პან გოძიაშვილი - ყა­ვის სმის ახალი ტრა­დი­ცი­ის ფუძემდებელი პო­ლო­ნეთ­ში - კვირის პალიტრა

პან გოძიაშვილი - ყა­ვის სმის ახალი ტრა­დი­ცი­ის ფუძემდებელი პო­ლო­ნეთ­ში

მამაჩემი, ალექსანდრე გოძიაშვილი, პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც რუსეთის ქვეშევრდომი, ფრონტზე ბაღჩისარაის კავალერიის პოლკში მსახურობდა.

გერმანელებსა და რუსებს შორის დაზავების მომენტში იგი ტყვედ ჩავარდა და ჰანოვერის ახლოს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.

დედაჩემი, ირენა კურდვანოვსკა, თავის დებთან ერთად, ვარშავაში მედდად მუშაობდა და დაჭრილ ოფიცრებს მკურნალობდა. ორგანიზაცია, რომელშიც დედა მსახურობდა, დახმარებას უწევდა ასევე გერმანელთა ტყვეობიდან გათავისუფლებულ მშიერ და უფულო ჯარისკაცებსაც.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მამა ვარშავაში შეჩერდა. მის წინაშე დადგა ალტერნატივა: დაბრუნებულიყო საქართველოში თუ დარჩენილიყო პოლონეთში.

იმ პერიოდში ვარშავამდე აღწევდა ხმები მეფის ოფიცრების ტრაგიკული ბედის შესახებ. მამამ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა და არც არასდროს შეუტყვია (ამის შესახებ მე გავიგე 60-იან წლებში), რომ მის უფროს ძმასა და მათ მამასთან ორი ქართველი ჯარისკაცი მივიდა. ჯარისკაცები შეეცადნენ მათ დარწმუნებას, რომ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან რამე პრეტენზიის შემთხვევაში, ისინი განაცხადებდნენ, რომ მამაჩემი კარგი მეთაური იყო და თავის ჯარისკაცებზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილებზე. მათ განაცხადეს ასევე, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათ მეთაურს რამე ზიანი არ მისდგომოდა.

მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება. მამამ დედაჩემის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა დარჩენილიყო ვარშავაში, შეექმნა ახალი ოჯახი, და მასთან ერთად ახალი სამშობლო გაეჩინა.

მაშინ პოლონეთი ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. მამა საკუთარი სურვილით წავიდა ფრონტზე და პოლონურ პოლკში როტმისტრის რანგში დაიწყო სამსახური. ომის დასრულების შემდეგ იგი ოჯახში მრავალი მედლით დაბრუნდა და მაშინვე ჩაერთო თავისი ახალი სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან დაამთავრა პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. სადიპლომო ნაშრომი თავისი პირველი სამშობლოს პოლიტიკურ პრობლემებს მიუძღვნა (იხ. "საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე", ვარშავა, 1926 წელი). შემდეგ იგი მუშაობდა გაზეთ "სიმართლის ხმის" რედაქტორად. ეს გაზეთი იდეოლოგიური თვალსაზრისით ახლოს იდგა იმ შეხედულებებთან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნოე ჟორდანია იზიარებდა.

მრავალტანჯულ, ომისგან დანგრეულ პოლონეთში, დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა ჟურნალისტის, მით უფრო ემიგრანტისთვის, რთული იქნებოდა ოჯახის, სამი შვილის შენახვა. ამიტომ მამა იძულებული გახდა, სამსახური შეეცვალა და მუშაობა დაეწყო სიმამრის ერთ-ერთ სავაჭრო დაწესებულებაში, რომელიც დედაჩემმა მზითვად მიიღო.

ამ სავაჭრო ობიექტს მამამ მეტად სოლიდური სახელი შეარქვა: "ყავისა და ჩაის სარეალიზაციო სპეცმაღაზია - ალექსანდრე გოძიაშვილი". მაღაზიები ვარშავის მთავარ ქუჩაზე, მარშალკოვსკაზე მდებარეობდა. ამგვარი საქმიანობა მამაჩემისთვის უცხო არ ყოფილა. მისი მამა გურჯაანში ვეებერთელა ზვრებს ფლობდა, ხოლო პეტერბურგში, ნევის პროსპექტზე ღვინის მაღაზიები ჰქონდა.

ალექსანდრე გოძიაშვილის ვილა შვიდერში, სადაც იმართებოდა "პრომეთეს" მოძრაობის პირველი საიდუმლო შეხვედრები. სურათზე: სტანისლავ კურდვანოვსკი, ქალიშვილი ირენა და მისი შვილები, ანა, ახმედი და ირაკლი გოძიაშვილები ფოტომასალები აღებულია დავით ყოლბაიას წიგნიდან "რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ. ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში", ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა 2016.

მამა უდიდეს სარეკლამო მუშაობას სწევდა. ერთ-ერთი მისი რეკლამა მაგალითად, ასეთი იყო: "ყოველდღე ახლად მოხალული ყავა". მის კაფე-ბარებში ყავის მარცვლები მართლაც ყოველდღიურად იხალებოდა და იფქვებოდა. ამისთვის მამამ სპეციალური დანადგარები შეიძინა. ქუჩაში მაღაზიის ირგვლივ მუდმივად სასიამოვნო არომატი იგრძნობოდა.

მამას ორივე მაღაზია დიდი იყო, თუმცა რადგან აქ ტრადიციულად მაგიდები იდგა და სტუმრები საკმაოდ ხანგრძლივად რჩებოდნენ, მაინც ადგილების უკმარისობა იგრძნობოდა. ამიტომ მამა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყავის დალევისთვის და მაშასადამე, ენერგიის აღდგენისა და განწყობის ამაღლებისთვის, სრულიადაც არ არის საჭირო მაღაზიაში დიდი ხნით შეჩერება; ეს სავსებით შესაძლებელია გაკეთდეს თვითმომსახურების ფორმით, ფეხზე დგომით. ასეთ შემთხვევაში მაღაზიაში დიდი სიმჭიდროვე აღარ იქნებოდა.

მამას მიხვედრამ მართლაც გაამართლა. მაღაზია მრავალ კლიენტსაც ემსახურებოდა და სიხალვათეც იგრძნობოდა. აქ კედლებზე, ყავის შესახებ აფორიზმებსაც წაიკითხავდით. მაგალითად: "ყავა ქმნის ცეცხლოვან არაბებს, ხოლო ჩაი - ცერემონიალურ ჩინელებს", ან ადამ მიცკევიჩის "ისეთ ყავას, როგორიც პოლონეთშია, დუნიაზე ვერსად ნახავთ".

მამამ მალე დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია. მაღაზიის კედელზე გაჩნდა აფორიზმიც: "ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ყავის დალევის შემდეგ არ ეძინებათ. მე სრულიად სხვაგვარად მგონია, რადგან რაც უფრო მეტ ყავას სვამენ ჩემი ძვირფასი სტუმრები, უფრო ტკბილად მძინავს".

მაშინ ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ქართველმა ემიგრანტმა სათავე დაუდო ყავის სმის ახალ ტრადიციას პოლონეთში.

და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ტრაგიკულ გარემოებათა გამო მამა ამ ქვეყნად აღარ იყო, ხოლო ვარშავა ნანგრევებად იყო ქცეული, ვარშავის ერთმა გაზეთმა სტატიაში "გაქრა ძველი ვარშავის კაფე-საკონდიტროები, დღეს კაფე-ბარები ბატონობენ", დაწერა: "დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა: ნაცვლად კაფე-საკონდიტროებისა, მოქმედებს კაფე-ბარები. ომამდე კი მხოლოდ ქართველი გოძიაშვილის ორი კაფე-ბარი იყო ნაპოლეონის მოედანზე". ასე რომ, ძვირფასო ქართველებო, როცა ვარშავაში კაფე-ბარში იქნებით და ფინჯან ყავას მიირთმევთ, გაიხსენეთ თქვენი თანამემამულე ალექსანდრე გოძიაშვილი.

ეჟი ირაკლი გოძიაშვილი

წერილი პირველად დაიბეჭდა

ქართველოლოგიურ ჟურნალ "პრო

გეორგიაში" 1991 წელს. პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ჟურნალი"ისტორიანი",#81