"იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჰიტლერი თავად წერდა, მხოლოდ ფანქარს იყენებდა და არა მელანს" - რას წერდა ჰიტლერი დღიურებში - კვირის პალიტრა

"იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჰიტლერი თავად წერდა, მხოლოდ ფანქარს იყენებდა და არა მელანს" - რას წერდა ჰიტლერი დღიურებში

სკანდალი იდეალურ ფალსიფიკაციაზე

სკეპტიკოსებმა არ დაიჯერეს, თითქოს ჰიტლერი ისე ოსტატურად მალავდა დღიურებს, რომ მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ფიურერს არ უყვარდა წერა და წერილებსაც მდივანს კარნახობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ნერვიული აშლილობის ფონზე, კანკალი გაუხშირდა და ფანქარსაც ვეღარ იღებდა ხელში. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჰიტლერი თავად წერდა, მხოლოდ ფანქარს იყენებდა და არა მელანს, როგორც ეს მის ეგრეთ წოდებულ დღიურებში იყო

გასული საუკუნის 80-იან წლებში გერმანული მედია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალის მოწმე გახდა, როცა სოლიდურმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "შტერნმა" ადოლფ ჰიტლერის დღიურები გამოაქვეყნა.

1983 წლის 25 აპრილს დასავლეთ გერმანული ჟურნალის გარეკანი სისხლისფერი ასოებით იუწყებოდა, - ნაპოვნია ჰიტლერის დღიურებიო. გამოცემამ ჰიტლერის ხელით დაწერილი ფრაგმენტების დართვით 42 გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდები ფიურერის დღიურიდან და მკითხველს 28 ეპიზოდის პუბლიკაციას დაჰპირდა.

ასობით რეპორტიორმა მოიყარა თავი "შტერნის" პრესკონფერენციაზე ჰამბურგში, სადაც რეკორდული ტირაჟით (2 300 000 ცალი) გამოსული ჟურნალის ბოლო ნომრით ხელდამშვენებულმა მთავარმა რედაქტორმა, პიტერ კოჰმა, მეტისმეტად პათეტიკურად წარმოთქვა,"- დარწმუნებული ვარ, ამ აღმოჩენის შემდეგ გერმანიის ისტორია თავიდან დაიწერებაო."

უცხოელი მედიამაგნატები ფინანსებს არ იშურებდნენ დღიურების პუბლიკაციაზე უფლების მოსაპოვებლად. მემუარების ფრაგმენტები უმსხვილესმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს. მსოფლიო საზოგადოება ინტერესით შეხვდა სენსაციურ აღმოჩენას, თუმცა სენსაცია ერთ კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა.

ჟურნალის განცხადებამ, თითქოს დღიურები სანდო წყაროსგან შეიძინა, თავიდანვე ეჭვი გამოიწვია, რადგან არც ჰიტლერის თანამებრძოლებს, არც იმ ეპოქის შემსწავლელ მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ ფიურერმა 1932 წელს დაიწყო დღიურის წერა, ბოლო ჩანაწერი კი 1945 წლის აპრილში, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გააკეთა. მართალია, დღიურმა თავისი სისასტიკით ვერავინ გააკვირვა, მაგრამ ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ფიურერის დამოკიდებულება საკუთარი გარემოცვის მიმართ.""ბორმანი საჭირო კაცია. ხუთი ბორმანი რომ მყავდეს, არ ვიჯდებოდი ახლა აქ, ბერლინის ბუნკერში", - წერდა ფიურერი და ამატებდა,""ჰიმლერი ძველგერმანული ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს და ზოგჯერ მგონია, ჭკუიდან შეიშალა"."ერთგან ჰიტლერი საყვარელ ქალსაც იხსენებდა - "ევა ძალიან განიცდის. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს ცრუ ორსულობა იყო, თუმცა თვითონ ჯიუტად ამტკიცებს, მუცელი მომეშალაო. ძალიან ვჭირდები. გული მწყდება, რომ არ შემიძლია დავუთმო მეტი დრო და ყურადღება".

სკეპტიკოსებმა თავიდანვე არ დაიჯერეს, თითქოს ჰიტლერი ისე ოსტატურად მალავდა დღიურებს, რომ მისი არსებობის შესახებ არც მრავალრიცხოვანმა თანაშემწეებმა იცოდნენ რაიმე, არც მოახლეებმა და არც ადიუტანტებმა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ფიურერს არ უყვარდა წერა და წერილებსაც მდივანს კარნახობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ნერვიული აშლილობის ფონზე, კანკალი გაუხშირდა და ფანქარსაც ვეღარ იღებდა ხელში. სხვათა შორის, იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჰიტლერი თავად წერდა, მხოლოდ ფანქარს იყენებდა და არა მელანს, როგორც ეს მის ეგრეთ წოდებულ დღიურებში იყო.

სამოცდაორ რვეულში თავმოყრილი სენსაციური მასალა "შტერნის" ოცდათერთმეტი წლის რეპორტიორმა, ჰერდ ჰაიდემანმა შეიძინა, რომელსაც თანამშრომლები ნაკლებ სერიოზულ, თუმცა, საკმაოდ მოხერხებულ ჟურნალისტად მიიჩნევდნენ. ჰაიდემანი ეთაყვანებოდა ნაციზმს, სახლიც კი გაყიდა ჰამბურგში, რათა ჰერმან ჰერინგისეული იახტა შეეძინა და ღირსეულად ემასპინძლა ყოფილი და მოქმედი ნაცისტებისთვის. სწორედ ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოსანმა გააცნო მას ვინმე კონრად კუიაუ, რომელიც შტუტგარტში ფაშისტური სიმბოლიკით ვაჭრობდა. ჰაიდემანი და კუიაუ 1981 წლის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს. მოვაჭრე გაცნობისთანავე გამოუტყდა რეპორტიორს, - ფიურერის დღიურები მაქვსო და მეტად საინტერესო ამბავსაც მოუყვა. როგორც აღმოჩნდა, დღიურები, ჰიტლერის სხვა პირად ნივთებთან ერთად, 1945 წლის აპრილის ბოლოს სატვირთო "იუნკერსით" ბერლინიდან გადაჰქონდათ, თუმცა თვითმფრინავი დრეზდენის ახლოს ჩამოაგდეს. ეკიპაჟი დაიღუპა, ტვირთის ნაწილი ადგილობრივმა ფერმერმა გადაარჩინა და გადამალა. მოგვიანებით დღიურები კუიაუს ძმას, აღმოსავლეთ გერმანიის ჯარის ოფიცერს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და ახლა სწორედ ის ცდილობდა მათ გაყიდვას დასავლეთში.

16 წლის ჯიბის ქურდმა კონრად კუიაუმ რამდენჯერმე საპატიმროში ამოყო თავი. მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ, აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა და შტუტგარტში დასახლდა, სადაც აღმოსავლეთიდან არალეგალურად შემოტანილი ნაცისტური ატრიბუტიკით დაიწყო ვაჭრობა. სწრაფად აუღო ალღო ახალ საქმეს და მიხვდა, რომ კოლექციონერებს არტეფაქტებზე მეტად მისი ისტორია აინტერესებდათ. კარგი იუმორის და ფანტაზიის წყალობით იმდენად კარგად გამოსდიოდა დაუჯერებელი ამბების შეთხზვა, რომ ერთ-ერთ კოლექციონერს მან ადოლფ ჰიტლერის ფერფლიც კი მიჰყიდა(!).

ჰაიდემანი წამითაც არ დაუეჭვებია კუიაუს მონაყოლს და ორი წელიწადი არწმუნებდა "შტერნის" მესვეურებს, შეეძინათ სენსაციური მემუარები. საბოლოოდ, "შტერნმა" 9 მლნ გერმანული მარკა, ანუ 3,7 მლნ დოლარი გადაიხადა დღიურებში, საიდანაც 1,5 მლნ რეპორტიორმა მიიღო. ჰაიდემანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ კუიაუ სინამდვილეში ხელმოცარული მხატვარი, ბრწყინვალე მისტიფიკატორი კონრადი იყო, ხოლო ჰიტლერის დღიურები, იდეალურად შესრულებული ფალსიფიკაცია. სხვათა შორის, ჰაიდემანმა თაღლითისგან არა მარტო დღიურები, არამედ ვითომდა ფიურერის აკვარელით ნახატები, ახალგაზრდობაში დაწერილი ოპერის პარტიტურა, პირველი მსოფლიო ომის მუნდირის ლენტები და ევა ბრაუნის ბიუსტჰალტერიც კი შეიძინა. სრულიად გასაგებია ნაციზმის თაყვანისმცემლის გაბრიყვება, მაგრამ გაუგებარია, როგორ წამოეგო ანკესზე სოლიდური გამოცემა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ძვირფასი შენაძენის პროფესიონალურად შემოწმება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ექსპერტიზა მართლაც ჩატარდა, თუმცა მხოლოდ გრაფოლოგიური. რამდენიმე დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეამოწმა ხელნაწერი და დაადასტურა, რომ ის მართლაც ჰიტლერს ეკუთვნოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ექსპერტიზის ნიმუშად სპეციალისტებმა იმავე კუიაუს ჰიტლერის ხელნაწერის მანამდე გაყალბებული ნიმუშები გამოიყენეს, ანუ ერთი ფალსიფიკაცია მეორეს შეადარეს და შედეგიც შესაბამისი მიიღეს. ტექნიკურ ექსპერტიზას კი სენსაციას გამოდევნებული გამომცემლობა აღარ დაელოდა და ძალიან ინანა, რადგან პირველივე სერიოზულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გამოყენებული მელანი, წებო და ხელოვნური ტყავი შედარებით გვიან პერიოდს მიეკუთვნებოდა და არა იმ დროს, როცა დღიური უნდა დაწერილიყო.

"შტერნი" არ იყო გაქნილი მისტიფიკატორის პირველი მსხვერპლი. 1970 წლის ბოლოს მან პრაქტიკულად დაიპყრო ანტიკვარული ბაზარი თავისი ფსევდოჰიტლერული ნამუშევრებით, ნახატებს ის ადგილობრივ ბაზრობაზე ყიდულობდა, ჰიტლერის ავტოგრაფს უკეთებდა და სამმაგ ფასად ასაღებდა. თავიდან კუიაუ მხოლოდ 27 რვეულის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა "შტერნის" მიერ შეთავაზებული თანხა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჰიტლერის ეგრეთ წოდებული დღიურის სამოცზე მეტი რვეული შექმნა. მასალა ერთ-ერთ საკანცელარიო საწყობში შეიძინა, სიძველის შთაბეჭდილების შესაქმნელად ფურცლები ჩაის ნაყენში დაასველა და გააუთოვა.

სკანდალად ქცეული სენსაციიდან ერთ კვირაში, 1983 წლის 14 მაისს, შეშინებული კონრად კუიაუ თავად გამოცხადდა პოლიციაში, აღიარა დანაშაული და ჰაიდემანი ჯერ თანამზრახველობაში, მერე კი "შტერნის" მიერ გადახდილი მილიონების მოპარვაში დაადანაშაულა. მისტიფიკატორის მოულოდნელმა გულახდილობამ შთაბეჭდილება მოახდინა მოსამართლეზე და მან უფრო მსუბუქი სასჯელი მიიღო, ვიდრე ჰაიდემანმა. მისჯილი ოთხი წლიდან კუიაუმ მხოლოდ ორი მოიხადა და საპატიმრო ყელის სიმსივნის დიაგნოზით ვადაზე ადრე დატოვა.

ამის შემდეგ კუიაუმ საჯაროდ განაცხადა, ვიწყებ წიგნის წერას - "მე ჰიტლერი ვიყავი"-ო. თუმცა მოგვიანებით მაღაზია "ორგინალური სიყალბე" გახსნა და ოფიციალურად დაიწყო XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ფალსიფიკატორის გაყალბებული ნივთებით ვაჭრობა, ფიურერის მობეზრებული პეიზაჟებიდან ყურადღება მან სალვადორ დალის, კლოდ მონეს, რემბრანდტის, ვან გოგისა და კლიმტის შემოქმედებაზე გადაიტანა და გაყალბებულ შედევრებს მყიდველის სურვილის გათვალისწინებით, საკუთარი ან ავტორის ავტოგრაფით ამშვენებდა...