...რომ არა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის სა­ხე­ლი და გავ­ლე­ნა, ბერია ვერიკოს ციმ­ბირს უკან და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ­და - კვირის პალიტრა

...რომ არა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის სა­ხე­ლი და გავ­ლე­ნა, ბერია ვერიკოს ციმ­ბირს უკან და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ­და

ფოტოგალერეა

ვერიკო ანჯაფარიძე მზეს ჰგავდა. არა მარტო იმიტომ, რომ კაშკაშა ვარსკვლავი იყო და მისი ნიჭიერების "ორბიტაზე" საგანგებოდ იქმნებოდა და იდგმებოდა სპექტაკლები...

არც მხოლოდ იმის გამო, რომ დიდი სახლის ზღურბლთან იდგა, როგორც დიდი მასპინძელი და თავისი თანამედროვე ეპოქის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანს მასპინძლობდა... მისი სახლი ისეთივე ცენტრი იყო კულტურის მოყვარულთათვის, როგორიც მზის სისტემისთვის მზეა... ის ერთდროულად აცოცხლებდა და წვავდა არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც და აბა, როგორ არ შეადარებ მზეს...

რაღას არ ყვებოდნენ მასზე: "თეატრში უდიდესი გავლენა ჰქონდა და იმასაც კი განსაზღვრავდა ზოგჯერ, როლი ვისთვის მიეცათო"... "ვერიკოს რომ აწყენინებდა, რაც უნდა დიდი მსახიობი ყოფილიყო, თეატრს დაატოვებინებდნენო"... თეატრი ხომ მღელვარე ინტრიგების ადგილია, ჰოდა ძალიან ძნელი იყო გარკვევა, ვინ რას ამბობდა ან რატომ...

მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო არ დაგენახა ამ დიდი ქალბატონის დიდი გამბედაობა, ზოგჯერ თავგანწირვამდე მისული მოყვასის სიყვარული - "ვერიკოს შეეძლო დიდი ვაჟკაცივით დამდგარიყო და პოლიტიკურად მიუღებელი კაცი, "საშიში" - როგორც მაშინ უწოდებდნენ, შინ მიეღო".

ვერიკო ანჯაფარიძე ტრაგიკულ სახეებს ქმნიდა სცენაზე და სპექტაკლების შემდეგ, როცა აღფრთოვანებული საზოგადოება ჩურჩულით არჩევდა ჭორ-მართალს თეატრში და თეატრს მიღმა მისი განვლილი ცხოვრების შესახებ არავინ ამბობდა ერთადერთ ყველაზე მართალ ფრაზას, რომ ვერიკო ტრაგიკული ადამიანი იყო. მერე რა, რომ მის "სიკაშკაშეში" ეს ნაკლებად იკითხებოდა...

სოფიკო და ნიკუშა

დიდი არტისტის გარდაცვალებიდან ლამის ოცი წლის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის რომანი დაიბეჭდა, "გორა მბორგალი", სადაც ერთი მონაკვეთი ვერიკო ანჯაფარიძისა და ჭაბუას ბიძის - შალვა ამირეჯიბის სიყვარულს ეხებოდა.

"ტრაგედია იწყება იმით, რომ მწერალს მსახიობი ქალიშვილის გარდარეული სიყვარული შეეყარა და კარგა ხნის დაჟინებული ტრფიალის შემდეგ ქორწინება შესდგა. იქორწინეს, ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ, საზოგადოების გამახვილებული ყურადღება არ მოჰკლებიათ, პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდნენ, სანამ... საქართველო გასაბჭოვდებოდა!

ერთი სოციალისტები მეორე სოციალისტებმა შესცვალეს. მწერალი იმ სოციალისტებსაც კი ედგა ოპოზიციაში, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს დროშით აპირებდა სამართლიანი საზოგადოების შექმნას და საქართველოს მომავალს რუსეთის მრავალეროვანი სახელმწიფოს ფარგლებში გულისხმობდა. ორიოდე დღე დასჭირდა, რომ მწერალი დევნილ პირად ქცეულიყო, ხოლო ახალგაზრდა, ცნობილი მსახიობი ქალი - არსებული ხელისუფლების "მოსისხლე მტრის" მეუღლედ და თანამგზავრად. ასეთ ვითარებაში ორთავეს თავისი ადგილი უნდა ეძებნა და ასეც მოხდა. მწერალმა აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლი იკისრა.

ცოლს არ აპატიმრებდნენ, სატყუარად ჰყავდათ, - ქმარი, როცა იქნება, ცოლისა და შვილის სანახავად მოვა და ავიყვანთო... მის ბინაში დღედაღამ ჩეკისტები მორიგეობდნენ. ქალმა მწერალი მიატოვა, მოქანდაკეს გაჰყვა და ამით თავი იხსნა. სხვა რა უნდა ექნა?.."

და როცა ვერიკომ მიხეილ ჭიაურელთან ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, როცა შეყვარებულმა ნიჭიერმა მოქანდაკემ, მსახიობმა (მაშინ ჯერ რეჟისორი არ იყო), პირველი ამბორის ადგილას სახლის აგება აღუთქვა სატრფოს, ერთბაშად ალაპარაკდა სამყარო. ჰყვებოდნენ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა ვაჟს ქალი, როგორ რომანტიკულად ხვდებოდნენ ერთმანეთს ფიქრის გორაზე...

რა ბედნიერი იყო ერთიცა და მეორეც...

მაშინ აიგო პირველი სახლი ფიქრის გორაზე - ტყეში. ეს დიდი სახლი მომავალში ორი დიდი დიასახლისის სახელს დაუკავშირდა: ვერიკოსა და სოფიკოს სახელს.

ჯერ უფროს დიასახლისზე გიამბობთ:

ვერიკოს "მზის მცხუნვარებაში მისივე ტრაგიზმიც ჩაინთქა... ბედნიერი მიხეილ ჭიაურელი ჰყვებოდა დაუოკებელ გრძნობაზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა:

"ვიღაცამ დაიძახა, - აგერ, მგონი, ვერიკო მოდისო. რამ ამაღელვა მაშინ, ვერ ავხსნი... მე თვითონ გაკვირვებული ვარ... ალბათ არსებობს რაღაც აუხსნელი წინასწარი გრძნობა, რომლის დაძლევა ძნელი ხდება. ვცდილობდი, ოდნავადაც არ შემმჩნეოდა მღელვარება. შეუმჩნევლად გადავიხედე და... მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით.

ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. უკან მოსდევდა რამდენიმე კაცი. სიჩუმე ჩამოვარდა. არაჩვეულებრივი მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი, ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას!

მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.."

ლექსის წაკითხვას სთხოვენ, ვერიკო უარზეა... მერე მიხეილ ჭიაურელიც სთხოვს... და უცებ ის ლექსის წაკითხვას იწყებს! აღფრთოვანებული მსმენელი ტაშს უკრავს.

"მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე. წონასწორობის დასაკარგავად განა ბევრია საჭირო? და ჩემში დაიწყო ახალი დიდი სამყარო, ის არ ჰგავდა ჩვეულებრივს..."

მალე ყველაფერი შეიცვალა: დიდი ოჯახი, შვილები, საქმე, რომელსაც აკეთებდა მთელი გულითა და დიდი წარმატებით; მეუღლე, რომელიც სტალინს მოსწონდა არა მარტო როგორც რეჟისორი, არამედ როგორც მეგობარი... ჰოდა, ცხოვრება თითქოს ბორბლებზე შედგა და აღმა აგორდა...

სოფიკო ჭიაურელი ღიმილით ამბობდა, დედა ხულიგანი იყოო... ეგრე რომ არ ყოფილიყო, როგორ გაბედავდა, რომ ერთხელ, როცა ლავრენტი ბერიას მისი მეგობარი მსახიობი მოეწონა და შინ ეწვია, ვერიკო საწოლის ქვეშ დაიმალა... ბობოქარი ვნებებით სავსე შეხვედრას დაესწრო სწორედ საწოლის ქვეშ გატრუნული... მერე როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მრისხანე ბერიამ ყველაფერი გაიგო. საქმე იმდენად გართულდა, რომ არა მიხეილ ჭიაურელის სახელი და გავლენა, ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ...

წარმოგიდგენიათ, რომ მცხუნვარე მზე დაბერდეს? ჰოდა, ვერიკოც არ ბერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანი ძველებური აღარ ჰქონდა, თმაც გაუჭაღარავდა, მაგრამ მაინც "ახალგაზრდობდა".

ასეთი იყო... და იყო სხვანაირიც - მდუმარე, ფიქრებში ჩაძირული, ტრაგიკული...

დიასახლისობა მაინცდამაინც არ ეხერხებოდა. სადილებს სოფიკო ამზადებდა.

სოფიკოს გამომცხვარი ხაჭაპურები და ნამცხვრები, მისი შენელებული კერძები ლეგენდად მიჰყვებოდა სტუმარს.

ადრე ალბათ, ვერც ვერიკო ანჯაფარიძე წარმოიდგენდა, რომ მისი ახტაჯანა გოგონასგან ასეთი დედა და დიასახლისი დადგებოდა... ძმებთან იზრდებოდა და ძმებს არ ჩამოუვარდებოდა ცელქობაში.

სოფიკო ხალისით ჰყვებოდა: "ჩვენს სახლში ბევრი ვიკრიბებოდით - ჩემი უფროსი ძმა ოთარი, უმცროსი ძმა - რამაზი, მე, ჩემი დეიდაშვილი გია დანელია... გვყავდა სომეხი მძღოლი პრაფესორა, რომელსაც რუსი ცოლი შეართვევინა მამამ. ისინიც აქ ცხოვრობდნენ შვილებთან ერთად. ჩემი ბიძაშვილი ჯიუშკა ანჯაფარიძეც აქ იზრდებოდა, რადგან ობოლი იყო. მამამ ეს ორსართულიანი სახლი სახელოსნოდ ააშენა, პირველ სართულზე ერთ დიდ ოთახში, რომელსაც მინის ჭერი ჰქონდა, ძერწავდა და ხატავდა მამა. მეორე სართულზე გვქონდა დიდი ვერანდა. სტუმრები რომ მოდიოდნენ, დასაძინებლად გვისტუმრებდნენ. ჩვენ კი ავიდოდით ვერანდაზე, დავწვებოდით შუშებზე და ვიყურებოდით ოთახში.

ომის დროს თბილისში ევაკუირებული იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრი. ჩვენთან დადიოდნენ კაჩალოვი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, კითხულობდნენ ლექსებს, მონოლოგებს, დიალოგებს. ერთ-ერთი მხატვრული კითხვისას კაჩალოვმა აიხედა ზევით და სიტყვა გაუწყდა. ჭერზე გაშხლართული ბავშვი რომ დაინახა, გაგიჟდა კაცი...

მამას და დედას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მათი წერილები მაქვს შენახული, გაოცდებით, რომ ნახოთ.

მამას უყვარდა ოჯახური სადილები. ტრადიციულად ერთად ვსადილობდით. სუფრაზე ერთი ბოთლი წითელი ღვინო იდგა ხოლმე. სადილის დასრულების შემდეგ ჩემი ორივე ძმა გვარიანად იყო ნასვამი.

მიხეილ როსტომაშვილის ფოტოები

საქმე კი იცი, რაში იყო? მამა ხომ კახეთიდან რამდენჯერმე აირჩიეს დეპუტატად. მოდიოდნენ კახელები, მოჰქონდათ მოსაკითხი: გოჭი, ღვინო... დედა კართან ხვდებოდა და უკან ატანდა ყველაფერს, რადგან ჩემს ორივე ძმას ღვინისკენ მიუწევდათ სული... თურმე ოთარი და რამაზი დაეწეოდნენ გლეხებს, ეცნობოდნენ - ჩვენ ჭიაურელის შვილები ვართ, მოსაკითხი ჩვენ მოგვეცითო"...

...სოფიკო ჭიაურელი სახლში შეგიძღვებოდა და ხვდებოდი, ეს არ იყო მხოლოდ სახლი. შეაბიჯებდი სამყაროში, რომელიც თეატრიც იყო, ოჯახიც, აწმყოცა და წარსულიც...

სოფიკო ჯერ დედა იყო და მერე არტისტი... და რაც მთავარია, ოჯახის წევრებისთვის ყოვლისშემძლე იყო...

სოფიკოსაც თავისი ტკივილი და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ოღონდ ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყველა სატკივარს "მალამო მოუძებნა", ფეხზე ძლიერად დადგა და სხვების საყრდენად და მაცოცხლებელ ძალად იქცა.

ერთი ამბავი მახსენდება: ქალბატონ სოფიკოსთან ვიყავი ინტერვიუზე. ვიღაცამ დაურეკა, რაღაც სთხოვა. ცოტა ხანს ისაუბრეს. ყურმილი რომ დაკიდა, სიცილით მომიბრუნდა, - ამათ ჰგონიათ, ყოვლისშემძლე ვარ! ამას წინათ ჩემი შვილიშვილი, ნატაშა ეგვიპტეში იყო დასასვენებლად. რომ მოდიოდა, თვითმფრინავი რაღაც პრობლემის გამო აფრენისთანავე დაჯდა იმავე აეროპორტში... ნატაშა მირეკავს: - სოფიკო! ამ თვითმფრინავს, მგონი, რაღაც სჭირს და რამე იღონეო...

მას მერე, რაც სოფიკო ჭაუარელი გარდაიცვალა, ფიქრის გორაზე, ცისფერ აუზთან მე და ნიკუშა შენგელაია ვისხედით და ვსაუბრობდით ქალზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის სოფიკო იყო - იმდენად საყვარელი და ახლობელი, რომ შინაურივით მხოლოდ სახელით მიმართავდნენ.

ნიკუშა ამბობდა: "დედა ძლიერი იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა სოფიკო სნეულებას დაემარცხებინა. თავიდან მეც ვერ ვიჯერებდი, მაგრამ... ძალიან ვცდილობდი, არაფერი შეემჩნია, მაგრამ სოფიკოს ვერაფერს გამოაპარებდი. რამდენიც უნდა მეცადა, მაინც მიხვდებოდა. ვიცი, გრძნობდა ყველაფერს და პირიქით, ჩვენ გვიცავდა, არ გვაგრძნობინებდა, რომ ყველაფერი იცოდა... აღსასრულს ისე მალე არ ველოდი. ორი დღით წავედი ქალაქიდან. რომ დავბრუნდი, მითხრა: აი, ხომ დაგხვდიო. მეორე დღეს გარდაიცვალა... არ მინახავს სასოწარკვეთილი, არ მინახავს მტირალი... მხოლოდ მაშინ აუცრემლდა თვალები, როცა მშობლები და ძმები გარდაეცვალა.

გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. გადიოდა დღეები, მასთან ვერ გადმოვდიოდი. მერე რომ დავურეკავდი ან მივიდოდი, გაგახსენდა, რომ დედა გყავსო, - ხუმრობით მეტყოდა. სულ მსაყვედურობდა, რატომ არ ხატავო. ბოლო წლებში ნაკლებად მივყვებოდი ჩემს ხელობას, ეს სწყინდა. ყველაფერი ხელეწიფებოდა: ცხობა, ქსოვა, კერვა, ქარგვა... მახსოვს, გადაღებების დროს, როცა სხვა სცენას იღებდნენ, იჯდა და მე და ჩემს ძმას სვიტერებს, წინდებს გვიქსოვდა. ხალხს კი ჰგონია, მაგრამ ჩვენს ოჯახს ფუფუნებით არასოდეს უცხოვრია. მძიმე პერიოდიც ბევრი გაგვივლია...

სიარული მთათუშეთში დამიწყია. რვა თვისა ვყოფილვარ. დედა ამბობდა, თუშური წუღები გეცვა, რომ გაიარეო. ხან ხბოზე მსვამდნენ, ხან - ცხენზე, ხან კინოაპარატზე. მგონი, მეცხვარედ მზრდიდნენ.

ფილმების "ხევსურული ბალადის" (ალბათ 8 წლის ვიყავი მაშინ) და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გადაღებებისას ცხენზე იჯდა ხშირად და რაკი სულ "ცხენებიან ფილმებში" თამაშობდა, მეც შემიყვარდა ცხენები. ჩემი გართობა გადაღებებზე ჯირითი იყო.

საჭესთან ჯდომა ძალიან უყვარდა. სადმე შორს რომ მივდიოდით, ვეტყოდი, გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან-მეთქი, არ მთანხმდებოდა.

როცა პაპა ცუდად გახდა, ვიდრე საავადმყოფოდან შინ მოვიდა, ბებიას დაურეკეს, - ჩვენ ვერ ვუთხარით ბატონ მიშას, ავთვისებიანი სიმსივნე აქვსო... მახსოვს, ვსადილობდით. საშინელ დღეში ჩავცვივდით. მოვიდა პაპა. შევიდა თავის ოთახში. სოფიკო და ვერიკო არაფერს იმჩნევდნენ.

გამოვიდა, მიუჯდა სუფრას. გადახედა ქალებს და უთხრა: თქვენ კი ხართ დიდი არტისტები, მაგრამ ნუ გგონიათ, რამე შეიძლება იცოდეთ ისეთი, რაც მე არ ვიციო. მერე დედაჩემს სთხოვა, ბაღდადური დაუკარიო. სოფიკომ დაუკრა. პაპამ იცეკვა. ნეტავ ჩემი ცხოვრების ნახევარი იცხოვრონ სხვებმა და ჩემი ბედნიერების ნახევარი გამოსცადონ, რა გაქვთ სადარდელიო... პაპაც ვაჟკაცურად დაუხვდა სენს. დედაჩემმაც ისე გაიარა ეს გზა, ბევრი ვაჟკაცი ვერ შეძლებდა. არ დამავიწყდება მისი თვალები... სიკვდილის წინ თურმე თვალები ჩაქრება პირველად... ახლა მე ვარ დედაჩემის თვალები".

ნიკუშა შენგელაია ახლა მხოლოდ დედის თვალები კი არა, ფიქრის გორაზე დიდი სახლის დიდი მასპინძელიცაა თავის ძმასთან - სანდროსთან ერთად... სახლი ცოცხლობს, რადგან ისინი, ვინც ამ სახლში ცხოვრობდნენ, უკვე ჩაეწერნენ საქართველოს კულტურის ისტორიაში. მათი მზე კი არსად ჩასვენებულა - ისევ მზეობს...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#4