ლა­ზეთ­ში უბ­რა­ლო ხალხს "ან­სა­ნე­რე­ბის" იმე­დი ჰქონ­და... - თავზე ხელაღებული მებრძოლების ისტორია - კვირის პალიტრა

ლა­ზეთ­ში უბ­რა­ლო ხალხს "ან­სა­ნე­რე­ბის" იმე­დი ჰქონ­და... - თავზე ხელაღებული მებრძოლების ისტორია

საქართველოში 1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლების ჩახშობისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მკვლელობის შემდეგ, დამოუკიდებლობის მომხრეების (როგორც მაშინ უწოდებდნენ - "სამოსტოინიკების") დიდი ნაწილი ჟანდარმერიამ და "ოხრანკამ" ერთიმეორის მიყოლებით გაანადგურა; გადარჩენილებმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს.

ყოფილ მეამბოხეთათვის საუკეთესო თავშესაფრად იმხანად ოსმალეთის იმპერიის ტრაპიზონის ვილაიეთის შემადგენლობაში შემავალი ლაზისტანის სანჯაყი ანუ ისტორიული ლაზეთი იქცა; ბევრი ქართველი დამკვიდრდა ასევე ქალაქ ტრაპიზონშიც.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის სპეცსამსახურების მესვეურებმა რუსეთის იმპერიის "შიგნიდან დანგრევის" მრავალპროფილიანი გეგმა შეიმუშავეს, რომლის აღსრულებაშიც გადამწყვეტი როლი იმპერიის უღელქვეშ მყოფ არარუს ხალხებს უნდა ეთამაშათ. 1914 წელს გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" დააარსეს.

იმავდროულად, 1914 წლის 2 აგვისტოს გერმანიამ და ოსმალეთმა სამოკავშირეო ხელშეკრულება დადეს, რომლის ძალითაც ოსმალური არმია და ფლოტი, ფაქტობრივად, ბერლინის ხელში მოექცა. გერმანიასთან ამ ხელშეკრულების დადება ოსმალეთის სულთანს, მეჰმედ V რეშადს პროგერმანულად განწყობილმა სამხედრო მინისტრმა, ისმაილ ენვერ-ფაშამ აიძულა, რომელიც იმხანად ორ სხვა ფაშასთან ერთად (აჰმედ ჯემალი და მეჰმედ თალაათი) მთელი ოსმალეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. "სამი ფაშას რეჟიმის" წყალობით, 1914 წლის 10 აგვისტოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ორი გერმანული კრეისერი - "გებენი" და "ბრესლაუ" შევიდა; 29 ოქტომბერს კი ოსმალეთმა ანტანტის ქვეყნებს უკვე ოფიციალურად გამოუცხადა ჯიჰადი.

ქართული ლეგიონი ოსმალეთში

სწორედ ამ დროს სტამბოლში "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სოციალისტ-ფედერალისტი ლეო კერესელიძე ჩავიდა, რომელმაც ოსმალეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ქართული ლეგიონის ჩამოყალიბების თაობაზე სამ ფაშასთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართა. "დამოუკიდებლობის კომიტეტის" მესვეურთა აზრით, ქართული ლეგიონი პირველ ეტაპზე ემიგრანტი და ოსმალეთის ქვეშევრდომი ქართველებისგან უნდა შემდგარიყო, მერე კი მათ სამხედრო ტყვეებიც მიემატებოდნენ.

სამხედრო მინისტრმა და ოსმალეთის არმიის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელმა ენვერ-ფაშამ მალე ქართული ლეგიონის ჩამოყალიბების თაობაზე სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელსაც 11-პუნქტიანი ინსტრუქციაც ერთვოდა. იგი განსაზღვრავდა ქართული ლეგიონის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს - ფორმას, დროშასა და წესდებას. საინტერესოა, რომ ლეგიონის ოფიციალურ შტანდარტად დამტკიცდა ორფეროვანი (წითელ-შავი) ალამი, რომელიც ოსმალეთის სახელმწიფო დროშასთან ერთად უნდა ეტარებინათ. ფორმა კი ოსმალური ყაიდისა იყო, თუმცა მისგან ოდნავ განსხვავებული. ლეგიონში ოფიციალურ ენად, რასაკვირველია, ქართული გამოცხადდა.

ამასთან, როცა დღის წესრიგში ლეგიონის პირადი შემადგენლობის საკითხი დადგა, ლეო კერესელიძემ და მისმა ძმამ - ნესტორმა იმედიანი მზერა ლაზისტანის სანჯაყს (ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი, შედგებოდა ათინისა და ხოფის მაზრებისგან) მიაპყრეს. სანჯაყის მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის იმპერიის ქუთაისის გუბერნიასთან, სადაც ლაზები სამუშაოდ და სავაჭროდ ხშირად დადიოდნენ.

გარდა ამისა, ლაზისტანში ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში გამომავალი ქართული ჟურნალ-გაზეთებიც აღწევდა და საგანგებოდ მუსლიმანთათვის გამოცემული "დედა ენაც" ვრცელდებოდა; იქ ქართულ რევოლუციურ პარტიებსაც უამრავი გულშემატკივარი და მოკავშირე ჰყავდა და ძმებ კერესელიძეებსაც სწორედ მათი იმედი ჰქონდათ.

1915 წლის დასაწყისში, "ქართული ლეგიონი", რომლის შემადგენლობაშიც სულ 600-მდე ჯარისკაცი (ძირითადად - ემიგრანტები) ირიცხებოდა, ტრაპიზონის ვილაიეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ლეგიონს ამ დროისათვის უკვე გააჩნდა საბრძოლო გამოცდილება - 1914 წლის 9-12 დეკემბერს ოსმალური არმიის მე-7 და მე-8 პოლკების მხარდამხარ არტაანის აღების ოპერაციაში მონაწილეობდა. ქართველმა ლეგიონერებმა, გერმანელ პოლკოვნიკ შტანკეს მეთაურობით, თავიც ისახელეს, თუმცა რუსების კონტრშეტევის შემდეგ უკან დაიხიეს. სწორედ მაშინ მიიღეს სტამბოლში ქართველთა ტრაპიზონში გადაყვანის გადაწყვეტილება.

ტრაპიზონის ვილაიეთის ქვედანაყოფების მეთაური იმხანად აჭარელი მუჰაჯირების შთამომავალი, აჰმედ ავნი-ფაშა (ლორთქიფანიძე) იყო. ლეგიონის სარდალმა, გენერალმა ლეო კერესელიძემ მისი დახმარებით ფრონტისპირა ზონად ქცეულ ლაზეთში შეაღწია და ძველ ნაცნობს - 1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, სოფელ ლიმანის მკვიდრ რასიმ კოსტ-ოღლის შეხვდა. მას 1905 წლის დეკემბერში, სოჭის ამბოხებაში მონაწილეობისთვის რუსული ჟანდარმერია და "ოხრანკა" წითელი ცირკულარით ეძებდა, ხოლო ოსმალმა ჟანდარმებმა მისი თავი 20 ათას ოსმალურ ლირად შეაფასეს.

რამდენიმე დღეში, ტრაპიზონში დაბრუნებულ ლეო კერესელიძეს ლაზ ფირალთა მთელი "დელეგაცია" ეწვია, რომელსაც რასიმ კოსტ-ოღლი და მუსტავა ფირაღა-ოღლი ხელმძღვანელობდნენ. ფირალებმა ლეგიონში შემოსვლის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაზეთის დატოვება არ მოუწევდათ: "ოსმალურ ჯარში სამსახური რომ არ გვინდოდა, ფირალები იმიტომ გავხდით... ფორმას არ ჩავიცვამთ, სხვაგვარად კი ჩვენი თავი გენაცვალოთ!.." - უთხრა მუსტავა ფირაღა-ოღლიმ ლეო კერესელიძეს, რომელსაც ამ სიტყვებზე თავში ბრწყინვალე იდეა მოუვიდა - "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" ფილიალი უშუალოდ ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიაზე დაეარსებინა და ლაზი ფირალები მისთვის დაექვემდებარებინა, როგორც ე.წ. "აქციონერები" ანუ ტერორისტულ აქტთა მომწყობები.

გადაწყდა, რომ რამდენიმე დღეში ლეგიონის მთავარი შტაბის მესვეურები ლაზეთში თავადვე ჩავიდოდნენ.

"საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი"

აჰმედ ავნი-ფაშამ ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ფორმალობები მართლაც მალე მოაგვარა, რადგან პარალელურად, ლეო კერესელიძემ საქმის კურსში ოსმალეთის იმპერიაში გერმანული სარდლობის წარმომადგენლობაც ჩააყენა. ლაზისტანის სანჯაყის ყველა ის მკვიდრი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ან კრიმინალური საქმიანობის გამო იძებნებოდა და "დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრობა სურდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თალაათ-ფაშამ შეიწყალა, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის იმჟამინდელი ვალი (გუბერნატორი), ჯემალ აზმი-ბეი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ფირალთა შეწყალება არც თავად თალაათ-ფაშას სიამოვნებდა, მაგრამ გერმანელთა წინააღმდეგ წასვლა არ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ის ფირალი, რომელიც ლეო კერესელიძესა და მის ლეგიონს დაუკავშირდა, 1907-1908 წლებში "ახალგაზრდა თურქთა" რევოლუციაში მეტად აქტიურად მონაწილეობდა; იმხანად ტრაპიზონში ავსტრიელი ფოტოგრაფი, ვინმე ჰაინრიხ კრეჩმარი მუშაობდა. მას ფირალთა ტიპაჟები ძალიან მოეწონა და მათი სურათებით ღია ბარათების მთელი სერია შექმნა, სათაურით შოუვენირ დე თრებიზონდე ("სახსოვარი ტრაპიზონიდან"), რომელიც იმდროინდელ ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა. საინტერესოა, რომ ამ სერიის ბარათები პირველი მსოფლიო ომის პერიოდშიც რამდენჯერმე გამოიცა.

ამგვარად, 1915 წლის იანვარში, როცა რუსები დღე-დღეზე ლაზისტანის სანჯაყში შემოჭრას გეგმავდნენ, ლაზეთის ვიწეს თემის სოფელ აბუნოღაში "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი" დაარსდა. მის ხელმძღვანელად ფირალებმა ყოფილი ტერორისტი, 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე, ოზურგეთელი ბესო ჭყონია აირჩიეს, რომელიც 1908 წლიდან თავს ლაზისტანის სანჯაყს აფარებდა და ვიწეში ცხოვრობდა.

იგი ხელობით მჭედელი იყო და ლაზები "უსტა ბესოს" ("ოსტატ ბესოს") ეძახდნენ. მეთაურის მოადგილეები იყვნენ ვიწელი მესუდ ფეილევან-ოღლი, ხოფელი შეფიკ-აღა კლარჯი-ოღლი, არქაბელი მემეტ თიბუკ-ოღლი და ათინელი მუსტავა ჯუვეწ-ოღლი; ასევე, უკვე ნახსენები რასიმ კოსტ-ოღლიც - მას "რუსეთის ლაზისტანი" (სარფი, მაკრიალი, ლიმანი და ჩხალის ხეობა) ებარა.

სწორედ კომიტეტის დაარსების დღიდან დაიწყო ლაზეთში ე.წ. "ანსანერობის" ეპოქა - ლაზებმა სიტყვა "აქციონერი" (რაც მაშინ "დივერსანტის" სინონიმი იყო) თავისებურად გადააკეთეს და წარმოთქვეს, როგორც "ანსანერი". ლაზურად თავზე ხელაღებულ, მაგრამ სამართლიან კაცს დღესაც ასე ეძახიან. იმხანად ყველა, ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო, "ანსანერი" იყო და ამით ძალიან ამაყობდა. ბესო ჭყონიამ, რომელმაც "გურიის რესპუბლიკის" პერიოდში უდიდესი გამოცდილება მიიღო, მოკლე ხანში კომიტეტი გავლენიან ძალად აქცია. ლაზისტანის სანჯაყში, სადაც ოსმალური არმიის პოზიციები მაინცდამაინც ძლიერი არ იყო, უბრალო ხალხს სწორედ "ანსანერების" იმედი ჰქონდა.

1915 წლის თებერვლის დასაწყისში, რუსულმა არმიამ ბათუმის ოლქში შემოჭრილ ოსმალებს უკან დაახევინა და საომარი მოქმედება უშუალოდ ლაზეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც მათ სწორედ "ანსანერები" დაუპირისპირდნენ, რადგან ოსმალურმა არმიამ პირველივე შემოტევის შედეგად უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. ტრაპიზონიდან ლაზისტანის სანჯაყის დასაცავად მეტყვიამფრქვევეთა სამთო ასეული გაიგზავნა, რომელსაც სერგო ლაბაძე მეთაურობდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ასეულმა რუსულ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია; ამიტომაც, ლაზისტანის ფრონტზე რუსებმა სისასტიკითა და შოვინიზმით საყოველთაოდ ცნობილი გენერალი ვლადიმირ ლიახოვი მიავლინეს. მან რუსული სამხედრო ფლოტის მხარდაჭერით, ხოფა-პირონითის რაიონში ლეგიონერთა კორდონთა გარღვევა სცადა, მაგრამ ვეღარ მოახერხა და უკუიქცა.

1915 წლის გაზაფხულზე ლაზეთის კომიტეტმა მტრის ზურგში - ბათუმის ოლქში "ანსანერების" ათკაციანი ჯგუფი შეაგზავნა, რომელსაც რასიმ კოსტ-ოღლი და მუსტავა ფირაღა-ოღლი მეთაურობდნენ. "ანსანერებს" ლაზისტანის სანჯაყის მოსაზღვრე მურღულის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ევალებოდათ, რაც ბრწყინვალედ შეასრულეს - აპრილ-მაისში, როცა გენერალი ლიახოვი ლაზისტანის სანჯაყის მიმართულებით შეტევის წამოწყებას გეგმავდა, ბათუმის ოლქის მურღულისა და ჩხალის საბოქაულოებში მოულოდნელად ანტირუსული გამოსვლები დაიწყო: "ანსანერთა" თაოსნობით იქიდან რუსული ადმინისტრაციის მოხელეები გააძევეს ან დასაჯეს და, ქართული ლეგიონის წითელ-შავი დროშაც აღმართეს.

გენერალმა ლიახოვმა ლაზისტანის სანჯაყის ნაცვლად, მურღულისა და ჩხალის ხეობებში დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო. ამან ოსმალებს სულის მოთქმისა და ლაზისტანის ფრონტზე დამატებითი ძალების გადმოსროლის შესაძლებლობა მისცა; აჰმედ ავნი-ფაშა ამის შემდეგ მურღულის ხეობის მიმართულებით შეტევასაც გეგმავდა, მაგრამ რატომღაც სტამბოლიდან ამის ნება არ დართეს - ენვერ-ფაშას ტრაპიზონის გამაგრება უფრო აინტერესებდა, ვიდრე ბათუმის ოლქში აჯანყებული ლაზების მხარდაჭერა. არადა, აჰმედ ავნი-ფაშას მაშინ რომ შეტევა წამოეწყო, რუსები ნამდვილად კრიზისულ სიტუაციაში ჩაცვივდებოდნენ და ოსმალურ არმიას თბილისის ასაღებად გზა ხსნილი ექნებოდა.

გენერალ ლიახოვიდან დავით კლდიაშვილამდე

ბათუმის ოლქში აჯანყებულები, ფაქტობრივად, მიტოვებული აღმოჩნდნენ და წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ თვე-ნახევრის განმავლობაში შეძლეს. გენერალ ლიახოვის კაზაკებმა მურღულსა და ჩხალაში ჯოჯოხეთი დაატრიალეს - 1915 წლის აგვისტო-სექტემბერში მათ იქ 15 ათასამდე მშვიდობიანი მცხოვრები გაჟლიტეს, დანარჩენები კი აიძულეს, მამაპაპეული საცხოვრისიდან აყრილიყვნენ და ოსმალეთში მუჰაჯირად წასულიყვნენ. "ანსანერთა" ათეულიდან ცოცხლად მხოლოდ სამი კაცი გადარჩა - რასიმ კოსტ-ოღლი და ტყუპი ძმა ფორიაზ-ოღლი, რომელთაც შურის საძიებლად გენერალ ლიახოვის მოკვლა გადაწყვიტეს.

1915 წლის სექტემბრის ბოლოს, მურღულის ხეობის სოფელ ისქებიდან, სადაც მაშინ რუსული არმიის მთავარი ბაზა მოეწყოთ, ლიახოვი კაზაკთა ოცეულთან ერთად ბათუმისკენ მიემგზავრებოდა. სოფელ ქურასთან, გზისპირა კლდოვანში ჩასაფრებულმა რასიმ კოსტ-ოღლიმ გენერლის ესკორტს ზემოდან ბომბები დაუშინა. კაზაკები აირივნენ და სანამ რაიმეს მოახერხებდნენ, მოპირდაპირე მხრიდან სულეიმან ფორიაზ-ოღლიმ გენერალს დამბაჩით ორჯერ ესროლა. ლიახოვი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა. ამ დროს კაზაკებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს და ფირალებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მათ მიმალვა მოასწრეს. იმავე ღამით სამივემ ლაზისტანის სანჯაყის საზღვარი გადაკვეთა და ვიწეში მყოფ თანამებრძოლებს შეუერთდა.

მეორე მნიშვნელოვანი ტერაქტი "ანსანერებმა" 1917 წლის 10 ივლისს, რუსთა მიერ ოკუპირებულ რიზეში მოაწყვეს. იმხანად ლაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, რაც რუსული აგენტურის მანიპულაციების ლოგიკური შედეგი გახლდათ - ჯერ კიდევ 1916 წელს, როდესაც გენერალ ლიახოვის ნაწილები ტრაპიზონის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, რუსთა მოსყიდული მოლები ლაზებს უკიჟინებდნენ, რომ "გიაურები" ყველა მუსლიმანს, ვინც არ გაიქცეოდა, ძალით მონათლავდნენ.

ამას თან ლიახოვის ზღვარგადასული სისასტიკეც ერთვოდა, რომლის შემხედვარე ლაზების უმრავლესობა, ბუნებრივია, დაშინდა და ლაზეთის დატოვება დაიწყო. რუსთა მიზანიც სწორედ ეს იყო - სანქტ-პეტერბურგში იმხანად სერიოზულად განიხილავდნენ ტრაპიზონის ყოფილი ვილაიეთის ტერიტორიაზე პონტოურ-ბერძნული, ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის იდეას, ლაზისტანის სანჯაყის მაჰმადიანები კი "ბალასტად" მიაჩნდათ.

(გაგრძელება იქნება)

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#4