რკინის აბჯარი საქართველოსი... - კვირის პალიტრა

რკინის აბჯარი საქართველოსი...

ქართული საჭურველი იქმნებოდა და "იწრთობოდა" იმ განუწყვეტელ ომებში, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ უწევდა.

საქართველოში დამზადებულ საჭურველს ძველთაგანვე საუკეთესოდ მიიჩნევდნენ არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

საჭურვლისა და მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოებაში საუკუნეების განმავლობაში ოსტატდებოდნენ ქალაქელი და ქვეყნის მთიანი რეგიონების ხელოსნები, რომლებიც საჭურვლის დამზადების საიდუმლოებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ჯავარდენის ანუ მაღალხარისხოვანი ფოლადის ერთ-ერთ კლასიკურ ქვეყნად საქართველოა მიჩნეული. საქართველომ ბოლო დრომდე შემოინახა ჯავარდენის წარმოების საიდუმლოება და მისგან საბრძოლო იარაღის დამზადების ტექნიკაც.

საჭურველზე არსებული დამღებითა და წარწერებით დადგენილია არა მხოლოდ სახელგანთქმულ მეიარაღეთა, არამედ იმ ისტორიულ პირთა ვინაობაც, რომელთაც ეს იარაღი ეკუთვნოდა. ასეთი წარწერებია ერეკლე II-ის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის, გიორგი XII-ის თოფებზე და სხვ.

ბევრი წარწერა ქართველ მეომართა მტერზე მოპოვებულ გამარჯვებებზე მეტყველებს. ნაალაფევ საჭურველს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული ჯალალედინის მუზარადი, შაჰ-აბასის ხმალი. ერთნი პარადოქსად მიიჩნევენ, მეორენი კი კანონზომიერებად, რომ შაჰ-აბასის ხმალს "გვერდს უმშვენებს" ნაპოლეონის ხმალი ფრანგული წარწერით...

მუზეუმში დაცულ საჭურველს ორ ჯგუფად ვყოფთ: თავდასაცავი და შესატევი იარაღი. პი რველს მივაკუთვნებთ თავდაცვით საშუალებებს: თავსარქველს, ჯაჭვს, ჯავშანს, ფარს და სხვ. მეორე ჯგუფშია: დასარტყმელი, საძგერებელი, საკვეთი, სატყორცნი და ცეცხლსაფრქვევი.

მუზეუმის ექსპონატებისა და სხვა ისტორიული წყაროების მრავალწლიანი და გულდასმით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქართველი მეომრები ოთხი სახის თავსარქველს ხმარობდნენ: მაღალწვერიან მუზარადს, ჯამის ფორმის ჩაჩქანს, ჯაჭვით ნაქსოვ ჩაბალახს, კომბინირებულ თავსარქველს, რომელიც ჯამის ფორმის ჩაჩქნისა და მასზე ჩამობმული ჯაჭვისგან შედგებოდა.

საქართველოში ოვალური რგოლებისგან ასხმული ჯაჭვის პერანგი იყო გავრცელებული, მისი კალთა კი უფრო წვრილი რგოლებისგან შედგებოდა. ჯაჭვის პერანგს ჩვეულებრივ სამოსზე ზემოდან იცვამდნენ, რომელიც გულთან ჩაჭრილი იყო და ყელთან დუგმებით იკვრებოდა.

დამზადების ტექნიკის მიხედვით განასხვავებდნენ ფარეშიან, უფარეშო და შედუღებულ ჯაჭვებს. ეს უკანასკნელი უფრო გამძლედ ითვლებოდა. ჯაჭვის ფართო სახელოები მხრებს ფარავდა და თითქმის იდაყვებამდე ჩამოდიოდა.

ჯაჭვის დამზადების პროცესს ძველად ჯაჭვის "ქსოვა" ან "ასხმა" ეწოდებოდა, რომელსაც ქვიშით აკრიალებდნენ ხოლმე. ჯაჭვის დამზადება ცოცხლად და საინტერესოდაა აღწერილი ხევსურულ ფოლკლორში.

ქართველი მეომრის აღკაზმულობას ავსებდა ჯაჭვიანი კიდურთსაფარი - "საფუხრე", რომელიც თითქმის მთელ ხელს ფარავდა და მხოლოდ თითის წვერებს ტოვებდა დაუცველს. მარცხენა ხელზე "საფუხრე" არც იყო საჭირო, რადგან იგი ისედაც ფარით იყო დაცული.

ქართული ფარები უპირატესად მრგვალი ფორმისაა. დამზადების ტექნიკის მიხედვით ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: 1. ტყავგადაკრული ხის ფარი; 2. ლითონით შეკრულ-შეჭედილი ტყავის ფარი; 3. ცივად ნაჭედი ლითონის ფარი.

მცირე ზომის ხევსურული ფარი მრგვალი ან ოვალური ფორმისაა. იგი მზადდებოდა ფურცლოვანი რკინისგან. ფარის ჩონჩხი რკინის ან სპილენძის ნაჭრებისგან შედგება. რკალის გარედან ნაწიბურებზე "ჯვარას" ამაგრებდნენ, რომელიც რკინის ზოლებისგან ანუ ხიდებისგან შედგებოდა. ფარის ცენტრში ჯვარა უერთდებოდა რკინის ზესადებს - "გუმბათს", რომელიც შუაში ამოზნექილია. ამ ნაწილს ეწოდება "გუმბათის ვაშლი". ფარს გარედან ჰქონდა ერთი ან ორი რკალი - "გირგოლი", რომელზედაც წვეტიანი რკინის ფარეშები იყო დამაგრებული. ფარს შიგნიდან ტყავს აკრავდნენ, სარჩულზე ოთხკუთხა ფორმის ტყავის ნაჭერს აკერებდნენ, რომელზედაც ღვედებისგან დაწნულ სახელურს - "საბღუჯავს" ამაგრებდნენ.

ფარისთვის განკუთვნილ ტყავს ხევსურები განსაკუთრებული წესით ამუშავებდნენ. ხარს რომ გაატყავებდნენ, ტყავს ჯოხებზე გაჭიმავდნენ და მასზე საჭირო ზომის წრეს ამოჭრიდნენ. შავად შესაღებად ნედლ ტყავს ჭვარტლს ჩააგლესდნენ, ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჭვარტლის ხსნარში ხარშავდნენ. შემდეგ გააშრობდნენ და უშუალოდ ფარის გაკეთებას შეუდგებოდნენ. გამზადებული ფარი კერაზე უნდა შეებოლათ, სანამ მთლად არ გაშავდებოდა. სწორედ ამან მისცა საბაბი შუა საუკუნეების აღმოსავლელ ავტორებს, არაგვის ხეობის მცხოვრებლებისთვის "ყარაყალყანები" ეწოდებინათ, რაც ქართულად შავფაროსნებად ითარგმნება. ყარაყალყანებში ხევსურები უნდა ივარაუდებოდნენ.

მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მუზეუმში დაცული ქართული საბრძოლო საჭურვლის ნიმუშები.

საბრძოლო მათრახი სხვადასხვა სიმსხოსი იყო და ძველად ქართული მეომრის აუცილებელ თანმხლებ საგანს წარმოადგენდა. "ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად", - ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანში".

საბრძოლო მათრახს, ჩვეულებრივი მათრახისაგან განსხვავებით, მსხვილი და ენაბრტყელი ბოლო ჰქონდა. იგი, როგორც წესი, ხარის ტყავის ღვედებისგან კეთდებოდა. ღვედს დასამრგვალებლად და მისთვის განსაზღვრული სიმსხოს მისაცემად წინასწარ შინდის ხის ფიცარში ამოჭრილ რგოლში (ადიდაში) უყრიდნენ. მათრახს მავთულს აწნავდნენ, ტარს კი ხის ან ძვლისგან ამზადებდნენ.

ქვის უძველეს სატყორცნ იარაღს წარმოადგენს შურდული. მის დასამზადებლად იყენებდნენ ლაფანს (თელის, ტირიფის, თუთის და სხვ.), ძუას, შალის ძაფს. საუკეთესო მასალად ითვლებოდა ხბოს ან ხარის ტყავი. საშურდულე ქვის სატარებლად ქართველ მეომრებს საგანგებო აბგაჯიბე, ე.წ. "ხალთა" ჰქონდათ.

დანიშნულების მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ საბრძოლო, სანადირო და სამწყემსო შურდული.

ქართული მშვილდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რქის ან ხისგან მზადდებოდა. რქის მშვილდს ჩვენში "აჯიმშვილდს" უწოდებდნენ. საქართველოში დამოწმებულია სამშვილდე ხის, უპირატესად შინდის მოხარშვა და რქის მოლბობა-გამოყვანა, რისთვისაც იცოდნენ მის მიწაში ან ნაკელში ჩაფვლა, მშვილდის ლარი კეთდებოდა მყესების, ნაწლავების, კანაფისა და სხვა მასალისგან. ისარი სამფრთიანი იყო და ფრინველის ფრთისგან მზადდებოდა. განთქმული იყო გუდამაყრელი მშვილდის ოსტატების ნახელავი. საქართველოში გავრცელებული ყოფილა ხელთოფა, რომელიც დიდ მანძილზე ზუსტი სროლის საშუალებას იძლეოდა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში საჭურველი ქართული ტანსაცმლის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა. ხმალი და სატევარი ოჯახურ რელიკვიად მიიჩნეოდა და თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ჭაბუკს მისი სრულწლოვანების აღსანიშნავად საჭურველს გადასცემდნენ ხოლმე. ხმალი საქართველოში ძალაუფლების სიმბოლოსაც წარმოადგენდა. მეფისთვის ან სარდლისთვის ხმლის გადაცემის დროს თავისებური წესი, რიტუალი სრულდებოდა. გარდა საბრძოლო იარაღისა, საქართველოში მზადდებოდა საგანგებო სააღლუმო იარაღი.

ქართული ორფხიანი სატევარი ახლო მანძილზე გამოსაყენებელი იარაღია, რომელიც ნადირობის დროსაც იხმარებოდა. საქართველოში XIX საუკუნემდე მზადდებოდა სწორი ან ოდნავ მოხრილი ერთ და ორღარიანი სატევრები, მასიური ტარით. შემდეგ შემოვიდა უფრო პატარა, წვრილი სატევარი, რომელიც ქართველი ვაჟკაცის ნაციონალური სამოსელის აუცილებელ სამკაულს შეადგენდა. სატევრის ტარსა და ქარქაშს სამკაულით ამკობდნენ. ბევრი ამ სატევართაგანი მხატვრული ოსტატობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ქართული ხმალი ორგვარია: ვადიანი და უვადო. ქართველ ოსტატთა მიერ დამზადებულ ხმლის პირებს სახელი ჰქონდა მოხვეჭილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ჩვენში უკანასკნელ დრომდე განთქმული იყო ხმლის პირები: დავითფერული ფრანგული, გორდა, კალდიმი და სხვ. ძველად ქართველი ხელოსნები საიდუმლოდ ინახავდნენ ჯავარდენის დამზადების ხერხს. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ამოხსნეს ეს საიდუმლოება და მაღალხარისხოვანი ფოლადის დამზადების რეცეპტი თავის დროზე რუსთაველ მეტალურგებს გადასცეს. დღეს კი ეს "საიდუმლოება", სამწუხაროდ, აღარავის აინტერესებს...

გვიან ფეოდალურ ხანაში ქართველმა ხელოსნებმა აითვისეს ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება. ბევრი მათგანი ისე დახელოვნდა ამ საქმეში, რომ თავისი დროისთვის სრულყოფილ საჭურველს ამზადებდა. ისტორიამ შემოგვინახა ისეთ გამოჩენილ ოსტატთა სახელები, როგორებიც იყვნენ: გუდამაყრელი პაპო და ხევსური სამნა. ამ უკანასკნელს პირადად იცნობდა მეფე ერეკლე II. დაახლოებით ამავე დროისათვის ოზურგეთელმა ოსტატებმა აითვისეს ღარლულიანი თოფების წარმოება.

მაღალი საბრძოლო თვისებებით ხასიათდებოდა ქართული დამბაჩები. ქართული სისტემის დამბაჩას "მაჭახელას" სახელი დაერქვა დამბაჩების წარმოების ერთ-ერთი ცენტრის მიხედვით, რომელიც აჭარაში მდებარეობდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში, ერეკლე II-ის თაოსნობით, ცეცხლსასროლი საჭურვლის ქარხანა დაარსდა, სადაც ქვემეხებსა და მორტირებს ამზადებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ნაციონალური საჭურვლის უმდიდრესი კოლექციის გვერდით მუზეუმში დაცულია ინდური, ჩინური, იაპონური, არაბული, თურქული, სპარსული, რუსული და ევროპული იარაღის საუკეთესო ნიმუშებიც.

კოტე ჩოლოყაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#6