"აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით გა­ვუ­წო­დე კოლია ქვარიანს ვარ­დე­ბის კო­ნა, თან დას­წავ­ლი­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბით მი­ვე­სალ­მე..." - კვირის პალიტრა

"აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით გა­ვუ­წო­დე კოლია ქვარიანს ვარ­დე­ბის კო­ნა, თან დას­წავ­ლი­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბით მი­ვე­სალ­მე..."

ოცდაათიან წლებში ძმები სტანევსკების ვარშავის ცირკში ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის (ომის დროს ეს შენობა დაინგრა. (შემდგომ იმ ადგილას ფრიდერიკ შოპენის სახელობის აკადემიის შენობა ააგეს). მაშინ ამგვარი ასპარეზობა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ვარშაველებში. ცირკის შენობა ყოველთვის გადატენილი იყო მაყურებლით. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იმ დროს სპორტი არ იყო ასე გავრცელებული და სპორტული სანახაობებიც იშვიათად ეწყობოდა.

მაყურებელი, განსაკუთრებით ისინი, ვინც დარბაზის ბოლო რიგებში იჯდა, ძალიან გულშემატკივრობდა ამ შეჯიბრებებს, ტაშითა და შეძახილებით ხვდებოდნენ თავიანთ საყვარელ მოჭიდავეებს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი ამა თუ იმ მიზეზით არ მოსწონდათ, უსტვენდნენ და ფეხს უბაკუნებდნენ.

მაყურებელთა დიდი სიმპათიები ჰქონდათ მოხვეჭილი პოლონელ მოჭიდავეებს, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა არა ყველას. განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა ელეგანტურად მოჭიდავე თეოდორ შტეკერი და ასევე ორმეტრიანი გოლიათი ლეონ გრაბოვსკი. მაყურებელს უყვარდა ასევე სიმპათიური ბილევიჩი (უკრაინა) და პანოვი (უნგრეთი).

სამაგიეროდ, მათი სიმპათიებით ვერ სარგებლობდა ურბახი (გერმანია) და გრომოვი (ციმბირი). ალბათ იმიტომ, რომ ვერც ლამაზად ჭიდაობას ახერხებდნენ და გარეგნულადაც შეუხედავი იყვნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ გერმანელი და რუსი მოჭიდავეებისადმი ვარშაველი მაყურებლის ცივ დამოკიდებულებას შესაძლოა პოლიტიკური მოტივებიც განსაზღვრავდა.

მეჯლისი ვარშავის ქართულ კლუბში. მარცხნივ: სოფიო და გიორგი მამალაძეები, როტმისტრი დიმიტრი შალიკაშვილი. ვარშავა, 1938 წ.

ეს მოჭიდავეები ხომ იმ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, რომლებიც თავს ესხმოდნენ და ჩაგრავდნენ პოლონეთს. მათ მიმართ გულცივ დამოკიდებულებას დიდწილად განაპირობებდა 1920 წლის ომიც. ის ამბავიც, რომ მოჭიდავეთა გვარის გამოცხადების შემდეგ მათ ქვეყანას აცხადებდნენ როგორც უკრაინას, ციმბირს თუ საქართველოს და არა საბჭოთა კავშირს, პოლიტიკურ შეხედულებებსა და დამოუკიდებლობის იდეის სიძლიერეზე მიანიშნებდა.

ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ (კოლია) ქვარიანი ვარშაველი მაყურებლის მიერ დიდი სიყვარულით იყო მიღებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზად ჭიდაობდა და უკვე სახელიც ჰქონდა მოხვეჭილი საფრანგეთისა თუ ამერიკის ტურნირებში, არამედ საქართველოსადმი პოლონელთა პოლიტიკური სიმპათიების გამოც. სპორტის ასაკოვან მაყურებელში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონებები, როგორი გულთბილი დამოკიდებულება ჰქონდათ რევოლუციამდე ციმბირში გადასახლებულ პოლონელსა და ქართველს ერთმანეთისადმი.

ცხადია, ქვარიანისადმი მაყურებელთა დიდ სიმპათიებს ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისთვის პოლონეთის არმიაში მრავალი ქართველი მსახურობდა, პორუჩიკიდან გენერლამდე. ალბათ მის პოპულარობას გაზრდიდა პოლონეთში დაბადებული პატარა თანამემამულე ბიჭის მიერ მირთმეული ყვავილებიც. ამ ყველაფერს ემატებოდა მაშინ ვარშავაში არსებული დიდი ქართული დიასპორის მხურვალე გულშემატკივრობა.

შესანიშნავად მახსოვს ჩემი პირველი დასწრება ამ შეჯიბრებაზე.

ლამაზად ვიყავი გამოწყობილი, ზუსტად ისე, როგორც პირველი ზიარების დროს - თეთრ პერანგსა და ბროწეულისფერ შარვალში. მახსოვს ისიც, როგორი ძალით ვუჭერდი ხელს ვარდების თაიგულს, რომელთა შესაკვრელადაც დედაჩემმა საგანგებოდ შეკერა ქართული დროშის ფერების - შინდისფერის, შავისა და თეთრის სიმბოლურად გამომსახველი ბანტი. მშობლებმა ისიც დამარიგეს, რომ თუ ქვარიანი ხელში ამიყვანდა (იგი ხომ ზორბა ტანის მამაკაცი იყო), კისერზე მოვხვეოდი მას და მეკოცნა.

ბოლოს დადგა დრო, როცა ცირკის ლოჟაში აღმოვჩნდით. ძალიან ვღელავდი. შეჯიბრებამდე საცირკო ნომრები გათამაშდა. მისი დასრულების შემდეგ ორკესტრმა სპორტული მარში დაუკრა და მოჭიდავეებიც რიგრიგობით გამოვიდნენ სცენაზე. გამოსვლისას ჰაერში რკალს კრავდნენ, პროგრამის წამყვანი მეგაფონით წარუდგენდა მათ მაყურებელს. კერძოდ, აცხადებდა სახელს, გვარს, სამშობლო ქვეყანასა და მიღებულ ჯილდოებს. მოჭიდავე გამოდიოდა ცირკის არენაზე, თავს უკრავდა მაყურებელს და მაყურებელიც მას ან მოწონების შეძახილებით ამხნევებდა და ტაშს უკრავდა, თუ მოჭიდავე მათი კერპი იყო, ან უარყოფის ნიშნად ფეხების ბრახუნითა და სტვენით ხვდებოდა.

მახსოვს, რომ თეოდორ შტეკერი და ლეონ გრაბოვსკი მაყურებელმა ენთუზიაზმით მიიღო, ხოლო ურბახი და გრომოვი უკმაყოფილო შეძახილებით. ისიც მახსოვს, რომ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან ვღელავდი, რადგან მაინტერესებდა, როგორ შეხვდებოდა მაყურებელი ქვარიანს. ბოლოს გაისმა: "ნიკოლოზ ქვარიანი - საქართველო" და დანარჩენი ცნობები.

მე აღელვებული, მამის დახმარებით გადავხტი ბარიერზე, რომელიც ცირკის არენას მაყურებელთა ლოჟებისგან ყოფდა და აკანკალებული ხელით, ამაყად გავუწოდე სპორტსმენს ვარდების კონა, თან დასწავლილი ქართული სიტყვებით მივესალმე. ბატონი ნიკოლოზი დაიხარა და მხოლოდ მაკოცა. ჩემი საქციელი ძალიან მოეწონა მაყურებელს და ჩვენ მისი გაცხოველებული ტაშიც დავიმსახურეთ. ვფიქრობ, ამ ტაშის მცირე ნაწილი მეც მერგო.

ქართველი ოფიცრები პოლონელ მსახიობებთან ერთად. მარჯვნიდან პირველი პოდპოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე, იოსებ სალაყაია (მარცხნიდან მესამე). გვერდით დგას მაიორი ველი ბექ იედიგარი და როტმისტრი დიმიტრი შალიკაშვილი. ფოტომასალები აღებულია დავით ყოლბაიას წიგნიდან `რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ. ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში~, ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა, 2016 წ.

თუმცა ყველაფერი კარგად როდი დასრულდა. ბავშვების ცხოვრებაში ხშირად ხდება გულსატკენი მარცხი, რომელიც მათ მთელი სიცოცხლე ამახსოვრდებათ. ეს მეც არ ამცდა და იგი სწორედ იმ საღამოს, ცირკში მოხდა. როცა თაიგულს ვაწვდიდი, ერთ ვარდს სულ გასცვივდა ფურცლები და ცირკის არენაზე მიმოიფანტა. ღმერთო ჩემო, რა დიდი სირცხვილი ვჭამე.

ქვარიანის გარდა, ყვავილების თაიგული იმ დღეს მხოლოდ უკრაინელმა ბელევიჩმა დაიმსახურა. როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი ერთ ვარშაველ ქალბატონს შეჰყვარებოდა და მის ყოველ გამოსვლას მხურვალედ გულშემატკივრობდა. ეს თაიგული ლოჟის არენისგან გამყოფ თეჯირზე იდო და როცა მოჭიდავე არენაზე გამოვიდა, ცირკის მოსამსახურემ მიართვა. ბელევიჩი გულშემატკივარი ქალბატონის ლოჟას მიუახლოვდა და მდაბლად დაუკრა თავი. მსგავსი სცენები შემდგომ დღეებშიც განმეორდა, ჩანს, ეს ქალბატონი ძლიერ იყო შეყვარებული თავის რჩეულზე.

შეჯიბრება ნიკოლოზ ქვარიანმა ბრწყინვალედ წარმართა. მან შტეკერი თავისუფალ სტილში დაამარცხა. ამ უკანასკნელისთვის ეს ერთადერთი დამარცხება იყო. ქართველები აღფრთოვანებული იყვნენ ქვარიანის ასეთი კარგი გამოსვლით და მრავალმა ქართულმა ემიგრანტულმა ოჯახმა შინ მიიპატიჟა. ნიკოლოზ ქვარიანი, წესისამებრ, თავის ამერიკელ მეუღლესთან ერთად დადიოდა სტუმრად.

კარგად მახსოვს მათი ჩვენთან სტუმრობაც. ეს იყო დაუვიწყარი საღამო. ქართველებმა ერთობ მოილხინეს. იმ პერიოდში ვარშავაში ძირითადად ფრანგული ღვინოები ისმებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ძმები პაკულსკების ცნობილმა ფირმამ სწორედ მაშინ შემოიტანა ვარშავაში ქართული ღვინოების დიდი პარტია და ქართველმა ემიგრანტებმაც იმ საღამოს საკუთარი, ქართული ღვინო მიირთვეს. იმ დროიდან დამამახსოვრდა ქართული ღვინის, "ნაფარეულის" სახელი.

მახსოვს ისიც, რომ პირველ ვახშამზე მამამ დედას სუფრაზე ხილის ვაზების მიტანა სთხოვა. მათ უნდა შეეცვალათ საქართველოში ღვინის სასმელად გამოყენებული ფიალები. ვინაიდან ასეთი ჭურჭელი ჩვენს სახლში საკმარისი არ აღმოჩნდა, მოსამსახურე გავიდა და ისინი მეზობლებთან ითხოვა. შემდგომი საღამოებისთვის ჩვენ უკვე მრავალი ფიალა შევიძინეთ. პოლონური ოჯახის პირობაზე ისინი ბევრი იყო და არც ადვილად ტყდებოდა, რომ ცოტა მაინც შემცირებულიყო. მათი სიჭარბე ჩვენს ოჯახში თითქმის ვარშავის აჯანყებამდე იგრძნობოდა, როცა ჩვენი სახლი მთლიანად გაიქურდა.

ახმედი და ირაკლი გოძიაშვილები ვარშავის საზაფხულო ამფითეატრში

ასეთ საღამოებზე ძალიან შეწუხებული გამოიყურებოდა ნიკოლოზ ქვარიანის ამერიკელი მეუღლე. იგი ვერაფერს იგებდა ჩვენი ლაპარაკიდან, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, იძულებული იყო, მოთმინებით აეტანა ეს ყველაფერი.

ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველებმა ცოლ-ქმარ ქვარიანებს გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყეს, სადაც ნიკოლოზ ქვარიანს ქართველთა ფონდის მიერ შეძენილი ძვირფასი საჩუქარი მიართვეს.

ეს საზეიმო საღამო, შეიძლება ითქვას, რაღაც თვალსაზრისით სიმბოლურიც იყო. ნიკოლოზ ქვარიანი საფრანგეთში დაბრუნდა, პოლონელი ქართველები კი მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. ბევრიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

1937 წელს მოვინახულე ნიკოლოზ ქვარიანის სახლი და კაფე პარიზში. თავად იგი, სამწუხაროდ, ვერ ვნახე. სამუდამოდ საცხოვრებლად ამერიკაში გადასახლებულიყო. თუმცა მოგონებები არ კვდება, დასტურად თუნდაც ეს წერილი გამოდგება, რომლითაც გარდასულ დღეებს ვიხსენებთ.

იხილეთ ასევე: "როცა ქუთაისზე ვლაპარაკობდით, სახე უბრწყინავდა. უნდოდა, მისი ფერფლი ქუთაისის ქუჩებში მიმოებნიათ"

ეჟი ირაკლი გოძიაშვილი

წერილი პირველად დაიბეჭდა

ქართველოლოგიურ ჟურნალ "პრო გეორგიაში" 1991 წელს. პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი",#81