მცხეთის ქალაქს მირონი დუღს... - კვირის პალიტრა

მცხეთის ქალაქს მირონი დუღს...

საქართველოს ტურისტულ მარშრუტებში მცხეთას საგანგებო ადგილი უკავია.

უკანასკნელ ხანს მცხეთაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტმა კიდევ უფრო დაამშვენა და გაალამაზა ქალაქი და ახალი სიცოცხლე შესძინა. უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, შესანიშნავი ხუროთმოძღვრება, თანამედროვე რესტორნები და გასართობი ცენტრები ნებისმიერ დამსვენებელს შესანიშნავ გარემოს უქმნის იმისათვის, რომ ერთი დღით მოსწყდეს მძიმე ყოველდღიურობას.

მცხეთა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში.

მცხეთის რაიონში არქეოლოგიური სამუშაოები XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. დადგინდა, რომ საქალაქო ცხოვრება უკვე არსებობდა ადრეულ და შუა ბრინჯაოს ხანებში (ძვ. წ. III-II ათასწლეული), ხოლო ძვ. წ. II-I ათასწლეულში იგი მჭიდროდ დასახლებულიც იყო. ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში კი ყალიბდება სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად ქალაქური ელემენტი `დიდი მცხეთა". ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა მცხეთოსმა.

ძვ. წ. III საუკუნის მცხეთა ქართლის (იბერიის) სამეფოს დედაქალაქი იყო. ლეგენდა ქართლის სამეფოს დამაარსებლად მიიჩნევს მცხეთელ ფარნავაზს, რომელსაც მტერი განუდევნია ქართლიდან და მეფობა თავის თავზე აუღია.

იბერიის სამეფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი მესხურ ტომებს უკავიათ. ისინი მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. VIII ს-ის შემდეგ გაჩნდნენ. სახელწოდებაც `მცხეთა" სწორედ მესხურ ტომთა სახელიდან უნდა მომდინარეობდეს (მცხეთა-მესხთა).

თავდაპირველად სამეფო რეზიდენცია მტკვრის მარჯვენა მხარეს იყო აღმართული, საგანგებოდ მძლავრი გალავნით შემოვლებულ ციხეში. იქვე მდებარეობდა არმაზის ღვთაების ტაძარი - არმაზის, გაცის და გაიმის კერპებით. აქ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია მძლავრი საფორტიფიკაციო სისტემა, სასახლეებისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა კვალი. გვიანდელი ბრინჯაოს-ადრერკინის ხანის სამარხები, რომლებიც სამივე სოციალურ ფენას განეკუთვნება. არქეოლოგებმა მიაკვლიეს აგრეთვე საშუალო და დაბალი სოციალური ფენების მასობრივ სასაფლაოს. აღმოჩნდა აბანოც, რომელიც შედგება გასახდელი ოთახის, საცეცხლისა და სამი საბანაო განყოფილებისაგან.

გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით მცხეთა მუდმივი ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები დასავლეთ საქართველოდან, მესხეთიდან, ასევე სომხეთიდან, ალბანეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან. მცხეთაზე გადიოდა აგრეთვე მსოფლიო მნიშვნელობის `აბრეშუმის გზა", `აქლემის გზა" და `ცხვრის გზა".

მცხეთა ქართლის სამეფოს პირველი სატახტო ქალაქი იყო. აქ მისდევდნენ ხელოსნობასა და ვაჭრობას. მასზე ბევრს წერდნენ ბერძენი, რომაელი და ქართველი ისტორიკოსები. ლეონტი მროველი მცხეთას ასე მოიხსენიებდა: `მცხეთა და უბანნი მისნი", რადგანაც ყველა უბანში ხელოსნობისა და ვაჭრობის სხვადასხვა მიმართულება იყო.

მცხეთას მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა აკავშირებდა საბერძნეთისა და რომის იმპერიებთან, რასაც ადასტურებს რომის იმპერატორთა მიერ I საუკუნეში მცხეთის გალავნის გამაგრება და წარწერა, რომელშიც იბერიის სამეფოსა და რომაელთა მეგობრობის შესახებაა აღნიშნული.

IV საუკუნის დასაწყისში ქართლში მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის მოღვაწეობის დროს საქართველოში ჩამოვიდა კაპადოკიელი ქალწული წმინდა ნინო, რომელმაც იქადაგა ქრისტიანობა, მოაქცია სარწმუნოებაზე მეფე და დედოფალი, მოგვიანებით წარჩინებულები და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ეზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. 337 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მცხეთაში სამეფო ბაღში აშენდა პირველი მცირე ეკლესია (ახლანდელი სვეტიცხოვლის ადგილას).

V-VI საუკუნეებში პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი ქართლის დედაქალაქი გახდა, ხოლო მცხეთა საეკლესიო-რელიგიურ ცენტრად გადაიქცა.

მურვან ყრუს გამანადგურებელმა ლაშქრობებმა (736-38 წწ.) მცხეთა მნიშვნელოვნად დააზარალა. თანდათან დაიწყო ქალაქის დამცრობა და იგი პატარა ქალაქად იქცა. XV საუკუნის დასაწყისში კი მცხეთა თემურ-ლენგმა დაარბია...

მცხეთა მდიდარია ულამაზესი ისტორიული ძეგლებით. იგი წარმოადგენს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო ცენტრს. აქ აღმართულია უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს შეადგენს. მათ რიცხვს ეკუთვნის: ჯვარი (VI ს.), სვეტიცხოველი (XI ს.), სამთავრო (XI ს.), შიომღვიმის მონასტერი (VI-XIII სს.), ბებრის ციხე (ადრეული შუა საუკუნეები) და სხვ.

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი მდებარეობს ქალაქ მცხეთის ცენტრში. სამონასტრო კომპლექსში ერთიანდება: ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები და სასულიერო პირთა საცხოვრისები.

ლეგენდის თანახმად, მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია. იქიდან მაცხოვრის კვართი ჩამოუტანია საქართველოში. მცხეთის შესასვლელში მას შეგებებია მისი და სიდონია, რომელსაც დიდი სიხარულით ჩაუკრავს გულში კვართი და სული განუტევებია. იგი პერანგიანად დაუკრძალავთ. სიდონიას საფლავზე ამოვიდა ლიბანის კედარი. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, მეფე მირიანმა ბრძანა სიდონიას საფლავის ადგილას ტაძარი აეგოთ. მოკვეთეს კედარი, მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს.

ექვსი სვეტი რომ აღმართეს, მეშვიდე ჰაერში გაჩერდა. ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. წმინდა ნინო მთელი ღამე ლოცულობდა და მოხდა სასწაული - `სვეტი ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისაგან კაცთასა". სვეტი გაიფოთლა და მისგან მირონმა იწყო დენა, რომელიც კურნავდა სნეულთ. სვეტს უწოდეს `სვეტი ცხოველი", სიცოცხლისა და სიხარულის მომნიჭებელი. ტაძრის სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.

მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის ბოლოს ხის ტაძრის ნაცვლად ოდნავ დიდი, ქვის ბაზილიკური ეკლესია ააშენა. XI საუკუნის დასაწყისში (1010-1029 წწ.) ქართლის კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის თაოსნობითა და ხუროთმოძღვარ არსუკიძის ხელით იგი გადაიქცა გრანდიოზულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობად. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ წარწერაში ნათქვამია: `ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი. ამან აღაშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკიძისაითა ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა". ჩრდილოეთის ფასადზე ორ ქვაზე გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უჭირავს. იქვე წარწერაში ვკითხულობთ: `ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდვეთ". სავარაუდოდ, ამ წარწერამ წარმოშვა თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ სძლია სვეტიცხოვლის ამგებმა მასწავლებელს, რის გამოც მას მარჯვენა მოჰკვეთეს.

1283 წელს ტაძრის გუმბათი მიწისძვრამ დააზიანა. იგი გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა. XIV საუკუნის ბოლოს თემურ ლენგმა სერიოზული ზიანი მიაყენა სვეტიცხოველს: გადაჭრა ბურჯები და დაანგრია გუმბათი. XV საუკუნის I ნახევარში იგი აღადგინა ალექსანდრე I-მა. 1656 წელს კი ტაძრის რეკონსტრუქციაზე იზრუნეს ქართლის მეფე როსტომმა და მისმა მეუღლემ, დედოფალმა მარიამმა.

სვეტიცხოველი წარმოადგენდა საკათალიკოსო ცენტრს, ამიტომ აქ იმართებოდა ქართველ მეფეთა ჯვრისწერები, მეფეთა და კათალიკოსთა ხელდასხმის რიტუალი.

ტაძარში განისვენებენ ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, გიორგი XII და ანტონ კათალიკოსი. საისტორიო წყაროების მიხედვით, სავარაუდოდ, აქ დაკრძალულნი არიან აგრეთვე: ევსტათი მცხეთელი, მელქისედეკ კათალიკოსი, დავით ულუ, დიმიტრი თავდადებული, ალექსანდრე დიდი, გიორგი VII, გიორგი VIII, ლუარსაბ I და სიმონ I.

ტაძარი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. ამიტომ, აქ არიან დაკრძალულნი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლე მარიამი, მათი შვილები და შვილიშვილები.

ტაძრის სამხრეთ კედელში ჩაშენებულია XIII-XIV საუკუნეების ქვის ეკლესია. სავარაუდოდ, იგი არის სიმბოლო იერუსალიმში გოლგოთას მთაზე არსებული ტაძრისა. ეს სიმბოლური ეკლესია განკუთვნილი იყო იმ ქართველთათვის, რომელთაც იერუსალიმში სალოცავად წასვლა არ შეეძლოთ.

ტაძრის შესასვლელთან ემბაზია, რომელიც სავარაუდოდ, ქართლის მოქცევის დროინდელია. იგი თავდაპირველად ოქროთი იყო მოპირკეთებული. ეს სიწმინდე XIV საუკუნეში თემურ-ლენგმა გაძარცვა და მისი ოქროს საფარი სხვა უამრავ ძვირფასეულობასთან ერთად წაიღო საქართველოდან.

წმინდა ნინოს და მეფე მირიანის მიერ ჩაყრილ ქრისტიანულ საფუძველზე აღმოცენდა ულამაზესი ტაძარი, რომელიც იყო და არის გვირგვინი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული საქართველოსი.

სამთავრო

სამთავროს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. კომპლექსიდან მოაღწია მხოლოდ გუმბათოვანმა ტაძარმა, წმინდა ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა და ციხე-კოშკმა.

საისტორიო წყაროების მიხედვით, აქ მცხეთის მთავრის რეზიდენცია ყოფილა. აქედან იღებს სათავეს სახელწოდება – სამთავრო.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძველი მცირე ეკლესიაა, რომლის აგებაც უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის გამავრცელებლის – წმინდა ნინოს სახელს. იგი დიდი ტაძრის აღმოსავლეთით დგას. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული წმინდა ნინო სამი წლის განმავლობაში `ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისათა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან". ამ ადგილას მეფე მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს `წმინდა ნინოს ცხოვრებაში" მეფე მირიანის მიერ მოყვანილი ტექსტის შინაარსი: `აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინა ნინოსსა". ტაძრის ინტერიერი მოხატულია წმინდა ქალწულის ცხოვრების ამსახველი სცენებით.

სამთავროს სამონასტრო კომპლექსში დომინირებს დიდი ტაძარი, რომელიც XI საუკუნის I ნახევრით თარიღდება. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა.

ტაძრის პირვანდელი გუმბათი 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეულა. იგი XIV საუკუნეში აღუდგენიათ. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სამრეკლო, რომელიც XV საუკუნით თარიღდება. ტაძრის შესასვლელი კარიბჭე სამხრეთითაა განთავსებული.

ტაძრის კედლები აგებისას მოუხატავთ, თუმცა იგი ჟამთა სიავეს წაუშლია. ამჟამად არსებული ფერწერა გვიანი პერიოდისაა. იგი XIV საუკუნით თარიღდება.

საკურთხეველში დაკრძალულია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – აბიბოს ნეკრესელი. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში განისვენებენ პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა.

სამხრეთ კარიბჭე ტაძრის დაარსების თანადროულია.

XVII საუკუნიდან სამთავროს საეპისკოპოსო კომპლექსი გადაკეთდა დედათა მონასტრად, სადაც ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელოსნო. ამჟამად სამთავრო დედათა მოქმედი მონასტერია.

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი

თბილისიდან 30 კმ-ზე, მცხეთის დასავლეთით 9-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. მონასტერს ქართულ ხუროთმოძღვრებაში თვალსაჩინო ადგილი უკავია. მისი დამაარსებელი იყო VI საუკუნის II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – მამა შიო. ამიტომაც ეწოდა ტაძარს მისი სახელი.

შიომღვიმის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი VI საუკუნის ძეგლია. საისტორიო წყაროებით, წმინდა მამა შიო ოცი წლის ასაკში დაუმოწაფდა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს. გამოჰყვა ქართლში და 543-547 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს შიო სარკინეთის მთაზე გაემგზავრა და იქ ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას. ლეგენდის მიხედვით, მამა შიოს საკვებს მტრედი უზიდავდა. ერთხელ, მხურვალე ლოცვისას, მამა შიოს გამოეცხადა ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელთან ერთად და აუწყეს, რომ ეს ადგილი სულ მალე დიდ სამონასტრო კერად გადაკეთდებოდა. მამა შიომ გადაინაცვლა უფრო ბნელ და ღრმა მღვიმეში, რომელსაც ვიწრო ყელი აქვს ზემოდან.

მღვიმის შესასვლელი წმინდა შიომ ამოაშენებინა და სწორედ მღვიმის თავზე არსებულ ყელიდან აწვდიდნენ წმინდანს წყალსა და საჭმელს. წმინდა შიომ იქვე დაასრულა მოწამებრივი სიცოცხლე და ანდერძისამებრ მღვიმეშივეა დაკრძალული. XI საუკუნის დასასრულს მღვიმეს დააშენეს მომცრო ეკლესია.

შუა საუკუნეების პერიოდში შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა.

XII საუკუნეში დავით IV აღმაშენებლისგან დევნილმა მოღალატე ფეოდალმა ძაგანმა თავი შიომღვიმეს შეაფარა. მონასტერმა კი ორგული დიდებული შეიპყრო და მეფეს გადასცა. მეფემ მადლიერების ნიშნად მონასტერში 1103-1133 წლებში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. ტაძრის მშენებლობა დაავალა არსენ ბერს, იმავე არსენ იყალთოელს (იყალთოს მონასტრის წინამძღვარს, ცნობილ მწერალსა და მეცნიერს).

დავით IV-მ აურაცხელი განძი შესწირა ტაძარს. განუსაზღვრა ცხოვრების წესი, გადასცა მამულები და გაათავისუფლა სახელმწიფო გადასახადებისგან. მონასტერი დავითის მეოხებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. იგი მდიდარი იყო ულამაზესი ფერწერით, თუმცა ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ XIX საუკუნის ფრესკები. ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად გუმბათიანი ტაძარი იყო, მაგრამ XVII საუკუნისთვის უკვე საფუძვლიანად დაზიანებული ყოფილა. 1678 წელს გივი ამილახვარმა აქ ახალი სამნავიანი ბაზილიკა ააგო.

ისტორიულად მონასტრის წინაშე ერთი გადაუჭრელი პრობლემა იდგა. 1202 წელს ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა თამარ მეფის ნებართვით სოფელ სხალტბიდან მონასტრამდე სასმელი წყალი გაიყვანა. ამ მოვლენის შესახებ საკმაოდ საინტერესო წერილობითი ძეგლი გაგვაჩნია. ეს არის ანტონ მთავარეპისკოპოსის სიგელი, რომელიც საგანგებოდ წყალსადენის მშენებლობას ეხება. ანტონ ჭყონდიდელი მოგვითხრობს, როდესაც მან იხილა უწყლობით გამოწვეული შიომღვიმის ბერთა გასაჭირი, გადაწყვიტა მონასტრისათვის ეს პრობლემა მოეგვარებინა. მან სოფელ სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში გამოიყვანა წყალსადენი, რამაც საბოლოოდ მოაგვარა წყლის პრობლემა.

წყალსადენის ტრასა თითქმის ორ კილომეტრზეა გადაჭიმული. მილსადენის დაქანებისათვის რომ მიეღწიათ, წყალსადენის დიდი ნაწილი ხელოვნურად გაჭრილ გვირაბში გაიყვანეს. მილები ამ გვირაბის იატაკზეა ჩაწყობილი. წყალსადენის ბოლო მონაკვეთი 170 მეტრი სიმაღლის ფრიალო კლდეზე ეშვება. წყალსადენი დღე-ღამეში 243000 ლიტრ წყალს აწვდიდა მონასტერს.

შიომღვიმის მონასტერში უამრავი ბუნებრივი გამოქვაბული იყო, რომელშიც საუკუნეთა განმავლობაში მოღვაწეობდნენ დაყუდებული ბერები.

შიომღვიმის მონასტერი ქართული სამეცნიერო მოღვაწეობის კერასაც წარმოადგენდა. აქ მიმდინარეობდა წიგნების თარგმნა, გადაწერა და ორიგინალური სასულიერო და საისტორიო ნაწარმოებების შექმნა. მონასტერში მოღვაწეობდნენ მისი დამაარსებელი შიო მღვიმელი, ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. მონასტერს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. 1804 წლის მონაცემებით, წიგნების რაოდენობა 10 ურემზე ძლივს დაეტეოდა. ამჟამად მონასტერში მამათა სავანეა.

ბებრისციხე

მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირს დაჰყურებს ერთ დროს ძლიერი ციხესიმაგრე ბებრისციხე, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღაა ჩვენამდე მოღწეული. მას ძველად ბელტის ციხეს უწოდებდნენ.

ციხესიმაგრის რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. მდინარის კალაპოტი აქ ვიწროა და ციხის ადგილიც ისეა შერჩეული, რომ პირდაპირ ემიჯნება იქ გამავალ გზას. ჩრდილოეთიდან მომავალი მტერი ვერაფრით აუვლიდა გვერდს ციხესიმაგრეს. ასევე მოსახლეობის მთებში გახიზვნისას არიერგარდს გაუადვილდებოდა ზურგის დაცვა.

ბებრისციხე ორი ნაწილისგან შედგება – ზედა და ქვედა ციხისაგან. იგი ამჟამად ძალზე დაზიანებულია და მისი პირვანდელი სახით წარმოდგენა ძნელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნანგრევების მასშტაბიც ნათლად მეტყველებს ამგებთა მაღალ პროფესიონალიზმზე.

ბებრისციხეზე არსებობს ლეგენდა: ოდესღაც, ეს მიწა-წყალი ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას ორი შვილი ჰყავდა - სათნო და მოსიყვარულე ასული მაკრინე და გულქვა ვაჟი მამუკა. მამის გარდაცვალების შემდგომ მამუკას დიდძალი გადასახადები შეუწერია გლეხებისათვის, სასტიკად უწამებია ისინი. მაკრინე ევედრებოდა ძმას მათ შეწყნარებას. გაგულისებულ მამუკას მაკრინე ციხესიმაგრეში გამოუკეტავს. ერთხელ, როდესაც ყმებისთვის ქვაბით კერძი იხარშებოდა, მასში ორი ყვავი ჩავარდნილა. გლეხებს საჭმელი გადაუღვრიათ. ამის დანახვამ თავადი გააცეცხლა და მათ დასასჯელად გაეშურა. უეცრად ქვაბიდან გველები ამოძვრნენ და მამუკას შემოეხვივნენ. სასოწარკვეთილი ბოროტი თავადი დახმარების სანაცვლოდ ღმერთს ტაძრის აგებას შეჰპირდა. გადარჩენილმა თავადმა მთელი ქონება გლეხებს გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა და შეგროვილი ფულით ააშენა ეკლესია, ხოლო მაკრინე მცხეთაში აღიკვეცა მონაზვნად.

სამოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც მონაზონი მაკრინე გარდაიცვალა, მასთან თეთრწვერა მოხუცი მივიდა, გარდაცვლილს შუბლზე ეამბორა და ჩასჩურჩულა: `დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა". ამ სიტყვების დასრულებისთანავე სული განუტევა. ამიტომ ეწოდა ამ ციხეს `ბებრისციხე" - ამბობს ლეგენდა.

ბებრისციხის აგების თარიღი უცნობია ისტორიკოსთათვის, თუმცა მისი როლი ყველა საუკუნეში მნიშვნელოვანი იყო, იგი ციხე-დარბაზის როლსაც ასრულებდა. ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან, რომელიც წერს: `დემეტრე მეფე ბებრისციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა". ანუ 1156 წელს აქ გარდაცვლილა დავით IV აღმაშენებლის შვილი დემეტრე I, რომელიც შემდგომ გელათში დაუკრძალავთ.

ბებრისციხე მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. მისი საერთო ფართობი გადაჭიმულია 100X60 მეტრზე. ციხე სამკუთხედის ფორმისაა.

ჯვარი

მცხეთის ჯვარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთის წვერზე.

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული წარსული აქვს: IV საუკუნის 30-იან წლებში წმინდა ნინოს მითითებით და მეფე მირიანის ბრძანებით ტაძრის ადგილას ხის დიდი ჯვარი აღუმართავთ, როგორც სიმბოლო ახალაღმოცენებული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამ დიდმა VI საუკუნის II ნახევარში ხის ჯვრის ჩრდილოეთით `...იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსანისა" შენება. ეს იყო პატარა ტაძარი. ქრისტიანობის გაღრმავებამ და მლოცველთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა ტაძრის გაფართოება. VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში გუარამის ვაჟმა, ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა პატარა ეკლესიის ადგილას დიდი ტაძარი ააგო, რომელიც თარიღდება 584(5)-604(5) წლებით. სტილით იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ტაძრის ცენტრში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად იდგა ხის ჯვარი, რვაწახნაგა ნაგებობაა. თავდაპირველად ტაძარი მოხატული არ ყოფილა, იგი მოგვიანებით მოუხატავთ.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუაში გამოსახულია ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ I ქართლის ერისმთავარი (წარწერა: `ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოზ ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე"), მარცხნივ მისი ძმის დემეტრეს გამოსახულებაა მიქაელ მთავარანგელოზისადმი თხოვნით, მარჯვნივ კი სტეფანოზ I-ის მეორე ძმის ადარნასეს და მისი ვაჟის ქობულის გამოსახულებაა წარწერით.

ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურამ დასაბამი მისცა `ჯვრის ტიპის" ტაძრების მშენებლობას საქართველოში (მარტვილის ტაძარი, ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია).

მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსს გარედან გალავანი ეკვროდა, რომლის მხოლოდ XVI-XVII საუკუნეების ფრაგმენტებია შემორჩენილი.

მიუხედავად მრავალჯერადი დაზიანებებისა, ტაძარს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე. ამჟამად ჯვრის ტაძარში მამათა მონასტერია.

ჟურნალი "ისტორიანი",#2