იმპერიის ტყვეობიდან დამოუკიდებლობამდე - კვირის პალიტრა

იმპერიის ტყვეობიდან დამოუკიდებლობამდე

1917 წლის 2 მარტს ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომისთანავე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, რუსეთში პოპულარულმა და ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ქართველმა სოციალ-დემოკრატმა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ თავისთან იხმო გიორგი (გოგიტა) ფაღავა და ტელეგრაფში თბილისში გადასაცემად გაატანა დეპეშის ტექსტი.

კონსპირაციის მიზნით დეპეშის ტექსტში ქართული სიტყვები რუსული ასოებით იყო დაწერილი: "მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს". სწორედ ამ ტელეგრამით გაიგეს თბილისში რომანოვების იმპერიის აღსასრული.

თბილისი კავკასიის სამეფისნაცვლოს ადმინისტრაციის ცენტრს წარმოადგენდა. ბოლო მეფისნაცვალი იყო დიდი მთავარი ნიკოლოზ რომანოვი. როგორც კი ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომის ამბავი შეიტყო, მეფისნაცვალმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე.

რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმაც კი ვერ შეძლეს ვითარებაში გარკვევა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ამით ისარგებლა რუსეთის დროებითმა მთავრობამ და კავკასიის სამეფისნაცვლოში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ეროვნულ ძალებს შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ ოზაკომს, მაგრამ ასე არ მომხდარა.

ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკება

ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით პირველი ნაბიჯი მხოლოდ 1917 წლის აპრილის დამდეგს გადაიდგა. აპრილში შესაძლებელი გახდა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებების მოწვევა, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა და ზოგიერთი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ეს პროგრამა შემდგომ პერიოდულად იხვეწებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 1917 წლის აპრილიდან მომდევნო თვეებში ინტერპარტიული კრების მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა, ორგანიზაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს და 1917 წლის აგვისტოში საქართველოს ინტერპარტიული საბჭო შექმნეს.

ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) ინიციატივით მოწვეული საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელიც 1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა თბილისში. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. გარდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებისა, ეროვნულ საბჭოში აირჩიეს იმხანად და მომავალში ცნობილი ქართველი მეცნიერები: დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე წერეთელი, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა მიქელაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.

ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა პეტროგრადში კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს და რუსეთის კანონიერი დროებითი მთავრობა დაამხეს. მისი სამართალმემკვიდრე საბჭოთა რუსეთის მთავრობა იმთავითვე შეუდგა რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ახალი საბჭოთა იმპერიის შექმნას. ეს თავისთავად ნიშნავდა, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა, მისი პოლიტიკური ლიდერები (ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი, ლევ ტროცკი და სხვ.)

სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებოდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნისთვის მებრძოლ ძალებს, მათ შორის ქართულ ეროვნულ მოძრაობას. რუსული ბოლშევიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების ბუნების კარგად მცოდნე ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების - ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგეჭკორისა და სხვათა ინიციატივით მოხდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება. 1917 წლის 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი).

აკაკი ჩხენკელი

ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკურ მოღვაწეებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას.

საბჭოთა რუსეთმა მალე გამოაჩინა ნამდვილი სახე. ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად რუსეთის კავკასიის არმია უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს.

რუსეთის ვერაგული გეგმები საქართველოსადმი მალე სხვა მხრივაც გახდა საცნაური. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთმა გერმანიის იმპერიასთან და მის მოკავშირეებთან (ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი) დადო სეპარატული ზავი. ზავის პირობების თანახმად, რუსეთის არმიას უპირობოდ უნდა დაეტოვებინა ოსმალეთის ოკუპირებული ტერიტორია (ანატოლია). რაც შეეხება საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილს – ბათუმის ოლქსა და არტაანის ოკრუგს, საბჭოთა რუსეთმა ის ოსმალეთს გადაულოცა.

ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის 1-ელ აპრილს ოსმალეთმა ბათუმი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამის შემდეგ ოსმალეთს ვეღარ უნდა წამოეყენებინა ის არგუმენტი, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, რომელიც იმხანად უკვე ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბათუმში დელეგაციათა დონეზე პრაქტიკულად ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა.

გენერალი ოტო ფონ ლოსო

ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

აკაკი ჩხენკელმა 1918 წლის 12 მაისით დათარიღებულ, ბათუმიდან გამოგზავნილ ორ წერილში საქართველოს ეროვნულ საბჭოს შექმნილი ვითარების შესახებ მოახსენა. იგი ეროვნულ საბჭოს აფრთხილებდა: საქართველოსთვის ოსმალეთთან ომის წარმოება დამღუპველი იყო. ამასთან ერთად, აკაკი ჩხენკელი ეროვნულ საბჭოს გერმანოფილური საგარეო-პოლიტიკური კურსის აღიარებას სთავაზობდა. თბილისში თითქმის ყოველდღე ეწყობოდა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი სხდომა. 1918 წლის 14 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც შექმნილი ვითარება განიხილეს და ბათუმში აკაკი ჩხენკელს სახელმძღვანელოდ შემდეგი მითითებები გაუგზავნეს:

1. ეცნობოს ბათუმის საგზაო მოლაპარაკებაზე გერმანიის იმპერიის წარმომადგენელ გენერალ ოტო ფონ ლოსოს, რომ ეროვნული საბჭოს თხოვნაა, გერმანიამ ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს; 2. ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოს, გაატაროს სათანადო ღონისძიებანი ჩრდილოეთ კავკასიაში გერმანიის ჯარების წინსვლის დასაჩქარებლად, რათა შესაძლებელი გახდეს გერმანიის ჯარებთან კავშირის დამყარება; 3. ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოს, ხელი შეუწყოს გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეების საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნებას; 4. ეთხოვოს გენერალ ოტო ფონ ლოსოს, ვიდრე გერმანიიდან ქართველი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საქმე მოგვარდებოდეს, მოხდეს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეების სამხედრო რაზმად ორგანიზება გერმანელი ოფიცრის მეთაურობით, რათა საჭიროების შემთხვევაში გერმანელთა სამხედრო ძალა გამოიყენონ საქართველოში შინაური წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად.

გერმანელი ჯარისკაცები საქართველოში

მოგვიანებით გერმანელი სამხედრო ტყვეებისგან შედგენილი რაზმი გერმანელი ოფიცრის მეთაურობით გადაიყვანეს გურიის ტერიტორიაზე, სადგურ ნატანებთან, ხოლო შემდეგ მდინარე ჩოლოქის ნაპირას. ჩოლოქის მარცხენა სანაპიროზე მდგარმა ოსმალეთის არმიის ნაწილებმა ვერ გაბედეს გერმანიის იმპერიის არმიის ფორმაში გამოწყობილი გერმანელ სამხედრო ტყვეებისგან შექმნილი სამხედრო დანაყოფის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყება.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გერმანოფილური ორიენტაციის აღიარება შექმნილ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო. ოსმალეთი გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა, ამიტომ მას ანგარიში უნდა გაეწია გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებისთვის. გერმანოფილური ორიენტაციის საქართველოს ოსმალეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების შიში აღარ უნდა ჰქონოდა. სხვა სახელმწიფოების დახმარებით ოსმალეთის საფრთხის განეიტრალება შეუძლებელი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის დაინტერესებას საქართველოთი მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა. გერმანიას კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში პოზიციები არ გააჩნდა. მათ მოსაპოვებლად საქართველო გერმანიისთვის პლაცდარმს წარმოადგენდა. სწორედ აქედან შეიძლებოდა დაეწყო გერმანიას კონკურენტების შევიწროება მახლობელ აღმოსავლეთში. საქართველო მით უფრო ფასობდა გერმანიისთვის, რომ სომხეთს ანგლოფილური, ხოლო აზერბაიჯანს თურქოფილური ორიენტაცია ეკავა. გერმანიის დაინტერესებას საქართველოთი ზრდიდა ისიც, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში თანდათან ძლიერდებოდა ანტირუსული განწყობილება.

1918 წლის მაისში ბათუმიდან გამოგზავნილ წერილში აკაკი ჩხენკელი ეროვნულ საბჭოს არწმუნებდა, რომ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლებელი იყო. ამასთან ერთად ქართველი დიპლომატი აღნიშნავდა, რომ ინგლისის დახმარებით ოსმალეთის შეჩერება არარეალური გახლდათ. აკაკი ჩხენკელი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ხსნის ერთადერთ გზას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება წარმოადგენდა.

თბილისში ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც ფრეილინის (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის) ქუჩაზე მდებარეობდა, დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა. აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი ეროვნულ საბჭოში 24 მაისს მიიღეს. შექმნილი ვითარების შესაფასებლად საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაინიშნა, რომელიც 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ნოე ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა.

საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომის მონაწილენი

შემდეგ ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ შემოიტანა შემდეგი წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს. კენჭი ეყარა საკითხს: "საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს დღეს თუ ხვალ". დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ, 25 მაისს გამოცხადებას ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას - ოთხმა წევრმა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 25 მაისს გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. ამის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადება თავისთავად გადაიდო 26 მაისისთვის. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ განსაზღვრა სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა.

1918 წლის 26 მაისს რუსთაველის (გოლოვინის) პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, სადაც სეიმის უკანასკნელი სხდომა მოეწყო, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" ერთხმად, ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცა.

საქართველოს დამოუკიდებლოების აქტი

აქტის პირველი მუხლი გვაუწყებდა: "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა". დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს წარუდგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უცვლელად დამტკიცდა: ნოე რამიშვილი - მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი, აკაკი ჩხენკელი - საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო მინისტრი, გიორგი ჟურული - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი, გიორგი ლასხიშვილი - სახალხო განათლების მინისტრი, ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი, შალვა მესხიშვილი - იუსტიციის მინისტრი, ივანე ლორთქიფანიძე - გზათა მინისტრი.

საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა ნაშუადღევის 5 საათსა და 55 წუთზე დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს ტელეგრამით ამცნო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა.

ვახტანგ გურული

ჟურნალი "ისტორიანი",#5