თავდასხმა პერლ-ჰარბორზე - კვირის პალიტრა

თავდასხმა პერლ-ჰარბორზე

იაპონიის იმპერიის საბედისწერო შეცდომა

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელთა თავდასხმა აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ-ჰარბორში ამერიკელი ხალხისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. შეურაცხყოფილი და თავზარდაცემული ამერიკელები, უყოყმანოდ დაირაზმნენ პრეზიდენტ რუზველტის მოწოდებაზე, შური ეძიათ ამ "ამერიკის სირცხვილის დღისთვის". ნუთუ რუზველტმა და მისმა უახლოესმა მრჩევლებმა იცოდნენ, რომ თავდასხმა მზადდებოდა და არაფერი იღონეს მის თავიდან ასაცილებლად, რათა შემდგომ აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში ჩართვა გაადვილებოდა?

30-იან წლებში იაპონიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 1931 წელს იაპონიამ დაიპყრო ჩინეთის პროვინცია მანჯურია, 1937 წელს კი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აშშ-ის გაღიზიანება გამოიწვია სისასტიკემ, რომელსაც იაპონელები ჩინეთში იჩენდნენ. ამას თან დაერთო იაპონიის გაერთიანება ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან სამხედრო ალიანსში, 1940 წელს. მომდევნო წლის შემოდგომისთვის ჰიტლერის უძლეველი შეიარაღებული ძალები მთელ კონტინენტურ ევროპაში გაბატონდნენ და საბჭოთა კავშირისკენ იკაფავდნენ გზას. იმ დროისათვის ძლიერმა დიდმა ბრიტანეთმა თავისი შეიარაღებული ძალები საბერძნეთიდან და კრეტიდან გამოიყვანა, რამდენჯერმე მარცხი იწვნია ჩრდილოეთ აფრიკაშიც.

გარდა ამისა, ატლანტის ოკეანეში გერმანელებმა წყალქვეშა ნავებით ძლიერი იერიში მიიტანეს ინგლისის ფლოტზე და ამით აიძულეს ბრიტანეთი, უარი ეთქვა შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდებით, შეიარაღებული ძალებითა და ავიაციით გაძლიერებაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია იმ დროისთვის მსოფლიოში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვანმა პროცესებმა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ძალზე სკეპტიკურად უყურებდნენ ევროპაში ომში ჩართვის შესაძლებლობას.

პოლიტიკური მოძრაობა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" საჯაროდ აკეთებდა მწვავე განცხადებებს იზოლაციონიზმის შესახებ. პრეზიდენტი რუზველტი ანგარიშს უწევდა ქვეყანაში გამეფებულ ანტისაომარ განწყობას და პირობას დებდა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ დიდი ბრიტანეთის გადარჩენასა და იაპონიის შეჩერებას ამერიკისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მომავალი შეიძლება კოშმარული ყოფილიყო.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმის მომენტი

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირს გაანადგურებდა, გერმანია სამხედრო რესურსებს ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართავდა - ან კაპიტულაციას აიძულებდა, ან მიწასთან გაასწორებდა. ეს კი ჰიტლერს მთელი ევროპის ბატონ-პატრონად აქცევდა - მის ხელში აღმოჩნდებოდა აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზია, ვიდრე ინდოეთის საზღვრამდე. ამასობაში გააფთრებული იაპონია წალეკავდა სამხრეთს, რათა ხელთ ეგდო შორეულ აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის ტერიტორიები, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, აგრეთვე ბრიტანეთის ინდოეთი. მსოფლიოს დაინაწილებდნენ გერმანია, იტალია და იაპონია, აშშ-ს კი მხოლოდ ამერიკა შერჩებოდა ხელთ.

ამ საშინელების თავიდან ასაცილებლად რუზველტი გერმანიასთან კონფლიქტში იმით ჩაება, რომ დიდი ბრიტანეთი უზრუნველყო ყოველგვარი დახმარებით, გარდა ომში თავისი ჩართვისა. ეს გულისხმობდა ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამის ამუშავებას, რომლის თანახმადაც აშშ დიდ ბრიტანეთს მოამარაგებდა საბრძოლო მასალით, იარაღითა და სტრატეგიული ნედლეულით.

ბრიტანელებს შეეძლოთ ამისთვის ხარჯები არც გაეღოთ. რაც შეეხება იაპონიას, აშშ-მა მას შეუმცირა ნავთობისა და სხვა ნედლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლო იყო იაპონიის ეკონომიკისათვის. ამ გადაწყვეტილებამ ორივე ქვეყანა კონფრონტაციამდე მიიყვანა, დიპლომატიური მოლაპარაკებები ომის თავიდან ასაცილებლად მარცხით დამთავრდა. 1941 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა კორდელ ჰალმა იაპონელებს ჩინეთისა და ინდოჩინეთის დატოვება მოსთხოვა. იაპონიას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ამერიკისთვის ომი გამოეცხადებინა. მართლაც, იაპონელებს უკვე მიღებული ჰქონდათ ეს გადაწყვეტილება.

აშშ-ს ორი ფლოტი ჰყავდა: აზიური - ფილიპინებზე და წყნარი ოკეანის - ჰავაის კუნძულ ოაჰუზე, პერლ-ჰარბორთან ახლოს.

1941 წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო იაპონიის ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ ისოროკუ იამამოტოს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პერლ-ჰარბორში აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე მოულოდნელ თავდასხმას. სტრატეგიულ ჩანაფიქრს, რომელიც გულისხმობდა ფილიპინებსა და პერლ-ჰარბორზე ერთდროულ თავდასხმას, უნდა გადაეწყვიტა ის მწვავე სამხედრო-საზღვაო პრობლემა, რომელიც რეგიონში იაპონელთა გამარჯვებას ხელს უშლიდა.

ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავები, საბრძოლო პოზიციები დაიკავა. 7 დეკემბერს, გამთენიისას, ოპერატიული ჯგუფი კუნძულ ოაჰუს ჩრდილოეთით 320 კილომეტრზე იდგა. დილის 8 საათზე პერლ-ჰარბორის კვირადღის სიმშვიდე 180 იაპონური ბომბდამშენის გამაყრუებელმა გუგუნმა დაარღვია.

იმ დროს, როცა პერლ-ჰარბორის ნავსადგურში 90 გემი იდგა, იაპონელთა ბომბდამშენებისა და ტორპედომზიდების მთავარი სამიზნე იყო 8 ამერიკული საბრძოლო ხომალდი, აქედან 7 მათგანი ბეთელშიპ-როუს ნავმისადგომში ერთრიგად ჩამწკრივებული იდგა და მტრისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენდა. ყველა დაბომბეს, სამი კი ჩაძირეს. მარტო აშშ-ის საზღვაო ძალების გემ "არიზონაზე" ჩაძირვის მომენტში 1100 კაცი იმყოფებოდა.

პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზა თავდასხმამდე

იერიშის მეორე ტალღა ნახევარ საათში განმეორდა და 10 საათისთვის იაპონელთა თვითმფრინავები, რომლებმაც წყნარი ოკეანის ფლოტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს, უკან გაბრუნდნენ. 21 სამხედრო ხომალდის ჩაძირვის ან განადგურების გარდა, იაპონელებმა ამერიკელთა 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა მიწაზე იდგა. შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო, რადგან იაპონელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი თვალთახედვის არეში ამერიკელთა კიდევ სამი ავიამზიდი მოხვდებოდა, მაგრამ მოტყუვდნენ, რადგან ორი მათგანი ზღვაზე წვრთნებს გადიოდა, ხოლო მესამე შესაკეთებლად იყო წაყვანილი. ამერიკელთა დანაკარგი 2403 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, ამ რაოდენობის ნახევარი კი დაჭრილი იყო.

იაპონელებმა კოორდინირებული თავდასხმებით თითქმის მიწასთან გაასწორეს ფილიპინებზე აშშ-ის საჰაერო ძალები, მაგრამ ყველაზე მეტად პერლ-ჰარბორზე შეტევამ განარისხა ამერიკელები. პრეზიდენტ რუზველტს კონგრესმა მაშინვე მიანიჭა უფლებამოსილება, ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის, რამდენიმე დღის შემდეგ კი გერმანიამ მოკავშირეთა წინაშე თავი მოვალედ მიიჩნია, აშშ-ისთვის ომი გამოეცხადებინა. პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ აშშ უკვე ორ ფრონტზე იყო ჩართული ომში - გერმანიასა და იტალიასთან, ევროპულ და ჩრდილოეთაფრიკულ საომარ მოქმედებათა არეალში, და იაპონიასთან - წყნარ ოკეანეში.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმა იაპონელთა უდიდესი შეცდომა იყო, ამით იმპერია განადგურებისთვის გაწირეს.

გამარჯვებით აღტაცებულ იაპონელთა თვითკმაყოფილებამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ამერიკელები, რომლებისთვისაც გადატანილი უბედურება შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. ომის დროს და მის შემდგომაც ოფიციალურ გამოკვლევებში რამდენჯერმე სცადეს, ამოეცნოთ ის საიდუმლო, რომელიც ამ თავდასხმის უკან იმალებოდა და თანაბრად გადაენაწილებინათ პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომლებმაც გასაოცარი წინდაუხედაობა გამოიჩინეს. თუ ყველამ იცოდა, რომ ომი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დაწყებულიყო, რატომ არ იყო პერლ-ჰარბორი საბრძოლო მზადყოფნაში?

პირველი გამოძიება, რომელიც თავდასხმიდან ზუსტად ექვს კვირაში დამთავრდა, მომხდარში კონტრადმირალ ჰაზბანდ ე. კიმელსა და გენერალ-ლეიტენანტ ვალტერ ქ. შორტს ადანაშაულებდა, რომლებიც ჰავაიზე საზღვაო და სამხედრო მეთაურების მოვალეობას ასრულებდნენ, მათ სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. კიმელმა და შორტმა თხოვნით მიმართეს სამხედრო ტრიბუნალს, მათთვის თავის მართლების უფლება მიეცა, მაგრამ უარი ეთქვათ. ისინი ჩამოაქვეითეს და სამსახურიდან დაითხოვეს.

აშშ-ის წყნარი ოკეანის მეთაური ადმირალი კიმელი. მას ბრალად სდებდნენ, რომ იაპონელთა თავდასხმას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. თავად ადმირალი კი ამტკიცებდა, ვაშინგტონს დროულად რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, ფლოტი მომზადებული შეხვდებოდა თავდასხმასო

შემდგომმა გამოძიებამ ცხადყო, რომ კიმელისა და შორტის განტევების ვაცად გამოყვანა უსამართლობა იყო, რადგან მათ არ აწვდიდნენ იმ საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც ვაშინგტონი ფლობდა. ოჯახების ცდა, მათთვის რეპუტაცია აღედგინათ, მხოლოდ 2001 წელს დასრულდა წარმატებით, როდესაც კონგრესის კომისიამ კიმელსა და შორტს სამხედრო წოდებები სიკვდილის შემდგომ აღუდგინა.

ეჭვგარეშეა, რომ 7 დეკემბრამდე ვაშინგტონს ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია, სადაც მინიშნებული იყო, რომ ახლოვდებოდა იაპონელთა თავდასხმა და პერლ-ჰარბორი მათი მთავარი სამიზნე გახლდათ. ამერიკელ და ბრიტანელ დამშიფრავებს ადვილად შეეძლოთ გაეშიფრათ იაპონურ რადიოეთერში გადაცემული ცნობები, სადაც სავსებით ნათელი იყო მათი განზრახვა. განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოს გახშირდა იაპონელთა სიგნალები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ თავდასხმის შესახებ ცნობა დაშიფრული იქნებოდა ტოკიოს ამინდის პროგნოზში, რომელშიც სიტყვა "წვიმა" ნიშნავდა ომს, ხოლო "აღმოსავლეთი" - აშშ-ს. მართლაც, ამერიკელებმა 4 დეკემბერს დაიჭირეს ამინდის რადიოპროგნოზი "აღმოსავლეთის ქარი, წვიმა".

ის, რომ კიმელი და შორტი არ გაუფრთხილებიათ მოახლოებული საფრთხის შესახებ, შეიძლება რამდენიმე ფაქტით აიხსნას:

სხვადასხვა სამთავრობო და სამხედრო უწყებამ მიიღო საიდუმლო შეტყობინება, რომ ვაშინგტონში დეპარტამენტთა შიდასაკომუნიკაციო ქსელი მოიკოჭლებდა. არმიასა და საზღვაო ფლოტს შორის ურთიერთჯიბრი იმის მაუწყებელი იყო, რომ მათ შორის ინფორმაცია არ იცვლებოდა. ოფიციალურ წრეებში უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ ის ვერსია, რომ აშშ-ში გამეფებული იყო ბიუროკრატიული დაუდევრობა და ამიტომაც ვერ ხერხდებოდა საიდუმლო ინფორმაციის სათანადო და დროული დამუშავება.

ეს ვერსია კიდევ უფრო ამყარებს იმ ვარაუდს, რომ წარმოუდგენელ უნიათობას საბედისწერო კატასტროფა მოჰყვა. მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტ შორტის თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე ისე იყვნენ გვერდიგვერდ ჩამწკრივებული, რომ იაპონელებისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შორტის აზრით, საბოტაჟის რეალური საფრთხე არსებობდა (პერლ-ჰარბორი იაპონელი ჯაშუშებით იყო სავსე) და თვითმფრინავები, გაშლილ ადგილზე განლაგებით, მესაბოტაჟეებიდან მომდინარე საფრთხისგან უფრო დაცული იქნებოდა.

დაბნეულობა გამოიწვია ინფორმაციამ, რომელმაც იაპონელთა ზრახვები გამოამჟღავნა. 6 დეკემბერს, გვიან ღამით, ამერიკელ დამშიფრავებს ხელში ჩაუვარდათ ვაშინგტონში იაპონიის საელჩოსთვის გაგზავნილი 14-ნაწილიანი შეტყობინება, რომლის პირველი 13 ნაწილი გაშიფრეს და პრეზიდენტ რუზველტსა და სახელმწიფო მდივან ჰალს გადაუგზავნეს. შეტყობინებაში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ თავდასხმა მოკლე ხანში მოხდებოდა, მაგრამ სამიზნე მითითებული არ ყოფილა.

მეორე დილით, დაახლოებით დილის 9 საათზე (ჰავაის დროით დილის 4 საათზე), შეტყობინების ბოლო, დაშიფრული ნაწილი თეთრ სახლში გაიგზავნა, რომელშიც მითითებული იყო, რომ იაპონია აშშ-თან დიპლომატიურ კავშირს წყვეტდა. ერთი საათის შემდეგ გაიშიფრა კიდევ ერთი, მორიგი შეტყობინება, რომელშიც იაპონიის საელჩოს სთხოვდნენ, მთავარი შეტყობინება ღამის პირველ საათზე (ჰავაის დროით დილის 8 საათზე) გადაეგზავნათ აშშ-ის მთავრობისთვის.

გენერალ-ლეიტენანტი ვალტერ ქ. შორტი ჰავაიზე სახმელეთო ჯარების მეთაური იყო. კიმელის მსგავსად, ისიც იძულებით გადააყენეს და სამსახურიდან დაითხოვეს. ორივე ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდნენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ

ამრიგად, ამერიკელებს ხელთ ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც პერლ-ჰარბორს შეეხებოდა. მასში მინიშნებული იყო, რომ თავდასხმა დილით ადრე დაიწყებოდა. თავდაცვის დეპარტამენტმა სცადა ეს შორტისთვის ეცნობებინა, მაგრამ რადგან რადიოკავშირი დროებით გაწყვეტილი იყო, ინფორმაცია დეპეშით გაგზავნეს.

დეპეშა შეტევის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მივიდა, თუმცა გაგზავნამდე ჯერ კიდევ 7 საათით ადრე იყო გაშიფრული. მეორე დიდი შეცდომა დაუშვეს კუნძულ ოაჰუზე დილის 7:02 საათზე, როცა ჩრდილოეთ სანაპიროს სარადარო სადგურის ორმა ოპერატორმა იაპონელთა თვითმფრინავები შენიშნა და ამის შესახებ უფროს ოფიცერს შეატყობინა. ეს უკანასკნელი ინფორმაციას უყურადღებოდ მოეკიდა, რადგან ეგონა, ეს იყო ამერიკული B-17 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან მოფრინავდნენ.

საბედისწერო მოვლენათა ჯაჭვმა და პასუხისმგებელ პირთა შეცდომებმა კატასტროფა გამოიწვია.

მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება სხვა, ალტერნატიული ვერსია: პრეზიდენტმა რუზველტმა და მისმა გარემოცვამ კარგად იცოდნენ, რომ პერლ-ჰარბორზე თავდასხმა ახლოვდებოდა. თუ ამ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, უამრავ სამხილს აღმოვაჩენთ, რომ პრეზიდენტ რუზველტს სურდა, აშშ ნაცისტურ გერმანიასთან ომში რაც შეიძლება მალე ჩართულიყო. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ამას ვერ გააკეთებდა მანამდე, სანამ ამერიკელი ხალხი ერთსულოვნად არ აღიარებდა, რომ ომი გარდაუვალი იყო.

მხოლოდ ამერიკისადმი აგრესიას შეეძლო ამერიკელი ხალხის გაერთიანება. რუზველტის მცდელობამ, ინგლისისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით პროვოკაციაზე წამოეგო ჰიტლერი, რათა მას აშშ-ისთვის ომი გამოეცხადებინა, შედეგი ვერ მოიტანა. სამაგიეროდ, ამ მიზნის მისაღწევად ჰიტლერისა და იაპონიის ალიანსის გამოყენება სცადეს.

რუზველტმა იაპონელები თავდასხმისკენ წააქეზა და მალე დარწმუნდა, რომ ჩანაფიქრმა გაუმართლა, რადგან შორტსა და კიმელს ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ. თავდასხმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ჰიტლერი იფიქრებდა, რომ აშშ დასუსტებული იყო და იაპონიასთან დადებულ გარიგებას შეასრულებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუზველტი კონსპირაციულად მოელაპარაკა უახლოეს მრჩევლებს, რომლებმაც, ალბათ, იცოდნენ კიდეც, რა მოხდებოდა და პერლ-ჰარბორში მყოფი ადამიანები გაწირეს (რომ აღარაფერი ვთქვათ კიმელისა და შორტის რეპუტაციაზე), რათა გერმანიასთან ომი დაეწყოთ. როგორც მაკიაველი იტყოდა, მიზანი ამართლებს საშუალებას.

ადმირალი ისოროკუ იამამოტო

რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე რუზველტი, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთის მტკიცებით, რუზველტი ისე იყო შეძრწუნებული იმით, რომ შეიძლებოდა გერმანიასა და იაპონიას მსოფლიო ჰეგემონია მოეპოვებინათ, მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ომში ამერიკის ჩასაბმელად. თუ მიზნის მისაღწევად ერთადერთი საშუალება პერლ-ჰარბორის მსხვერპლად შეწირვა იყო, ასეც უნდა მომხდარიყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ რუზველტი გულის სიღრმეში კომუნისტი იყო და აშშ-ის ომში ჩართვით საბჭოთა კავშირის გადარჩენა უნდოდა.

პრეზიდენტ რუზველტისთვის წაყენებული მძიმე ბრალდებები რომ გვერდით გადავდოთ, მაინც გაურკვეველია საკითხი, რა გააკეთა ან რა არ იცოდა მან პერლ-ჰარბორზე თავდასხმის დაწყებამდე. ერთი რამ ცხადია - რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო, ამერიკელები მზად არ აღმოჩნდნენ იაპონელთა იერიშის მოსაგერიებლად. იქნებ უნდა გახსენებოდათ, რომ იაპონელებმა რუსეთთან ომი 1904 წელს დაიწყეს და სწორედ ისევე მოულოდნელად დაესხნენ თავს რუსების მთავარ ბაზას, პორტ-არტურს. აშშ-ის ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსის (ე.წ. ღერძის სახელმწიფოები - ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო) დამარცხება გარდაუვალი გახადა.

მომზადებულია National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#5