ახალი მითები დიდი მოურავის შესახებ - კვირის პალიტრა

ახალი მითები დიდი მოურავის შესახებ

იბეჭდება გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით. ავტორი შეეცადა, ობიექტურად წარმოეჩინა ეს ცნობილი ისტორიული პიროვნება.

გიორგი სააკაძის თემა ვერ ასცდა ახლებურ მითისმთხზველობას. მოვიტანთ ამის დამადასტურებელ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ბეჭდური სახითაც, მეცნიერების პრეტენზიითაც ვრცელდება. ეს კი თავის მხრივ ხალხის მასაში მეტ ნდობას აღძრავს შესაბამისი "ფაქტებისადმი".

ერთ-ერთი ამათგანი გახლავთ ვითომდაც გიორგი სააკაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვა: "ყოველივე ჩემი განზრახული უნდა აღსრულდეს. ქართლში დავბრუნდებით და მალეც!.. დიდი ხანია გავიგე: მხოლოდ ქართველთა სამეფოების (მხოლოდ, სამთავროების არა?! - გ. ყ.) გაერთიანებით, მეფის ერთხელისუფლებიანობის(!) განმტკიცებით შეიძლება აღორძინდეს საქართველო. გეფიცები, ჩემო მეფევ, დავით აღმაშენებელს!.. მე გიორგი სააკაძე, მოურავი, პირველი ვალდებული სამშობლოს წინაშე, წმინდათ და კვლავაც შევასრულებ შენს ანდერძს: "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!"

დიდად სამწუხაროდ, გიორგი სააკაძემ "დავითის საფლავთან საჯაროდ გაცხადებული მიზანი" ვერ აღასრულა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი სიტყვები მას არც წარმოუთქვამს. მართალია, იგი იმყოფებოდა იმერეთში მეფე გიორგი IV-სთან, შეხვდებოდა უფლისწულ ალექსანდრესაც, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მოტანილი სიტყვები უახლესი ხანის ჩვენი მასობრივი ცნობიერების შესაფერისი ფანტაზიაა.

ნიკოლოს ბარათაშვილი.ლადო გუდიაშვილის ნახატი

თითქოს გიორგი სააკაძის ფარს ამშვენებდა ამგვარი წარწერა: "ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული". ესეც წმინდა წყლის გამონაგონია და მისი წყარო გახლავთ რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანი "დიდი მოურავი". მთლად უსაფუძვლოა დიდი მოურავის შეგონება: "გახსოვდეთ, მამაცობით განთქმულნო რაინდნო, ბრძოლას იგებს უშიშრობა(!), სინდისი და პატიოსნება!"

თითქოს სოფელ კველთაში მოსვლამდე თურქ-ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარმა ცხრა შემხვედრ ქართველს უბრძანა ეჩვენებინათ ცხირეთში ლუარსაბ II-ის საზაფხულო რეზიდენციამდე მისასვლელი გზა, მაგრამ ამაზე ყველა ამათგანმა უარი განაცხადა, შედეგად მომხდურებმა თითქოს მათ თავები მოჰკვეთეს. ამათგან განსხვავებით კი თევდორე მღვდელმა მოქმედების სულ სხვანაირი გზა აირჩია, რაც ყველას კარგად მოგვეხსენება. მაგრამ მთლიანობაში აღნიშნული ცნობაც წმინდა წყლის გამონაგონია. დიდად სამწუხაროა, რომ ამგვარ "გადმოცემას" თვით "პროფესიონალი" ისტორიკოსები ავრცელებენ.

თითქოს ჩვენს დიდ პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ასე ეთქვას: "რა ამოძრავებდა მის (ე.ი. გიორგი სააკაძის) ჭკუა-გონებას და ნებისყოფას: თვითმპყრობელობისას(!) კერპი თუ სამშობლოს ინტერესები? შენ (ადრესატს არ ასახელებენ. - გ.ყ.) ის აზრი გაწუხებს, როდის გადაწყვიტა გიორგი სააკაძემ აჯანყება, - მანამდე, სანამ ხელთ იგდებდა შაჰის მსტოვარს ბარათით, თუ მერე, მაგრამ ისტორიას ამასთან არაფერი(?!) ესაქმება. მარტყობი(!) ეს ის არის, რისი გულისთვისაც მოევლინა (იგი) ამ ქვეყანას. მარტყობი(!) საქართველოს გადარჩენაა. მარტყობი(!) ის ჭრილობაა, რომლისგანაც ვეღარ განიკურნა შაჰ-აბასი. მარტყობი(!) გიორგი სააკაძის ბედისწერაა და სხვა დანარჩენი წვრილმანი კაცუნების მონაჭორია".

ეს სიტყვები ნიკოლოზ ბარათაშვილს არ უთქვამს. ეს გამოირიცხება ენობრივი თვალსაზრისით და საერთოდ, თვით აზრის მხრივაც. თუმცა იგი ესწრებოდა შესაბამის დღესასწაულს (გადმოცემით, უცეკვია კიდეც), მაგრამ მისგან ასეთ სიტყვას არავინ ადასტურებს.

დასასრულ, მკვლევარ-ისტორიკოსი დურმიშხან ცინცაძე ყვებოდა ხოლმე და ეს წერილობითაც დაადასტურა, თითქოს 1956 წელს, საქართველოს ისტორიის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს საჯარო განხილვისას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში დისპუტი გამართულა ისტორიკოს ნიკო ბერძენიშვილსა და მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შორის.

კონსტანტინე გამსახურდია

თავდაპირველად გიორგი სააკაძისადმი თითქოს თავისი კრიტიკული შეფასება გამოუთქვამს ჩვენს დიდ მწერალს. ამის საპასუხოდ, ცნობილ ისტორიკოსს, პირველის ნათქვამიდან, რომ იტყვიან, ქვა ქვაზე არ დაუტოვებია და დამარცხება თითქოსდა კონსტანტინე გამსახურდიასაც უღიარებია.

სინამდვილეში ამგვარ დისპუტს ადგილი არ ჰქონია და ცხადია, იგი არ დასტურდება დოკუმენტურადაც.

საბედნიეროდ, ვიცით კონსტანტინე გამსახურდიას მრავალი შესაბამისი გამონათქვამი და მათ მიხედვით აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი გიორგი სააკაძეს საბოლოო აზრით უარყოფითად აფასებს, "კონტოდიერად" მოიხსენიებდა. როგორც ვხედავთ, ამგვარი მითისმთხზველობაც ისტორიკოსისაგან მოდიოდა.

მეცნიერება კი, კერძოდ, საისტორიოც, მოგეხსენებათ, მითოლოგიისგან ძალიან შორს არის.

გურამ ყორანაშვილი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#79