მხოლოდ 1990 წელს აღი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, რომ კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­აწყ­ვეს - კატინის ტრაგედია - კვირის პალიტრა

მხოლოდ 1990 წელს აღი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, რომ კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­აწყ­ვეს - კატინის ტრაგედია

კატინში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას კარგა ხანს ტაბუ ედო. ამიტომ მის შესახებ უამრავი ლეგენდა ვრცელდებოდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში კატინზე პირველად ითქვა სიმართლის ნაწილი, სიმართლე კი საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1990 წელს აღიარა.

პოლონეთის ისტორია ჩვენი ქვეყნისას ძალიან წააგავს. საქართველოს წარსულის მსგავსად, იქაც გვხვდება ტრიუმფი და ტრაგედია, აღმასვლა თუ დაცემა. იყო დრო, როცა პოლონეთი მთელ ევროპას აზანზარებდა, შემდეგ ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ქვეყანაშიც შფოთმა დაისადგურა. საბოლოოდ რეჩპოსპოლიტა (პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო) რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ რამდენჯერმე გაინაწილეს. 1918 წელს პოლონეთის სახელმწიფოებრიობა აღდგა, 1939 წელს კი ის კვლავ დააქუცმაცეს. ამჯერად, სტალინისა და ჰიტლერის შეთანხმების საფუძველზე.

ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი უილიამ შირერი აღნიშნავს, რომ პოლონელები, ტრადიციულად, პატრიოტი და მორწმუნე ხალხია. თავიანთ წარსულს აიდეალებენ. პატრიოტიზმმა დიდად განაპირობა პოლონეთის სახელმწიფოს აღდგენა (1918) და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში (1919-1920) გამარჯვება. აღორძინებულ პოლონეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, მალე ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა. ამავე დროს წარსულის გაიდეალებამ ამ ქვეყანას არცთუ კარგი სამსახური გაუწია.

პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას წამოსწიეს ლოზუნგი – რეჩპოსპოლიტას აღდგენა. 1934 წელს უკრაინელმა ნაციონალისტებმა ვარშავაში პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრონისლავ პერაცკი მოკლეს.

- უკრაინული პრობლემა ომამდელ პოლონეთში მართლაც ძალიან მწვავედ იდგა. ამან გალიციის სახით ცხელი კერის შექმნა განაპირობა და პოლონეთის სახელმწიფო დაასუსტა, - წერს უილიამ შირერი.

პოლონურ არმიაში მაღალი საბრძოლო სულისკვეთება სუფევდა, მაგრამ თავად არმია თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოქცეული პოლონეთის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. ყოველივე კი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა დააგვირგვინა. სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთი გადაინაწილეს. დასავლეთი უკრაინა და დასავლეთი ბელორუსია საბჭოთა კავშირს ერგო, პოლონეთის დანარჩენი ნაწილი - გერმანიას.

- პოლონეთის მთავრობა მოახლოებულ საფრთხეს გრძნობდა და ცდილობდა დასავლეთისგან (ინგლისი-საფრანგეთი) სათანადო გარანტიები მიეღო, - წერს უილიამ შირერი.

ინგლის-საფრანგეთმა პოლონეთს ასეთი გარანტიები მისცეს, თუმცა ამან ტრაგედია ვერ შეაჩერა.

კატასტროფა

1939 წლის 1-ელ სექტემბერს ჰიტლერული გერმანია პოლონეთს თავს დაესხა. ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთისთვის მიცემული პირობა შეასრულეს და გერმანიას ომი გამოუცხადეს.

ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

დასავლეთი ომისთვის მზად არ იყო. ინგლის-საფრანგეთის არმიები ვერ უმკლავდებოდნენ გერმანელებს, რომლებიც როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ომისთვის მზად იყვნენ.

- დასავლეთი ვერმახტის წინაშე უკან იხევდა. ისტორიკოსებმა მეორე მსოფლიო ომის ამ ეპიზოდს (1939-1940 წლები) "უცნაური ომი" შეარქვეს, - წერს უილიამ შირერი.

პოლონელი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ გერმანელთა ტექნიკური უპირატესობა აშკარა იყო. კავალერიას ტანკებთან გამკლავება არ შეეძლო. ამას გარდა, ეროვნულმა საკითხმაც უაღრესად მტკივნეულად იჩინა თავი.

1939 წლის 8 სექტემბერს გერმანელები ვარშავას მიუახლოვდნენ. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ მისი ჯარისკაცები ელვისებური იერიშით აიღებდნენ ქალაქს. ეს არ გამართლდა. მართალია გერმანელებმა ვარშავის სამხრეთი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ პოლონელთა კონტრშეტევის შემდეგ იძულებული გახდნენ, დაკავებული პოზიციები დაეტოვებინათ. ამის შემდეგ ჰიტლერელებმა ვარშავის ელვისებური იერიშით აღებაზე უარი თქვეს. ნაცისტებმა პოლონეთის დედაქალაქი ალყაში მოაქციეს. 1939 წლის 14 სექტემბერს ვერმახტის წარმომადგენლებმა პოლონელებს ქალაქის ჩაბარება მოსთხოვეს.

- ცა დედამიწას გაუსწორდება, ხოლო ვისლა დინებას შეწყვეტს, ვიდრე ვარშავა დაგნებდებათ, - ასეთი იყო პოლონელთა პასუხი.

- პოლონური კომპანიის დროს გამოიკვეთა გერმანელთა ტაქტიკა. ისინი მოწინაღმდეგეს ე.წ. ქვაბებში აქცევდნენ და წინ მიდიოდნენ. მართალია, ვარშავა წინააღმდეგობას განაგრძობდა, მაგრამ გერმანელები ბევრ დასახლებულ პუნქტს იკავებდნენ. მალე ისინი დასავლეთ უკრაინაშიც შეიჭრნენ, - წერს ჰოლანდიელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი ლუი დე იონგი.

ასეთ დროს პოლონეთს მეორე მახვილი საბჭოთა კავშირმა ჩასცა. 1939 წლის 16 სექტემბერს საბჭოთა არმიამ საზღვარი გადალახა და დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის დაკავება დაიწყო. საბჭოთა მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ წითელი არმია პოლონეთში შევიდა, რათა დაიცვას უკრაინელი და ბელორუსიელი მოსახლეობის ქონება და სიცოცხლე. სინამდვილეში საბჭოთა და გერმანელი ჯარისკაცები პოლონელთა წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციებს ახორციელებდნენ. სწორედ 1939 წლის შემოდგომაზე გაიმართა პირველი ბრძოლა ბრესტის ციხესიმაგრესთან. იქ მყოფ პოლონურ გარნიზონს ჰიტლერელთა არმიამ შეუტია და სისხლის მღვრელი ბრძოლების შედეგად ციხესიმაგრე დაიკავა. ეწყობოდა ერთობლივი ოპერაციები უკრაინელი პარტიზანების წინააღმდეგაც. გერმანულმა სარდლობამ უკრაინელებს მიმართა, დაეყარათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებით დაემუქრა.

- არავითარი თავისუფალი უკრაინა არ გვჭირდება, - ასეთი იყო ჰიტლერელთა პოზიცია.

უკრაინელები, რომლებიც ორ ცეცხლს შუა მოექცნენ, იძულებული გახდნენ, გერმანელთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. თავდაპირველად გერმანელები ამას არ ეწინააღმდეგებოდნენ, რამაც სტალინი აღაშფოთა. საბჭოთა დიქტატორმა მოითხოვა, რომ ე.წ. უკრაინული ბანდები განეიარაღებინათ, მათი მეთაურები კი საბჭოთა მხარისთვის გადაეცათ.

- ჰიტლერმა სტალინის საამებლად გასცა ბრძანება, რომლის ძალითაც უკრაინელებს სსრკ-გერმანიის ახალი სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა ეკრძალებოდათ, - წერს ლუი დე იონგი.

სტალინი და რიბენტროპი კრემლში პაქტის ხელმოწერისას

1939 წლის 20 სექტემბერს ვარშავა დაეცა. დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსიაში პოლონური არმიის წინააღმდეგობაც დაიძლია. ამის შემდეგ გაიმართა საბჭოთა-გერმანული ერთობლივი სამხედრო აღლუმები. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, გერმანულმა არმიამ დატოვა პერემიშლი, აგრეთვე დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქები და ისინი რუსეთს გადასცა. დამხობილ ვარშავაზე გერმანული სვასტიკიანი დროშა აღიმართა, ლვოვზე, ბრესტსა თუ როვნოზე კი წითელი დროშა.

პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

დაატყვევეთ პოლონელი

ოფიცრები!

პოლონეთში პატრიოტული, ანტიკომუნისტური განწყობილებები იყო გამეფებული. განსაკუთრებით ეს არმიაში იგრძნობოდა. შესაბამისად, პოლონელი ოფიცრები, რომლებიც რუსების მიერ ოკუპირებული დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, კრემლის მიერ მტრებად აღიქმებოდნენ. აგენტურული წყაროებისთვის ცნობილი იყო ისიც, რომ პოლონელებმა დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიაზე კარგად აწყობილი იატაკქვეშეთი დატოვეს. მისი ამოცანა დაზვერვის ორგანიზება, შეიარაღებული რაზმების შექმნა და პარტიზანული მოძრაობის გაშლა იყო.

რუსები პოლონური პრობლემის გადასაჭრელად გულდასმით მოემზადნენ. 1939 წლის 19 სექტემბერს ლავრენტი ბერიას სპეციალური განკარგულებით, შინსახკომში შეიქმნა განყოფილება, რომლის ამოცანა პოლონელი ტყვეების "დამუშავება" იყო. განყოფილებას სათავეში ვინმე პეტრე სუპრონენკო ჩაუდგა. დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მიავლინეს ჩეკისტთა სპეციალური ჯგუფები, რომელთაც ასევე პოლონელი ოფიცრების "დამუშავება" დაევალათ. პარალელურად შეიქმნა პოლონელი ტყვეებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანაკები. აპატიმრებდნენ ყველას, ვისაც საეჭვოდ მიიჩნევდნენ.

- ეს თანაბრად შეეხება როგორც პოლონეთის არმიის ოფიცრებს, ასევე სამოქალაქო პირებსაც, რომლებიც არაკეთილსაიმედოდ მიაჩნდათ, - წერს უილიამ შირერი.

რამდენიმე თვეში დაპატიმრებულთა რიცხვმა 600 ათასს მიაღწია. ოფიცრების გარდა დააპატიმრეს მასწავლებლები, ჟურნალისტები, სახელმწიფო მოხელენი, საბანკო სექტორის მუშაკები, პოლიციელები. ყველა მათგანი წინასწარ მომზადებულ საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. რეპრესიებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი პარალიზებული აღმოჩნდა. დასავლეთ უკრაინაში ვერ ფუნქციონირებდა პოლიცია, საბანკო სექტორი; გაჩერდა სკოლები და სხვ. მალე მოსკოვიდან ე.წ. სპეციალისტები ჩამოვიდნენ. სწორედ ამ ხალხმა დააკომპლექტა ახალი პოლიცია (მილიცია), სახელმწიფო აპარატი, განათლების სისტემა, საბანკო სექტორი და სხვ.

- ყველა, ვინც დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსიაში საბჭოთა კავშირიდან ჩავიდა, შინსახკომის კრეატურას წარმოადენდა, - წერს უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი პეტრო მირჩუკი.

ზოგიერთმა ჩამოსულმა 1941-1944 წლების მოვლენებში საბედისწერო როლი ითამაშა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან პაშა საველიევა (აგენტურული მეტსახელი ჩიორა), რომელიც რჟევიდან იყო და ამ წლებში ლუცკის ბანკში მუშაობდა; დმიტრი კრასნოგოლოვეცი, ზდოლბუნოვის სარკინიგზო მილიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ასევე ზდოლბუნოვში მუშაობდნენ პიოტრ ბოიკო და ლეონტი კლიმენკო, რომლებიც აქ კიევიდან ჩავიდნენ.

- გერმანელთა ოკუპაციისას ეს ხალხი გესტაპოს მიეყიდა. მათ, როგორც ორმაგ აგენტებს, იყენებდნენ როგორც რუსები, ისე გერმანელები, - წერს პეტრო მირჩუკი.

ბანაკებში ინტერნირებული პოლონელი ოფიცრები შინსახკომის უსასტიკესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულები ბანაკებში ვეღარ ეტეოდნენ, ამიტომ ჩეკისტები იძულებული გახდნენ, ერთი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. 1940 წლის იანვრისთვის ბანაკებში 130 ათასი კაცი დარჩა.

- ბერიამ სტალინს მოახსენა, რომ ბანაკებში მყოფი პოლონელი ოფიცრების უმრავლესობა ანტირუსულად იყო განწყობილი. ბერია არ გამორიცხავდა, რომ პოლონელ ოფიცრებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც დასავლეთ უკრაინაში იატაკქვეშა მუშაობისთვის დატოვეს, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

სტალინმაც განკარგულება გასცა, ტყვე პოლონელები გულდასმით დაეკითხათ და შემოგზავნილი ჯაშუშები აღმოეჩინათ.

- გამოიჩინეთ სიფხიზლე, არ მოერიდოთ არაფერს, არც ტყვეებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, - ასეთი იყო სტალინის დირექტივა.

"მარტივი" გადაწყვეტილება

პოლიტბიუროსთვის

ბერიამ დასავლეთ უკრაინაში თავისი საუკეთესო კადრები მიავლინა. უმოკლეს დროში უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. ტყვე პოლონელებს შორის გამოავლინეს ისინი, ვინც დასავლეთ უკრაინაში სადაზვერვო მუშაობისთვის გადმოისროლეს. გამოავლინეს ასევე რამდენიმე პოლონური იატაკქვეშა ჯგუფიც. ამოიღეს დიდძალი იარაღი. დაკავებულთა ნაწილი დახვრიტეს, ნაწილს საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს თავი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავის გადასარჩენად ჩეკისტებისთვის მუშაობას დათანხმდნენ. ამ ხალხისგან ბერიელებმა ფსევდოიატაკქვეშა ორგანიზაციები შექმნეს. მათი საქმიანობას შინსახკომი მთლიანად აკონტროლებდა.

ბერიამ სტალინს გაწეული სამუშაოს შესახებ მოახსენა. დიქტატორმა შეაწყვეტინა:

- დარწმუნებული ხარ, რომ ყველა ჩვენი მტერი გააუვნებლე?

- პოლონელ ოფიცერთა უმრავლესობა ჩვენს წინააღმდეგ არის განწყობილი, - ბერიას ენა დაება, - ჩემი აზრით...

- მოდი, ასე მოვიქცეთ, - სტალინმა გაიღიმა, - წერილობით ჩამოაყალიბე, რა სამუშაო გასწიე. პოლიტბიურო შენს მოხსენებას შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ.

* * *

ლავრენტი ბერია მოხსენებას დიდხანს, გულდასმით წერდა. დაწვრილებით აღწერა მისი ხელქვეითების ჩატარებული სამუშაო. ამავე დროს, არც პოლონელ ტყვეებზე პასუხისმგებლობის აღება სურდა.

- პოლონელი სამხედროები განწყობილი არიან ნაციონალისტურად და ანტისაბჭოურად. მართალია, მათ რიგებში მყოფი ბევრი ჩვენი მტერი გამოვავლინეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ დარჩნენ ჯაშუშები ან ისინი, ვინც პოლონური ნაციონალისტური კონტრრევოლუციური ორგანიზაციების იდეოლოგიას იზიარებს.

სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

ლავრენტი პავლოვიჩმა თავისი მოხსენება სტალინს წარუდგინა. დიქტატორმა იგი პოლიტბიუროს წევრებს გააცნო:

- აბა, ამხანაგებო, როგორ მოვექცეთ პოლონელ ოფიცრებს?

- თუკი ისინი ჩვენი მტრები არიან, ცხადია, როგორც უნდა მოვექცეთ, - გაიცინა მოლოტოვმა.

- მტერს არასოდეს არ ველოლიავებოდით, - დაუმატა ვოროშილოვმა.

– ვაყენებ საკითხს კენჭისყრაზე, - სტალინი წამით გაჩუმდა, - ვინ არის მომხრე, რომ პოლონელი ოფიცრები დაიხვრიტონ?

პოლიტბიურომ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მათემატიკოსის

მხედრული გმირობა

პოლონელი ტყვეების მასობრივი დახვრეტები 1940 წლის მარტიდან დაიწყო. ხარკოვში თუ სხვა ქალაქების ციხეებში მყოფ ტყვეებს ბოლოს იქვე უღებდნენ, სხვები კატინის ტყეში მთელი ეშელონებით მიჰყავდათ და ხვრეტდნენ.

იოზეფ მარცინკევიჩი

ტყვეები სპეციალურად გაჭრილი თხრილის პირთან მიჰყავდათ, შემდეგ თავზე შინელს აფარებდნენ და აჩოქებდნენ, ბოლოს კი საფეთქელში რევოლვერის გასროლით უღებდნენ.

- ამ დროს გამოიყენებოდა "ვალტერის" სისტემის რევოლვერი, - წერს რუსი ისტორიკოსი, პროფესორი მიხაილ სემირიაგა.

კატინში დახვრეტილ მსხვერპლს ხელები თოკით ჰქონდა შეკრული

კატინში დაღუპულებს შორის იყო ცნობილი პოლონელი მათემატიკოსი იოზეფ მარცინკევიჩი (1910-1940), ავტორი გახმაურებული მარცინკევიჩის თეორემისა. მარცინკევიჩმა ახალგაზრდულ ასაკში ტრიუმფით დაიცვა დისერტაცია და პროფესორის წოდებაც მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ომის დაწყებისთანავე ფრონტზე მოხალისედ წავიდა. მარცინკევიჩი რუსებმა ვილნოსთან (ამჟამინდელი ვილნიუსი) დაატყვევეს. ის სტარობელსკის ბანაკში მოათავსეს. ნიჭიერი მეცნიერით შინსახკომი დაინტერესდა. მარცინკევიჩი პირადად ლავრენტი ბერიამ დაკითხა.

- ჩვენ მზად ვართ მოგანიჭოთ საბჭოთა მოქალაქეობა, მოგცეთ სამუშაო. რასაკვირველია, ტყვეთა ბანაკიდანაც გაგათავისუფლებთ.

- მე პოლონელი ოფიცერი ვარ და ოკუპანტის სამსახურში არ ჩავდგები! - მიუგო მარცინკევიჩმა.

ამან მისი ბედიც გადაწყვიტა. დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ დღეს დახვრიტეს მეცნიერი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მარცინკევიჩი 1940 წელს კატინში დაიღუპა.

ეპილოგი

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა იმპერიის ევროპული ნაწილი ნაცისტებმა დაიპყრეს. 1943 წელს გერმანელებმა კატინის ტყეში პოლონელი ოფიცრების სამარხები აღმოაჩინეს. ჰიტლერულმა პროპაგანდამ უდიდესი ხმაური ატეხა. რუსები ვალში არ დარჩენილან:

- კატინის ტყეში გერმანელებმა პოლონელი ოფიცრები დახვრიტეს და ჩვენ გვაბრალებენ!

როცა გერმანელი ოკუპანტები განდევნეს, სტალინის ბრძანებით, კატინის ტრაგედიის შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. მან, ბუნებრივია, საბჭოთა პროპაგანდისტული მითი დაადასტურა:

- გერმანელმა ფაშისტებმა კატინის ტყეში პოლონელი ოფიცრები დახვრიტეს!

ამ კომისიის დასკვნა ნიურნბერგის პროცესზეც გაიხსენეს.

დახვრეტილი ადამიანების პირადი ნივთები, ამოღებული სამარხებიდან

1951 წელს აშშ-ის კონგრესში კატინის ტრაგედიის გამოსაკვლევად სპეციალური კომისია შექმნეს. მან ყველა ფაქტი გულდასმით გააანალიზა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა:

- კატინში ორგანიზებული ხოცვა-ჟლეტა საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ მოაწყო!

ამის მიუხედავად, რუსები ბრალდებას უარყოფდნენ:

- კატინის ხოცვა-ჟლეტა ჰიტლერელებმა მოაწყვეს! ამაში საბჭოთა კავშირი გებელსის პროპაგანდამ დაადანაშაულა! შემდეგ ესტაფეტა ამერიკელმა იმპერიალისტებმა აიტაცეს.

მემორიალი კატინში (რუსეთი, სმოლენსკის ოლქი)

მხოლოდ 1990 წელს აღიარა საბჭოთა კავშირმა, რომ კატინის ხოცვა-ჟლეტა იოსებ სტალინის ბრძანებით მოაწყვეს, რომელიც შინსახკომის მაშინდელმა უფროსმა ლავრენტი ბერიამ შეასრულა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი ისტორიანი,#81