"ერთხელ, დოდომ და ეროსიმ გზაში ლექსებით პაექრობა დაიწყეს, ბოლოს დოდო ბოდლერზე გადავიდა, ეროსი გაჩერდა..." - კვირის პალიტრა

"ერთხელ, დოდომ და ეროსიმ გზაში ლექსებით პაექრობა დაიწყეს, ბოლოს დოდო ბოდლერზე გადავიდა, ეროსი გაჩერდა..."

დიდხანს ვათვალიერებდი აბაშიძეების, ახვლედიანების, ანდრონიკაშვილების, კლდიაშვილების ფოტოებს. თითქოს არაამქვეყნიური სახეები გვიყურებენ ფერშეცვლილი სურათებიდან.

დღეს გვიკვირს მათი მშვიდი სახეების, მათი კეთილშობილების და არ გვესმის, რომ მათთვის სრულიად ჩვეულებრივი იყო დიდი გაჭირვებისა და დარდის ატანა, სულით გაუტეხლობა, სიდუხჭირეზე ამაღლება და სიცოცხლე... მთელი თავისი მშვენიერებით.

ზემოთ ნახსენები ფოტოები ზაზა აბაშიძესთან ვნახე, ყველასათვის საყვარელი მსახიობის, დოდო აბაშიძის ვაჟის ოჯახში. არანაკლებ საინტერესო იყო ბატონ ზაზასთან საუბარი - იმ ფოტოებივით გაცრეცილი, მაგრამ საოცარი ამბები მას ბავშვობიდან ესმოდა...

"ანდრონიკაშვილების მედროშე"

ბებიაჩემზე ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ვინც მის შესახებ რამე იცოდა, ან მოესწრო მას, ყველა გეტყვით, რომ ნინო ანდრონიკაშვილი არაჩვეულებრივი ქალი იყო. ტყუილად კი არ ეძახდნენ "ანდრონიკაშვილების მედროშეს". ხშირად თამადობდა. ქალების სუფრაზე ხომ სულ ის იყო ლხინის უფალი! უყვარდა თავისი გვარის წარმომადგენლები, ყველა შტოს შეკრებდა ხოლმე.

1917 წლამდე ისე იზრდებოდა, როგორც ბატონიშვილი. კარგად ახსოვდა ის დრო, სოფელში ჩასულს გლეხები რომ მოწიწებით ელაპარაკებოდნენ, ასეირნებდნენ, ცხენზე სვამდნენ. მამამისს "თეთრ დათას" ეძახდნენ. კახეთში ორი დათა ცხოვრობდა. ერთი ცუდად ექცეოდა გლეხებს და "შავს" ეძახდნენ, მეორე კი - ბებიას მამა - მამაშვილურად ეპყრობოდა გლეხებს. ამიტომ დაარქვეს "თეთრი".

ბებია მკაცრი ქალი იყო. როცა მამა ნასვამი ბრუნდებოდა შინ, ეტყოდა: - ყმაწვილო, ისევ დალიე?! ამ დროს მამა უკვე 50 წლისა იყო. ბებიას არ ავიწყდებოდა თავისი წარმომავლობა, თუმცა როცა გაუჭირდა, თავდაუზოგავად იბრძოდა, რომ ოჯახი ერჩინა. დონორი იყო, სისხლს აბარებდა. ღონემიხდილი ბრუნდებოდა და ამის ფასად საჭმელი მოჰქონდა შვილისთვის. სასტუმროშიც მუშაობდა სართულის მორიგედ.

უმამოდ

დოდო აბაშიძის მამა სანდრო ახმეტელმა მიიყვანა თეატრში. ნიჭიერი მსახიობი იყო ვანიკო აბაშიძე. როცა სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ვანიკოც და კიდევ 8 მსახიობი მიაყოლეს, ბებიას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. დოდო 13 წლის დარჩა. ნინო ანდრონიკაშვილის სარჩენი იყო მოხუცი დედა - ნატალია ანდრონიკაშვილი და დედამთილი - ნუცა კლდიაშვილი. მძიმე წლები იყო. დოდო ავადმყოფობდა. იმერეთში დაჰყავდათ ნათესავებთან. რძეს ასმევდნენ და ლოცულობდნენ, - ნეტა ამ ზაფხულის ბოლომდე გადარჩესო.

15-16 წლისა წამოიჩიტა, ვარჯიში დაიწყო და გაკაჟდა. მაინც სძლია ფიზიკურ სისუსტეს, უმამობას და მაგარი ბიჭი დადგა. ვანიკო ფიზიკურადაც და სულიერადაც ძლიერი ვაჟკაცი იყო, გარეგნობით ნამდვილი იმერელი თავადიშვილი, აკი აპირებდა კიდეც დავით რონდელი "დაკარგულ სამოთხეში" მიქელას როლზე მის დამტკიცებას, მაგრამ ამასობაში, ვანიკო თეატრიდან გაუშვეს და მერე დახვრიტეს კიდეც. დაკითხვის დროს ერთი სიტყვა ვერ დააცდენინეს ალექსანდრე ახმეტელის წინააღმდეგ.

ერთი ოჯახის ამონაყარი

დოდო აბაშიძის დიდი ბებიაც მსახიობი იყო - ეფრო ყიფიანი-კლდიაშვილისა. დიმიტრი ყიფიანის უფროსი ძმისწული გახლდათ. ეფროს არაჩვეულებრივი შვილები ჰყავდა. უფროსი ვაჟი, სიმონი, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო. მან მოსკოვის ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ინსტიტუტი ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მისი აშენებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი მთავარი კორპუსი, სამხატვრო აკადემიის ფასადი. შუათანა ვაჟი, ალექსანდრე, ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში მუშაობდა, ქიმიკოსი იყო. როგორც ამბობენ, გენური ინჟინერიის სათავეებთან იდგა. ოდესაში, შავრაზმელთა თავდასხმისას ებრაელების ოჯახი შეიფარა და ამას ემსხვერპლა. ჩამოასვენეს ბათუმში, ბათუმიდან - ქუთაისში. მთელი ქუთაისის ებრაელობა გოდებდა...

"ზარმაცები"

ნინო ანდრონიკაშვილის უმცროსი ძმა რევოლუციამდელი მოგონებებით არ იწუხებდა თავს. მივესალმებოდი ხოლმე: - თავადიშვილო, როგორ ბრძანდებით-მეთქი.

- თავი დამანებეო, - მეტყოდა...

მას შემდეგ, რაც თავად-აზნაურებს გაუჭირდათ, ისინი ქუჩაში თამბაქოს ყიდდნენ... გაივლიდი და ნახავდი ანდრონიკაშვილებს, ჩოლოყაშვილებს, მაყაშვილებს. ერთხელ ვკითხე ძია მიშას:

- ყველა თავადი რომ თამბაქოს ყიდდა მძიმე წლებში, ეტყობა, რაღაც სარფი ნახეს ამ საქმეში-მეთქი.

- აბა, სხვაგან მუშაობა ეზარებოდათო... საერთოდ, დოდოს მიშა ძალიან უყვარდა - ბაქიბუქი არ უყვარს, უწესიერესი და უპატიოსნესი კაციაო, იტყოდა. ძალიან უყვარდა უფროსი ბიძებიც - იასე, ადიკო (ადამი) და ივანე. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს, მიშას გარდა, ვაჟი არ დარჩენია. მიშას ერთი ვაჟი, გოგი, უცოლშვილოდ გადაეგო, სამაგიეროდ, მეორეს, ზურიკოს ჰყავს ორი ბიჭი - მიშიკო და ირაკლი. ასე რომ, ანდრონიკაშვილების ჩვენი შტო გრძელდება...

ზაზა და დოდო აბაშიძეები

თავადების სიზარმაცეზე ხომ მითები დადიოდა! დოდო აბაშიძის ბაბუას, დავით აბაშიძეს, მეტსახელად თემურ-ხანს ეძახდნენ. დოდოს კარგად ახსოვდა ბაბუა. ის რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე იყო. ჰყვებოდნენ, როგორც ყველა აბაშიძე, ისიც ზარმაცი იყოო. 1877 წელს, გახურებული ომისას, სანგარში ჩაეძინა თურმე. თავს წამოადგა ორი თურქი, დაატყვევეს და წაყვანა დაუპირეს ახალგაღვიძებულ თემურ-ხანს. მან კი ორივე თურქს სძლია, განაიარაღა და აქეთ წამოიყვანა ტყვედო.

სიზარმაცით განთქმული ყოფილა თემურ-ხანის მამაც - გრიგოლი. მისი საყვარელი საქმიანობა - ჩრდილში, ჭილოფზე წოლა ყოფილა. ერთადერთი ყმა ჰყოლია შერჩენილი. დაუძახებდა:

- ივანიკა, ბიჭო, გამაჩოჩე ჩეროში!

ისიც გააჩოჩებდა - გრიგოლ აბაშიძეს ისიც კი ეზარებოდა, ამდგარიყო და ჩრდილში თვითონ გადასულიყო.

მამა ასეთი არ იყო. პირიქით, მშრომელი, ძალიან პუნქტუალური და პასუხისმგებლობით სავსე გახლდათ, გიჟდებოდა ხოლმე, ამას რომ მოჰყვებოდნენ.

დოდო

ყველასაგან განსხვავებული იყო...

რაც დედამისი ხანში შედიოდა, იძაბებოდა. დღე ისე გავიდოდა, ხმას არ ამოიღებდა... ნასვამი თუ დაბრუნდებოდა, დედას თვალს აარიდებდა, ოთახში ჩაიკეტებოდა, გულჩათხრობილი ხდებოდა. გარეთ თუ მხიარულობდა, შინ ჩუმ სევდას მიეცემოდა. მსახიობი დათო კურცხალია იხსენებდა, როგორ დაიწყეს ლექსებით პაექრობა ეროსიმ და დოდომ ერთხელ გზაში. ბოლოს დოდო ბოდლერზე გადავიდა. ეროსი გაჩერდა...

ძალიან ბევრს კითხულობდა. არ მახსოვს, მამას წიგნი არ სჭეროდა ხელში. წიგნს ხომ ეტყობა, წაკითხულია თუ არა, მის ბიბლიოთეკას რომ ვუყურებ, ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა.

საერთოდ, მოუდრეკელი კაცი იყო. მაშინდელ ცეკას პირველ მდივანთან, ედუარდ შევარდნაძესთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მისი მდივნობისას დაიჭირეს დოდოს რამდენიმე მეგობარი. ზოგი უბრალოდ, ზოგიც - ბრალით. ამის გამო, პირობითად რომ ვთქვათ, დაუპირისპირდა შევარდნაძეს. ბოლომდე ასე დარჩა. სხვა ინტელიგენტები ადრე თუ გვიან მოიხიბლნენ მისით. დოდო იმ უმცირესობაში დარჩა, ვინც არ მოიდრიკა თავი. ამის გამო 6 წელი, ეგრეთ წოდებული "პროსტოი" ჰქონდა. არ იღებდნენ, სამუშაოს არ აძლევდნენ. ძალიან განიცდიდა, თუმცა გარეთ მაინც მხნედ გამოიყურებოდა. რამდენჯერ სთხოვეს ნოდარ დუმბაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, - მიდი ედუარდთან, რაღაცნაირად განაახლე ურთიერთობაო. არ ქნა.

დოდომ ცოლად შეირთო თბილისში კარგად ცნობილი ახვლედიანების ოჯახის შვილი. დედაჩემის, მარინე ახვლედიანის ბაბუა, დიმიტრი ახვლედიანი, ცნობილი ექიმი და ეთნოგრაფი იყო. თავის დროზე თელავში, სადაც სამხედრო ექიმად მუშაობდა, საკუთარი სახსრებით გახსნა ლაზარეთი, სადაც უფასოდ მკურნალობდა გლეხკაცობას. ამაში დიდ დახმარებას უწევდა მშვენიერი მეუღლე ელისაბედ ერისთავი, რომელიც მედდად მუშაობდა. დიმიტრისა და ელისაბედის უფროსი ქალიშვილი იყო მხატვარი ელენე ახვლედიანი.

სული ყოველთვის ეძებდა

ხშირად ვეკითხებოდი მამას ბებიების შესახებ. ნატალია ანდრონიკაშვილი ძალიან მკაცრი ყოფილა - რა ვიცი, კაცო, სულ შენიშვნებს მაძლევდაო, - იტყოდა, - ნუცა კლდიაშვილი ნაზი, თბილი ქალი იყოო...

მამა ძალიან განიცდიდა, რომ ბებიების, დიდი ბაბუების საფლავები დაკარგული ჰქონდა. ერთხელ ქუთაისში გამგზავნა. თემურ-ხანის საფლავს შენ თუ იპოვი, სხვა ვერა, შენ ხარ საფლავების ცნობილი მძებნელიო.

მე მართლაც მიყვარს სასაფლაოზე სიარული. შემიძლია საათობით ვიყო იქ. ჩემი მომავალი მეუღლეც, ნინო ჩიკვილაძე, პირველად სასაფლაოზე წავიყვანე - ებრაელთა საფლავებიდან ძველ გვარებს ვიწერდი.

დოდოს სასაფლაოზე სიარული კი არა, უახლოესი მეგობრების პანაშვიდზე მისვლა არ შეეძლო. შოთა სალუქვაძე რომ გარდაიცვალა, ერთხელ არ ასულა პანაშვიდზე. არც ეროსის ცხედართან მისულა. დედამისის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო, ფაქტობრივად... ოთახში არ შემოსულა და გამოსვენების დროსაც შორს იდგა...

დოდო მშობლებთან და ბებიასთან ერთად

ავად რომ გახდა და ჩაწვა, გამგზავნა ვაკის სასაფლაოზე, - წადი, ბებიების საფლავი მიპოვეო. როგორ მეპოვა, ისიც კი არ ვიცოდი, წარწერა ჰქონდა თუ არა. ისეთ დროს გარდაიცვალნენ, 1942 წელს, როცა დოდო ჯარში იყო.

ეპილოგი

20-30-იან წლებში ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა რეჟიმმა: ნამდვილი პარტიულებიც და პოტენციური "დამნაშავეებიც". ბებია იტყოდა ხოლმე: - ჭკვიანი, განათლებული, ინტელექტუალური ხალხი დახვრიტესო... იმიტომაც დახვრიტეს, ჭკვიანები და განათლებულები რომ იყვნენ. ვანიკო აბაშიძე რომ მათი რეჟიმის მოწინააღმდეგე იქნებოდა შინაგანად, ყოველთვის იცოდნენ. მიუხედავად ზეწოლისა, საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ინტელექტუალურად ერთ-ერთი პირველი რჩებოდა. ხომ მოღვაწეობდნენ აქ კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე? ისინი ეროვნული ცნობიერების საყრდენ ბურჯებად დარჩნენ.

საქართველომ ბევრჯერ დაკარგა თავისი საუკეთესო შვილები. ამან დაამუხრუჭა ჩვენი განვითარება... ვახტანგ VI-მ რომ ათასობით საუკეთესო ქართველი წაიყვანა რუსეთში, დიდი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნისთვის... 20-იან წლებში ემიგრაციაში წავიდნენ ქართველები, 1924 წელს უამრავი დახვრიტეს... ვაგონებით გაჰყავდათ დასახვრეტად. მერე იყო 1937. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ უნივერსიტეტში ნამდვილი პროფესურის ადგილი წითელმა პროფესურამ დაიკავა. ღირებულებები "ამოტრიალდა" მაშინ და ღირებულებები "თავდაყირა" დგება დღეს...

ფოტოგალერეა

ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი".#2