უკანასკნელი ფრონტირი - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ფრონტირი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფრონტირის ხაზმა, რომელიც აშშ-ში ერთმანეთისგან გამოყოფდა თეთრკანიანი ახალმოსახლეებისა და ინდიელთა ტერიტორიებს, სულ უფრო სწრაფად გადაინაცვლა დასავლეთისკენ.

1850 წლისთვის აშშ-ის მოსახლეობა დაახლოებით 23 მლნ-ს შეადგენდა. აქედან 55% ცხოვრობდა ატლანტისპირა მხარეში, ხოლო 45% - აპალაჩების მთის სისტემის დასავლეთით მდინარე მისისიპიმდე. ნახევარი საუკუნის წინ აპალაჩების ბუნებრივმა კედელმა ვერ შეუშალა ხელი მოსახლეობის გადასვლას დასავლეთისკენ და იქ მთელი რიგი შტატები შეიქმნა (კენტუკი, ტენესი, ოჰაიო, ლუიზიანა, ინდიანა, მისისიპი, ილინოისი, ალაბამა, მისური).

აშკარა გახდა, რომ ვერც მისისიპი შეაჩერებდა მის აღმოსავლეთ ნაპირებთან მოზღვავებულ მოსახლეობას. 1850-1865 წლებში ამერიკელმა ახალმოსახლეებმა მისისიპის დასავლეთით დაიწყეს გადასვლა - შევიდნენ დიდი ვაკეებისა და პრერიების ტერიტორიაზე. 15 წელიწადში ახალმოსახლეებმა დაიკავეს კანზასისა და ნებრასკის ნაყოფიერი მიწები და მდინარე მისურის მიადგნენ.

ამდენად, 1865 წლის ანუ უკანასკნელი ფრონტირის დაწყებისთვის ხაზი არ გასცდენია მდინარე მისურის, იგი მიუყვებოდა მისისიპის მომიჯნავე შტატების დასავლეთ საზღვრებს, ასევე შეჭრილი იყო კანზასისა და ნებრასკის შტატების სიღრმეში. ამ საზღვრის იქით ინდიელთა ტერიტორიები - ,,ველური დასავლეთი" იწყებოდა.

მართალია, მთელი ეს ტერიტორია იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო სივრცეს წარმოადგენდა, მაგრამ იგი ჯერ არ იყო ორგანიზებული ცალკეული შტატის სახით, რეალურად იქ ინდიელთა ტომები ცხოვრობდნენ.

"ველური დასავლეთის" ეს ტერიტორიები თავის სიდიდესთან ერთად გეოგრაფიული და ბუნებრივი საბადოების თვალსაზრისითაც ძალზე მრავალფეროვანი იყო. აქ მრავალი ტომი სახლობდა: ბლექფუტები, კროუ, სიუ, შაიენები, არაპაჰო, პაუნი, შოშონები, მოდოკი პაიუტები, აპაჩები, კომანჩები... ეს ტომები ცხოვრობდნენ თავიანთი თვითმყოფადი კულტურით, ჰყავდათ არაჩვეულებრივი მხედრები და ფლობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, აწარმოებდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკას მეზობელ ტომებთან. სამეცნიერო ლიტერატურაში "ველური დასავლეთის" სინონიმად "ინდიელთა დასავლეთიც" გამოიყენება.

1865 წლისთვის აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ "მოერჯულებინა" "ველური დასავლეთი" - საბოლოოდ მოიცალა უკანასკნელი ფრონტირისთვის. ის, რაც რუკაზე წარმოადგენდა აშშ-ის საკუთრებას, რეალობად უნდა ექციათ.

აშშ-ში სამოქალაქო ომმა (1861-1865 წწ.) რამდენადმე შეაფერხა დასავლეთში ინდიელთა წინააღმდეგ სამხედრო რეიდები. ამ ომის დასრულების შემდეგ დაგროვებული დიდძალი დაუხარჯავი ტყვია-წამალი, იარაღი, სამხედრო რესურსი ახალი მიზნის მისაღწევად მიმართეს.

ამასთან გამოჩნდა ენერგიით სავსე ოფიცრობა, რომელმაც "ველურ დასავლეთში" გადაწყვიტა სახელის მოხვეჭა. საგანგებოდ ინდიელებთან საბრძოლველად შეიქმნა კავალერია და დრაგუნთა პოლკები. მათთან დაპირისპირებას უძლიერესი კომანჩებიც კი გაურბოდნენ. გამოჩნდა შეჯავშნული სარკინიგზო ვაგონები, გატლინგის ტიპის ტყვიამფრქვევი, ნახევრად ავტომატური შაშხანა (ერთი დატენვით 15-ჯერ გასროლა შეიძლებოდა). სამხედროებმა დაიწყეს სპეციალური საფორტიფიკაციო ნაგებობების - ფორტების მშენებლობა. სულ მალე "ველური დასავლეთი" ფორტების რკალში მოექცა.

ფორტებში მდგარი კავალერისტები აკონტროლებდნენ სარკინიგზო ხაზებს, ახალმოსახლეთა სამოძრაო ბილიკებს და იცავდნენ მათ ინდიელთა თავდასხმისაგან. ფორტების გამაგრებულ ხაზებს მოჰყვებოდა ახალმოსახლეთა კოლონები, რკინიგზა. ინტენსიურად მიმდინარეობდა დასავლეთის მიწების განაშენიანება. თეთრკანიანი მოსახლეობის სულ უფრო მზარდი ნაკადი კიდევ უფრო შორს შედიოდა ინდიელთა ტერიტორიებზე. ფორტები ქმნიდნენ ერთგვარ უსაფრთხო კორდონს დასავლეთში ამერიკელ ახალმოსახლეთა მოძრაობისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ,,ორეგონის ბილიკი", რომელიც გადიოდა კანზასის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ,,ორეგონის ბილიკი" კვეთდა ,,ინდიელთა დასავლეთის" ცენტრალურ ტერიტორიებს. ინდიელთა მხრიდან დიდი საფრთხე ექმნებოდა ამ გზაზე ახალმოსახლეთა მარხილების კოლონის მოძრაობას. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ,,ორეგონის ბილიკის" დაცვა. ეს გზა შორეულ დასავლეთში ამერიკული მიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი არტერია იყო.

უკანასკნელ დიდ ბრძოლაში ინდიელებმა გენერალ კასტერის კავალერია დაამარცხეს

"ველური დასავლეთის" სწრაფი გარდაქმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ამერიკელთა მიერ ბიზონთა ჯოგების თითქმის მთლიანად განადგურება. ეს იყო უდიდესი დარტყმა ინდიელთათვის. განსაკუთრებით ვაკე-პრერიის ზონაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომებისათვის, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ ბიზონებზე.

XIX საუკუნის ბოლომდე 50 მლნ სულზე მეტი ბიზონი განადგურდა.

1862-1869 წლებში აშშ-ის დასავლეთში გაიყვანეს მსოფლიოში პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზა, რომელმაც გადაკვეთა მთელი "ველური დასავლეთი" და დააკავშირა ქვეყნის წყნარი ოკეანისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები. რკინიგზამ გააადვილა, დააჩქარა და უსაფრთხო გახადა დასავლეთში გადაადგილება და თან უამრავი ახალმოსახლეც წამოიყოლა.

ახალი რკინიგზა ,,ორეგონის ბილიკის" საუკეთესო ალტერნატივა გახდა. ამდენად, ტრანსკონტინენტურმა რკინიგზამ კიდევ უფრო დააჩქარა ფრონტირის მოძრაობა და ინდიელთა ტერიტორიების შემცირება. იმავდროულად ხელისუფლებამ აამოქმედა აქტი ჰომსტედების შესახებ (1862 წ.), რომლის ძალითაც ახალმოსახლეებს უფასოდ გადაეცემოდა მიწები დასავლეთში.

ამასთან რკინიგზის ხაზების მიმდებარე მიწები სარკინიგზო ფირმების მაგნატებს გადასცეს. მათ კი თავის მხრივ დაიწყეს ამ ტერიტორიების გაყიდვა ემიგრანტებსა და ახალმოსახლეებზე. "ველურ დასავლეთში" ახალმოსახლეთა რიცხვი ძალიან სწრაფად მატულობდა.

"ველური დასავლეთის" კოლონიზაციას მოჰყვა ხანგრძლივი და სერიოზული კონფლიქტები ადგილობრივ ინდიელებთან.

მრავალმა ტომმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ს. აღნიშნული პერიოდი აშშ-ის ისტორიაში შევიდა "ინდიელთა ომების" სახელით. აღსანიშნავია, რომ დასავლეთში თითქმის ყველა ტომი ცალ-ცალკე ებრძოდა აშშ-ის ჯარისკაცებს. ამიტომაც "ინდიელთა ომების" ისტორიაში შევხვდებით: მოდოკის, აპაჩების, კომანჩების, შაიენების და სხვათა ომებს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთელი "ველური დასავლეთი" "ინდიელთა ომების" ალში გაეხვია. განსაკუთრებით ბევრი ბრძოლა მოხდა მონტანაში, ჩრდილო და სამხრეთ დაკოტაში, კოლორადოში, არიზონასა და ტეხასში. საერთოდაც, ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა ფრონტირის წინსვლას გაუწიეს ვაკე-პრერიის ზონის ინდიელებმა.

"ინდიელთა ომების" ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია აპაჩებისა და მათი სამხედრო ლიდერის, ჯერონიმოს 11-წლიან ომს აშშ-ის წინააღმდეგ (1871-1882 წწ.). ისტორიული ბრძოლა მოხდა 1876 წელს. მდინარე ლიტლ ბიგ ჰორნზთან ინდიელ ტომთა კოალიციამ დაამარცხა აშშ-ის მე-7 კავალერია გენერალ ჯორჯ კასტერის მეთაურობით. ეს იყო ინდიელთა უკანასკნელი დიდი ბრძოლა აშშ-ის წინააღმდეგ "ველურ დასავლეთში". 10 წლის შემდეგ, 1886 წელს, კი თვით ალყაში მოქცეული ჯერონიმოც დანებდა გენერალ ნელსონ მაილსს არიზონაში.

"ინდიელთა ომები" დასრულდა. მიუხედავად ტომთა მედგარი წინააღმდეგობისა, "ინდიელთა ომები" აშშ-ის გამარჯვებით დამთავრდა. ქვეყნის მატერიალურ-ტექნიკურმა პროგრესმა, სამხედრო-ეკონომიკურმა და ადამიანურმა რესურსებმა მალევე გატეხა ინდიელთა წინააღმდეგობა.

1865 წელს დაწყებული უკანასკნელი ფრონტირი დაახლოებით 25 წელიწადს გაგრძელდა. "ინდიელთა დასავლეთი" შტატებად დაიყო; როკის მთიანეთში მაღაროელები მუშაობდნენ და ახალ-ახალ საბადოებს ეძებდნენ, იქვე იქმნებოდა მათი დასახლებები; რკინიგზის ხაზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობამ შორეული დასავლეთის ყველაზე მიუვალ ადგილებამდეც კი მიაღწია; დაიწყო ახალი ხალხმრავალი ქალაქების მშენებლობა, თვალუწვდენელი პრერიები და ვაკეები ამერიკელ ფერმერთა სახნავ-სათესებად იქცა.

ამერიკული ახალშენების, ქალაქების, ფერმების, რანჩოების, რკინიგზითა და სხვა სახის კომუნიკაციების ქსელით დაქსაქსულ ტერიტორიებში მიმოფანტულიყო ინდიელების რეზერვაციები (აშშ-ის მიერ ინდიელთათვის საცხოვრებლად შემოფარგლული ტერიტორია). სწორედ ეს რეზერვაციები იყო უკანასკნელი მცირე ნაწილები ოდესღაც არსებული ,,ველური დასავლეთისა".

ამგვარად, 1890 წლისთვის "ველური დასავლეთი" ფაქტობრივად აღარ არსებობდა, ამერიკული ფრონტირი კი წარსულს ჩაბარდა.

მიხეილ ბარნოვი

ჟურნალი "ისტორიანი",#2