ვენდოთ თუ არა უნდოკლდის მღვიმის ლეგენდებს... - კვირის პალიტრა

ვენდოთ თუ არა უნდოკლდის მღვიმის ლეგენდებს...

უნდოკლდე არქეოლოგმა ნიკა თუშაბრამიშვილმა 2006 წელს აღმოაჩინა. თუმცა დღემდე მღვიმეში მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება მოხერხდა.

"ისტორიანი" ვაჭევის უნიკალური აღმოჩენის შესახებ ნიკა თუშაბრამიშვილს ესაუბრა.

- უნდოკლდესა და იქ შემონახულ კედლის მხატვრობას ხუთი წლის წინ შემთხვევით მიაკვლიეთ თუ წინასწარი ინფორმაცია გქონდათ?

- რეგიონის არქეოლოგიური შესწავლა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო. ჩვენი ექსპედიცია კი აქ 1992 წლიდან მუშაობს. უკვე აღმოჩენილ ძეგლებზე არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებთ და პარალელურად ახალ ძეგლებს ვეძებთ. ერთ-ერთი ასეთი საძიებო სამუშაოებისას 12 მღვიმე აღმოვაჩინეთ, სადაც რამდენიმე კულტურული ფენა დადგინდა პალეოლითიდან დაწყებული, შუა საუკუნეებით დამთავრებული.

მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ უნდოკლდე. თავიდან ყურადღება სახელწოდების გამო მივაქციეთ. ადგილობრივები მღვიმეში არსებულ უფსკრულსა და მასთან დაკავშირებულ ლეგენდებზე გვიყვებოდნენ.

2006 წელსვე გავაკეთეთ რამდენიმე საძიებო თხრილი და მივაკვლიეთ როგორც შუა, ასევე ზედა პალეოლითის მასალას, თუმცა იყო უფრო გვიანდელი, ენეოლითისა და თქვენ წარმოიდგინეთ, შუა საუკუნეების მასალებიც კი.

შუა პალეოლითის ფენები კარგად არის დაცული, გვიანდელს კი კულტურული ფენის სახე აღარ აქვთ და ბევრი რამ ერთმანეთში არეულია. მღვიმის სიგრძე 80 მეტრია. მის კედელზე ადამიანის სტილისტური გამოსახულება ორი წლის წინ აღმოვაჩინეთ. ის მცირე ზომისაა, შესრულებულია მღვიმის მარჯვენა კედელზე, საშუალო სიმაღლის ადამიანის დონეზე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ის გაცილებით მაღალი იყო, რადგან მრავალი ფენა დაილექა მღვიმეში.

- საქართველოში ამ ეპოქისა და ტიპის კედლის მხატვრობა იშვიათობას წარმოადგენს.. მისი ასაკი უკვე დადგენილია?

- მღვიმეში აღმოჩენილი მასალებისა და მხატვრობის ზუსტი ასაკი ჯერ არ დაგვიდგენია. საქართველოში კედლის მხატვრობა მღვიმეში აქამდე აღმოჩენილი პრაქტიკულად არც ყოფილა. თავის დროზე ინფორმაცია გამოქვეყნდა და არსებობს აღწერაც ჭიათურის რაიონში, მღვიმევის გამოქვაბულში არსებული კედლის მხატვრობისა, მაგრამ ნანახი აღარავის გვაქვს. გადაიფარა კალციტით და აღარ ჩანს.

მსგავსი პეტროგლიფები გვხვდება ჯავახეთში, წალკის რაიონში, ისინი ტიპოლოგიურად შესწავლილია და მეზოლითის ეპოქას მიეკუთვნება. ანუ უფრო გვიანდელია, ვიდრე უნდოკლდის მხატვრობა. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა და ვაჭევში აღმოჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუში ბოლომდე შესწავლილი ჯერ არ არის.

- აღნიშნეთ, რომ მღვიმეს უნდოკლდე იქ არსებული უფსკრულის გამო შეარქვეს...

- დიახ, მღვიმის ბოლოს არის კარსტული ჭა, რომლის დიამეტრიც დასაწყისში შვიდი მეტრია, ფსკერთან კი სამი მეტრი. მისი სიღრმე ამჟამად 50 მეტრია, თუმცა ჩანს, უფრო ღრმა უნდა ყოფილიყო და ნაშალით ამოივსო. მღვიმე მდინარის დონიდან 90 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და შესაძლოა ჭაც ამავე სიღრმისა ყოფილიყო.

მღვიმე ცოცხალია, წყალი წვეთავს და როგორც ჩანს, საცხოვრებლად არც კი ვარგოდა.

- თუ არა საცხოვრებლად, პირველყოფილ ადამიანს ის კიდევ რისთვის შეიძლება გამოეყენებინა?

- მღვიმის შესასვლელში აღმოჩნდა მღვიმური დათვის ნამარხები საკმაოდ დიდი რაოდენობით. ძვლები, ფაქტობრივად, ხელუხლებელია, ანუ დამტვრეული არ არის. დამსხვრეულია მხოლოდ რაღაც კატასტროფის, ჩვენი ვარაუდით, ქვების ჩამოცვენის შედეგად. კულტურულ ფენაში აღმოჩენილია ქვის, კერძოდ კაჟის იარაღებიც, რომელთა 80% სამონადირეოა. ვვარაუდობთ, რომ ნესტის გამო მღვიმე საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა და დროებით სადგომს წარმოადგენდა. უფრო კი იმ ვერსიისკენ ვიხრებით, რომ მას რიტუალისთვის იყენებდნენ. ასეთ ადგილებში ნახატი სრულდება მღვიმეში რაც შეიძლება ღრმად და რაც შეიძლება მიუწვდომელ ადგილას. ასეა უნდოკლდის შემთხვევაშიც.

მოცეკვავე კაცუნები ფიცისწყაროს მღვიმიდან

- თვით ჭის გამოკვლევა თუ მოახერხეთ?

- საფუძვლიანად ვერა. მხოლოდ რამდენჯერმე ამოვიტანეთ მიწა. კარსტული ჭის ფსკერზე აღმოჩნდა ცხოველთა ძვლები, ადამიანის ნაშთები, ძირითადად შუა საუკუნეების ეპოქისა და ეს ნაშთები იქ შეიძლება უბრალოდ მოხვდა. ჭაში აღმოჩენილმა მასალამ მართლაც გაგვაოცა, რადგან გარდა მგლისა და მელიისა, რომლებიც როგორც წესი, მღვიმეში ცხოვრობენ, აქ მივაკვლიეთ შვლისა და ირმის ძვლებს. ვერც ირემი და ვერც შველი ვერასოდეს შევიდოდნენ ამ მღვიმეში. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ისინი შესაძლოა მსხვერპლშეწირვის რიტუალის შედეგად აღმოჩნდნენ იქ.

პირველყოფილი ადამიანები ცხოველთა ძვლებს როგორც წესი, ამტვრევდნენ და ძვლის ტვინს მიირთმევდნენ.

ჩვენმა ებრაელმა კოლეგამ მასალების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ცხოველთა ძვლები სპეციალურად გატეხილი არ არის და მხოლოდ ჩაცვენის შედეგად არის დაზიანებული. ამას გარდა, თვით დათვიც კულტის ობიექტს წარმოადგენდა. შესაძლოა მღვიმეში დროგამოშვებით ცხოვრობდა დათვი და ზუსტად ამის გამო მიანიჭეს მას სარიტუალო დანიშნულება.

- ამ ვერსიის დამადასტურებელ სხვა რამე ნიშანს თუ მიაკვლიეთ?

- ვერსია, რომ მღვიმეს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 2006 წელსვე, უნდოკლდიდან სამ კილომეტრში ფიცისწყაროს მღვიმეს მივაკვლიეთ. ის შედარებით პატარაა, დაახლოებით 12 მეტრია და კარსტული ჭა აქაც გვხვდება. ჭის სიღრმე შვიდი მეტრია. ჭის თავზე, კლდეზე უკვე არა ერთ, არამედ რამდენიმე ფიგურას მივაკვლიეთ. ე.წ. მოცეკვავე კაცუნებს.

- ფიცისწყაროს მხატვრობით ფრანგი სპეციალისტები დაინტერესდნენ. რა დასკვნა გამოიტანეს მათ?

- უნდოკლდეში მხატვრობის ნიმუში ესპანელ კოლეგებთან ერთად აღმოვაჩინეთ. ფიცისწყაროს მხატვრობასთან დაკავშირებით მე მქონდა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა ბუნებრივი გამოსახულება ყოფილიყო, რომელმაც ასეთი ფორმა კალციტიზაციის შედეგად მიიღო. თუმცა ფრანგმა სპეციალისტებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, განმიმარტეს, რომ ადამიანის მიერ მღვიმეში გაკეთებული ღარების კალციტიზაცია უფრო მეტად ხდება, ნაღვენთები ავსებს ამ ხაზებს და გამოსახულება რელიეფურ სახეს იღებს.

ფიგურების ზომა ერთნაირია, დაშორება მათ შორის თანაბარია და ისინი ერთ ზოლზეა განლაგებული.

- ქვის იარაღები ძირითადად რა ტიპისაა?

- ძირითადად მუსტიეს (გვიანდელი ნეანდერტალელთა ეპოქა) პერიოდის წვეტანებს ვხვდებით, რომელიც სავარაუდოდ შუბის პირად გამოიყენებოდა. მასალაში ჭარბობს სამონადირეო იარაღი. ის თითქმის 80% შეადგენს.

ასევე ვიპოვეთ ადამიანის კბილი, რომელიც, წინასწარი შესწავლით, ნეანდერტალელს უნდა ეკუთვნოდეს. თუმცა ეს კულტურული ფენიდან არ მოდის და ალბათ კვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

წლეულს ორივე ძეგლის შესწავლას ვაპირებთ. ფრანგებსა და ამერიკელებთან ერთად მღვიმის წინა ფართობს ვთხრით. არქეოზოოლოგიურ მასალაზე კი ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტები მუშაობენ, სწავლობენ, რა მდგომარეობაშია ძვლები, როგორაა განლაგებული და სხვ.

მხატვრობის ნიმუშებთან დაკავშირებითაც ვაპირებთ სერიოზულ კვლევას და მათი ზუსტი ასაკიც მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება.

ასე რომ, უნდოკლდე მრავალ სიახლეს გვპირდება.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#5