იოზეფ პილსუდსკი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი - კვირის პალიტრა

იოზეფ პილსუდსკი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

1925 წლის 18 აგვისტოს ვარშავაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩავიდა. მას თან ახლდა 1924 წლის აჯანყების კიდევ ერთი გმირი - გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე.

მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო პოლონეთში მყოფ ქართველ ოფიცრებსა და იუნკრებთან შეხვედრა.

ქართულ ემიგრაციაში 1924 წლის აჯანყებისა და მისი შედეგის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. ამან საბოლოოდ დაქსაქსა და დააპირისპირა ქართული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

მარჯვნიდან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ნანო კვინიტაძე 4 წლის, ცაცა ვაჩნაძე, მარიამ მაყაშვილი, იდა და თამი კვინიტაძეები, გიორგი ოდიშელიძე, ბაბალე მრელაშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე, შალვა ამირეჯიბი, მერაბ ჯორჯაძე

ამ პროცესებმა გავლენა მოახდინეს პოლონეთში მყოფ ქართულ ემიგრაციაზეც, რომელიც ორ ბანაკად დაიყო. დაპირისპირების საგანი გახლდათ პოლონეთში ქართველ ოფიცერთა მეთაური - გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე და მისი მოქმედებები. ბევრი მას ბრალს სდებდა ჟორდანია-რამიშვილის შეკვეთების შესრულებაში. ამბობდნენ, რომ ხელი შეუშალა პოლონეთში მყოფ ქართველ ოფიცერთა გაგზავნას საქართველოში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის.

ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სპირიდონ ჭავჭავაძის ჩასვლის მიზანი სწორედაც ოფიცრობის იზოლირება იყო ემიგრაციული მთავრობის გავლენისგან. ისინი ერთადერთ გამოსავალს აპოლიტიკური და არაპარტიული გაერთიანების (სამხედროთა კავშირი) შექმნაში ხედავდნენ, რომელსაც პოლონეთში მყოფი ყველა ქართველი ოფიცერი და იუნკერი უნდა გაეერთიანებინა.

ვარშავაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოლაპარაკებებს მართავდა პოლონეთში შეფიცულთა მოწყობაზეც. დავით ყოლბაიას პირადი არქივიდან

ამ გეგმას მხარს უჭერდნენ გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაპირისპირებული ქართველი ოფიცრები. ვარშავაში ჩასვლისას ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეხვდა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის გავლენიან პირებს, მათ შორის, პოლონეთის გენერალური შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის. ამ შეხვედრისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს თან ახლდა პოლკოვნიკი ნიკოლოზ კანდელაკი.

შეხვედრისას მარშალმა იოზეფ პილსუდსკიმ გამოთქვა თავისი სიმპათია ქართველი ხალხისადმი და აღნიშნა, რომ კიევის ოპერაციის დროს (1920 წლის აპრილი-მაისი), გეგმავდა საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას, რათა კოორდინირებულად ემოქმედათ საერთო მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელს უშლიდა ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი მანძილი და დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციის არარსებობა.

ქართველი და პოლონელი ოფიცრები. ქაქუცა ჩოლოყაშვილს (დგას, მარჯვნიდან მეორე) იოზეფ პილსუდსკისთან შეხვედრისას ახლდა პოლკოვნიკი ნიკოლოზ კანდელაკი (ზის, მარჯვნიდან მეორე)

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის მარშალი პილსუდსკი ჩამოშორდა ხელისუფლებას და პოლიტიკურ პროცესებს (1923 წლის მაისიდან 1926 წლის მაისამდე), მან ქაქუცა ჩოლოყაშვილს აღუთქვა, რომ ზრუნვას არ მოაკლებდა ქართველ ოფიცრობას პოლონეთში.

ვარშავაში ყოფნის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ასევე მოლაპარაკებები გამართა შეფიცულთა მოწყობისთვის პოლონეთში.

მან მოიპოვა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა, რათა 25 შეფიცული თავშესაფარს იპოვიდა პოლონეთში, მაგრამ ეს გეგმაც წარუმატებლად დასრულდა, და როგორც ამბობდნენ, ამაშიც გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის ხელი ერია.

რაჟდენ ჭიყორია

ჟურნალი "ისტორიანი",#81