ვინც გა­რეთ გა­მო­აღ­წი­ა, ჩაცხ­რი­ლეს... სა­საკ­ლა­ოს "არ­ქი­ტექ­ტო­რი" ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი გახლდათ - კავკასიელთა ტრაგედია - კვირის პალიტრა

ვინც გა­რეთ გა­მო­აღ­წი­ა, ჩაცხ­რი­ლეს... სა­საკ­ლა­ოს "არ­ქი­ტექ­ტო­რი" ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი გახლდათ - კავკასიელთა ტრაგედია

სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს...

"როგორც უნდა მრისხანებდნენ სატრაპები,

როგორც უნდა ავიწროებდნენ და ატერორებდნენ ხალხს,

მაინც ყველა ინგუშურ ოჯახში იქნება ერთი ადამიანი,

რომელსაც ძველი ინგუშური (ღლიღვური) სული და

წეს-ჩვეულება შემორჩა - ამიტომაც ჩვენ აღვდგებით!"

ინგუშური ეროვნულ-განმათავისუფლებელი

მოძრაობის ლიდერი

იისა კოაზოი

ქართველი "დიდი კაცები"

კავკასიის თემა მუდამ აქტუალურია მსოფლიო მასმედიასა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში. რუსეთის მკვლევარი და აგრარულ საკითხებზე მწერალი ავგუსტ ჰაქსტჰაუზენი ამბობდა: "ვის შეუძლია, ინტერესისა და პატივისცემის გარეშე უყუროს კავკასიის გმირულ ბრძოლას?"

კავკასიის ისტორიაში კი ბრძოლა არასოდეს შემწყდარა.

ვაინახი ხალხის - ჩაჩნებისა და ინგუშების 1944 წლის დეპორტაცია, რომელსაც 2004 წლის ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელიც 20-იან წლებში დაიწყო. ვაინახებმა 1937 წლის რეპრესიებიც მტკივნეულად გადაიტანეს. აგვისტო-სექტემბერში ე.წ. "წლის გენერალურმა ოპერაციამ ანტისაბჭოთა ელემენტების მოსასპობად" 14 ათასი კაცი შეიწირა.

სოფლებში დარჩენილი ქვრივი ქალების მონათხრობის მიხედვით, ერთი მამაკაციც არ დატოვეს, ყველანი დაიჭირეს! ლოგიკურია, რომ კომუნისტები სძულდათ ჩაჩნეთისა და ინგუშეთის აულებში, სადაც მოქმედებდნენ წინააღმდეგობის რაზმები, რომელთაც ჩეკისტები და ÍÊÂÄ-ს ქვედანაყოფები დაუნდობლად ებრძოდნენ. ამიტომ, როცა 1942 წელს აქ გერმანელთა შესვლა დაიწყო, საბჭოთა ისტორიოგრაფიული წყაროების მტკიცებით, მათ ვაინახი მოსახლეობა კეთილგანწყობით შეეგება, რადგან დამპყრობლად რუსეთი მიაჩნდათ და არა ჰიტლერი! თუმცა როგორც ისტორიკოსი სულთან ხამჩიევი აღნიშნავს, ფაშისტებთან თანამშრომლობის სურვილიც არ არსებულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გერმანელებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი - მალგობეკი დაიკავეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინის ხელისუფლების პოლიტიკა მოითხოვდა პრეამბულას, რომლითაც შემდგომში მთელი ერების რეპრესიებს გაამართლებდა.

კომუნისტურმა რეჟიმმა 1943 წლის სამხედრო ოპერაციების წარუმატებლობა ღალატით ახსნა და ფრონტის ხაზიდან დაუყოვნებლივ გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები (სულ II მსოფლიო ომში 160 ათასი მთიელი იბრძოდა), რომელთა უმრავლესობა ჩაჩნები და ინგუშები იყვნენ. ბოლშევიკური იდეოლოგიით, ისინი სამშობლოს მოღალატეებად და გამყიდველებად მიიჩნიეს და მათთვის გამოტანილი სასჯელი მთელ ერზე გაავრცელეს.

ინგუში ოჯახი გადასახლებაში

1944 წლის 7 მარტს ხელი მოეწერა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. ოფიციალური ბრალდება იყო სოციალისტური სამშობლოს ღალატი, წითელი არმიის მიმართ ძირგამომთხრელი მოქმედება, ფაშისტი ოკუპანტების მეგზურობა კავკასიის ქედის უღელტეხილებზე, მათთან პატიოსანი საბჭოთა მოქალაქეების დაბეზღება, ბანდიტებისა და გერმანელი აგენტების აქტიური მფარველობა და დივერსიები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ (ამ ბრძანებულებას მაშინვე დაედო საიდუმლო გრიფი "პრესაში არ გამოქვეყნდეს" და ხელმისაწვდომი მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც ყოფილი საბჭოთა არქივების დახურული ფონდები გაიხსნა).

ამასობაში სადამსჯელო ოპერაციების განსახორციელებლად ამზადებდნენ ÍÊÂÄ-ს, ÍÊÃÁ-სა და სამხედრო კონტრდაზვერვის, ÑÌÅÐØ-ის ათასობით ოპერატიულ თუ საჯარისო დანაყოფს. დეპორტაციის გეგმა ლავრენტი ბერიამ, რომელიც იმხანად რამდენიმე მაღალ თანამდებობას შს სახალხო კომისრობას უთავსებდა, გროზნოელ კომუნისტს მალაევს გადასცა სისრულეში მოსაყვანად. 150 ათასამდე ოპერმუშაკი ვაინახებს შეუსახლეს, როგორც მათი "დამცველები". ადგილობრივი მოხუცი ქალები თბილ ტანსაცმელსა და წინდებს უქსოვდნენ, საჭმელ-სასმელს უყოფდნენ ჯარისკაცებს, რომლებმაც მათ შემდეგში უმაგალითო რეპრესიები, დახვრეტა-დაპატიმრებები, გადასახლებები, მასშტაბური სასაკლაოები დაატეხეს თავს.

ოპერაცია სახელწოდებით "ჩეჩევიცა" 23 თებერვალს დაიწყო. საბჭოთა არმიის დღესასწაულის აღნიშვნის მიზეზით რუსმა ჯარისკაცებმა ჩაჩნეთ-ინგუშეთის ქალაქებსა და აულებში ადგილობრივი მოსახლეობა შეკრიბეს, მამაკაცები უკლებლივ დააკავეს, ხოლო ქალებსა და ბავშვებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ გამზადებულიყვნენ გადასახლებისათვის. 2-3 საათში ერთბაშად დააპატიმრეს მთელი ერი. პირუტყვებივით შერეკეს წინასწარ გამზადებულ სატვირთო ვაგონებში და ყაზახეთსა და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებში გაამგზავრეს 478 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანი.

ინგუშების გადასახლების პროცესი

მთიან სოფლებში, საიდანაც გადაადგილება დროულად ვერ მოხერხდა უგზოობისა და დიდთოვლობის გამო, ადგილზე განხორციელდა მასშტაბური დახვრეტა. 6000-მდე კაცი ჩაძირეს გალანჩოჟის ტბაში. სოფელ ხაიბახის სასაკლაო კი ყველაზე შემზარავი იყო. 750-მდე ვაინახი (უმეტესად ქალები, მოხუცები და ჩვილები, რადგან ამ დროს ადგილობრივი მამაკაცები თავსმოხვეულ საბჭოთა სამშობლოს იცავდნენ მდინარე დესნის პირას) საჯინიბოში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს... ვინც გარეთ გამოაღწია, ავტომატების ჯერით ჩაცხრილეს. ამ სასაკლაოს "არქიტექტორი" გახლდათ ქართველი გენერალი მიხეილ გვიშიანი. ტრაგედიის ღამეს იმ საჯინიბოში ორი ტყუპი დაიბადა. სქესი იკითხა გენერალმა გვიშიანმა. ბიჭები აღმოჩნდნენ. - ესე იგი, კიდევ ორი ბანდიტი გაჩნდაო!..

მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა, რათა ვაინახთა წინააღმდეგ მეზობელ კავკასიელებსაც ებრძოლათ. მართალია, ქართველი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ ამ შემზარავ ოპერაციაში, მაგრამ რიგითი ქართველები ისტორიულ ძმებს თანაუგრძნობდნენ. ბევრი იხსენებს, რომ ქართველი მეცხვარეები ჩაჩნებს ხშირად მალავდნენ. ხაიბახის ბედი ეწია ინგუშურ სოფლებს: თარგიმს, გულის, წორის; ჩაჩნურ აულებს მაზგარასა და მაწკარას.

აზიის უკაცრიელი სტეპებისკენ სარკინიგზო ეშელონებით გადასახლებულთა მგზავრობა 20-25 დღე გრძელდებოდა. გადავსებულ ვაგონებში შიმშილისგან, სიცივისა და ავადმყოფობისგან უამრავი ადამიანი დაიღუპა. რადგან "საშიშ" ხალხთან ჰქონდათ საქმე, ჩეკისტების რიცხვი ლტოლვილებისას ორჯერ აღემატებოდა. მგზავრობისას 1272 ადამიანი გარდაიცვალა.

გვამებს გაქანებული მატარებლიდან ყრიდნენ ტრამალებში. ახლობლებისა და შვილების გვამების გადამალვა ლტოლვილებს სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. დაღუპულ ჩვილებს დედები მოჩვენებითად აწოვებდნენ ძუძუს, თუ გაუგებდნენ, ფანჯრიდან უყრიდნენ... ზოგი მაინც ახერხებდა ხანმოკლე გაჩერებებისას თავისი მიცვალებულის სტეპებში დამარხვას. 56 ბავშვი დაიბადა ამ 20 დღეში... ბევრი დაიღუპა შუა აზიაში ჩასახლების პირველ თვეებში, სადაც პირდაპირ ცივ მიწაზე დაყარეს და მიატოვეს, თითებით ჩიჩქნეს ორმოები და არაერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ. ნაგავსაყრელზე შეგროვებული კარტოფილის ნაფცქვენებსაც არ ჭამდნენ მშობლები, შვილებს ლუკმას რომ არ შეზიარებოდნენ...

1948 წლისთვის ჩაჩნებისა და ინგუშების რაოდენობა 42 ათასი კაცით შემცირდა.

ოფიციალური მონაცემებით, 1945-1950 წლებში სპეცგადასახლებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (104,903) 2-ჯერ აღემატება შობადობის სტატისტიკურ მონაცემს (53,557). ამ სტატისტიკაში არ იგულისხმება გადასახლებისას გზაში დაღუპულები. ჩაჩნები და ინგუშები გაქრნენ საბჭოთა ენციკლოპედიიდან და სასკოლო წიგნებიდან. თითქოს ისინი არასდროს მკვიდრობდნენ ცენტრალურ ჩრდილოეთ კავკასიაში.

სტუმართა მასპინძლობა

ინგუშ მკვლევართა მტკიცებით, 1944-1946 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა. მართლაც, 1945-1956 წლებში გამოცემულ რუკებს თუ დახედავთ, კავკასიის ქედს იქით, არღუნისა და ასას დინების ზემოწელში (დღევანდელი ინგუშეთის რესპუბლიკის ერთი ნაწილი) ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩოჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილი საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებად არის სახელდებული, ახალი ტოპონიმით "ახალხევი". საქართველოს ტერიტორიის ფართობმა მოიმატა თითქმის 76,4 ათას კვკმ-მდე. იქ ჩასახლებულ ქართველებსა და ოსებს გადასახადებზე მნიშვნელოვანი შეღავათებიც კი დაუწესდათ. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოდან დაახლოებით 35 ათასამდე ოსი გადაასახლეს.

იოსებ სტალინის სიკვდილისა და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ კრემლში რეპრესირებულთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი წამოიჭრა. 1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვაინახების რეაბილიტაცია მოახდინა და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი აღადგინა. აღდგა საქართველოსა და რუსეთის საზღვარიც, რომელიც 1944 წლის 7 მარტამდე არსებობდა.

გადმოცემების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სუფრა გაუშალეს, გაუყვეს მთელი ქონება, უსიტყვოდ დაუცალეს სახლები, დაუტოვეს მეცხოველეობის ფერმები, ბინები, ბაღები, ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქტურით, სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, სამი ადგილობრივი მრეწველობის ობიექტი და ორი სამედიცინო პუნქტი, რაც ლარსისა და დარიალის ტერიტორიაზე ამ 13 წლის განმავლობაში შექმნილიყო. თვითმხილველები ყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ ვაინახები (აქაური ქალები იშვიათად ტირიან), როდესაც ქართველები მათ სოფელს ტოვებდნენ.

ასევე დახვდნენ სვანები და რაჭველები ქლუხორში დაბრუნებულ ლტოლვილ ყარაჩაელებსაც. ეზო-კარი, ბაღები, ბოსტნები... უკლებლივ დაუტოვეს, წინაპართა საფლავებიც მთელი ამ წლების განმავლობაში პატივით შეუნახეს. კავკასიოლოგი ჯონი კვიციანი, რომელიც 25 წელიწადს ასწავლიდა ყაბარდო-ბალყარეთის უნივერსიტეტში, ყვება: "ამიტომაც ვერ აომეს ინგუშები და ბალყარები ჩვენთან... ყაბარდოში მთიელებს 1988-89 წლებში სასმელ-საჭმელი მოჰქონდათ ჩემთან - საქართველოს უჭირს და წაუღეო..."

საქართველოს სსრ 1944-1957 წლებში

ვაინახებმა თან ჩამოიტანეს გადასახლებაში დაღუპულთა საფლავის ქვები და გროზნოს ცენტრში ამ ქვებზე აღმართეს ზეცისკენ აწვდილი ხელი, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ შეეპუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას! უფრო რთული აღმოჩნდა დაღესტნის ტერიტორიიდან დეპორტირებული ჩაჩნების ბედი. მათ დაბრუნების უფლება არ მისცეს. კიდევ უფრო გართულდა საქმე ინგუშურ მიწაზე დასახლებული ოსების მხრიდან, რომლებმაც პრიგოროდნის რაიონი არ დათმეს. ხოლო ვინც "დათმო", სახლ-კარი პატრონებს გადამწვარი დაუტოვა.

ფარულ თუ აშკარა უკმაყოფილებაში, წყენასა და ლოდინში ათწლეულები გავიდა. ამ ტერიტორიულმა დავამ მთელი ძალით 80-იანი წლების ბოლოს იფეთქა. 1992 წლის პრიგოროდნის ომის შედეგია განადგურებული და მიწასთან გასწორებული 13 ისტორიული ინგუშური სოფელი, 70 ათასამდე ინგუში ლტოლვილი და 600-მდე დაღუპული. ამ კონფლიქტს დღესაც არაკორექტულად ეძლევა ერთა შორის შუღლის შეფასება, კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი რომ 1944 წლის ისტორიული დანაშაულია, ამას დღესაც არ აღიარებს კრემლი...

მარიამ ბეჟიტაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი", #3