ვალერიან თევზაძე - კვირის პალიტრა

ვალერიან თევზაძე

პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. მთელ დედამიწაზე სიხარული გაბატონდა, რადგან სისხლი, ნგრევა და სიკვდილი უკან დარჩა.

დიახ, ეს იყო უდიდესი სიხარული, მაგრამ იმპერიალისტური ქვეყნები სულაც არ ჩქარობდნენ, დაპყრობილი ერებისთვის დამოუკიდებლობა მიეცათ. ამიტომ მრავალი ოკუპირებული ხალხისთვის ბრძოლა კვლავაც გრძელდებოდა, ოღონდ უკვე იბრძოდნენ არა დამპყრობის ინტერესებისთვის, არამედ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ომის შემდგომი ქაოსიდან ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები იკვეთებოდა.

ვალერიან თევზაძის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან. ქართველი ხალხის ტრაგედიის შემდეგ იგი პოლონეთში აღმოჩნდა და ეს ქვეყანა მისი მეორე სამშობლო გახდა. ეს ის დრო იყო, როცა მარშალმა პილსუდსკიმ ხელი გაუწოდა გმირ ქართველ მეომრებს - პოლონელებივით მრავალსაუკუნოვან უბედურებაში მყოფ ძმებს, და მათ პოლონეთის არმიაში სამსახური შესთავაზა. ამ პერიოდში პოლონეთის არმიაში 6 ქართველი გენერალი და მრავალი სხვადასხვა წოდების ოფიცერი მსახურობდა. ასევე მრავალი ქართველი ახალგაზრდა იუნკერი სწავლობდა პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში.

ვალერიან თევზაძისთვის დაიწყო ადამიანური ცხოვრება ნორმალურ ქვეყანაში. დაამთავრა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, დაწერა წიგნი "კავკასია. გეოგრაფიული აღწერილობა". აქვე დაქორწინდა და ვარშავაში დასახლდა. მაგრამ დადგა ტრაგიკული 1939 წელი. პოლონეთისთვის განსაკუთრებით მწუხარების მომტანი იყო ამ წლის 1-ელი და 17 სექტემბერი, როცა ორმა მოკავშირე სახელმწიფომ ომი მთელ მსოფლიოს გამოუცხადა. ეს მათ პოლონეთზე თავდასხმით დაიწყეს. თავს დაესხნენ და ამოჟლიტეს ამ ქვეყნის მოქალაქენი.

ქართული ემიგრაცია ვარშავაში. XX საუკუნის 20-იანი წლები. პორუჩიკი გ. მამალაძე, პოლკოვნიკი ა. ბაგრატიონი, ივ. ქავთარაძე, პოლკოვნიკი ვ. კიკვიძე, კ. იმნაძე, მაიორი ველი ბექ იედიგარი, გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, ალექსანდრე გოძიაშვილი, როტმისტრი დიმიტრი შალიკაშვილი, ი. კურდვანოვსკა, ი. სალაყაია, ვ. ავალოვი. შუაში ჭიქით ხელში ზის პორუჩიკი ვალერიან თევზაძე. მარჯვნიდან პირველი პორუჩიკი მ. დადიანი. ფოტომასალები აღებულია დავით ყოლბაიას პირადი არქივიდან და მისივე წიგნიდან "რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ. ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში", ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა, 2016 წ.

ვალერიან თევზაძე, როგორც პოლონელი ოფიცერი, ფრონტზე წავიდა, რათა დაეცვა თავისი მეორე სამშობლო, რომელიც ისევე ძლიერ უყვარდა, როგორც პირველი. ტყუილად არ დაუჯილდოებია პოლონეთს იგი "ვირტუტი მილიტარის" ჯვრის ორდენით.

მოკლე, მაგრამ გმირული ბრძოლის შემდეგ (სხვათა შორის, იგი ხელმძღვანელობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთის ფრონტს), ვალერიან თევზაძე გერმანელებს ჩაუვარდა ხელთ. განთავისუფლების მერე პოდპოლკოვნიკი თევზაძე დაუყოვნებლივ ჩაება იატაკქვეშეთის ბრძოლებში, სადაც იგი ომის დასრულებამდე დარჩა. მისი ფსევდონიმი იყო "ტომასი".

წითელი არმიის პოლონეთში შესვლის შემდეგ ვალერიან თევზაძის საქმე ისე იყო, როგორც იტყვიან ხოლმე - "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო". იგი ხომ პოლონეთის ეროვნული არმიის ოფიცერთა კორპუსის წევრი გახლდათ, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა და ანადგურებდა. ამიტომ იძულებული გახდა, არალეგალური ცხოვრება დაეწყო, მიეღო სხვა სახელი და გვარი, ცოლი დად გაეფორმებინა და მდევნელისთვის კვალი ასე აებნია.

ახლა კი ჯობს სიტყვა თავად ვალერიან თევზაძეს გადავცეთ, რომელიც 1980 წლის 17 ნოემბერს შედგენილ ანდერძში წერს: "ვემშვიდობები რა ცხოვრებას, მსურს გაგანდოთ ერთი საიდუმლო - ჩემი გვარი და სახელია ვალერიან თევზაძე. ვარ პოლონეთის არმიის დიპლომირებული პოლკოვნიკი. დავიბადე საქართველოში, ვმონაწილეობდი ვარშავის დაცვაში 1939 წელს, როგორც ჩრდილოეთის ფრონტის სარდალი.

ვალერიან თევზაძის ანდერძი და კონვერტი, რომელშიც ვალერიან თევზაძის ანდერძი ინახებოდა. დავით ყოლბაიას არქივიდანვალერიან თევზაძის ანდერძი და კონვერტი, რომელშიც ვალერიან თევზაძის ანდერძი ინახებოდა. დავით ყოლბაიას არქივიდან

ჩავვარდი გერმანელთა ტყვედ, ვარ "ვირტუტი მილიტარის" მე-5 კლასის ორდენის კავალერი. როგორც ქართველი, გერმანელებმა ტყვეობიდან გამათავისუფლეს, ვისარგებლე თავისუფლებით და შევედი არმია კრაიოვას რიგებში, შეცვლილი სახელითა და გვარით, როგორც ვალერი კჟიჟანოვსკი. 1944 წელს გამაგზავნეს არმია კრაიოვას მე-7 სახმელეთო დივიზიაში, სადაც ვმსახურობდი შტაბის უფროსად და დივიზიის სარდლის მოადგილედ. ომის შემდეგ ვცხოვრობდი ქვემო სილეზიაში, სადაც მრავალი წლის გამავლობაში ვმუშაობდი. 60-იან წლებში ბევრი ვეცადე, რომ ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი დამებრუნებინა, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს არ მოხერხდა.

1980 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა მალგოჟატა ხმელიკოვსკა, იგი ჩემი და კი არა, მეუღლე იყო.

ვამხელ ჩემს ვინაობას და ვთხოვ მათ, ვინც მე დამმარხავს, საფლავის ქვას ჩემი ნამდვილი სახელი დააწერონ. ამავე დროს ვთხოვ, ჩემი მეუღლის საფლავის ქვაზე წარწერილი მალგოჟატა ხმელიკოვსკაც გადააკეთონ მალგოჟატა თევზაძედ. ფული, რომელსაც მე გიტოვებთ, გთხოვთ გამოიყენოთ ჩემს დასაკრძალავად, საფლავის ქვების გასაკეთებლად და ასევე მომავალში სასაფლაოზე სისუფთავის დასაცავად (ძერჟინოვი, 1980 წლის 17 ნოემბერი)".

ომიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ვალერიან თევზაძე ერთ პოლონელ ქალს, ქართველის ქვრივს ესტუმრა. თევზაძის შეკითხვაზე, თუ იცნო იგი (რადგან მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალმა წელწადმა განვლო), პასუხად სიხარულის შეძახილი მიიღო: - ბატონო პოლკოვნიკო! ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ, დაიწყეს წარსულის გახსენება. იმ დროიდან დაიწყო ვარშავაში მცხოვრებ ქართველთა შორის შეხვედრები და მათ შორის ურთიერთობების აღდგენა.

ვალერიან თევზაძე

პოლკოვნიკმა ვალერიან თევზაძემ ახალი პროფესია შეიძინა და ძერჟინოვის აბრეშუმის ფაბრიკის საფინანსო განყოფილების უფროსი გახდა. იგი დირექტორთან ერთად ხშირად დადიოდა მივლინებაში ლოძის სათავო ფაბრიკაში. ზოგჯერ, ამ მივლინებისას ისეთი კურიოზებიც ყოფილა, რომელთაც, შესაძლოა, საქმე გაერთულებინათ და ასეთი წვალების შედეგად მოპოვებული წყნარი ცხოვრება აემღვრიათ. მაგალითად, ერთხელ სასტუმროში, რომელშიც ისინი შეჩერდნენ, მასთან ერთი მამაკაცი მივიდა, მხედრული სალამი მისცა და თავისი გვარი და სახელი, აგრეთვე სამხედრო წოდება მოახსენა. ვალერიან თევზაძემ გულისთქმას სძლია და მოსაუბრეს წყნარად უთხრა, რომ სამხედრო მოსამსახურე არასოდეს ყოფილა და იგი ფაბრიკის საფინანსო განყოფილების გამგეა.

ამასთან, არც მოსაუბრეს იცნობდა. სხვა დროს კი, როცა ვალერიან თევზაძე დირექტორთან ერთად კერძო მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდა, უცებ მაღაზიის თანამშრომელს ყვირილი აღმოხდა; მან მეორე თანამშრომელს გასძახა: იანეკ, მოდი ვინ გაჩვენო! ჩემი პოლკოვნიკი მოვიდა! იანეკიც მოვიდა და კვლავ განმეორდა უწინდელი ვითარება. ასეთი შემთხვევები მრავლად ხდებოდა. ამიტომ დირექტორმა სთხოვა პოლკოვნიკს, მისთვის სიმართლე გაენდო. პატიოსანი სიტყვის ჩამორთმევის შემდეგ, რომ საიდუმლოს შეინახავდა, პოლკოვნიკი ყველაფერს მოუყვა.

პოლონეთის სახელმწიფო სამხედრო ჯილდო "ვირტუტი მილიტარი"

უნდა დავუმატოთ ისიც, რომ "და-ძმა" კჟიჟანოვსკები ცხოვრობდნენ სახლში, სადაც მათ გარდა რამდენიმე ოჯახი ბინადრობდა. მოხდა ისე, რომ პოლკოვნიკს ნერვებმა უმტყუნა და საიდუმლო თავის მეზობელსაც გაანდო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლო უკვე რამდენიმე ადამიანმა იცოდა, იგი არავის გაუცია. ერთ-ერთი ამნისტიის შემდეგ მე ვუთხარი პოლკოვნიკს (მაშინ იგი 70 წლის იყო), საქვეყნოდ განეცხადებინა ყველაფერი. თავიდან ეშინოდა. ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება და თხოვნით მიმართა კაროლ მალცუჟინსკის (რომელსაც კარგად იცნობდა, რადგან მას ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, ვალერიან თევზაძის მეგობრის ქალიშვილი), მისთვის გენერალ ბერლინგთან შეხვედრა მოეხერხებინა.

ეს გენერალი ვალერიან თევზაძის მეგობარი იყო სამხედრო სასწავლებლიდან და სატყეო სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გენერალთან ერთად წავედით. ძალიან კარგად მიგვიღეს და დახმარებასაც შეგვპირდნენ. ოფიცერმა, რომელსაც ეს საქმე უშუალოდ ეხებოდა და გენერალ ბერლინგის თხოვნით უნდა დაგვხმარებოდა, კარგა ხნის ლოდინისა და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ასეთი წინადადება მისცა ვალერიან თევზაძეს: იგი კჟიჟანოვსკის გვარზე უნდა დარჩენილიყო.

ქართული დელეგაცია მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის გორაკთან. სოვინი, 1935 წ. დგანან: მარჯვნიდან პირველი დიპლომირებული პოდპოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე, კაპიტნები: მიხეილ რუსიაშვილი, გიორგი მამალაძე, კონრად იმნაძე (ქართული მიწით ხელში). კიბის საფეხურზე დგას, მარცხნიდან მეოთხე: როტმისტრი დიმიტრი შალიკაშვილი

ხელისუფლება "ვირტუტი მილიტარის" ორდენს ამ გვარზე გადაუფორმებდა და შესაბამისად, პენსიასაც გაუზრდიდნენ. ამ წინადადების პასუხად ვალერიან თევზაძე ადგა და კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვიდა. ეს საქმე ამით დასრულდა. ამ შეხვედრას პოლკოვნიკმა ვალერიან თევზაძემ შემდეგი კომენტარი გაუკეთა: "ისინი ფიქრობენ, რომ მე ორდენისთვის ფულს მოვითხოვ; მე კი მსურს, რომ დავიბრუნო ჩემი ნამდვილი გვარი და სახელი და ვცხოვრობდე ვარშავაში".

მოგონება მსურს დავასრულო "ვირტუტი მილიტარის" ორდენის კავალრის, პოლონეთის არმიის დიპლომირებული პოლკოვნიკის, ვალერიან თევზაძის ანდერძის ერთი ციტატით: "როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელების მიწაზე".

ეჟი ირაკლი გოძიაშვილი

წერილი პირველად დაიბეჭდა

ქართველოლოგიურ ჟურნალ "პრო

გეორგიაში" 1991 წელს. პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი",#81