ბე­დი­ის ბარ­ძი­მის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლი - კვირის პალიტრა

ბე­დი­ის ბარ­ძი­მის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლი

ქართული ოქრომჭედლობისა და ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნიმუშმა - ბედიის ოქროს ბარძიმმა (999 წ.) ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია.

დღეს სახეზეა მისი მხოლოდ ზედა ნაწილი.

ბარძიმი იმ საგანძურის ნაწილია, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს, ბაგრატ მესამეს ბედიის ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისთვის შეუწირავს. ბედიის ტაძარი აფხაზეთში სწორედ მისი ბრძანებით აშენდა. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ბაგრატ მესამეს მოუხატვინებია, შეუწირავს ხატები, ჯვრები. ბედიის ბარძიმის შემწირველი კი, მეფესთან ერთად დედამისი, დედოფალი გურანდუხტიც ყოფილა.

ბედიის ბარძიმი პირველად 1865 წელს ნახა დიმიტრი ბაქრაძემ ილორის ტაძარში და გამოაქვეყნა მასზე განთავსებული გვიანდელი ხანის წარწერა. თუმცა მეცნიერს არ გამოუქვეყნებია ბარძიმის ფეხის აღწერილობა. არ არსებობს მისი ფოტოგამოსახულება ან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია. ბარძიმის ფეხი ადრევე გამოცხადდა დაკარგულად.

საყურადღებოა, რომ დღემდე არ არსებობდა ცნობა ტაძრის სამკაულის, ოქროს ბარძიმის სრული აღწერილობის შესახებ.

თუმცა, როგორც ირკვევა, ბარძიმის ფეხი კიდევ კარგა ხანს ინახებოდა აფხაზეთში. გარდა ამისა, ევროპაში "პირველ მოგზაურ ქალად" ცნობილმა კარლა სერენამ, აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხის შესახებ, ფოტოს სახით ძალიან საინტერესო ინფორმაცია დაგვიტოვა.

როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ აღნიშნა, კარლა სერენას ფოტოებში აღმოჩენილია სურათი, რომელზეც აღბეჭდილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსი ხელაიას მამა, მღვდელი ზოსიმე ხელაია ბედიის ბარძიმთან ერთად. ეს გარემოება ბედიის ბარძიმის თავდაპირველი სახით რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

ბედიის ბარძიმი, რომელიც 999 წლით თარიღდება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#6