ოპერაცია "ჰიმლერი", "კონსერვები" და კო­დუ­რი ფრაზა: "ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა"- ვინ და როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? - კვირის პალიტრა

ოპერაცია "ჰიმლერი", "კონსერვები" და კო­დუ­რი ფრაზა: "ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა"- ვინ და როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

თანამედროვე ქალაქი გლივიცე (გერმანიის ფარგლებში - გლაივიცი) მდებარეობს პოლონეთის სამხრეთით, ზემო სილეზიის რეგიონში.

XII საუკუნეში დაარსებულ პატარა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ქალაქში მოგზაურობისას ყურადღებას იპყრობს 111 მეტრი სიმაღლის ხის რადიოსამაუწყებლო კოშკი. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხის კონსტრუქციად მიიჩნევა. თუმცა კოშკს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ქალაქის რადიოსადგურზე, 1939 წლის 31 აგვისტოს, ნაცისტური გერმანიის მიერ მოწყობილი სამხედრო პროვოკაცია გახდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი.

1939 წლისთვის გერმანული სასაზღვრო ქალაქი გლივიცე, ისევე როგორც სილეზიის რეგიონის ნაწილი, ნაცისტურ გერმანიაში შედიოდა. ეს ტერიტორია ავსტრიისა და პრუსიის შემადგენლობაში იყო XVIII საუკუნის ბოლოდან - 1772, 1793 და 1795 წლებში ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის იმპერიების მიერ პოლონური მიწების სამი დანაწილების შემდეგ, პოლონეთმა, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. პოლონური სახელმწიფოებრიობა მხოლოდ 123 წლის შემდეგ - 1918 წლის 11 ნოემბერს აღდგა და მაშინვე ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, პირველ რიგში, ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით.

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სხვა სახელმწიფოებში შეყვანილ პოლონურ მიწებზე ეთნოდემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალა. XX საუკუნის დასაწყისისთვის ამ პროვინციების ავსტრიულ და პრუსიულ ნაწილში დიდი იყო გერმანული მოსახლეობის რაოდენობა. თანამედროვე პოლონეთის ჩრდილოეთ, ზღვისპირა ნაწილში, პომერანიაში (პოლონურად Pomorze) 1910 წლისთვის 437 412 გერმანელი ცხოვრობდა - იმდროინდელი მოსახლეობის 44%.

ქალაქი გლივიცე დღევანდელ პოლონეთში

პოლონეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, იმ რეგიონში გერმანულმა მოსახლეობამ თვალსაჩინო კლება იწყო და 1921 წლისთვის პომერანიაში მცხოვრები გერმანელების რაოდენობა 18,7%, ხოლო 1931 წლისთვის კი 10,1% გახდა. უფრო სამხრეთით, პოზნანის მხარეში მოსახლეობა 27,1-დან 11,4%-მდე შემცირდა 1910-1931 წლების განმავლობაში. ზემო სილეზიის რეგიონში გერმანული მოსახლეობის წილმა 1921-1931 წლებში 44-დან 6%-მდე დაიკლო.

გერმანული მოსახლეობის ამგვარი, მკვეთრი კლება პოლონურ მიწებზე განპირობებული იყო პოლონელთა პრინციპული ნაციონალისტური პოზიციით, რაც სახელმწიფოს არქონის საუკუნოვანი გამოცდილებით აიხსნება. თანამედროვე ევროპისა და პოლონეთის ისტორიის ცნობილი ბრიტანელ-პოლონელი მკვლევრის, ნორმან დევისის თანახმად, პოლონელები ყველანაირად ახდენდნენ გერმანული მოსახლეობის პოლონური მიწებიდან განდევნის სტიმულირებას სხვადასხვა ძალისმიერი მეთოდით.

მიუხედავად პოლონელთა ამგვარი პოზიციისა, 1921 წლის მარტში ზემო სილეზიაში გამართულ რეფერენდუმზე 708 ათასი ადამიანი მიემხრო მხარის გერმანიის შემადგენლობაში გადასვლას, მაშინ როცა მხოლოდ 479 ათასმა დაუჭირა მხარი რეგიონის პოლონეთის შემადგენლობაში დარჩენას. ამ რეფერენდუმს მოჰყვა საომარი მოქმედებები ზემო სილეზიის ოლქში 1921 წლის მარტიდან ივნისამდე. საბოლოოდ, 1922 წელს ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, პოლონეთს ზემო სილეზიის ტერიტორიის მხოლოდ 29% გადაეცა.

ქალაქი გლივიცე, რომელსაც ამ დროისთვის გერმანულად გლაივიცი ეწოდებოდა, პოლონეთისა და გერმანიის მიწების საზღვარზე მოექცა და მხარის სხვა ქალაქებთან ერთად, ორი ქვეყნისთვის სადავო ტერიტორიად მიიჩნეოდა. გარდა ამ მხარისა, ზემოაღნიშნული პომერანიის რეგიონის ნაწილი - ე.წ. აღმოსავლეთ პრუსია გადაეცა პოლონეთს, როგორც ბალტიის ზღვის დერეფანი, რომლის საპორტო ქალაქი დანციგი (პოლონურად, გდანსკი) ერთა ლიგის მანდატის ქვეშ თავისუფალ ქალაქად გამოცხადდა.

პროპაგანდისტული ომი

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლონური და გერმანული მხარეები სადავო ტერიტორიებზე ფართო პროპაგანდისტულ პოლიტიკას წარმართავდნენ. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო 1925 წლის 15 ნოემბერს ქალაქ გლივიცეში გერმანული რადიოსადგურის გახსნა. პასუხად, 1927 წელს ქალაქ კატოვიცეში პოლონური რადიოსადგურის გახსნით დაიწყო ე.წ. რადიოომი ორ ქვეყანას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1934 წელს პოლონეთსა და გერმანიას შორის სამშვიდობო პაქტი გაფორმდა, რომელიც "რადიოომის" სიმწვავის შენელებასაც ითვალისწინებდა, დაძაბულობა პოლონეთსა და გერმანიას შორის მხოლოდ იზრდებოდა.

ალფრედ ჰელმუტ ნაუიოქსი

1936 წელს რაინის ზონის რემილიტარიზაციით, 1938 წლის ავსტრიისა და 1939 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციით, ჰიტლერული დიპლომატია სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ომს. შექმნილი ვითარების ფონზე დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა 1939 წლის 31 მარტს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელით, პოლონურ სახელმწიფოს აღუთქვა დაცვის გარანტიები ნაცისტური გერმანიის მხრიდან, ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი საომარი ღონისძიების წამოწყების შემთხვევაში.

1939 წლის აგვისტოსთვის გერმანიასა და პოლონეთს შორის დაძაბულობა პიკს აღწევდა. ამ დროისთვის პოლონეთიდან დევნილ გერმანელთა რიცხვი 70 ათას კაცს აღწევდა, რაც ისედაც ანტიპოლონურად განწყობილ ნაცისტურ ხელისუფლებას უფრო მეტად უღვივებდა პოლონეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის სურვილს. 1939 წლის 11 აგვისტოს ერთა ლიგის უმაღლეს კომისართან საუბრისას ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუნდაც მცირე პროვოკაციის შემთხვევაში, პოლონეთს ბოლომდე დააქუცმაცებდა ისე, რომ ქვეყნის ხელახლა შესაკრებად პოლონელებს არაფერი შერჩენოდათ.

23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის გაფორმებულმა პაქტმა ჰიტლერს პრაქტიკულად მოქმედების თავისუფლება მიანიჭა. ახლა მხოლოდ საბაბი იყო საჭირო ომის დასაწყებად. წინა დღით მესამე რაიხის სამხედროებთან საუბრისას ჰიტლერმა განაცხადა: "მე მოვამზადებ დამაჯერებელ ან ნაკლებად დამაჯერებელ პროპაგანდისტულ საბაბს ომის დასაწყებად. საბოლოოდ გამარჯვებულს არავინ მოსთხოვს საკუთარი ნათქვამის ჭეშმარიტების დასაბუთებას".

ვალტერ შელენბერგი ნიურნბერგის პროცესზე

ოპერაცია "ჰიმლერი" და "კონსერვები" ნაცისტური ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მთელი რიგი სამხედრო პროვოკაციების ინსცენირებისთვის. ეს სამხედრო მოქმედება ისტორიაში ცნობილია, როგორც "ოპერაცია ჰიმლერი" (ზოგჯერ ამ ოპერაციას "ტანენბერგის" სახელითაც მოიხსენიებენ) - მესამე რაიხის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილების უფროსის, ოპერაციის სულის ჩამდგმელის, ჰაინრიხ ჰიმლერის სახელის მიხედვით. ოპერაციას ხელმძღვანელობდა რაიხის უშიშროების ოფისის ხელმძღვანელი რაინჰარდ ჰაიდრიხი, ხოლო უშუალოდ ოპერაციის დეტალებზე პასუხისმგებელი იყო ნაცისტური სამხედრო პოლიციის, გესტაპოს ხელმძღვანელი ჰაინრიხ მიულერი.

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გერმანული საიდუმლო სამხედრო დაზვერვის უფროსმა, ადმირალმა ვილჰელმ კანარისმა პირადად ჰიტლერისგან მიიღო განკარგულება, 150 ერთეული პოლონური სამხედრო ფორმა მიეწოდებინა ჰიმლერისა და ჰაიდრიხისთვის. გარდა ამისა, ოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვადასხვა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს. როგორც მესამე რაიხის საგარეო დაზვერვის საიდუმლო სამსახურის უფროსის, ვალტერ შელენბერგის მემუარებიდან ირკვევა, პატიმრებს ოპერაციაში მონაწილეობის სანაცვლოდ, გადარჩენის შემთხვევაში თავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ოპერაციის უშუალო განმახორციელებლად აირჩიეს შშ-ის შტურმანფიურერი ალფრედ ჰელმუტ ნაუიოქსი.

"ოპერაცია ჰიმლერის" შესაბამისად, ომის დაწყებამდე 6 დღით ადრე "პოლონური აგრესიის" ორმოცდაოთხი ინციდენტი განხორციელდა. მათგან ოცდაერთი - 31 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ღამეს. ამ ინციდენტებიდან გერმანული პროვოკაციების მანქანის "შემოქმედების" მწვერვალად ითვლება გლივიცეს გერმანულ რადიოსადგურზე მოწყობილი "პოლონური შეტევა", რომლის შესახებ ყველაზე სანდო წყაროს თავად ოპერაციის ხელმძღვანელის, ალფრედ ნაუიოქსის მიერ 1945 წლის ნოემბერ-დეკემბერში ნიურნბერგის პროცესზე მიცემული ჩვენება წარმოადგენს.

გესტაპოს ხელმძღვანელი ჰაინრიხ მიულერი

მან 10 აგვისტოსთვის პირადად ჰაიდრიხისგან მიიღო ბრძანება გლივიცეს რადიოსადგურზე "პოლონური შეტევის" სიმულაციის მოსაწყობად. შეტევა მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო. ნაუიოქსს ევალებოდა რადიოსადგურის იმდენი ხნით დაკავება, რამდენიც საჭირო გახდებოდა პოლონურ ენაზე რადიოტრანსლაციით ომის დაწყების შეტყობინების გამოსაცხადებლად.

ნაუიოქსის მიხედვით, 25-31 აგვისტოს პერიოდში იგი ახლომდებარე გერმანულ ქალაქ ოპელნში შეხვდა ჰაინრიხ ჰიმლერს, რომელიც მისი თანდასწრებით ვინმე მელჰორნის გვარით ცნობილ პიროვნებას ესაუბრებოდა "პოლონელების მიერ ორგანიზებულ" სხვადასხვა სასაზღვრო ინციდენტზე. მიულერის თქმით, მას ჰყავდა საკონცენტრაციო ბანაკის 12-13 პატიმარი, რომელთაც განსაზღვრული ინიექციის გაკეთების შემდგომ, შემთხვევის ადგილას მიიყვანდნენ და შემდეგ რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობით "ოპერაციის მსხვერპლად" გაასაღებდნენ. ამ პატიმრების კოდური სახელი იყო "კონსერვები" (გერმანულად, Konserven). ერთ-ერთი "კონსერვი", ნაუიოქსის თქმით, ჰაიდრიხს მოუმზადებია გლივიცეს ოპერაციისთვის.

ნაუიოქსის ჩვენების თანახმად, 31 აგვისტოს მას ჰაიდრიხი დაუკავშირდა და უთხრა გლივიცეს ოპერაციის კოდური სიტყვა: "ბებია გარდაიცვალა" (სწორედ ეს სიტყვები მიიჩნევა ოპერაციის კოდურ სიტყვად თავად პოლონელების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, რომლის ნახვაც გლივიცეს რადიოსადგურის მუზეუმის მნახველებს შეუძლიათ. სხვა ვერსიის მიხედვით, ოპერაციის კოდური სიტყვა იყო "კონსერვები") - და მოქმედების დაწყების დროდ დაუნიშნა საღამოს 8 საათი.

ნაუიოქსის მიხედვით, დანიშნულ დროს მან რადიოსადგურთან მიიღო "კონსერვი" - სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომლის ვინაობას ნაუიოქსი ჩვენებაში არ ასახელებს. როგორც ირკვევა, ეს იყო შემდგომში "მეორე მსოფლიო ომის პირველ მსხვერპლად" მიჩნეული სილეზიელი პოლონელი ფრანციშეკ ჰონიოკი.

რადიოსადგურის კოშკის დაკავების შემდეგ, ნაუიოქსის თქმით, მოხდა 3-4-წუთიანი პოლონური სიტყვის რადიოტრანსლაცია, რომელშიც პოლონეთი პრაქტიკულად ომს უცხადებდა გერმანიას. როგორც დღეისთვის ირკვევა, თავდამსხმელებს ამ განცხადების გაკეთებამ რადიოსადგურის მეტეოროლოგიური ცნობების გადასაცემად განკუთვნილი მიკროფონით მოუწიათ, რადგან მთავარი მიკროფონი და სამაუწყებლო სტუდია იმ ადგილიდან 4 კილომეტრში მდებარეობდა.

პროვოკაციის ტექსტი დაახლოებით ათწუთიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, რადიოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამი ან ოთხი წუთის შემდეგ, თავდამსხმელებისგან ფარულად, შეძლო ტრანსლაციის ჩამხშობი ღილაკის დაჭერა. თუმცა, სიტყვის მთავარი მონაკვეთი, რომელშიც თავდამსხმელები აცხადებდნენ, რომ გერმანული გლივიცეს რადიოსადგური პოლონელთა ხელშია, მკაფიოდ და ყოველგვარი რადიოტექნიკური ხარვეზის გარეშე გადაიცა. ამგვარად, გერმანულმა პროპაგანდამ მიზანს მიაღწია.

მოკავშირეთა პროვოკაციის აბსურდული თეორია

საინტერესოა, რომ თავის ჩვენებაში ნაუიოქსი არაფერს ამბობს პოლონურ სამხედრო ფორმებზე, რომელიც, როგორც ვნახეთ, გერმანელებმა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მოიმარაგეს და როგორც ცნობილია, სწორედ ამ ფორმებში გამოწყობილი გერმანელი სამხედროები დაესხნენ თავს გლივიცეს რადიოსადგურს. არაფერია ნათქვამი პოლონურ ფორმებზე არც ნაცისტური გერმანიის მთავარ ოფიციალურ გაზეთ "ფიოლკიშერ ბეობახტერის" 1-ლი სექტემბრის ნომერში და არც თავად ადოლფ ჰიტლერის 1-ლი სექტემბრის სიტყვაში, სადაც გერმანიის ფიურერს გლივიცეს ინციდენტი ცალკე არც კი უხსენებია. მან მხოლოდ ხაზი გაუსვა წინა ღამით მომხდარ ინციდენტებს.

აღნიშნული პერიოდის მკვლევარ რობერტ სმითს მეტად უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ თავად ალფრედ ნაუიოქსი მოკავშირეებმა - ამერიკელებმა და ბრიტანელებმა ჯერ დააპატიმრეს, ხოლო 1946 წელს გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ჰამბურგში ნაუიოქსი წარმატებულ ბიზნესმენადაც კი მოგვევლინა, რომელსაც პრესა იცნობდა, როგორც "კაცს, რომელმაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი". სმითის მიხედვით, აზრთა სხვადასხვაობაა თავად ნაუიოქსის სიკვდილის თარიღზეც. გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით, იგი შეიძლებოდა 1960, 1966 ან 1968 წელს გარდაცვლილიყო.

როგორც ვხედავთ, გლივიცეს ინციდენტის შესახებ დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რასაც ადასტურებს ზემოხსენებული "მეორე მსოფლიო ომის პირველი მსხვერპლის", ფრანციშეკ ჰონიოკის ძმისწული პაველ ჰონიოკიც. ის ამბობს, რომ ომის დასრულებისა და პოლონეთის საბჭოთა გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ, რუსებიც ერიდებოდნენ აღნიშნული ინციდენტის გამოძიებასა და შესწავლას, რაც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ამ ერთგვარ ბუნდოვანებას საკითხის ზოგიერთი მკვლევარი (რობერტ სმითი, კაროლინ იგერი) იმ დასკვნამდეც კი მიჰყავს, რომ გლივიცეს პროვოკაცია შესაძლოა მოკავშირეთა მიერ ყოფილიყო პროვოცირებული გერმანიის წინააღმდეგ... თუმცა ზემოაღნიშნული დოკუმენტების - ნაუოქსის ჩვენების, შელენბერგის მემუარების, ასევე, თვით პოლიტიკური მოვლენების ლოგიკით, პოლონეთი 30-იან წლებში ნამდვილად არ წარმოადგენდა იმ ძალას, რომელსაც გერმანული ვერმახტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

1939 წლის ზაფხულისთვის პოლონეთის ჯარი 500 ათას კაცს ითვლიდა და სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით სერიოზულად მოიკოჭლებდა, მაშინ როცა ომის დაწყების წინ გერმანული ვერმახტის 630-ათასიანი არმიის ნაწილები მობილიზებული იყო პოლონეთის ჩრდილოეთით, ხოლო 886-ათასიანი - პოლონეთის სამხრეთ მიმართულებით შეტევაზე. გარდა ამისა, გერმანია სამხედრო ტექნიკის წარმოებითაც უპირობო ლიდერი იყო ევროპაში.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებაზე პოლონელების გათვლას და სწორედ ამ გათვლით გერმანიის საომრად გამოწვევას, ეს მოსაზრებაც ვერ უძლებს კრიტიკას. როგორც პოლონური ისტორიოგრაფიიდან ირკვევა, 1939 წლის 30 აგვისტოსაც კი, როცა გერმანიის მიერ საომარი სამზადისი აშკარა იყო, პოლონური არმიის უმაღლესი მთავარსარდლის ედვარდ შმიგლი-რიძის გადაწყვეტილებას პოლონური სამხედრო ნაწილების სრული მობილიზაციის შესახებ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარეები უკმაყოფილებით შეხვდნენ.

ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსის, დევიდ ზაბეცკის მიხედვით, 30 აგვისტოს ფრანგული მხარე სამი საათის განმავლობაში არწმუნებდა შმიგლი-რიძს სამხედრო ნაწილების მობილიზაციის საჭიროების არარსებობის შესახებ. როგორც ისტორიკოსი მიიჩნევს, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამით გერმანიის "გაღიზიანებას ერიდებოდნენ".

ამ დროს, პოლონური არმია მობილიზებული იყო თავდასაცავად და არა გერმანულ ნაწილებზე იერიშის მისატანად. ეს კარგად ჩანს ჯერ კიდევ 1939 წლის 23 მარტს დამტკიცებული პოლონური გეგმის, "დასავლეთის" (პოლონურად Zachod) მიმოხილვისას. ამ გეგმის მიხედვითაც, გერმანელთა მთავარი შეტევა მოსალოდნელი იყო ზემო სილეზიის მხარიდან ვარშავის მიმართულებით, ასევე, პოლონეთის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ პრუსიაში განთავსებული ვერმახტის ნაწილების დახმარებით.

ამ დროს პოლონური არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი - ჩრდილოეთით პომერანიის, ბალტიის ზღვის კორიდორის დასაცავად, ცენტრში - პოზნანისა და ლოძის, ხოლო სამხრეთში - კრაკოვის მხარის გასამაგრებლად. გერმანელთა შეტევის შემთხვევაში, არმიებს ბრძოლით უნდა დაეხიათ უკან და დალოდებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ომში ჩართვას გერმანიის წინააღმდეგ.

ამდენად, აზრს მოკლებულია ვერსია გერმანიის საომრად გამოწვევის შესახებ პოლონეთის ან მოკავშირეების მხრიდან.

საბოლოოდ, 1-ელ სექტემბერს, დილის 4 საათსა და 45 წუთზე, ჰიტლერმა გასცა ბრძანება ვერმახტის ნაწილების პოლონეთზე შეტევის "თეთრი გეგმის" (გერმანულად Fall Weiss) ამოქმედების შესახებ. 3 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, პოლონეთისთვის მიცემული გარანტიების მიხედვით, ომი გამოუცხადეს გერმანიას. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი.

იხილეთ ფოტოგალერეა: მეორე მსოფლიო ომის ამსახველი იშვიათი ფოტოები

კახაბერ ყალიჩავა

თსუ ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი

ჟურნალი "ისტორიანი",#81