"კარ­ვის კა­ცი" - კვირის პალიტრა

"კარ­ვის კა­ცი"

ბოლო დროს მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ალბათ მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მასშტაბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ერთმანეთის მიყოლებით საპროტესტო ტალღამ გადაუარა ტუნისს, ეგვიპტეს, იემენს, ბაჰრეინსა და ლიბიას. შედეგი ყველგან ერთნაირი არ ყოფილა. ეგვიპტესა და ტუნისში პრეზიდენტები გადადგნენ, ბაჰრეინსა და იემენში კი ქვეყნის მეთაურები პოსტებს ჯერჯერობით ინარჩუნებენ.

ყველაზე დრამატულად მოვლენები ლიბიაში წარიმართა. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთაგან უმთავრესი ალბათ ქვეყნის პრეზიდენტის მუამარ მუჰამად ალ-კადაფის პიროვნებაა.

ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს თვალის გადავლება ამ ქვეყნის წარსულისა და ახლანდელი მდგომარეობისთვის.

ნავთობსამეფო

ლიბია ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. მისი ფართობი 1 759 541 კვკმ-ია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მეჩვიდმეტეა პლანეტაზე, მოსახლეობის რაოდენობით კი (6,42 მლნ ადამიანი) მხოლოდ 105-ე ადგილს იკავებს. დედაქალაქ ტრიპოლიში 1,065 მლნ მცხოვრებია. ლიბიას ექვსი ქვეყანა: ტუნისი, ალჟირი, ნიგერი, ჩადი, სუდანი და ეგვიპტე ესაზღვრება.

ლიბიის მთავარი სიმდიდრე ნავთობია, რომლის ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახდენდა. 2010 წლის იანვრის მონაცემებით, ლიბიიდან ექსპორტირებული ნავთობის მომხმარებელი ქვეყნები პროცენტულად ასე ნაწილდება: 1. იტალია 28%; 2. საფრანგეთი 15%; 3. ჩინეთი 11%; 4. გერმანია 10%; 5. ესპანეთი 10%; 6. საბერძნეთი 5%; 7. გაერთიანებული სამეფო 4%; 8. ამერიკის შეერთებული შტატები 3%; 9. სხვა ქვეყნები 14%.

სწორედ ამიტომ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ლიბიიდან მოპოვებული ნავთობის მხოლოდ 3%-ის ექსპორტირება ხდება. სხვა მონაცემებით კი ნავთობის ექსპორტი ქვეყანამ საერთოდ შეწყვიტა. მსოფლიო ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსებას სხვა ქვეყნებში ნავთობის მოპოვების გაზრდითაც შეეცადნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბარელი ნავთობის ფასმა 110 აშშ დოლარს გადააჭარბა...

1949 წლის 21 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ლიბიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ. დამოუკიდებლობის აქტის შესამუშავებლად ლიბიელებს დრო 1952 წლის 1-ელ იანვრამდე მიეცათ. 1951 წლის 24 დეკემბერს ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ლიბია მონარქიად გამოცხადდა. ტახტი დაიკავა წარსულში ლიბიელთა წინააღმდეგობის ლიდერმა იდრის I-მა. ის იყო ლიბიის პირველი და უკანასკნელი მონარქი. მის დროს ქვეყანაში კონსტიტუციის მოდელი შემუშავდა. ლიბიელები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას შეეცადნენ. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, ლიბიის ყოველი მოქალაქე თავისუფალი და თანასწორი იყო მიუხედავად რწმენის, კანის ფერის, ქონებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა. ამის მიუხედავად, ლიბია ბოლომდე სეკულარულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად ისლამი გამოცხადდა.

1959 წელს ლიბიაში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რამაც ამ ქვეყნის მიმართ მსოფლიოს ინტერესი ერთიორად გაზარდა. თითქოს არაფერს უნდა გამოეწვია შემდგომში განვითარებული დაძაბულობა, მაგრამ XX საუკუნის 60-იანი წლები ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ეს იყო ნასერიზმისა და არაბული ნაციონალიზმის პერიოდი, რომელმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა მოიცვა. ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს მომხრეები ლიბიაშიც გამოუჩნდნენ.

მათ შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა ოფიცერი მუამარ კადაფი. ის ხშირად ჩანდა პრეზიდენტ ნასერის გვერდით და მის იდეებს ერთიანი პანარაბული სახელმწიფოს შექმნის შესახებ (რომელიც ყველა არაბულ ქვეყანასა და ყველა არაბულად მოლაპარაკეს გააერთიანებდა) სავსებით იზიარებდა.

პანარაბიზმის სახელით

მუამარ მუჰამად ალ-კადაფი 1942 წლის 7 ივნისს ლიბიის პატარა ქალაქ სირტის სიახლოვეს უდაბნოში, ბედუინის კარავში დაიბადა. მისი მშობლები ბერბერთა ტომიდან იყვნენ. დაწყებითი განათლება ვაჟთა მუსლიმურ სასწავლებელში მიიღო. საშუალო განათლება კი კერძო მასწავლებლის ზედამხედველობით - ქალაქ მისურატაში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ და მისმა გამარჯვებებმა არაბულ სამყაროზე.

1961 წელს კადაფი ბენღაზის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. გამორჩეულმა სტუდენტმა რამდენიმე არაბ ოფიცერთან ერთად ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით ათენის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.

მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა 1967 წლის ისრაელ-არაბების ექვსდღიანმა ომმა მოახდინა. ებრაელთა მიერ არაბული სახელმწიფოების სამ ფრონტზე დამარცხება კადაფისთვის დიდი დამცირება იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, აქტიურად მიეღო მონაწილეობა ერთიანი პანარაბული სახელმწიფოს შექმნაში. ამის განხორციელების ერთადერთ გზად კი ლიბიაში ხელისუფლების შეცვლა მიაჩნდა.

1969 წლის 1-ელ სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 27 წლის მუამარ მუჰამად ალ-კადაფი ხელისუფლების სათავეში მოვიდა. მომენტი სათანადოდ იყო შერჩეული. ლიბიის მეფე იდრის I სამკურნალოდ იმყოფებოდა თურქეთში. სწორედ ამ დროს აიღო ამბოხებულთა მცირე ჯგუფმა (რომელიც სულ რამდენიმე ოფიცრისგან შედგებოდა) სამეფო სასახლე ტრიპოლიში და ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარების შესახებ გამოაცხადა. ლიბიის მონარქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კადაფის სათაყვანებელ გამალ აბდელ ნასერთან.

მისი ხელისუფლების დამხობისა და მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ იდრისმა სწორედ ეგვიპტეს შეაფარა თავი. ლიბიის სახალხო სასამართლომ 1971 წლის ნოემბერში იდრის I-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა ლიბიის პირველი და უკანასკნელი მეფე 1983 წელს, ღრმად მოხუცებული, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა კაიროში. ის, რომ არაბული სამყარო მას დიდ პატივს სცემდა, იმითაც დადასტურდა, რომ ლიბიის ყოფილი მონარქი არაბთა ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პანთეონში, საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში ჯანათ ალ-ბაყის მეჩეთში დაკრძალეს. მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლით კი ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა.

კადაფის მთავარი ოცნება პანარაბული სახელმწიფოს შექმნა იყო. მას მიაჩნდა, რომ ისლამური სოციალიზმი არაბთა ხსნის ერთადერთი გზა იყო. სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს ნასერის იდეებს, მაგრამ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავზე ნასერი მოკლეს. ამის შემდეგ კადაფიმ გადაწყვიტა, არაბული სამყაროს ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. 1972 წელს მან არაბული ქვეყნების ფედერაციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ლიბია, ეგვიპტე და სირია უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ამ ჩანაფიქრმა მარცხი განიცადა.

მხოლოდ 1974 წელს მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება ტუნისთან, რომელსაც ქვეყანათა შორის პოზიციათა შეუთანხმებლობის გამო რეალურად არც უმუშავია. 1975 წელს მან გამოსცა "მწვანე წიგნი", რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა ისლამური სოციალიზმისა და პანარაბული სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ კადაფის ავტორიტეტი და მხარდაჭერა არაბულ სამყაროში აშკარად ჩამოუვარდებოდა ნასერისას.

"რევოლუციურს, ჯერ არნახულს!"

კადაფისთვის არაბული სამყაროს ლიდერობა აუხდენელ ოცნებად დარჩა. მოგვიანებით მან აფრიკის ლიდერობა მოინდომა. წლების განმავლობაში არაერთ საეჭვო რეპუტაციის აფრიკელ ლიდერთან მეგობრობდა. მათ შორის იყო უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი. მის დასახმარებლად ტანზანიასთან ომში ლიბიელი ჯარისკაცებიც კი გაგზავნა, რომელთაგანაც 600 იდი ამინის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების დროს დაიღუპა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ამინმა თავი სწორედ ლიბიას შეაფარა.

ამინის გარდა კადაფი მეგობრობდა ცენტრალური აფრიკის კანიბალ იმპერატორ ჟან-ბედელ ბოკასასთან და ეთიოპიის დიქტატორ მენგისთუ ჰაილე მარიამთან, რომელიც უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდის შემოქმედადაა მიჩნეული.

ევროპელ პოლიტიკოსთა შორის კი ლიბიის ლიდერის ყველაზე დიდ გულშემატკივრად იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია მიჩნეული, თუმცა ასევე აქტიურად ლაპარაკობენ მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მეგობრობაზეც.

კადაფი არც მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტს მორიდებია. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ომი ჩადისთან, რომელიც კადაფიმ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. 1977 წელს კადაფიმ ეგვიპტის ტერიტორიაზე შეჭრაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

იმავე 1977 წლის 2 მარტს კადაფიმ ლიბიის სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირიის შექმნა გამოაცხადა, რომელმაც ლიბიის არაბთა რესბუბლიკა ჩაანაცვლა.

ჯამაჰირია საზოგადოების მოწყობის ფორმაა, რომელიც განსხვავდება მონარქიისა და რესპუბლიკისგან. ის დასაბუთებულია მუამარ კადაფის მესამე მსოფლიო თეორიაში და გადმოცემულია "მწვანე წიგნის" პირველ ნაწილში.

ჯამაჰირია - დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა, რომლის დროსაც ძალაუფლება პირდაპირ ეკუთვნის ხალხს და ხორციელდება პირდაპირი სახალხო მმართველობა. სიტყვა "ჯამაჰირია" ნეოლოგიზმია. სიტყვა "ჯუმჰურიის" (რესპუბლიკა) ფუძეში "ჯუმჰურის" (ხალხის) მხოლობითი რიცხვი შეცვლილია მრავლობითი ფორმით - "ჯამაჰირი".

ჯამაჰირიაში ხელისუფლების ტრადიციული ინსტიტუტები უქმდება. ყველგან იქმნება სახალხო კომიტეტები და სახალხო კონგრესები. სახელმწიფო მრავალ კომუნად იყოფა, რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველ მინისახელმწიფოებს სახელმწიფოში, აქვთ თავის ოლქში სრული ძალაუფლება, საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების უფლების ჩათვლით. კომუნას პირველადი სახალხო კონგრესი მართავს. სახალხო კონგრესში შედის კომუნის ყველა წევრი (ანუ კომუნის მცხოვრებლები).

თითოეულ ადამიანს აქვს სახალხო კონგრესის სხდომაზე წინადადების გამოთქმის საშუალება. თითოეული მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებასა და ძალაუფლების რეალიზებაში. სახელმწიფო არსებითად კომუნების ფედერაციაა. ყოველი პირველადი სახალხო კონგრესი ირჩევს წარმომადგენლებს ქალაქის სახალხო კომიტეტსა და საყოველთაო სახალხო კონგრესში.

"რევოლუციური კანონიერების ქარტია", რომელიც ლიბიის საყოველთაო სახალხო კონგრესმა 1990 წელს მიიღო, ფართო საგარეოპოლიტიკური უფლებები მიანიჭა რევოლუციის ლიდერ მუამარ კადაფის, რომელსაც სახელმწიფოში ოფიციალური თანამდებობები არ უჭირავს...

"რკინის ფარდა" არაბულად

ხელისულებაში მოსვლის დღიდან კადაფიმ ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის სრულ კონტროლს გულისხმობდა. როგორც აღმოჩნდა, ევროპაში მიღებული განათლება სულაც არ ნიშნავდა დასავლურ ღირებულებებთან კადაფის ზიარებას. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, თანამედროვე ლიბიის მოსახლეობის 20%, რომლებიც სკოლებში, ქარხნებსა თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში არიან დასაქმებული, კოლეგებს ასმენს. ასეთი სისტემის შექმნით კადაფი იმედოვნებდა, რომ მის ძალაუფლებას საფუძველი არასოდეს შეერყეოდა.

მოსახლეობის უკეთ გაკონტროლების მიზნით ლიბიის ყველა სკოლის პროგრამიდან ამოღებულია უცხო ენების სწავლება. 2011 წელს დაწყებული საპროტესტო მოძრაობის დროს ერთ-ერთი ლიბიელი მოქალაქე ამბობდა: "ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ლაპარაკობს ინგლისურად ან ფრანგულად. კადაფიმ ჩვენ ბნელ ოთახში გამოგვამწყვდია". ლიბია ჩრდილოეთი აფრიკისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა სიტყვის თავისუფლების მხრივ.

ფსიქოლოგები ბევრს ლაპარაკობენ კადაფის პიროვნულ თვისებებსა და ახირებებზე. ადამიანი, რომელსაც ფული და ძალაუფლება ნამდვილად არ აკლია, უპირატესობას კარავში ძილს ანიჭებს. მისი კარავი საკმაოდ დიდია და ლიბიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი მსოფლიო ლიდერების მიღება და დიპლომატიური სადილებიც მასში იმართება. რაც შეეხება თავად კადაფის ვიზიტებს, ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას კარავს თან ატარებს. როგორც ჩანს, იმდენადაა მიჩვეული მასში ძილს, რომ სხვაგან მოსვენება უბრალოდ აღარ შეუძლია.

განსაკუთრებულად ზრუნავს ჩაცმულობაზეც. ყველაზე ხშირად მის სამოსში ყავისფერი ჭარბობს, მაგრამ მსოფლიო ლიდერთა შორის მისი გარდერობი ყველაზე ჭრელია. მისი სამოსი ჩვეულებრივი ბედუინის სამოსის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ქვეყნის მეთაური ტანსაცმელს გაცილებით ძვირფასი ქსოვილისგან იკერავს.

ლიბიის დიქტატორს ჰყავს საყვარელი აქლემი, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და კარვის მსგავსად, აქლემსაც ყველა ქვეყანაში დაატარებს. განსაკუთრებული ინტერესი კადაფის აქლემმა და კარავმა საფრანგეთში ვიზიტისას გამოიწვია. ჟურნალისტები იმდენად ბევრ კითხვას სვამდნენ ამ უცნაურობასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლოს სამინისტროს პრესსპიკერმა ასეთი განცხადება გააკეთა: "კადაფი რომ ჩვენს ქვეყანაში თავისი კარვითა და აქლემით ჩამოვიდა, მისი ქვეყნის ტრადიციებითაა ნაკარნახევი". მართლაც კადაფი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვეულებრივი ბედუინივით გამოიყურებოდეს. სამოსი, კარავი და აქლემი სხვა არაფერია, თუ არა ამის ხაზგასმა.

კადაფის ვიზიტებს კიდევ ის გამოარჩევს, რომ ლიბიის ლიდერი მუდამ ხუთი თვითმფრინავით დაფრინავს. ესეც ალბათ მისი პირადი ახირებით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე აუცილებლობით.

უცნაურია, მაგრამ კადაფის პირად დაცვაში ვერც ერთ მამაკაცს ვერ ნახავთ. მის სიცოცხლეს ახალგაზრდა ქალბატონები იცავენ, რომელთათვისაც ქალწულობის დაცვა ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ყველა ქალი კარგად გაწვრთნილი სამხედროა. მათი რიცხვი დაახლოებით ორმოცია. თითოეული მათგანი მზად არის, სიცოცხლეს გამოასალმოს ნებისმიერი, ვინც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაცავ პირს.

კადაფი მიიჩნევს, რომ ქალწულები უკეთ დაიცავენ მის პირად უსაფრთხოებას და უფრო სანდო არიან, ვიდრე მამაკაცები. ძნელი სათქმელია, კიდევ რით ხელმძღვანელობდა ლიბიის დიქტატორი, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შტრიხით უდავოდ გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო ლიდერთა შორის.

ან პირველკაცობა, ან სიკვდილი?!

ადამიანი, რომლის პირველობა ქვეყანაში ეჭვს დღევანდელ დღემდე არ იწვევდა, არასოდეს ყოფილა ფორმალურად პირველი. სხვადასხვა დროს იყო ლიბიის რევოლუციის ლიდერი და წინამძღოლი, ლიბიის სახალხო კონგრესის გენერალური მდივანი, სულ რაღაც ორი წელიწადს - პრემიერ-მინისტრი, ლიბიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ არასოდეს ყოფილა ლიბიის პრეზიდენტი.

მისი მმართველობის დროს ლიბიამ რვა ბუტაფორიული პრეზიდენტი გამოიცვალა. კადაფი, რომელიც ძალიან ხშირად ჩანს საზოგადოებში თეთრ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და რომელსაც სამხედრო განათლება ლიბიაში, ინგლისსა და საბერძნეთში აქვს მიღებული, წოდებით პოლკოვნიკია. ამ ნაბიჯით კადაფი ცდილობს, ორიგინალური გამოჩნდეს. როგორც წესი, სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულნი, მათ შორის კადაფის მეგობრებიც, გენერლის ჩინს ატარებენ, მან კი სხვა არჩევანი გააკეთა და პოლკოვნიკობას დასჯერდა.

კადაფის რომ განდიდების მანია აწუხებდა და ამ სენით ღრმად იყო შეპყრობილი, ეს არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მისმა არაადეკვატურმა განცხადებებმა მაინც ყველა გააკვირვა.

2011 წელს ლიბიაში დაწყებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთის მოვლენათა ლოგიკური გაგრძელება იყო. სამწუხაროდ, ლიბიელებს გაცილებით ძვირი უჯდებათ გამარჯვების მიღწევა, ვიდრე ეგვიპტელებსა და ტუნისელებს. აჯანყებულებმა თავიანთ სიმბოლოდ ლიბიის სამეფოს დროშა აქციეს და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ბენღაზია, რომელიც ტრიპოლის შემდეგ ქვეყანაში სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორეა.

მუამარ კადაფი არ მორიდებია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. მეტიც, მან უიარაღო მომიტინგეთა წინააღმდეგ არტილერია და სამხედრო ავიაცია გამოიყენა. ამ ყველაფერმა ერთიორად გაზარდა ლიბიელ ხალხში პროტესტი და წინააღმდეგობა მისი რეჟიმისადმი.

ლიბიაში მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ ჯერჯერობით ძნელია ამ თემაზე წარსულ დროში საუბარი. ოპოზიციის წარმატება ცვალებადია. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ქალაქზე დათმეს კონტროლი.

საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად განიხილავს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხს, ასევე ლიბიის საჰაერო სივრცის დახურულ ზონად გამოცხადების შესაძლებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც თავდაპირველად ასეთი ღონისძიებების პირველი მოწინააღმდეგე იყო, ახლა აცხადებს, რომ კადაფის სამხედრო პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმების მიტანა აუცილებელია. ასევე სარკოზი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც ლიბიის ოპოზიციური მთავრობის ლეგიტიმურობა აღიარა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეუხებლობის გარანტიის მიღების შემთხვევაში კადაფი მზად არის გადადგეს. თუმცა წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ მისთვის ასეთი გარანტიების მიცემა ათასობით დაღუპული ლიბიელის ხსოვნის შეურაცხყოფა იქნება.

მსოფლიო თანამეგობრობა მსჯელობს, როგორ შეუშალოს ხელი კადაფის სისხლიან რეჟიმს. ამასობაში შეტაკებათა შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, ლიბიის მოვლენებს 5 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

"მე მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ლიბიაში დემონსტრაციები არ იმართება. თუ იმართება, მხოლოდ ჩემს მხარდასაჭერად. მე ხალხს ვუყვარვარ და ისინი მზად არიან, ჩემი გულისთვის სიცოცხლე გაწირონ" - ეს განცხადება მუამარ კადაფიმ გააკეთა.

2011 წლის 19 მარტს საერთაშორისო თანამეგობრობამ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო. ლიბიის სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე საავიაციო იერიშები მიიტანეს. წინასწარი პროგნოზებით, კადაფის 42-წლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდება. მისი საქმით ჰააგის სასამართლოც დაინტერესდა. ახლა საკითხავი ის არის, როდის დასრულდება კადაფის რეჟიმი, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

დავით ბრაგვაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#4