჩემთვის სრულიად უცნობი, მანამდე განუცდელი ხმით მითხრა: ჩადი, თორემ აქვე დაგაწვენ! ეს ისეთი მტკიცე გადაწყვეტილებით იყო ნათქვამი, ის ნამდვილად მომკლავდა. მე სწრაფად ჩავირბინე და შევუერთდი სხვებს", – წერდა მიხაკო წერეთელი.

ნორინა მაჩაბელი (1880-1957), ქალიშვილობაში ნორინა ჯილი, სასცენო სახელი მარინა კარმი. 10-იან და 20-იან წლებში თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი. 1916 წელს გაეყარა პირველ ქმარს, კარლ ფოლმოელერს და გათხოვდა გიორგი მაჩაბელზე. 1921 წელს ისინი ამერიკაში გადასახლდნენ და აქ 1924 წელს პარფიუმერიის ფირმა `პრინცი მაჩაბელი~ დააარსეს. 1933 წელს ისინი დაშორდნენ. 1935 წელს, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მან პარფიუმერიის ფირმა გაყიდა. ნორინა 30-იანი წლების დასაწყისიდან სიკვდილამდე სპირიტუალურ მოძღვარ მეჰერ ბაბას მიმდევარი იყო.

მეორე ექსპედიციამ (მიხაკო წერეთელი, მ. ქარცივაძე, გვიშიანი, კერჩი და აზერბაიჯანელი) დიდძალი იარაღი და ფული შემოიტანა. მესამე ექსპედიციაში შედიოდნენ: პეტრე სურგულაძე, შალვა ვარდიძე, სულეიმან ირემაძე, ვლადიმერ სიამაშვილი, ერთი ქართველი და ორი გერმანელი მეზღვაური. 1916 წელს ერთ-ერთი ექსპედიციის დროს გერმანელთა წყალქვეშა გემი იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. გზად შეხვდა ბათუმისკენ მომავალ გემ-ჰოსპიტალ "პორტუგალს", რომელსაც იარაღით დატვირთული დიდი ნავი ჰქონდა გამობმული. "წყალქვეშამ ნაღმით ჩასძირა ორივენი; და შეიძლება არც ღირებულიყო "მსოფლიო" ომის ასეთ მცირე მოვლენაზე ლაპარაკი, რომ ამ გემ-ჰოსპიტალზედაც და ამ წყალქვეშაშიაც ქართველები არ ყოფილიყვნენ. გემთან ერთად დაიღუპა ქართველი მოწყალების და ანეტა ანდრონიკაშვილი და წყალქვეშაში, გერმანელებთან ისხდნენ შალვა ვ-ძე და სხვა ქართველები, გულ-დაკოდილნი, რომ ძლივს ეღირსათ სამშობლოს ნაპირებთან მისვლა და უკან მოუხდათ დაბრუნება", – მოგვითხრობს რეზო გაბაშვილი.

გიორგი იყო გერმანელი პრინცის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის იოახიმისა და ქართველი პრინცესას დაქორწინებით (გერმანული დინასტიით სათავეში) ქართული მონარქიის აღდგენის მომხრე. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-დემოკრატ მიხეილ (მიშო) მაჩაბლის ულამაზესი ქალიშვილი მარინა. მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს საკითხი აღარ დასმულა. 11 ნოემბერს გერმანული მონარქია დაემხო, პრინცმა იოახიმმა ჰოლანდიაში დაიდო ბინა, მარინა მაჩაბელი კი იტალიის კონსულს ფრანზონის გაჰყვა ცოლად და რომში დასახლდა.

დამოუკიდებლობის წლებში გიორგი იყო იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. მას ანგარიშს უწევდნენ არა მარტო სამთავრობო წრეები, არამედ ოპოზიციაც. აქტიურად თანამშრომლობდა იტალიურ პრესასთან.

ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა იგი ნიუ-იორკში მიიწვია, სადაც ხელახლა დადგა "სასწაული". წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ სპექტაკლი ათასჯერ წარმოადგინეს.

1922 წელს გიორგიმაც გადაწყვიტა ამერიკაში გადასახლება. ორი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და სახელი მალე მოიხვეჭა. ამასთან, არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ ანტიკვარიატზე ხელი აიღო. პარიზში პარფიუმერიის სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ, 1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც ოთხი წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა. იგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა, აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. ძნელია თქმა, სად უფრო მიაღწია წარმატებას, მაგრამ მიგნება – მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული ოქროსვარაყიანი სამეფო გვირგვინის გამოყენება გაფორმებისთვის – ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილმა სუნამომ "საქართველოს დედოფალი", ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით, ამერიკელი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი სუნამო "პრინცესა ნორინა", ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო "დუშეს ოფ იორკს", სუნამო "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა. მათ ასევე ამშვენებდა "პრინც მაჩაბლის გვირგვინი" – მისი საფირმო ნიშანი.

მშვენიერი სარეკლამო განცხადებები, რომელსაც გიორგი ადგენდა, მისი თეორიების შესანიშნავ დასტურს წარმოადგენს: "აბანო" პრინცი მაჩაბლის ზეთი, მცირე რაოდენობით ჩასხმული თბილ წყალში, არაჩვეულებრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ორგანიზმის მიერ თანდათანობით შეწოვის შემდეგ, თქვენ რამდენიმე საათით ჩაიძირებით ამ აღმოსავლურ არომატში. გამოძებნეთ დრო – ისიამოვნოთ ამ ფუფუნებით. ის აგიმაღლებთ განწყობას, მოგიხსნით დაღლილობას, გაგანებივრებთ და მოგესიყვარულებათ. როცა საღამოს ხანგრძლივი დროით სადმე წაბრძანდებით, მისი წყალობით გარშემორტყმული იქნებით ჯადოსნური აურით ($1.50)"; "ოქროს შემოდგომა" პრინც მაჩაბლის სუნამო – ეს არის ძალიან თანამედროვე, კოჭას (იმბირის) სურნელის მქონე გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი სუნამო.

alt

თუ გსურთ იყოთ მისი სახელის მსგავსად საუკეთესო, იპკურეთ ამაყად და სიამოვნებით. ის იქნება საწინდარი ყოველივე არაჩვეულებრივის. დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაჯებზე, იდაყვებზე, ყელთან, ყურების უკან. ეს არის სუნამოს ხმარების ყველაზე სწორი წესი, რათა სურნელი კარგად იგრძნობოდეს ($4.00)". ფლაკონები ჯერ გერმანული ფაიფურისგან იქმნებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც, როგორც ენციკლოპედიური ცნობარი აღნიშნავდა: "მიჩნეულია მინის ფლაკონის ერთ-ერთ უმშვენიერეს ხელნაკეთ ნიმუშად". იგი მზადდებოდა ნახევრად ავტომატური მეთოდით. ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ძველებურად ხელით სრულდებოდა.

მალე გიორგიმ "მაჩაბლის გვირგვინები" მთელ ამერიკას მოსდო. მისმა წარმოებამ წარმატებით გადალახა 1930-იანი წლების კრიზისი და მოწინავეთა რიგებში ჩადგა. ფირმის პირველი მუშები მისი მეგობრები იყვნენ: ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ მთელ ამერიკაში მათ შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი და ზრდილობიანი მომსახურე პერსონალი.

ათ წელიწადში გიორგი მაჩაბელმა არა მარტო მილიონდოლარიანი ბიზნესი შექმნა უბრალო ჰობიდან, არამედ ნოვატორიც გახდა; ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ კიდევ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა, ძირითადად ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ისიც ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ საუკუნის დამდეგს მოდაში შემოვიდა უბრალო ყვავილებისა და თაიგულების არომატი, რომლებსაც მკერდზე იმაგრებდნენ. ასე რომ, გიორგიმ თავისი ჰობით შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ საპარფიუმერიო წარმოებაში.

ბიზნესს იგი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არ ჩამოუშორებია. გიორგი იყო 1931 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1933-34 წლებში მისი თავმჯდომარე, 1934 წლიდან – ხაზინადარი. პუნქტუალურად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა სათვისტომოსაც და ყველა გაჭირვებულ ქართველსაც. "მთელ ქართულ ემიგრაციაში მარტო ერთი, გიორგი ქმნის დიდს ახალ საქმეს, რომელიც სწრაფად მიექანება მსოფლიო ბაზარზე პირველი ადგილის დასაჭერად... ამ მიზნის მიღწევა გიორგის იმისთვის უნდა, რომ მეორე მიზნის (ქართული პოლიტიკის) სამსახურში მალე გადავიდეს, რომ კვლავ შეუდგეს საქართველოს თავისუფლების ახლად გამოჭედვის საქმეს თავის დაცდილ მეგობრებთან ერთად", – წერდა სპირიდონ კედია.

1935 წლის ივნისისთვის დაგეგმილი ჰქონდა მე-5 ავენიუზე ახალი, ელეგანტური სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მიწვეული ჰყავდა საუკეთესო დეკორატორი, ბრიტანელი მხატვარი სესილ ბეტინი და ფოტოგრაფი პაველ ჩელიშჩევი, მაგრამ ვეღარ მოასწრო. 1935 წლის მარტში ფილიალების გასახსნელად კალიფორნიასა და შანხაიში იმოგზაურა.

გზაში გაცივდა და, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე წარმატებით მკურნალობდნენ პნევმონიას, ფილტვების ანთებით ერთ კვირაში გარდაიცვალა. ემიგრანტთა ნაწილი მის მოულოდნელ სიკვდილს საბჭოთა სპეცსამსახურებს უკავშირებდა, რაც საფუძველს მოკლებული არ იყო.

ფირმა Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, როგორც მსოფლიოს ცნობილი საპარფიუმერიო ფირმების ღირსეული კონკურენტი.

პროდუქცია, რომელსაც იგი უშვებს, მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის და, რაც მთავარია, საფირმო ნიშანიც იგივეა – გიორგი მაჩაბლის მიერ შექმნილი ემბლემა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინი, რომელიც თბილისში ახლახან დაფუძნებული "გიორგი მაჩაბლის ფონდის" ემბლემაცაა...

რუსუდან დაუშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#2