შე­კე­რი­ლია ამე­რი­კა­ში - კვირის პალიტრა

შე­კე­რი­ლია ამე­რი­კა­ში

მოხეტიალე მსახიობი და ავანტიურისტი. მექანიკოსი, შერეკილი, სამი ცოლის, ოთხი საყვარლისა და 22, არა, შეიძლება ითქვას, 23 შვილის პატრონი.

ამ 23-ე "შვილს" - საკერავ მანქანას, მაჰათმა განდიმ "კაცობრიობის მიერ გამოგონილ ნივთთაგან უიშვიათესად სასარგებლო" უწოდა.

მსახიობი

ისააკ ზინგერი ბავშვობიდანვე ხულიგანი გახლდათ. პატარა ქალაქ პიტსტონის (ნიუ-იორკის შტატი) მკვიდრნი, მათ შორის თავისი მშობლებიც, გვარიანად დაწიოკებული ჰყავდა. ბიჭი ხახვს თავდაყირა რგავდა, ძაღლებს სასკოლო ფორმას აცმევდა, მამას ბანკნოტებს პარავდა და ნულებს უმატებდა...

წესრიგს მეამბოხეობა ერჩივნა. 1833 წელს, 12 წლის ისააკმა სწავლა-განათლება "დაასრულა": სკოლა მიატოვა, სახლიდან გაიქცა და მდინარე ონტარიოს სანაპიროზე, ქალაქ როჩესტერში, მექანიკოსთან ქარგლად მოეწყო. შესაძლოა, პატარა ხულიგნისგან კარგი სპეციალისტიც დამდგარიყო, ავტოფარეხის ორმო რომ არ მოყირჭებოდა და ყურადღება თეატრზე არ გადაეტანა.

ზინგერი მსახიობი გახდა და ნაოცნებარ დიდებასაც მიაღწია, თუმცა 20 წლისას მოჰბეზრდა და ოჰაიოში ხეტყის ქარხანაში "გადაინაცვლა". მოწყენილობით შეწუხებულმა, ხის დამმუშავებელი ჩარხი გამოიგონა. ამით ცოტა ფული იშოვა და 1849 წელს ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც გამომცემელ ჯორჯ ზიბერს გადაეყარა. ისააკმა თავისი დაპატენტებული მანქანით ახალშეძენილი მეგობრის დაინტერესება შეძლო.

ბედმა ისე ინება, რომ ბოსტონში დამკვიდრებულმა ზინგერმა და ზიბერმა ოფისი იმავე შენობაში იქირავეს, სადაც საკერავი მანქანების ხელმოცარულ მწარმოებელს, ვინმე ორსონ ფელპსს ჰქონდა სახელოსნო. ჩარხებს არავინ ყიდულობდა. მეგობრები უაზროდ დაბორიალებდნენ და უსაქმურობით იტანჯებოდნენ. ზიბერს დეპრესია მოეძალა, ზინგერი კი ფელპსის საკერავი მანქანის კონსტრუქციით დაინტერესდა. მომჭირნე ზიბერს მცირე თანხა კიდევ შემორჩენოდა. ერთხელ მან ზინგერს განუცხადა: "მორჩა, ორმოც დოლარს გაძლევ - რაც გინდა, მოიფიქრე, მაგრამ იცოდე - ამის შემდეგ ჩემგან ერთ ცენტსაც ვერ მიიღებ".

ასეთ საკერავ მანქანას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ოჯახების უმეტესობაში შეხვდებოდით

გამომგონებელი

მეგობრები ერთმანეთს თითქმის ათ დღეს არ შეხვედრიან. ისააკი თავაუღებლად შრომობდა. მას ფელპსის საკერავი მანქანის გაუმჯობესება განეზრახა. კომპანია "ლეროი და ბლოჯეტის" მიერ დაპატენტებული მანქანა საკმაოდ მოუხერხებელი კონსტრუქციისა გახლდათ - ერთმანეთის მიყოლებით მხოლოდ ათ ნაკერს აკეთებდა, შემდეგ კი აუცილებელი იყო ქსოვილის გამოღება და კერვის თავიდან დაწყება. ძაფი ხშირად იბლანდებოდა და იგრიხებოდა, თანაც კერვა მხოლოდ ჰორიზონტალურად შეიძლებოდა.

მიუხედავად უზარმაზარი მოთხოვნილებისა, ამ გამოგონების ბედი კეთილად არ წარმართულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატენტებული პირველი მანქანა 1846 წელს ვინმე ელიას ჰოუემ შექმნა, მაგრამ თავისი გამოგონების წარმოებაში ჩაშვება ამერიკაში ვერ შეძლო და ბედის საძებნელად ინგლისს გაემგზავრა, მაგრამ ინჟინერს იქაც ხელი მოეცარა.

1849 წელს შტატებში უკანასკნელი პენის გარეშე დაბრუნებულ ჰოუეს ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი არყოფნისას პატენტები ორ საკერავ მანქანაზე გაუციათ. მათში რაღაც უმნიშვნელო სიახლე კი იყო, მაგრამ არსებითად მაინც წმინდა წყლის პლაგიატს წარმოადგენდა. ჰოუემ სასამართლოს მიმართა და დაიწყო "საკერავი მანქანების ომის" სახელით მონათლული გახმაურებული პროცესი, რომელიც 1854 წლამდე გაგრძელდა.

ზინგერი, რომელმაც პირველად საკერავი მანქანა რამდენიმე თვით ადრე იხილა, ვერც კი ხვდებოდა, როგორ დრამატულ ბრძოლაში ებმებოდა. მან წინა მოდელის ყველა ნაკლი გააანალიზა და გამოსავალსაც მიაგნო. ისააკმა მანქანის კონსტრუქცია შეცვალა: მაქო ჰორიზონტალურად მოათავსა (ძაფი აღარ იბურდებოდა); ქსოვილისთვის დააპროექტა მაგიდა-დაფა და საყრდენი ფეხი (რაც შეუსვენებლად კერვის საშუალებას იძლეოდა); დაუყენა ფეხის პედალი, რადგან სწორად განსაჯა, რომ მკერავს "დამატებითი ხელი" ნამდვილად არ აწყენდა.

შემოქმედებითი წვის მეთერთმეტე დღეს გაოგნებულმა ზიბერმა და ფელპსმა მართლაც საოცრება იხილეს - მშვენიერი და მოქმედი საკერავი მანქანა.

მეპატრონე

ასე შეიქმნა საკერავი მანქანების მწარმოებელი კომპანია: ზინგერი-ზიბერი-ფელპსი. წარმატებამ არ დააყოვნა. 1850 წლის ბოლოს მათ პირველი დიდი დაკვეთა მიიღეს: ნიუ-ჰეივენის პერანგების ფაბრიკამ 30 მანქანა დაუკვეთა, თითოეულის ფასი 100 დოლარი იყო. 1851 წლის ზაფხულისთვის კომპანია გაფართოვდა, რამდენჯერმე გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. მაგრამ ისევე როგორც საკერავი აგრეგატების მწარმოებელ სხვა კომპანიებს, ზინგერსაც მოუხდა დაუცხრომელ ელიას ჰოუესთან შეჯახება, რომელიც ვერაფრით შეგუებოდა, რომ სხვასაც შეეძლო მანქანის კეთება, თანაც განსხვავებულად.

ამ კრიტიკულ მომენტში ხელმოცარული ფელპსი თამაშიდან გავიდა და მისი კუთვნილი აქციების ერთი მესამედი ცნობილი ადვოკატის, ედვარდ კლარკის ხელში მოხვდა. კლარკი ფირმას არა მარტო უფასო კონსულტაციებს დაჰპირდა ოცი წლის განმავლობაში, არამედ განვითარებისთვის საკუთარი სახსრებიც ჩადო. 1851 წლის შემოდგომაზე ზიბერმაც მიჰყიდა თავისი წილი ზინგერსა და კლარკს. ასე შეიქმნა ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავე დროს, ყველაზე წარმატებული ტანდემი: დაუდგრომელი და ბუნებით მეამბოხე ზინგერი და დინჯი, ყაირათიანი, ფრთხილი კლარკი. ცნობილი მეწარმის შთამომავლის, კლარკის ბრწყინვალე განათლებას ხშირად თრგუნავდა მისი კომპანიონის წარმოუდგენელი გაუნათლებლობა. არისტოკრატი ედვარდი გიჟდებოდა - ზინგერმა ხანში შესვლის მერეც კი ვერ ისწავლა წერა-კითხვა.

კლარკმა თავდაპირველად ბობოქარი ჰოუე გააჩუმა. ადვოკატმა სასამართლოს ბრწყინვალე გადაწყვეტილება შესთავაზა, რომლის თანახმადაც დამტკიცდა ე.წ. ერთობლივი პატენტი, რომელშიც შევიდოდა ჰოუეს, ზინგერისა და კიდევ ორი გამომგონებლის გვარი. საკერავი მანქანების ყველა სხვა მწარმოებელს სასამართლომ თითოეული საკერავი მანქანიდან 15 დოლარის გადახდა დააკისრა - "ერთობლივი პატენტის" ვადის გასვლამდე. ამ შემოსავალს ოთხი გამომგონებელი თანაბრად გაინაწილებდა.

მაგნატი

თავდაპირველად ზინგერის პროდუქციას ძირითადად სამკერვალო ფაბრიკები ყიდულობდნენ. უბრალო ადამიანს მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდა - მანქანა 125 დოლარი ღირდა, ამერიკული ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი კი 500 დოლარს არ აღემატებოდა. კლარკმა კერძო პირებისთვის მანქანის მიყიდვის მოქნილი სისტემა შეიმუშავა, რომელიც არა მარტო ზინგერის, არამედ მისი კონკურენტების მანქანების განვადებით შეძენასაც ითვალისწინებდა. მან შექმნა გამსაღებელი სააგენტოების მთელი ქსელი და, რაც მთავარია, ხელი მიჰყო ექსპორტსაც. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საუკუნის ბოლოსთვის ზინგერის აგენტებმა ყველაზე ტრადიციულ და კონსერვატიულ სფეროებშიც შეაღწიეს. თითქმის ყველა გაზეთში გამოქვეყნდა "ზინგერის" საკერავ მანქანასთან მჯდომი ინდიელი ქალის პორტრეტი.

"ზინგერი" ბიზნესის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კომპანია, რომელიც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავდა რეკლამისთვის. სცენაზე გატარებულ წლებს ამაოდ არ ჩაუვლია - ისააკ ზინგერს ნებისმიერი როლის შესრულება და ნებისმიერ კლიენტზე შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო. სამოქალაქო ომის დროს მან პატრიოტული ორატორიის სიმღერა წამოიწყო. "ჩვენ ვაცმევთ არმიას" - იუწყებოდა ახალი კაშკაშა რეკლამა. კომპანიაში მანქანების დახვეწაზეც მუდმივად მუშაობდნენ.

გამოშვებული საკერავი მანქანების რიცხვმა 127 ათასს გადააჭარბა, მნიშვნელოვნად შემცირდა წარმოების ხარჯებიც. თანაც ზინგერი ყველა ნახმარ მანქანას ანადგურებდა, რათა ბაზარი არ გადატვირთულიყო, მანქანების გასაღება არ შემცირებულიყო და ფასი არ დავარდნოდა. მთელ ქვეყანაში ახალი ფაბრიკები იხსნებოდა.

ზინგერი  პირველი კომპანია იყო, რომელიც წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავდა რეკლამისთვის

საყვარლები

რაც უფრო კარგად მიდიოდა კომპანიის საქმეები, მით უფრო მეტის უფლებას აძლევდა თავს მისი შემქმნელი. მოწესრიგებული პირადი ცხოვრება არასოდეს ჰქონია. მისი პირველი ცოლი მკერავი კეტრინ ჰელეი იყო, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა. მაგრამ ერთხელ, ბალტიმორის ერთ-ერთი თეატრის სცენიდან (სადაც ზინგერი "რომეო და ჯულიეტაში" თამაშობდა) მან 18 წლის მერი ენ სპონსლერი დაინახა... ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ერთად ცხოვრობდნენ.

ზინგერი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებას არ ჩქარობდა. მთელი თოთხმეტი წლის განმავლობაში მერის გულწრფელად სჯეროდა ზღაპრისა ბოროტი ცოლის შესახებ, რომელიც ქმარს განქორწინებაზე უარს ეუბნებოდა. ისინი ცოლ-ქმარ ზინგერებად იწერებოდნენ, ჰქონდათ საერთო საბანკო ანგარიში, რომელზეც რამდენიმე დოლარი ირიცხებოდა, შიოდათ, სწყუროდათ, მაგრამ ბედნიერი იყვნენ. მათი თანამგზავრი სიღატაკე გახლდათ. შვილებს ზედიზედ აჩენდნენ. იმ დღეს, როცა ზინგერმა მეგობარ-კომპანიონთა სამსჯავროზე თავისი პირველი საკერავი მანქანა გაიტანა, მერიმ მეათე შვილი აჩუქა.

ზინგერი გამდიდრდა და მეხუთე ავენიუზე დიდებული აპარტამენტები შეიძინა, ყოფილი (მაგრამ ოფიციალური) მისის კეტრინ ზინგერი კი სადღაც ბრუკლინის გარეუბანში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. ქმარმა იგი საბოლოოდ დაივიწყა.

ზინგერი კეტრინს ოფიციალურად 1860 წელს, განშორებიდან 24 წლის შემდეგ გაეყარა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში აღმოჩნდა მერი სპონსლერისთვის, რადგან მის ქმარს ახალი მერი - გვარად მაკგონიალი "გაუჩნდა". ძალიან მალე პირველმა მერიმ გამოარკვია, რომ ისააკი ამ ქალთან უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობდა და მისგან ხუთი შვილიც ჰყოლია... მხილებულმა ზინგერმა სპონსლერი ცოლად შეირთო. რამდენიმე თვის შემდეგ ორივე მერიმ მათი მესამე სეხნიის არსებობის შესახებ შეიტყო: მერი უოლტერს ზინგერისგან ბიჭუნა ჰყავდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. კლარკმა ზინგერს დროებით ევროპაში გადასახლება და კომპანიის იქიდან მართვა ურჩია.

1865 წელს ზინგერი თავის ბოლო სიყვარულს - ფრანგ იზაბელ სომერვილს შეხვდა და სულ მალე ცოლადაც შეირთო. ევროპაში დიდხანს დარჩა. ბრიტანეთის კუნძულებზე ბერძნულ-რომაული სტილის დიდებული სასახლე 500 ათას დოლარად იყიდა და მოკრძალებულ სახელი - ვიგვამი უწოდა. სწორედ ამ ვიგვამში შეწყდა 1875 წელს ისააკ ზინგერის ბობოქარი ცხოვრების გზა...

ზინგერის  დამზადებული ერთ-ერთი პირველი საკერავი მანქანა

ზინგერის სიკვდილის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ ხუთი მისი მემკვიდრე ჩავიდა ამერიკაში და მისი შვილების რიცხვმა 22-ს მიაღწია - სამი ცოლისა და ოთხი საყვარლისგან. ზინგერის მრავალრიცხოვანი შთამომავლობა მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა. მისმა ვაჟმა პარისმა აისედორა დუნკანთან მხურვალე რომანით გაითქვა სახელი, დუნკანმა ვაჟი - პატრიკი გაუჩინა. ზინგერის ქვრივი იზაბელი კი ნიუ-იორკში აღმართული, საქვეყნოდ ცნობილი თავისუფლების ქანდაკების პირველსახედ ითვლება. ბოროტმა ენებმა ქალს "ზნეობისა და მორალისგან თავისუფლების ქანდაკება" უწოდეს.

ზინგერის სიკვდილის შემდეგ მის მანქანებს ბზრიალი არ შეუწყვეტიათ. სავაჭრო ბრუნვა იზრდებოდა, ხუთჯერ შემცირდა მანქანის თვითღირებულება. ერთგული ედვარდ კლარკი კი სიკვდილამდე (1882 წ.) კომპანიის მფარველ ანგელოზად რჩებოდა. 1891 წელს კომპანიამ ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა გამოუშვა. "ზინგერი" უზარმაზარ კორპორაციად იქცა, რომელსაც ფილიალები მთელ მსოფლიოში აქვს. დღეს ის სამკერვალო მანქანების წარმოების მსოფლიო ლიდერია, აქვს 600-ზე მეტი მაღაზია და მის პროდუქციას 150 ქვეყანაში 12 ათასი დილერი ავრცელებს.

მოამზადა ნინო ჯაფარიძემ

ჟურნალი "ისტორიანი",#4