ვისაც დღემდე ახსოვს - კვირის პალიტრა

ვისაც დღემდე ახსოვს

სიახლე მათთვის, ვინც ომში დაღუპულ თუ დაკარგულ წინაპარს ისევ ეძებს...

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თუ დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ასევე მათი სამუდამო განსასვენებლის დადგენის პროცესი მარტივდება. მათ, ვისაც ომის პერიოდში დაკარგული ან დაღუპული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ ან ჰქონდათ, მაგრამ ძალზე მწირი, დეტალების დადგენა უკვე ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ.

ინფორმაციას მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბიძების, ვასილ გურგენიძისა და ივანე ფოფხაძის შესახებ რამაზ გურგენიძემ "მემორიალისა" და დოკუმენტაციის ცენტრის ვებგვერდებზე მიაკვლია. ოჯახებისთვის მანამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ვასილ გურგენიძეც და ივანე ფოფხაძეც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

ინტერნეტში მასალების მოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ლეიტენანტი ივანე ფოფხაძე 1941 წლის 19 ოქტომბერს, მალოიაროსლავეცთან გერმანელებს ჩავარდნია ტყვედ და ბანაკ "შტალაგ 342"-ში ტყვეობაში დაღუპულა 1942 წლის 18 მაისს.

მონაცემები მის შესახებ ტყვე ოფიცერთა კარტოთეკაში ინახებოდა. დოკუმენტები საჯარო არცთუ დიდი ხნის წინ გახდა.

ტყვეობაში, ბანაკ "შტალაგ IV B"-ში გარდაცვლილა 1944 წლის 5 ივნისს ლეიტენანტი ვასილ გურგენიძეც. 51-ე ქვეითთა პოლკის მებრძოლი გერმანელებს ტყვედ 1942 წლის 28 ოქტომბერს, კავკასიის მისადგომებთან მიმდინარე ბრძოლებისას ჩავარდნია.

წლეულს, მაისში მშობლიურ ზუგდიდში ჩამოასვენეს და ჭითაწყარის პანთეონში დაკრძალეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული დავით ესებუას ცხედარიც. 66 წლის განმავლობაში ოჯახს ის უგზო-უკვლოდ დაკარგული ეგონა. დავით ესებუა ფრონტზე 22 წლისა გაიწვიეს და 1944 წელს ფინეთის საზღვართან, კარელიის ოლქში ბრძოლის დროს დაიღუპა. ომში დაკარგულთა მოძიების კომისიამ დავით ესებუას ცხედარი მედალიონზე ამოტვიფრული ნომრით ამოიცნო.

ვასილ გურგენიძის პირადი ბარათი საბჭოთა სამხედრო ტყვეების გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში. აღნიშნულ დოკუმენტზე დატანილია რუსული თარგმანი და მითითებულია გარდაცვალების თარიღი

მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა თუ დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება რამდენიმე ინტერნეტრესურსის საშუალებით არის შესაძლებელი. მონაცემთა ნაწილი დაკარგული, ტყვედ ჩავარდნილი თუ დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირების შესახებ დეტალურ ცნობებს შეიცავს. მათ შორის ინფორმაციას დაღუპულთა საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ. ნაწილი კი მეტად მწირია და მხოლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგვის თარიღსა და ადგილს მიუთითებს.

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ნაწილი ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდა, რაც მათი ინტერნეტში განთავსება მოხერხდა.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც ამ თემაზე მუშაობს, საქსონიის მემორიალების გაერთიანების დოკუმენტაციის ცენტრია, რომლის ვებგვერდის მისამართია http://www.dokst.ru აქ განთავსდა გერმანულ სამხედრო ტყვეთა ბანაკებსა და სხვადასხვა იძულებით სამუშაოზე გამწესებული საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეების შესახებ დაცული ყველა სახის დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც მათი ოჯახის წევრებს ინფორმაციის მიღება საკმაოდ მარტივად შეუძლიათ. ამისთვის საკმარისია საძიებო სისტემაში იმ პირის სახელი და გვარი ჩაწეროთ, ვის შესახებაც ინფორმაციის მოძიება გსურთ.

საინფორმაციო ბაზა გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით საერთაშორისო პროექტის შესაბამისად მომზადდა. პროექტში სახელწოდებით "საბჭოთა და გერმანელი სამხედრო ტყვეები, მეორე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ისტორიის საკითხები", ასევე ჩართულია რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის საარქივო სამსახურები.

ბაზა მუდმივად ივსება და ზუსტდება. მონაცემთა ბანკი ოფიციალური დოკუმენტების სკანირების, მათი დამუშავებისა და ინტერნეტსაძიებო სისტემაში განთავსების გზით ყალიბდება.

ამ ტიპის დოკუმენტების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტმისამართზე www.obd-memorial.ruუ აქ თავმოყრილია და შესაბამისი რუსული თარგმანი ახლავს ათეულ ათასობით დოკუმენტს, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონი გვერდია.

მათში 20 მილიონამდე კაცის შესახებ პერსონალური ინფორმაციაა თავმოყრილი. ძირითადად ეს არის ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, ასევე დაღუპული საბჭოთა მებრძოლების სიები. ზოგჯერ მითითებულია ადგილები, სადაც ისინი დაკრძალეს.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა, დაკარგულთა და სამხედრო ტყვეთა შესახებ ინტერნეტში განთავსებული მონაცემთა ბაზა საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

1939-1945 წლებში სამხედრო მოქმედებებში საქართველოდან 700 000-მდე კაცი მონაწილეობდა. 300 ათასამდე დაიღუპა ან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ახლა კი ირკვევა, რომ საქსონიის მემორიალების გაერთიანების დოკუმენტაციის ცენტრის მასალებში არათუ ზოგიერთის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაციის, არამედ საფლავების მოძიებაც არის შესაძლებელი.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#6