ტურინის სუდარის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ტურინის სუდარის საიდუმლო

იტალიის ქალაქ ტურინში, საკათედრო ტაძარში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – სუდარა, რომელშიც იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალების შემდეგ.

თანამედროვე ღვთისმეტყველები სუდარას "მეხუთე სახარებას" უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც მაცხოვარს ჯვარცმისას მიანიჭეს.

გადმოცემის თანახმად, სუდარა თავდაპირველად წმინდა პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადაეცემოდა მოციქულებს. ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიკვიების განადგურებას ცდილობდნენ. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა ჯერ კონსტანტინეპოლში, V საუკუნიდან კი ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში დააბრძანეს.

ხატმებრძოლობის დროს სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. 1204 წელს ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნე-ნახევრის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

1355 წელს სუდარა გრაფ გოტფრიდ I-ის საკუთრება გახდა, რომლის შვილიშვილმაც დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო სუდარა ლუდოვიკო სავოიელის მეუღლეს გადასცა. ლუდოვიკოს ვაჟმა ამადეი IX-მ სუდარის შესანახად საგანგებო ეკვდერის აგება ბრძანა.

1578 წელს სავოიის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ სუდარა თავიანთ ციხესიმაგრეში გადაიტანეს, სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძართან მარმარილოს ეკვდერი ააგეს. სუდარა სპეციალურ ვერცხლის ზანდუკში ინახებოდა. დღეისთვის სუდარას ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ასევე საგანგებო აპარატი.

1898 წლის 25 მაისს ტურინის რელიგიური ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაზე გამობრძანებული სუდარა ტურინელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაიღო და დაბეჭდა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი მამაკაცის ფოტოგამოსახულება. სწორედ ამან დაუდო სათავე ტურინის სუდარის მეცნიერულ შესწავლას, რომელიც XX საუკუნიდან რამდენიმე მიმართულებით გაიშალა.

პირველ რიგში ყურადღება მიექცა სუდარის ავთენტიკურობის დადგენას. ექსპერიმენტებმა დაადასტურეს, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე, იგი პალესტინელებისთვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად. მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა ახლო აღმოსავლეთში იყო დამზადებული.

1973 წელს შვეიცარიელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს, ლაბორატორიული ანალიზისთვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად ექსპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები ევროპაში არ ხარობენ. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 – სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ "მოიარა" ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.

მოგვიანებით ფრანგმა პროფესორმა ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის ყვავილის ანაბეჭდი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო რვა – იერუსალიმიდან 12 მილის შემოგარენში. ყვავილობენ მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. 1995 წელს ზემოთქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.

ძალიან საინტერესო იყო საკითხის ნუმიზმატიკური ასპექტით კვლევა. საქმე ის არის, რომ 1931 წელს ფრენსის ფილასმა ჩიკაგოს ლიოილას უნივერსიტეტიდან სუდარაზე თვალების არეში შენიშნა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით, მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდათ.

მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის, პილატე პონტოელის დროს, 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს "პილატეს ბისტი" ეწოდება. მონეტების წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში "ტიბერიუსი" და "იმპერატორი" ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიერებს აბსურდული ეგონათ, მაგრამ კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომები იპოვეს.

მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მონეტების უმრავლესობა პროვინციებში იჭრებოდა და საკმაოდ უხარისხოდაც. აღსანიშნავია ისიც, რომ 1979 წელს, გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში, თავის ქალაში იპოვეს ორი მონეტა, მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც იგივე გრამატიკული შეცდომები აღმოჩნდა.

განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ მაცხოვრის ტანჯვის ამსახველ მასალებს. XX საუკუნის 30-იან წლებში ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტოზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი გახლდათ და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ღმერთის არსებობა აღიარა) შენიშნა, რომ სამსჭვალები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული.

რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ, რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალი, კერძოდ, ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულს ჯვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილს უკავშირდებოდა.

ჯვარზე აღსრულების სისასტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით, ჯვარცმულს ხშირად კიდურებს თოკით უმაგრებდნენ. მეორე ვერსიით, მხოლოდ ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები ძალიან დაჭიმული იყო და ჯვარცმულს სუნთქვა უჭირდა. მესამე ვერსიით, სიკვდილმისჯილი ქვედა და ზედა კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დროს ჯვარცმისთვის გათვალისწინებული იყო მაღალი და დაბალი ჯვრები. ჯვრის სიდაბლის გამო ჯვარცმულს ხშირად მხეცები გლეჯდნენ. მაცხოვრის ჯვარცმისთვის მაღალი ჯვარი შეარჩიეს, რათა მისი დასჯისთვის ყველას ეცქირა.

მკვლევართა ინტერესს ასევე იწვევს ის, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სუდარაზე თითქმის დეტალურად.

მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:

მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. ზემოთ ჩამოთვლილმა გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. სხვათა შორის, ეს ფაქტი 1984 წელს საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმაც დაადასტურა.

ქრისტეს სხეული თხის რძით განბანეს და სუდარაზე რძემ სხეულის უხილავი ანაბეჭდი დატოვა, რომელიც ხანძრის დროს გამომჟღავნდა.

აგონიისას სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭდვას.

ამ ვერსიას მეცნიერები პირობითად "ცეცხლოვან სხეულს" უწოდებენ. 1988 წლის გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები სუდარაზე უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე სხეული გამოისახებოდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდა სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება სასწაულის შედეგად გაჩნდა. კონკრეტულად უფლის აღდგომისას.

მეცნიერთა აზრით, აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებრივი ძალითა და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა სუდარაზე ხელთუქმნელი გამოსახულება.

ცეცხლის შეხებამ ბოჭკოებში ქიმიური ცვლილებები გამოიწვია და გაამუქა, მაგრამ ეს ცეცხლი არ განვრცობილა ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ ე.წ "ზეციურ ცეცხლს". არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად მხოლოდ პატრუქს უკიდია და ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს ისეთი მოვლენების შესწავლა უხდებათ, რომელთა გამეორებაც თავიანთ ლაბორატორიებში არ ძალუძთ.

ქრისტესშობის 2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც მეტი სანდოობისთვის ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მონაწილეობდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ზოგიერთი ახალი არგუმენტით შეავსეს მანამდე არსებული მოსაზრებები. რადიკალურად უარყოფილია მიგელ დე საიტოს თვალსაზრისი (1998 წ.) სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით სუდარა გამოიკვლიეს, რამაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დასკვნები გაამყარა.

კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები: ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ. 2008 წელსვე მეცნიერებმა სუდარის უზუსტესი ციფრული ფოტოს შექმნა შეძლეს, რაც ქმნის შესაძლებლობას, დავინახოთ ქრისტეს გამოსახულების უმცირესი დეტალებიც კი. დაგეგმილია ამ ფოტოს ინტერნეტში განთავსება.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ტურინის სუდარა ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომლის მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამაც მისი ნამდვილობა დაადასტურა.

მიხეილ ქართველიშვილი

ჟურნალი, "ისტორიანი",#4