"ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი!" - კვირის პალიტრა

"ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი!"

ისტორიული ტურიზმით დაინტერესებულ და მოგზაურობის მოყვარულ მკითხველს ამჯერად კახეთის სანახების ერთ ნაწილს მოვატარებთ.

გაგაცნობთ ნინოწმინდის განსაცვიფრებელ კომპლექსს; მანავის ძველთაძველი ციხის ნანგრევებიდან თვალს შეავლებთ ივრის უმშვენიერეს ხეობას; ცივგომბორის ქედზე შეფენილ სიყვარულის ქალაქს - სიღნაღსაც ესტუმრებით; ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტრის ხილვით რომ დატკბებით, მახლობლად წმინდანის ლოცვით აღმოცენებულ წმინდა წყაროს წყალშიც შეგიძლიათ განიბანოთ; ბოლოს კი წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერში დაანთოთ აქვე დამზადებული თაფლის სანთლები...

"ნინოწმინდა - პალატები მეფეთა..."

ნინოწმინდის კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ივრის აუზში.

კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI საუკუნის III მეოთხედში აგებული ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV და XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.

საქართველოს გაქრისტიანების შემდგომ რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი - ნინოწმინდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმინდის საეპისკოპოსოს კათედრა - "უჯარმის კარი" მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი VI საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა.

ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ ეპისკოპოსს, საბა ტუსისშვილს განუახლებია ტაძარი. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე, ტაძრის ეზოშია.

1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. მოგვიანებით სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისთვის მხოლოდ საკურთხევლის მხარეა შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI საუკუნის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს.

მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი ყოფილა, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები. მღვდელმთავრები: არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIII ს.), საბა ტუსისშვილი და სხვ.

XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჟამად აქ დედათა მონასტერი მოქმედებს. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქია, აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ ჩამოყალიბდა გურჯაანი-ველისციხისა და საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიები.

მანავის ციხის ნანგრევებთან...

თბილისი-თელავის მთავარ გზატკეცილზე, საგარეჯოს შემდეგ, ხელმარცხნივ მოჩანს მანავის შესანიშნავი ციხის ნანგრევები.

ვახუშტი ბატონიშვილი ციხესიმაგრეს ასე მოიხსენიებს: "...ჰერეთის მთის ძირს მანავი, სადაცა აღაშენა სასახლე იმამყულიხან, მთის ძირად არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი".

XVIII საუკუნეში კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ის ძმას იმამ-ყული ხანს (დავით II-ს) აუშენებია სასახლე და თელავიდან სამეფო რეზიდენცია აქ გადმოუტანია. თეიმურაზ II-ის ოჯახს ამ სასახლეში კარგა ხანს უცხოვრია და ამბობენ, რომ ერეკლე II აქ იზრდებოდაო. ამ პერიოდში მანავი ცენტრს წარმოადგენდა, ამას მოწმობს 1712 წელს თეიმურაზ II-ის ქორწინებაც: "წარვიდა თეიმურაზ ტფილისს დიდებით, რამეთუ წარსავლელად იყო ვახტანგ ისპაანს და დიდითა დიდებითა და ზითვითა მოიყვანა თამარ მანავს და ქმნა კუალად ქორწილი ჯეროვანი".

მანავის ციხე

1772 წელს გიულდენშტედტის ცნობა გვაუწყებს, რომ სოფელი მანავი მთლიანად განადგურებულია, მოსახლეობა შეხიზნულია ციცაბო ფერდობებზე. თავად მანავის ციხე სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას იყო აგებული. ციხე გადაჰყურებს გარშემო მთელ ტერიტორიას. ამჟამად კი იგი იმდენად იავარქმნილია, რომ მისი ქვედა ფენების განსაზღვრა ვარაუდით შეიძლება მხოლოდ.

მანავის ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებს. ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი და პატარა ეკლესიები და წმინდა გიორგის ეკლესია.

დღეისთვის მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია და არქეოლოგიური კვლევა-ძიება.

ამჟამად ეს სასახლე დანგრეულია.

სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

თბილისიდან ასიოდე კილომეტრში მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი სიღნაღი. ქალაქი შეფენილია ცივგომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე.

სახელწოდება სიღნაღი წარმოდგება თურქული სიტყვიდან და თავშესაფარს ნიშნავს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხესიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფრად.

ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხესიმაგრის ისტორია უკავშირდება მეფე ერეკლე II-ის სახელს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს მეფე ერეკლეს მიერ. ციხესიმაგრეს მთავარი როლი ეკისრებოდა ლეკებისა და ოსმალ-ყიზილბაშებისგან დასაცავად. ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია და გაამაგრა კედლები.

ქალაქ სიღნაღის გალავანი

ფეოდალური საქართველოს ციხეებიდან სიღნაღის ციხე სიდიდით გამოირჩევა. იგი 40 ჰექტარზეა გადაჭიმული და მეტად უსწორო გეგმა აქვს. ციხის კედლების პერიმეტრი 2,5 კმ-ს აღწევს. გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი. ყველა კოშკი ატარებდა სახელს იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში.

ციხის კომპლექსს ჰქონია ექვსი შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებს ატარებდნენ. ციხის რთული რელიეფიდან გამომდინარე, ქალაქის მკვიდრნი მის გარეთაც იყვნენ დასახლებულნი.

მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. მათ ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. ციხის კედლები ორიარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სიგრძეთა განსხვავება ქმნის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე 70 სმ-ია.

სიღნაღის ციხე ნაგებია რიყის ქვით, მცირე რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

XVIII საუკუნის II ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა.

ბოლო წლებში განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. აშენდა სასტუმროები, რამდენიმე ახალი რესტორანი და კვების ობიექტი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე. ასევე აშენდა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი

ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, ქალაქ სიღნაღიდან ორიოდე კილომეტრში. ტაძარი აგებულია IV საუკუნის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით. ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და ღვთის განგებით აქვეა დაკრძალული. წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილას პირველი ეკლესიის მშენებლობა მომხდარმა სასწაულმა განაპირობა. მირიანს მცხეთაში სურდა მისი გადმოსვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცელი ადგილიდან. ეკლესია ააგეს უშუალოდ საფლავზე.

შემდგომში სააღმშენებლო სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია.

ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ბოდბის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში უკვე არსებობდა.

XVI საუკუნეში კახეთში საერისთავოები გაუქმდა და მსხვილ ფეოდალურ ერთეულებად მხოლოდ საეპისკოპოსოები დარჩა, კახეთი დაიყო ოთხ სადროშოდ, მათ შორის პირველი ადგილი ბოდბელს ეკავა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ეპისკოპოსი თავად მიუძღოდა ლაშქარს, მას თან ახლდა ჯვარისმტვირთველი, რომელსაც ხელთ ეპყრა დროშა.

1631 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა შეაკეთა ტაძარი.

ბოდბე წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი

სამეფო კარი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ბოდბის მონასტერს. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნსაცავი. XVIII საუკუნეში ბოდბე დიდძალი მამულების მფლობელია.

VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – წმინდა ნინოს ეგვტერი. მათი შესასვლელები თაღოვანია. წმინდა ნინოს ეგვტერში, ჩრდილოეთ კედელთან არის 20 სმ სიმაღლის აგურის შემაღლება, რომელზეც წმინდა ნინოს ფერწერული გამოსახულებაა წარმოდგენილი. 1997 წლამდე აქ იდგა მიხეილ საბინინის მიერ შეწირული მარმარილოს ქვა. ამჟამად არსებული საფლავის ქვა ოთხ სვეტზე დამაგრებული მარმარილოს მასიური ფილაა, რომლის ზედაპირი ორნამენტული მორთულობითაა დამუშავებული. სამკვეთლოსა და ეგვტერის აფსიდებში კედელთან მიდგმული ტრაპეზია გამართული.

ეკლესიის მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი.

1889 წელს ბოდბეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია, მისი ბრძანებით გაიხსნა დედათა მონასტერი, სადაც წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ამან ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 1924 წელს მონასტერი დაიხურა. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

1991 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბეში აღდგა საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება. ამ დროიდან მონასტერი თანდათან იბრუნებს ძველ სიძლიერეს.

მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი სიწმინდე არის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მას კომუნისტების დროს მონასტრის ადგილას გახსნილ საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდად იყენებდნენ. შემდგომ ღვთისმშობელი ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის პირვანდელ ადგილას გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სავსებით ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

2002 წელს აღდგა სამრეკლოც. ასევე ამ პერიოდში მთავარ ტაძარსაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს წმინდანის ლოცვით აღმოცენებული წყარო. მასში განბანის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი იკურნება. წყაროსთან აშენებულია წმინდა ნინოს მშობლების - წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი

ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მისი დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი.

IX-X საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა კახთა მეფე კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წლებში ლევან კახთა მეფემ აქ ჩაატარა რესტავრაცია.

ტოპონიმ ხირსის წარმომავლობა უცნობია. მეცნიერთა ნაწილი მას უკავშირებს მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. ასევე სავარაუდოა, რომ სახელი ხირსა თვით წმინდა სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი ასკეტური ცხოვრების ადგილისთვის.

წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი

ღირსი სტეფანეს წმინდა ნაწილები ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილშია დასვენებული. ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მორწმუნენი ქრისტიანობის გასავრცელებლად მიემგზავრებოდნენ დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში და სხვ. ამ მხრივ განსაკუთრებულია ხირსის მონასტრის წინამძღვრის - იოანე მანგლელის ღვაწლი.

1811 წელს, ქართული ავტოკეფალიური ეკლესიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სავანე ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც ღვთისმსახურება აღესრულებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისისთვის წმინდა სტეფანეს ტაძარი დანგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს ეგზარქოს იოანეს დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე – 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე.

მონასტერს დასავლეთით აკრავს მაღალი გალავანი, რომელიც კახთა მეფე ლევანს (1520-1574) შეუკეთებია. XIX საუკუნეში აუგიათ ტაძრის სამსართულიანი სამრეკლო. ამავე პერიოდში მონასტრის ეზოში დაარსდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

 წმინდა სტეფანეს საფლავი

ხირსის მონასტრის მთავარი სიწმინდეა წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ნეკათითი. გადმოცემით, ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა, ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისთვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული. მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის დროს წმინდა სტეფანეს ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა მოქმედებდა. 1990-იანი წლების ბოლოს მონასტერი შეკეთდა და განახლდა.

ნინო გძელიძე

ჟურნალი"ისტორიანი",#5